„საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია

მიღების თარიღი 24.04.1963
ძალაში შესვლა 11.08.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №596 UNTS 261
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016818 920
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/04/2025
7,525 სიტყვა · ~38 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.04.1963 მიღება
11.08.1993 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 21.11.1947 დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 18.04.1961 საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 92% 18.05.2016 ოქმი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ 2006 წლის 1 ივნისის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 11.03.2014 „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 92% 03.05.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია შესრულებულია ვენაში, 1963 წლის 24 აპრილს წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები, აღნიშნავენ, რომ საკონსულო ურთიერთობები ხალხთა შორის უძველესი დროიდან მყარდებოდა, მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის შესახებ, ითვალისწინებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობისა და იმუნიტეტების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციამ მიიღო ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1961 წლის 18 აპრილს, დარწმუნებული არიან, რომ საკონსულო ურთიერთობების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ასევე ხელს შეუწყობს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, მიუხედავად მათი განსხვავებული კონსტიტუციური და სოციალური სისტემებისა, აცნობიერებენ, რომ ასეთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მიზანია არა ცალკეული პირებისთვის სარგებლის მოტანა, არამედ საკონსულო დაწესებულებების ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველყოფა თავიანთი შესაბამისი სახელმწიფოების სახელით, ადასტურებენ, რომ საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის წესები კვლავ აწესრიგებენ იმ საკითხებს, რომლებიც პირდაპირ არ არის მოწესრიგებული წინამდებარე კონვენციის დებულებებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 ტერმინთა განმარტება 1. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს მათთვის მინიჭებული შემდეგი მნიშვნელობები: (a) „საკონსულო დაწესებულება“ ნიშნავს ნებისმიერ გენერალურ საკონსულოს, საკონსულოს, ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს; (b) „საკონსულო ოლქი“ ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც განესაზღვრება საკონსულო დაწესებულებას საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად; (c) „საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი“ ნიშნავს პირს, რომელსაც დავალებული აქვს ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება; (d) „საკონსულო თანამდებობის პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომელსაც ასეთი უფლებამოსილების ფარგლებში დავალებული აქვს საკონსულო ფუნქციების შესრულება; (e) „საკონსულო მოსამსახურე“ ნიშნავს ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო დაწესებულებას; (f) „მომსახურე პერსონალის წევრი“ ნიშნავს ნებისმიერ დასაქმებულ პირს, რომელიც საშინაო მომსახურებას უწევს საკონსულო დაწესებულებას; (g) „საკონსულო დაწესებულების წევრები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის წევრებს; (h) „საკონსულო პერსონალის წევრები“ ნიშნავს საკონსულო თანამდებობის პირებს, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გარდა, საკონსულო მოსამსახურეებს და მომსახურე პერსონალის წევრებს; (i) „კერძო მოსამსახურე“ ნიშნავს პირს, რომელიც ექსკლუზიურად დასაქმებულია საკონსულო დაწესებულების წევრისთვის პირადი მომსახურების გასაწევად; (j) „საკონსულოს უძრავი ქონება“ ნიშნავს მხოლოდ საკონსულო დაწესებულების მიზნებისთვის გამოყენებულ შენობებს ან შენობათა ნაწილებს და მათ დამხმარე მიწის ნაკვეთს, მიუხედავად მათი საკუთრებისა; (k) „საკონსულო არქივები“ მოიცავს ყველა ქაღალდს, დოკუმენტს, კორესპონდენციას, წიგნს, ფირს, ხმოვან ჩანაწერს და საკონსულო დაწესებულების რეესტრს, შიფრებთან და კოდებთან, კართოტეკებთან და მათ დასაცავად ან უსაფრთხოდ შენახვისთვის გამიზნულ ნებისმიერ ავეჯეულობასთან ერთად. 2. საკონსულო თანამდებობის პირები არიან ორი კატეგორიის, კერძოდ, კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები და საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. წინამდებარე კონვენციის II თავის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები, ხოლო III თავის დებულებები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები. 3. საკონსულო დაწესებულებათა იმ წევრების სპეციფიკური სტატუსი, რომლებიც არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, განისაზღვრება წინამდებარე კონვენციის 71-ე მუხლით. თავი I. საკონსულო ურთიერთობები ზოგადად ნაწილი I. საკონსულო ურთიერთობის დამყარება და განხორციელება მუხლი 2🔗 საკონსულო ურთიერთობების დამყარება 1. სახელმწიფოთა შორის საკონსულო ურთიერთობები მყარდება ორმხრივი თანხმობით. 2. ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე თანხმობა, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ნიშნავს თანხმობას საკონსულო ურთიერთობების დამყარებაზე; 3. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ipso fasto არ იწვევს საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტას. მუხლი 3🔗 საკონსულო ფუნქციების შესრულება საკონსულო ფუნქციებს ასრულებენ საკონსულო დაწესებულებები. მათ ასევე ასრულებენ დიპლომატიური წარმომადგენლობები წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად. მუხლი 4🔗 საკონსულო დაწესებულების გახსნა 1. საკონსულო დაწესებულება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიძლება გაიხსნას მხოლოდ ამ სახელმწიფოს თანხმობით. 2. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფელს, მის კლასს და საკონსულო ოლქს განსაზღვრავს წარმგზავნი სახელმწიფო და ექვემდებარება მიმღები სახელმწიფოს თანხმობას. 3. საკონსულო დაწესებულების ადგილსამყოფლის, მისი კლასისა და საკონსულო ოლქის შემდგომი ცვლილებები წარმგზავნმა სახელმწიფომ შეიძლება განახორციელოს მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით. 4. მიმღები სახელმწიფოს თანხმობა ასევე საჭიროა, თუ გენერალური საკონსულო ან საკონსულო მოისურვებს ვიცე-საკონსულოს ან საკონსულო სააგენტოს გახსნას მისი დაფუძნების ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე. 5. მიმღები სახელმწიფოს წინასწარი აშკარად გამოხატული თანხმობა ასევე საჭიროა ოფისის გასახსნელად, რომელიც არსებული საკონსულო დაწესებულების შემადგენელი ნაწილია და იხსნება დაწესებულების ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ ადგილზე. მუხლი 5🔗 საკონსულო ფუნქციები საკონსულო ფუნქციებია: (a) მიმღებ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) ინტერესების დაცვა საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში; (b) წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და მათ შორის მეგობრული ურთიერთობების სხვაგვარად ხელშეწყობა წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად; (c) ყოველგვარი კანონიერი საშულებებით, მიმღები სახელმწიფოს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცხოვრების პირობებისა და სიახლეების გამორკვევა, წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობისთვის მათ შესახებ ცნობების წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის; (d) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტებისა და წარმგზავნ სახელმწიფოში შესვლის მსურველი პირებისთვის ვიზებისა თუ შესაბამისი დოკუმენტების გაცემა; (e) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) დახმარება და მხარდაჭერა; (f) ნოტარიუსად, სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებლად და მსგავსი უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედება და ადმინისტრაციული ხასიათის გარკვეული ფუნქციების შესრულება იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება მიმღები სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს; (g) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების (ფიზიკური და იურიდიული პირები) ინტერესების დაცვა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე mortis causa მემკვიდრეობის შემთხვევებში, მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად; (h) მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების ფარგლებში, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე არასრულწლოვნებისა და სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირების ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი პირების მიმართ საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება; (i) მიმღებ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკისა და პროცედურების შესაბამისად, წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმღები სახელმწიფოს ტრიბუნალებისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების წინაშე წარმომადგენლობა ან შესაბამისი წარმომადგენლობით უზრუნველყოფა აღნიშნული ტრიბუნალების და ორგანოების მიერ ამ მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვის დროებითი ზომების მიღების მიზნით, როდესაც ადგილზე არყოფნისა თუ ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ასეთ მოქალაქეებს არ შეუძლიათ დროულად დაიცვან თავიანთი უფლებები და ინტერესები; (j) სასამართლო ან არასასამართლო დოკუმენტების გადაცემა ან წარმგზავნი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ მტკიცებულების მოპოვების მიზნით სასამართლოს მოთხოვნების ან დავალებების აღსრულება ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ან, ასეთი შეთანხმებების არარსებობისას, ნებისმიერი სხვა ფორმით, მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად; (k) წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ინსპექტირების უფლებების განხორციელება წარმგზავნი სახელმწიფოს ეროვნულობის მქონე გემების, ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდისა და მათი ეკიპაჟის მიმართ; (l) წინამდებარე მუხლის „k“ პუნქტში მითითებული გემების, საჰაერო ხომალდისა და მათი ეკიპაჟების დახმარება, გემის მოგზაურობის თაობაზე განცხადებების მიღება, გემის დოკუმენტების გამოკვლევა და დამოწმება და, მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების უფლებამოსილებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, მოგზაურობის განმავლობაში მომხდარი ნებისმიერი ინციდენტის გამოძიების ჩატარება, და კაპიტანს, ოფიცრებსა და მეზღვაურებს შორის არსებული ნებისმიერი სახის დავის გადაწყვეტა იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით; (m) წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულებისთვის დაკისრებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის შესრულება, რომელიც არ არის აკრძალული მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით ან რომლის მიმართ წინააღმდეგობა არ გამოუხატავს მიმღებ სახელმწიფოს, ან რომელიც გათვალისწინებულია წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ძალაში მყოფი საერთაშორისო შეთანხმებებით. მუხლი 6🔗 საკონსულო ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის გარეთ საკონსულო თანამდებობის პირს, განსაკუთრებულ ვითარებაში, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით, შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება საკონსულო ოლქის გარეთ. მუხლი 7🔗 საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოში წარმგზავნ სახელმწიფოს, შესაბამისი სახელმწიფოებისთვის შეტყობინების შემდეგ, შეუძლია კონკრეტულ სახელმწიფოში გახსნილ საკონსულო დაწესებულებას დაავალოს საკონსულო ფუნქციების შესრულება სხვა სახელმწიფოში, თუ რომელიმე დაინტერესებული სახელმწიფო პირდაპირ არ გამოხატავს თავის წინააღმდეგობას. მუხლი 8🔗 საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოს სახელით მიმღები სახელმწიფოსთვის შესაბამისი შეტყობინების შემდეგ, წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, თუ მიმღები სახელმწიფო წინააღმდეგი არ არის, მიმღებ სახელმწიფოში შეუძლია საკონსულო ფუნქციების შესრულება მესამე სახელმწიფოს სახელით. მუხლი 9🔗 საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების კლასები 1. საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იყოფა ოთხ კლასად, კერძოდ: (a) გენერალური კონსულები; (b) კონსულები; (c) ვიცე-კონსულები; (d) საკონსულო აგენტები. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტი არაფრით ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების უფლებას, დაადგინონ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებისგან განსხვავებული საკონსულო თანამდებობის პირთა დასახელება. მუხლი 10🔗 საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების დანიშვნა და ფუნქციების შესრულების  თანხმობა  1. საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს ნიშნავს წარმგზავნი სახელმწიფო და მათი ფუნქციების შესრულების თანხმობას იძლევა მიმღები სახელმწიფო. 2. წინამდებარე კონვენციის დებულებების დაცვით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის დანიშვნისა და ფუნქციების შესრულების თანხმობის ფორმალობები, განისაზღვრება, შესაბამისად, წარმგზავნი სახელმწიფოსა და მიმღები სახელმწიფოს კანონების, რეგულაციებისა და პრაქტიკის შესაბამისად. მუხლი 11🔗 საკონსულო პატენტი ან დანიშვნის შეტყობინება 1. წარმგზავნი სახელმწიფო საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს აძლევს დოკუმენტს, პატენტის ან მგავსი აქტის ფორმით, რომელიც გაცემულია თითოეული დანიშვნისთვის, ადასტურებს მის უფლებამოსილებას და, ზოგადი წესის თანახმად, მიუთითებს მის სრულ სახელს, კატეგორიას და კლასს, საკონსულო ოლქს და საკონსულო დაწესებულების ადგილმდებარეობას. 2. წარმგზავნმა სახელმწიფომ პატენტი ან მისი მგავსი აქტი, დიპლომატიური ან სხვა შესაბამისი არხით, უნდა გაუგზავნოს იმ სახელმწიფოს მთავრობას, რომლის ტერიტორიაზეც საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები. 3. თუ მიმღები სახელმწიფო თანახმაა, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, პატენტისა თუ მსგავსი აქტის ნაცვლად, მიმღებ სახელმწიფოს გაუგზავნოს შეტყობინება, რომელიც შეიცავს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მონაცემებს. მუხლი 12🔗 ეგზეკვატურა 1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს თავისი ფუნქციების შესრულების დაწყება შეუძლია მიმღები სახელმწიფოს მხრიდან ნებართვის მიღების შემდეგ, რომელსაც ეწოდება ეგზეკვატურა, ამ ნებართვის ფორმის მიუხედავად. 2. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს ეგზეკვატურის გაცემაზე, ვალდებული არ არის, რომ წარმგზავნ სახელმწიფოს განუმარტოს ასეთი უარის მიზეზი. 3. მე-13 და მე-15 მუხლების დებულებების გათვალისწინებით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა თავისი მოვალეობის შესრულება არ უნდა დაიწყოს ეგზეკვატურის მიღებამდე. მუხლი 13🔗 საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების დროებით მიღება ეგზეკვატურის გაცემამდე, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს შეიძლება მიეცეს თავისი ფუნქციების დროებით შესრულების უფლება. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციის დებულებები. მუხლი 14🔗 საკონსულო ოლქის ხელისუფლების ორგანოებისთვის შეტყობინება როგორც კი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი, თუნდაც დროებით, დაიწყებს თავისი ფუნქციების შესრულებას, მიმღებმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ საკონსულო ოლქის ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს. მან ასევე უნდა უზრუნველყოს საჭირო ზომების მიღება, რათა საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეძლოს თავისი თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება და ისარგებლოს წინამდებარე კონვენციის დებულებებით. მუხლი 15🔗 საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციების დროებით შესრულება 1. თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება ან თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციები დროებით შეიძლება შეასრულოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა. 2. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის სრული სახელი მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს უნდა შეატყობინოს წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან, თუ ამ სახელმწიფოს არ ჰყავს ასეთი წარმომადგენლობა მიმღებ სახელმწიფოში, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელმა, ან, თუ მას ამის გაკეთება არ შეუძლია, წარმგზავნი სახელმწიფოს ხელისუფლების ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ. ზოგადი წესის თანახმად, ეს შეტყობინება უნდა გაიგზავნოს წინასწარ. მიმღებ სახელმწიფოს, მისი თანხმობის პირობით, შეუძლია, რომ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მიიღოს პირი, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოს არც დიპლომატიური აგენტია და არც საკონსულო თანამდებობის პირი. 3. მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოები უნდა დაეხმარონ და დაიცვან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. სანამ მას ეს თანამდებობა უკავია, მასზე ვრცელდება წინამდებარე კონვენციის დებულებები ისევე, როგორც შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელზე. მიუხედავად ამისა, მიმღები სახელმწიფო ვალდებული არ არის, დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მიანიჭოს ის ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი მხოლოდ იმ პირობების გამო, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. 4. როდესაც, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წარმგზავნი სახელმწიფო მიმღებ სახელმწიფოში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის წევრს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნავს, მან უნდა გააგრძელოს დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობა, თუ მიმღები სახელმწიფო ამის წინააღმდეგი არ არის. მუხლი 16🔗 რანგი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებს შორის 1. საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს თითოეულ კლასში რანგირება ენიჭებათ ეგზეკვატურის გაცემის თარიღის მიხედვით. 2. თუმცა, თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი ეგზეკვატურის მიღებამდე შეუდგა თავისი ფუნქციების დროებით შესრულებას, მისი რანგირება განისაზღვრება ფუნქციების დროებით შესრულების დაწყების თარიღით. ეს რანგირება ნარჩუნდება ეგზეკვატურის გაცემის შემდეგაც. 3. რანგობრივი თანმიმდევრობა ორი ან რამდენიმე საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებს შორის, რომლებმაც ეგზეკვატურა მიიღეს ან ფუნქციების დროებით შესრულება დაიწყეს ერთსა და იმავე თარიღში, განისაზღვრება მიმღები სახელმწიფოსთვის მათი პატენტების ან მსგავსი აქტების ან მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული შეტყობინების წარდგენის თარიღებით. 4. დაწესებულებათა ხელმძღვანელების მოვალეობის შემსრულებლებს აქვთ საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებზე დაბალი რანგირება, ხოლო თავად მათ შორის რანგირება განისაზღვრება მათ მიერ, როგორც მოვალეობის შემსრულებლების მიერ დაწესებულების ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულების დაწყების თარიღით, როგორც მითითებულია მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებაში. 5. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებს, რომლებიც საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელები არიან, თითოეულ კლასში უჭირავთ საკონსულო დაწესებულებათა კარიერულ ხელმძღვანელებზე დაბალი რანგი, ზემოხსენებული პუნქტებით განსაზღვრული თანმიმდევრობით და წესების შესაბამისად. 6. საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს აქვთ უფრო მაღალი რანგი იმ საკონსულო თანამდებობის პირებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ აღნიშნული სტატუსი. მუხლი 17🔗 დიპლომატიური მოქმედებების შესრულება საკონსულო თანამდებობის პირთა მიერ 1. სახელმწიფოში, სადაც წარმგზავნ სახელმწიფოს არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ არის წარმოდგენილი მესამე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, საკონსულო თანამდებობის პირს, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით და თავის საკონსულო სტატუსზე გავლენის მოხდენის გარეშე, შეიძლება მიეცეს უფლება, რომ შეასრულოს დიპლომატიური მოქმედებები. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ასეთი მოქმედებების შესრულება არ აძლევს მას რაიმე უფლებას, მოითხოვოს დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტები. 2. საკონსულო თანამდებობის პირს შეუძლია მიმღები სახელმწიფოს შეტყობინების შემდეგ იმოქმედოს, როგორც წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელმა ნებისმიერ მთავრობათაშორის ორგანიზაციაში. ამ უფლებამოსილების შესრულებისას მას უფლება აქვს, ისარგებლოს ნებისმიერი პრივილეგიითა და იმუნიტეტით, რომელსაც საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი ან საერთაშორისო შეთანხმებები ანიჭებს ასეთ წარმომადგენელს. თუმცა, მის მიერ ნებისმიერი საკონსულო ფუნქციის შესრულებისას მას არ აქვს უფლება, ისარგებლოს იურისდიქციისგან იმაზე მეტი იმუნიტეტით, ვიდრე საკონსულო თანამდებობის პირს ეს უფლება აქვს წინამდებარე კონვენციის მიხედვით. მუხლი 18🔗 ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ ერთი და იმავე პირის დანიშვნა საკონსულო თანამდებობის პირად ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით, შეუძლიათ ამ სახელმწიფოში საკონსულო თანამდებობის პირად დანიშნონ ერთი და იგივე პირი. მუხლი 19🔗 საკონსულო პერსონალის წევრების დანიშვნა 1. მე-20, 22-ე და 23-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლად დანიშნოს საკონსულო პერსონალის წევრები. 2. წარმგზავნმა სახელმწიფომ საკმარისი დროით ადრე უნდა აცნობოს მიმღებ სახელმწიფოს ყველა საკონსულო თანამდებობის პირის სრული სახელი, კატეგორია და კლასი, გარდა საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელისა, რათა მიმღებ სახელმწიფოს შეეძლოს, თუ ამის სურვილი ექნება, განახორციელოს თავისი უფლებები 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. 3. წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას მოითხოვს თავისი კანონები და რეგულაციები, მიმღებ სახელმწიფოს სთხოვოს ეგზეკვატურის გაცემა საკონსულო თანამდებობის პირზე, რომელიც არ არის საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. 4. მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას მოითხოვს თავისი კანონები და რეგულაციები, გასცეს ეგზეკვატურა საკონსულო თანამდებობის პირზე, რომელიც არ არის საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 20🔗 საკონსულო პერსონალის რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ არ არის პირდაპირი შეთანხმება საკონსულო პერსონალის რაოდენობის შესახებ, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს, რომ პერსონალის რაოდენობა შენარჩუნდეს იმ ფარგლებში, რომელიც მას გონივრულად და ნორმალურად მიაჩნია საკონსულო ოლქში არსებული ვითარების, პირობებისა და კონკრეტული საკონსულო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 21🔗 რანგი საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირთა შორის საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირთა შორის რანგობრივ თანმიმდევრობას და მისი ნებისმიერი ცვლილების შესახებ წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან, თუ ამ სახელმწიფოს მიმღებ სახელმწიფოში ასეთი წარმომადგენლობა არ ჰყავს, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი აცნობებს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს. მუხლი 22🔗 საკონსულო თანამდებობის პირთა მოქალაქეობა 1. როგორც წესი, საკონსულო თანამდებობის პირებს უნდა ჰქონდეთ წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეობა. 2. საკონსულო თანამდებობის პირები არ შეიძლება დაინიშნონ მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირთაგან, გარდა ამ სახელმწიფოს პირდაპირ გამოხატული თანხმობისა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს გაუქმებული. 3. მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია შეინარჩუნოს ასეთივე უფლება მესამე სახელმწიფოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც არ არიან წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეები. მუხლი 23🔗 „non grata“-დ გამოცხადებული პირები 1. მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ საკონსულო თანამდებობის პირი არის persona non grata ან საკონსულო პერსონალის სხვა ნებისმიერი წევრი მიუღებელი პირია. ასეთ შემთხვევაში, წარმგზავნმა სახელმწიფომ, გარემოებათა შესაბამისად ან უნდა გამოიწვიოს აღნიშნული პირი, ან შეწყვიტოს მისი ფუნქციები საკონსულო დაწესებულებაში. 2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარს იტყვის შეასრულოს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებებს, მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია გარემოებათა შესაბამისად, ან გააუქმოს შესაბამისი პირის ეგზეკვატურა, ან აღარ ჩათვალოს ის საკონსულო პერსონალის წევრად. 3. საკონსულო დაწესებულებების წევრად დანიშნული პირი შეიძლება მიუღებლად გამოცხადდეს მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე ან, თუ ის უკვე იმყოფება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საკონსულო დაწესებულებაში თავისი მოვალეობების შესრულების დაწყებამდე. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, წარმგზავნმა სახელმწიფომ უნდა გააუქმოს ასეთი პირის დანიშვნა. 4. წინამდებარე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში მიმღები სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომ წარმგზავნ სახელმწიფოს აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მიზეზები. მუხლი 24🔗 მიმღები სახელმწიფოსთვის დანიშვნის, ჩასვლისა და გამგზავრების შეტყობინება 1. მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან ამ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს უნდა შეატყობინონ: (a) საკონსულო დაწესებულების წევრთა დანიშვნა, დანიშვნის შემდეგ მათი ჩასვლა საკონსულო დაწესებულებაში, მათი საბოლოო გამგზავრება ან მათი ფუნქციების შეწყვეტა და ნებისმიერი სხვა ცვლილება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საკონსულო დაწესებულებაში მათი საქმიანობის განმავლობაში და რომელიც გავლენას ახდენს მათ სტატუსზე; (b) იმ პირის ჩასვლა ან საბოლოო გამგზავრება, რომელიც საკონსულო დაწესებულების წევრის ოჯახის წევრია, მუდმივად ცხოვრობს მასთან ერთად და, როდესაც საჭიროა იმ ფაქტის შესახებ, რომ პირი ხდება ან აღარ არის ოჯახის ასეთი წევრი; (c) კერძო მოსამსახურის ჩასვლა ან საბოლოო გამგზავრება და, როდესაც საჭიროა მათი მომსახურების, როგორც ასეთის, შეწყვეტა; (d) მიმღებ სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა დაქირავება და განთავისუფლება საკონსულო დაწესებულების წევრების ან კერძო მოსამსახურეების სახით, რომლებსაც შეუძლიათ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობა. 2. როდესაც შესაძლებელია, ჩასვლის ან საბოლოო გამგზავრების შეტყობინება უნდა გაკეთდეს წინასწარ. ნაწილი II. საკონსულო ფუნქციების დასრულება მუხლი 25🔗 საკონსულო თანამდებობის წევრის ფუნქციების შეწყვეტა საკონსულო დაწესებულების წევრის ფუნქციები წყდება, inter alia: (a) მას შემდეგ, რაც წარმგზავნი სახელმწიფო მიმღებ სახელმწიფოს შეატყობინებს, რომ მისი ფუნქციები შეწყდა; (b) ეგზეკვატურის გაუქმებისას; (c) მას შემდეგ, რაც მიმღები სახელმწიფო წარმგზავნ სახელმწიფოს შეატყობინებს, რომ მიმღები სახელმწიფო მას აღარ თვლის საკონსულო პერსონალის წევრად. მუხლი 26🔗 მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან გამგზავრება მიმღებმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, საკონსულო დაწესებულების წევრები და კერძო მოსამსახურეები, რომლებიც არ არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, უნდა უზრუნველყოს საკმარისი დროით და ხელსაყრელი პირობებით, რათა შეძლონ გასამგზავრებლად მომზადება და გაემგზავრონ პირველივე შესაძლებლობისთანავე საკონსულო დაწესებულების შესაბამისი წევრების ფუნქციების შეწყვეტის შემდეგ. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ისინი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებიც საჭიროა მათთვის და მათი ქონებისთვის, გარდა მიმღებ სახელმწიფოში შეძენილი იმ ქონებისა, რომლის ექსპორტიც აკრძალულია გამგზავრების დროს. მუხლი 27🔗 საკონსულოს უძრავი ქონებისა და არქივების, ასევე წარმგზავნი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ გარემოებებში 1. ორ სახელმწიფოს შორის საკონსულო ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში: (a) მიმღებმა სახელმწიფომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივი უნდა სცეს და დაიცვას საკონსულოს უძრავი ქონება, საკონსულო დაწესებულების სხვა ქონებასთან და არქივებთან ერთად; (b) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია საკონსულოს უძრავი ქონების დაცვა, იქ არსებულ ქონებასთან და საკონსულოს არქივებთან ერთად, მიანდოს მიმღები სახელმწიფოსთვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს; (c) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია თავისი ინტერესებისა და თავის მოქალაქეთა ინტერესების დაცვა მიანდოს მიმღები სახელმწიფოსთვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს; 2. საკონსულო დაწესებულების დროებით ან მუდმივად დახურვის შემთხვევაში, გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „a” ქვეპუნქტის დებულებები. ასევე, (a) თუ წარმგზავნ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღებ სახელმწიფოში არ არის წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ, მაგრამ მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, ამ საკონსულო დაწესებულებას შეიძლება დაეკისროს დახურული საკონსულო დაწესებულების უძრავი ქონების, იქ არსებული სხვა ქონებისა და საკონსულოს არქივების დაცვა და, მიმღები სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო ფუნქციათა შესრულება დახურული საკონსულო დაწესებულების ოლქში; (b) თუ წარმგზავნ სახელმწიფოს მიმღებ სახელმწიფოში არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ აქვს სხვა საკონსულო დაწესებულება, გამოიყენება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის “b” და “c” ქვეპუნქტების დებულებები. თავი II. საკონსულო დაწესებულებებთან, კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები ნაწილი I. საკონსულო დაწესებულებებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები მუხლი 28🔗 ხელსაყრელი პირობები საკონსულო დაწესებულების საქმიანობისთვის მიმღებმა სახელმწიფომ საკონსულო დაწესებულება უნდა უზრუნველყოს ყველა ხელსაყრელი პირობით მისი ფუნქციების შესასრულებლად. მუხლი 29🔗 სახელმწიფო დროშისა და გერბის გამოყენება 1. წარმგზავნ სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს თავისი სახელმწიფო დროშა და გერბი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად. 2. წარმგზავნი სახელმწიფოს სახელმწიფო დროშა შეიძლება აღიმართოს და მისი სახელმწიფო გერბი განთავსდეს საკონსულოს მიერ დაკავებულ შენობაზე, მის შესასვლელ კარზე, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის რეზიდენციაზე და ოფიციალური საქმიანობისთვის გამოყენებულ მის სატრანსპორტო საშუალებებზე. 3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ უფლებათა სარგებლობისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მიმღები სახელმწიფოს კანონები, რეგულაციები და პრაქტიკა. მუხლი 30🔗 განთავსება 1. მიმღებმა სახელმწიფომ, თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, ხელი უნდა შეუწყოს თავის ტერიტორიაზე წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ საკონსულო დაწესებულებისათვის საჭირო ფართის შეძენას ან დაეხმაროს ამ უკანასკნელს ფართის ნებისმიერი სხვა გზით მიღებაში. 2. საჭიროების შემთხვევაში, ის აგრეთვე საკონსულო დაწესებულებას უნდა დაეხმაროს მისი წევრებისთვის საცხოვრებელი ფართის მიღებაში. მუხლი 31🔗 საკონსულოს უძრავი ქონების ხელშეუხებლობა 1. საკონსულოს უძრავი ქონება ხელშეუხებელია იმდენად, რამდენადაც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე მუხლით. 2. მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები არ უნდა შევიდნენ საკონსულოს უძრავი ქონების იმ ნაწილში, რომელიც გამოიყენება უშუალოდ საკონსულო დაწესებულების საქმიანობის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის, მის მიერ დანიშნული პირის ან წარმგზავნი სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანხმობა. თუმცა, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა შეიძლება ნავარაუდევ იქნეს ხანძრის ან სხვა სტიქიური უბედურების დროს, რომელიც მოითხოვს დაცვის გადაუდებელ ღონისძიებას. 3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, მიმღებ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გადადგას ყველა სათანადო ნაბიჯი, რათა საკონსულოს უძრავი ქონება დაიცვას ნებისმიერი შეჭრისგან ან დაზიანებისგან და უზრუნველყოს საკონსულო დაწესებულების სიმშვიდის ნებისმიერი დარღვევის ან მისი ღირსების შელახვის პრევენცია. 4. საკონსულოს უძრავი ქონება, მისი ავეჯი, საკონსულო დაწესებულების ქონება და მისი სატრანსპორტო საშუალებები დაცულია იმუნიტეტით ეროვნული თავდაცვის ან საზოგადოებრივი საჭიროების მიზნებისთვის რეკვიზიციის ნებისმიერი ფორმისგან. თუ ასეთი მიზნებისთვის აუცილებელია ექსპროპრიაცია, უნდა გადაიდგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკონსულო ფუნქციების შესრულების შეფერხება და წარმგზავნ სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ დაუყოვნებლივი, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაცია. მუხლი 32🔗 საკონსულოს უძრავი ქონების განთავისუფლება გადასახადებით დაბეგვრისგან 1. საკონსულოს უძრავი ქონება და საკონსულო დაწესებულების კარიერული ხელმძღვანელის რეზიდენცია, რომლის მესაკუთრე ან მოქირავნე არის წარმგზავნი სახელმწიფო ან მისი სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი, თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო, რეგიონული თუ მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან, გარდა გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურისა. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე და გადასახადებზე, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან მისი სახელით მოქმედ პირთან. მუხლი 33🔗 საკონსულო არქივებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა საკონსულო არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ყოველთვის და ნებისმიერ ადგილზე. მუხლი 34🔗 მიმოსვლის თავისუფლება მიმღებმა სახელმწიფომ საკონსულო დაწესებულების ყველა წევრისთვის უნდა უზრუნველყოს საკუთარ ტერიტორიაზე მიმოსვლისა და მოგზაურობის თავისუფლება, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება იმ ზონების შესახებ კანონებსა და რეგულაციებს, სადაც შესვლა აკრძალულია ან რეგულირდება ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებით. მუხლი 35🔗 კომუნიკაციის თავისუფლება 1. მიმღებმა სახელმწიფომ ნება უნდა დართოს და დაიცვას საკონსულო დაწესებულების კომუნიკაციის თავისუფლება ყველა ოფიციალური მიზნისთვის. წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობასთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვა საკონსულო დაწესებულებებთან კომუნიკაციისას, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ ისინი, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ყველა შესაფერისი საშუალება, დიპლომატიური და საკონსულო კურიერების, დიპლომატიური ან საკონსულო ვალიზებისა და კოდირებული ან დაშიფრული შეტყობინებების ჩათვლით. თუმცა, საკონსულო დაწესებულებას უკაბელო გადამცემის დამონტაჟება და მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ მიმღები სახელმწიფოს თანხმობით. 2. საკონსულო დაწესებულების ოფიციალური კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ოფიციალურ კორესპონდენციაში იგულისხმება ყველა კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებულია საკონსულო დაწესებულებასთან და მის ფუნქციებთან. 3. საკონსულო ვალიზა არ ექვემდებარება არც გახსნას და არც დაკავებას. თუმცა, თუ მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სერიოზული საფუძველი ეჭვისა, რომ ვალიზაში მოთავსებულია წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი კორესპონდენციისგან, დოკუმენტებისგან ან ნივთებისგან განსხვავებული სხვა რამ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ვალიზის მათი თანდასწრებით გახსნა წარმგზავნი სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. თუ წარმგზავნი სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები უარს იტყვიან ამ მოთხოვნის შესრულებაზე, ვალიზა უნდა დაბრუნდეს წარმოშობის ადგილზე. 4. საკონსულო ვალიზის შემდგენელ ყველა პაკეტს გარედან უნდა ჰქონდეს შესამჩნევი ნიშნები მათი ხასიათის შესახებ და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას და დოკუმენტებს, ან მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილ ნივთებს. 5. საკონსულო კურიერს უნდა მიეცეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია მისი სტატუსი და საკონსულო ვალიზის შემადგენელი პაკეტების რაოდენობა. თუ მიმღები სახელმწიფო არ არის თანახმა, საკონსულო კურიერი არ შეიძლება იყოს მიმღები სახელმწიფოს მოქალაქე და არც მიმღებ სახელმწიფოში მუდმივად მცხოვრები პირი, თუ ის არ არის წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე. თავისი ფუნქციების შესრულებისას ის უნდა დაიცვას მიმღებმა სახელმწიფომ. ის სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ შეიძლება მისი დაპატიმრება ან დაკავება რაიმე ფორმით. 6. წარმგზავნ სახელმწიფოს, მის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულო დაწესებულებებს შეუძლიათ დანიშნონ ad hoc საკონსულო კურიერები. ამ შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, მხოლოდ იმ გამონაკლისით, რომ მასში მითითებული იმუნიტეტები მაშინვე წყვეტს მოქმედებას, როგორც კი კურიერი მისთვის მინდობილ საკონსულო ვალიზას ჩააბარებს ადრესატს. 7. საკონსულო ვალიზა შეიძლება ჩაჰბარდეს იმ გემის ან კომერციული საჰაერო ხომალდის კაპიტანს, რომლებიც მიემგზავრებიან იმ პორტისკენ ან აეროპორტისკენ, სადაც შესვლა ნებადართულია. მას უნდა მიეცეს ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია საკონსულო ვალიზის შემადგენელი პაკეტების რაოდენობა, თუმცა ის არ უნდა ჩაითვალოს საკონსულო კურიერად. ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით, საკონსულო დაწესებულებას შეუძლია გააგზავნოს თავისი ერთ-ერთი წევრი, რათა გემის ან საჰაერო ხომალდის კაპიტნისგან უშუალოდ და დაუბრკოლებლად ჩაიბაროს ვალიზა. მუხლი 36🔗 კომუნიკაცია და კონტაქტი წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან 1. წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან დაკავშირებული საკონსულო ფუნქციების შესრულების გამარტივების მიზნით: (a) საკონსულო თანამდებობის პირებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მათი მონახულება. წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეებსაც უნდა ჰქონდეთ ასეთივე თავისუფლება წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო თანამდებობის პირებთან კომუნიკაციისა და მათთან შეხვედრის თვალსაზრისით; (b) მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო დაწესებულებას, რომ მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში დაპატიმრებულია, ან გადაყვანილია ციხეში ან თავისუფლებააღკვეთილია სასამართლო განხილვამდე, ან ნებისმიერი სხვა ფორმით დაკავებულია წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე, თუ ეს პირი ამას მოითხოვს. დაპატიმრებული, ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული პირის ყველა კომუნიკაცია, რომლის ადრესატია საკონსულო დაწესებულება, ხსენებულმა ხელისუფლების ორგანოებმა დაყოვნების გარეშე უნდა გაუგზავნონ საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულმა ხელისუფლების ორგანოებმა დაინტერესებულ პირს დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესახებ; (c) საკონსულო თანამდებობის პირებს უფლება აქვთ მოინახულონ წარმგზავნი სახელმწიფოს ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული მოქალაქე, გაესაუბრონ მას, ჰქონდეთ მასთან კორესპონდენცია და მისთვის უზრუნველყონ სამართლებრივი წარმომადგენლობა. მათ ასევე უფლება აქვთ, მათ საკონსულოს ოლქში მოინახულონ წარმგზავნი სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იმყოფება ციხეში, თავისუფლებააღკვეთილია ან დაკავებულია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. თუმცა, საკონსულო თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ციხეში მყოფი, თავისუფლებააღკვეთილი ან დაკავებული მოქალაქის სახელით მოქმედებისგან, თუ ის ასეთი მოქმედების აშკარა წინააღმდეგია. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებები უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს კანონები და რეგულაციები უნდა იძლეოდეს იმ მიზნების სრულად მიღწევის საშუალებას, რისთვისაც განზრახულია წინამდებარე მუხლით მინიჭებული უფლებები. მუხლი 37🔗 შეტყობინება გარდაცვალების, მეურვეობის ან მზრუნველობის, საზღვაო და საჰაერო ინციდენტების შესახებ თუ მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, ასეთ ხელისუფლების ორგანოებს აქვთ ვალდებულება: (a) წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე აცნობონ ეს იმ საკონსულო დაწესებულებას, რომლის ოლქშიც გარდაიცვალა პირი; (b) დაყოვნების გარეშე აცნობონ კომპეტენტურ საკონსულო დაწესებულებას ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც მეურვის ან მზრუნველის დანიშვნა შეესაბამება წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქე არასრულწლოვნის ან სხვა სრულ ქმედუნარიანობას მოკლებული პირის ინტერესებს. თუმცა, ასეთი ინფორმაციის მიწოდება გავლენას არ ახდენს ასეთი დანიშვნების შესახებ მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების მოქმედებაზე; (c) თუ წარმგზავნი სახელმწიფოს ეროვნულობის მქონე გემი დაიღუპა ან დაჯდა მეჩეჩზე მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა წყლებში, ან თუ წარმგზავნ სახელმწიფოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდს შეემთხვა ინციდენტი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აღნიშნულის შესახებ დაყოვნების გარეშე აცნობონ შემთხვევის ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე საკონსულო დაწესებულებას. მუხლი 38🔗 კომუნიკაცია მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოებთან თავიანთი ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირებს შეუძლიათ მიმართონ: (a) კომპეტენტურ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს თავიანთ საკონსულო ოლქში; (b) მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს იმდენად, რამდენადაც ეს დაშვებულია მიმღები სახელმწიფოს კანონებით, რეგულაციებითა და პრაქტიკით ან შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით. მუხლი 39🔗 საკონსულო მოსაკრებლები 1. საკონსულო დაწესებულებას მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასრულებელი საკონსულო მოქმედებებისთვის შეუძლია დააწესოს მოსაკრებლები წარმგზავნი სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოსაკრებლების სახით შეგროვებული თანხა და ასეთი მოსაკრებლების ქვითრები თავისუფლდება მიმღები სახელმწიფოს ყველა გადასახადისგან და მოსაკრებლებისგან. ნაწილი II. კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები მუხლი 40🔗 საკონსულო თანამდებობის პირთა დაცვა მიმღები სახელმწიფო სათანადო პატივით უნდა მოეპყრას საკონსულო თანამდებობის პირებს და უნდა გადადგას ყველა შესაფერისი ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს მათ პიროვნებაზე, თავისუფლებაზე ან ღირსებაზე ნებისმიერი სახის თავდასხმა. მუხლი 41🔗 საკონსულო თანამდებობის პირთა პირადი ხელშეუხებლობა 1. დაუშვებელია საკონსულო თანამდებობის პირთა დაკავება ან დაპატიმრება საქმის განხილვამდე, გარდა მძიმე დანაშაულისა და კომპეტენტური სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევისა. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შემთხვევის გარდა, არ შეიძლება საკონსულოს თანამდებობის პირთა დატუსაღება ან ნებისმიერი სხვა ფორმით მათი პირადი თავისუფლების შეზღუდვა, გარდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისა. 3. თუ საკონსულო თანამდებობის პირის წინააღმდეგ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი წარმოება, ის უნდა გამოცხადდეს კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოებში. მიუხედავად ამისა, საქმის წარმოებისას მას უნდა მოეპყრან პატივისცემით მისი ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე და იმ ფორმით, რომელიც შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეაფერხებს საკონსულო ფუნქციების შესრულებას, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა. თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობისას, აუცილებელი გახდა საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება, სამართალწარმოება მის წინააღმდეგ უნდა დაიწყოს მინიმალური დაყოვნებით. მუხლი 42🔗 შეტყობინება დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ საკონსულო პერსონალის წევრის დაპატიმრების, სასამართლო განხილვამდე მისი დაკავების ან მის წინააღმდეგ სამართლებრივი წარმოების დაწყების შემთხვევაში, მიმღებმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს. თუ ნებისმიერი ასეთი ღონისძიება ხორციელდება თავად ხელმძღვანელის მიმართ, მიმღებმა სახელმწიფომ დიპლომატიური არხებით უნდა შეატყობინოს წარმგზავნ სახელმწიფოს. მუხლი 43🔗 იმუნიტეტი იურისდიქციისგან 1. საკონსულო თანამდებობის პირები და საკონსულო მოსამსახურეები არ ექვემდებარებიან მიმღები სახელმწიფოს სასამართლო თუ ადმინისტრაციული ორგანოების იურისდიქციას საკონსულო ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული მოქმედებების მიმართ. 2. თუმცა, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება სამოქალაქო სამართალწარმოების მიმართ, რომელიც: (a) გამომდინარეობს საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც მას, პირდაპირ ან ირიბად, არ დაუდია, როგორც წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენელს; ან (b) დაიწყო მესამე მხარემ იმ ზიანისთვის, რომელიც დადგა მიმღებ სახელმწიფოში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებით, გემით ან საჰაერო ხომალდით გამოწვეული ინციდენტით. მუხლი 44🔗 ჩვენების მიცემის ვალდებულება 1. საკონსულო დაწესებულების წევრები შეიძლება გამოიძახონ მოწმედ სასამართლო ან ადმინისტრაციული წარმოებისას. საკონსულო მოსამსახურეს ან მომსახურე პერსონალის წევრს, წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევათა გარდა, უფლება არ აქვს, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. თუ საკონსულო თანამდებობის პირი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მის წინააღმდეგ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების ან დასჯის რაიმე ღონისძიება. 2. ხელისუფლების ორგანომ, რომელიც ითხოვს საკონსულო თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულების წარდგენას, თავიდან უნდა აიცილოს ამ პირის ფუნქციების შესრულებაში ჩარევა. ორგანოს შეუძლია, როდესაც ეს შესაძლებელია, ასეთი ჩვენება აიღოს ამ პირის საცხოვრებელში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან მისი ჩვენება მიიღოს წერილობითი ფორმით. 3. საკონსულო დაწესებულების წევრებს არ აქვთ ვალდებულება, მისცენ ჩვენება იმ საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია მათი ფუნქციების შესრულებასთან, ან წარადგინონ ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული ოფიციალური კორესპონდენცია და დოკუმენტები. მათ, ასევე, უფლება აქვთ, უარი თქვან ჩვენების მიცემაზე წარმგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობის თაობაზე, როგორც ექსპერტებმა. მუხლი 45🔗 უარის თქმა პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე 1. წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას საკონსულო დაწესებულების წევრთა ნებისმიერ პრივილეგიაზე და იმუნიტეტზე, რომლებიც გათვალისწინებულია 41-ე, 43-ე და 44-ე მუხლებით. 2. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ასეთი უარი ყოველთვის უნდა იყოს პირდაპირ გამოხატული და მიმღებ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს წერილობით. 3. თუ საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო მოსამსახურე დაიწყებს ისეთ სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც მან შეიძლება ისარგებლოს იურისდიქციისგან იმუნიტეტით 43-ე მუხლის თანახმად, მას აღარ აქვს უფლება, დაეყრდნოს იურისდიქციისგან იმუნიტეტს ნებისმიერი შეგებებული მოთხოვნის მიმართ, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ძირითად მოთხოვნასთან. 4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში იურისდიქციისგან იმუნიტეტზე უარის თქმა არ გულისხმობს უარის თქმას იმუნიტეტზე სააღსრულებო ღონისძიებებისგან, რომელსაც საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთი ღონისძიებების მიმართ საჭიროა იმუნიტეტზე ცალკე უარის თქმა. მუხლი 46🔗 უცხოელთა რეგისტრაციისგან და ცხოვრების ნებართვის მიღებისგან გათავისუფლება 1. საკონსულო თანამდებობის პირი, საკონსულო მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებისგან, რომელიც გათვალისწინებულია უცხოელთა რეგისტრაციისა და ცხოვრების ნებართვის მიღების შესახებ მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით. 2. თუმცა, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ საკონსულო მოსამსახურის მიმართ, ვინც არ არის წარმგზავნი სახელმწიფოს საკონსულო მოსამსახურე, ან –ვინც მიმღებ სახელმწიფოში ეწევა კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით, ან – ნებისმიერი ასეთი მოსამსახურის ოჯახის ნებისმიერი წევრის მიმართ. მუხლი 47🔗 დასაქმების ნებართვის მიღებისგან გათავისუფლება 1. საკონსულო დაწესებულების წევრები, როდესაც ეს გულისხმობს წარმგზავნი სახელმწიფოსათვის მომსახურების გაწევას, თავისუფლდებიან დასაქმების ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ვალდებულებებისაგან, რომელიც განსაზღვრულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით უცხოელთა დასაქმების შესახებ. 2. საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა კერძო მოსამსახურეები, თუ ისინი მიმღებ სახელმწიფოში არ ეწევიან რომელიმე სხვა საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით, თავისუფლდებიან წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებებისგან. მუხლი 48🔗 გათავისუფლება სოციალური უზრუნველყოფისგან 1. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, საკონსულო დაწესებულების წევრებზე, როდესაც ეს გულისხმობს მათ მიერ წარმგზავნი სახელმწიფოსთვის მომსახურების გაწევას, და მათთან ერთად მცხოვრებ მათი ოჯახების წევრებზე არ უნდა გავრცელდეს მიმღებ სახელმწიფოში სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ძალაში მყოფი დებულებები. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ასევე ვრცელდება კერძო მოსამსახურეებზე, რომლებიც მხოლოდ საკონსულო დაწესებულების წევრების მიერ არიან დასაქმებულნი, იმ პირობით, რომ: (a) ისინი არ არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან იქ მუდმივად მცხოვრები პირები; და (b) მათზე ვრცელდება წარმგზავნ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში ძალაში მყოფი დებულებები სოციალური უზრუნველყოფის შესახებ. 3. საკონსულო დაწესებულების წევრებმა, რომლებიც ასაქმებენ პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი, უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც დამსაქმებლებს ეკისრებათ მიმღებ სახელმწიფოში სოციალური უზრუნველყოფის შესახებ ძალაში მყოფი დებულებებით. 4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი არ გამორიცხავს მიმღები სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ნებაყოფლობით მონაწილეობას იმ პირობით, რომ ასეთი მონაწილეობა ნებადართულია ამ სახელმწიფოს მიერ. მუხლი 49🔗 გათავისუფლება გადასახადებით დაბეგვრისგან 1. საკონსულო თანამდებობის პირები, საკონსულო მოსამსახურეები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები თავისუფლდებიან ყველა პირადი ან ქონებრივი, ეროვნული, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან. გამონაკლისია: (a) არაპირდაპირი გადასახადები, რომლებიც, ჩვეულებრივ, შედის საქონლის ან მომსახურების ღირებულებაში; (b) მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებული კერძო უძრავი ქონების მოსაკრებლები და გადასახადები, 32-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით; (c) სამკვიდრო ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მოსაკრებლები და მოსაკრებლები ქონების გადაცემაზე, რომელიც დაწესებულია მიმღები სახელმწიფოს მიერ, 51-ე მუხლის „b“ პუნქტის დებულებების გათვალისწინებით; (d) მოსაკრებლები და გადასახადები კერძო შემოსავალზე, მათ შორის, იმ კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალზე, რომლის წყარო მიმღებ სახელმწიფოშია, და კაპიტალური გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია მიმღები სახელმწიფოს კომერციულ ან საფინანსო დაწესებულებებში განხორციელებულ ინვესტიციებთან; (e) მოსაკრებლები კონკრეტული სახის მომსახურებისთვის; (f) რეგისტრაციის, სასამართლო ან რეესტრის ბაჟი, იპოთეკის მოსაკრებელი და საგერბო მოსაკრებელი, 32-ე მუხლის დებულებების გათვალისწინებით. 2. მომსახურე პერსონალის წევრები თავისუფლდებიან თავიანთი სამუშაოსათვის მიღებული ხელფასის მოსაკრებლებისგან და გადასახადებისგან. 3. საკონსულო დაწესებულების წევრებმა, როლებიც ასაქმებენ პირებს, რომელთა ანაზღაურება ან ხელფასი მიმღებ სახელმწიფოში არ არის განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან, უნდა შეასრულონ ვალდებულებები, რომლებსაც ამ სახელმწიფოს კანონები და რეგულაციები აკისრებს დამსაქმებლებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით. მუხლი 50🔗 გათავისუფლება საბაჟო გადასახადებისგან და საბაჟო შემოწმებისგან 1. მიმღებმა სახელმწიფომ, მის მიერ მიღებული კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, უნდა დართოს შემოტანის ნება და გაათავისუფლოს ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან, გადასახადებისგან და დაკავშირებული მოსაკრებლებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლებისა: (a) საგნები საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისთვის; (b) საგნები საკონსულო თანამდებობის პირის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების პირადი გამოყენებისთვის, მათ შორის, მისი პირველადი მოწყობისთვის საჭირო საგნები. სამომხმარებლო საგნების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი პირების მიერ უშუალო მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობას. 2. საკონსულო მოსამსახურეები წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ იმ საგნების მიმართ, რომლებიც შემოტანილია მათი პირველადი მოწყობისას. 3. საკონსულო თანამდებობის პირების და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახების წევრების პირადი თანმხლები ბარგი თავისუფლდება შემოწმებისგან. ის შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ მასში მოთავსებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტის „b“ ქვეპუნქტში მითითებული საგნებისგან განსხვავებული საგნები, ან საგნები, რომელთა იმპორტი და ექსპორტი აკრძალულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით, ან საგნები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ სახელმწიფოს საკარანტინო კანონებსა და რეგულაციებს. ასეთი შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი საკონსულო თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის თანდასწრებით. მუხლი 51🔗 საკონსულო დაწესებულების წევრისა და მისი ოჯახის წევრის სამკვიდრო ქონება საკონსულო დაწესებულების წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მიმღებმა სახელმწიფომ: (a) უნდა გასცეს გარდაცვლილის მოძრავი ქონების ექსპორტის ნებართვა, გარდა იმ ქონებისა, რომელიც შეძენილია მიმღებ სახელმწიფოში და მისი ექსპორტი აკრძალული იყო მისი გარდაცვალების დროს; (b) სამკვიდრო ქონებასთან ან მემკვიდრეობასთან და ქონების გადაცემასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლებით არ უნდა დაბეგროს მოძრავი ქონება, რომელსაც მიმღებ სახელმწიფოში ფლობდა მიმღებ სახელმწიფოში გარდაცვლილი საკონსულო დაწესებულების წევრი ან საკონსულო დაწესებულების წევრის ოჯახის წევრი. მუხლი 52🔗 განთავისუფლება პერსონალური მოვალეობებისგან და გადასახადებისგან მიმღებმა სახელმწიფომ საკონსულო დაწესებულების წევრები და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრები უნდა გაათავისუფლოს ყველა პერსონალური მოვალეობისგან, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი შრომის ვალდებულებისგან და სამხედრო ვალდებულებებისგან, რომლებიც უკავშირდება რეკვიზიციას, სამხედრო გადასახადებს და საცხოვრებლის გადაცემას სამხედროების განთავსებისთვის. მუხლი 53🔗 საკონსულო პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დასაწყისი და დასასრული 1. საკონსულო დაწესებულების თითოეული წევრი წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს იმ მომენტიდან, როდესაც ის შედის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი პოზიციის დასაკავებლად ან, თუ უკვე იმყოფება მის ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან, როდესაც მან დაიწყო თავისი მოვალეობების შესრულება საკონსულო დაწესებულებაში. 2. საკონსულო დაწესებულების წევრთან ერთად მცხოვრები მისი ოჯახის წევრები და მისი კერძო მოსამსახურეები წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ იმ თარიღიდან, როდესაც საკონსულო დაწესებულების აღნიშნულ წევრს ენიჭება პრივილეგიები და იმუნიტეტები წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ან მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლის თარიღიდან, ან იმ თარიღიდან, როდესაც ისინი ხდებიან ასეთი ოჯახის წევრები ან კერძო მოსამსახურეები, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელია ბოლო. 3. როდესაც წყდება საკონსულო დაწესებულების წევრის ფუნქციები, ამ წევრის და მასთან ერთად მცხოვრები თავისი ოჯახის წევრის ან თავისი კერძო მოსამსახურის პრივილეგიები და იმუნიტეტები, ჩვეულებრივ, წყდება საკონსულო დაწესებულების წევრის მიერ მიმღები სახელმწიფოს დატოვების მომენტიდან, ან ამის გაკეთებისთვის საჭირო გონივრული პერიოდის გასვლის მომენტიდან, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დადგება უფრო ადრე. ამასთან, პრივილეგიები და იმუნიტეტები უნდა შენარჩუნდეს ასეთ მომენტამდე, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირების შემთხვევაში, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები წყდება, როდესაც ისინი აღარ ცხოვრობენ საკონსულო დაწესებულების წევრთან ერთად ან აღარ უწევენ მას მომსახურებას, იმ პირობით, რომ თუ ასეთი პირები აპირებენ მიმღები სახელმწიფოს მოგვიანებით დატოვებას გონივრული ვადის განმავლობაში, მაშინ მათი პრივილეგიები და იმუნიტეტები უნდა შენარჩუნდეს მათი გამგზავრების მომენტამდე. 4. თუმცა, საკონსულო თანამდებობის პირის ან საკონსულო მოსამსახურის მიერ თავისი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული მოქმედებების მიმართ იმუნიტეტი იურისდიქციისგან უნარჩუნდება განუსაზღვრელი ვადით. 5. საკონსულო დაწესებულების წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მასთან ერთად მცხოვრები თავისი ოჯახის წევრები განაგრძნობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას მიმღები სახელმწიფოს დატოვებამდე, ან ამის გაკეთებისთვის საჭირო გონივრული ვადის გასვლამდე, იმის მიხედვით, თუ ამ მომენტებიდან რომელი დადგება უფრო ადრე. მუხლი 54🔗 მესამე სახელმწიფოების ვალდებულებები 1. თუ საკონსულო თანამდებობის პირი გაივლის ან იმყოფება იმ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც მას მისცა ვიზა, თუ ასეთი ვიზა საჭირო იყო, რათა მან დაიკავოს თავისი თანამდებობა ან დაუბრუნდეს მას, ან როდესაც ის ბრუნდება წარმგზავნ სახელმწიფოში, მესამე სახელმწიფომ მას უნდა მიანიჭოს წინამდებარე კონვენციის სხვა მუხლებით გათვალისწინებული ყველა იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს მისი ტრანზიტისთვის ან დაბრუნებისთვის. იგივე ვრცელდება მასთან ერთად მცხოვრები თავისი ოჯახის ნებისმიერ წევრზე, ვინც სარგებლობს ასეთივე პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით და ვინც თან ახლავს საკონსულო თანამდებობის პირს ან ვინც მგზავრობს განცალკევებით, რათა შეუერთდეს მას ან დაბრუნდეს წარმგზავნ სახელმწიფოში. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მსგავსი გარემოებების არსებობისას, მესამე სახელმწიფოებმა ხელი არ უნდა შეუშალონ მათ ტერიტორიაზე საკონსულო დაწესებულების სხვა წევრთა ან მათთან ერთად მცხოვრები თავიანთი ოჯახების წევრების ტრანზიტით გავლას. 3. მესამე სახელმწიფოებმა ტრანზიტულად მყოფ ოფიციალურ კორესპონდენციას და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციას, მათ შორის, კოდირებულ ან დაშიფრულ შეტყობინებებს უნდა მიანიჭონ ისეთივე თავისუფლება და დაცვა, რომლის მინიჭების ვალდებულებაც აქვს მიმღებ სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. ტრანზიტულად მყოფ საკონსულო კურიერებს, რომლებზეც გაცემულია ვიზები, თუ ასეთი ვიზა საჭირო იყო, და საკონსულო ვალიზებს მესამე სახელმწიფოებმა უნდა მიანიჭონ ისეთივე ხელშეუხებლობა და დაცვა, რომლის მინიჭების ვალდებულება აქვს მიმღებ სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად. 4. მესამე სახელმწიფოების ვალდებულებები, რომლებიც განსაზღვრულია წინამდებარე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე ვრცელდება იმ პირებზე და იმ ოფიციალურ კომუნიკაციასა და საკონსულო ვალიზებზე, რომელთა ყოფნა მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოწვეულია ფორსმაჟორით. მუხლი 55🔗 მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების პატივისცემა 1. ყველა პირი, ვინც სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულია, პატივი სცეს მიმღები სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ასეთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მათ ასევე აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში. 2. საკონსულოს უძრავი ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან შეუთავსებელი რაიმე ფორმით. 3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ იმ შენობის ნაწილში, სადაც განთავსებულია საკონსულოს ნაწილები, მოეწყოს სხვა დაწესებულებებისა და უწყებების ოფისები, იმ პირობით, რომ ასეთი ოფისებისთვის გამოყოფილი სივრცე განცალკევებულია საკონსულო დაწესებულების მიერ გამოყენებული სივრცისგან. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ოფისები, წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, არ უნდა ჩაითვალოს საკონსულოს სივრცის ნაწილად. მუხლი 56🔗 მესამე პირებისთვის შექმნილი რისკების დაზღვევა საკონსულო დაწესებულების წევრებმა უნდა შეასრულონ მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით დაწესებული ყველა მოთხოვნა, რომელიც შეეხება მესამე პირების მიმართ ნებისმიერი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალების, გემის ან საჰაერო ხომალდის გამოყენების შედეგად წარმოშობილი რისკების დაზღვევას. მუხლი 57🔗 სპეციალური დებულებები შემოსავლის მიღების მიზნით კერძო საქმიანობის შესახებ 1. კარიერული საკონსულო თანამდებობის პირები მიმღებ სახელმწიფოში არ უნდა ეწეოდნენ რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას პირადი შემოსავლის მიღების მიზნით. 2. წინამდებარე თავით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ: (a) საკონსულო მოსამსახურეებს ან კერძო მოსამსახურეებს, რომლებიც მიმღებ სახელმწიფოში ეწევიან კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით; (b) წინამდებარე პუნქტის „a“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ოჯახის წევრებს ან ამ პირის კერძო მოსამსახურეებს; (c) საკონსულო დაწესებულების წევრის ოჯახის წევრებს, რომლებიც თავად ეწევიან მიმღებ სახელმწიფოში კერძო საქმიანობას შემოსავლის მიღების მიზნით. თავი III. რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებისა და იმ საკონსულო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ასეთი თანამდებობის პირები მუხლი 58🔗 ზოგადი დებულებები ხელსაყრელი პირობების, პრივილეგიების და იმუნიტეტების შესახებ 1. საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები, ვრცელდება 28-ე, 29-ე, 30-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლები, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები. გარდა ამისა, ასეთი საკონსულო დაწესებულებების ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებით. 2. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებზე ვრცელდება 42-ე და 43-ე მუხლები, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 45-ე და 53-ე მუხლები და 55-ე მუხლის პირველი პუნქტი. გარდა ამისა, ასეთი საკონსულო თანამდებობის პირების ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 63-ე, 64-ე, 65-ე, 66-ე და 67-ე მუხლებით. 3. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პრივილეგიები და იმუნიტეტები არ ენიჭებათ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ოჯახის წევრებს ან საკონსულო მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან იმ საკონსულო დაწესებულებაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი. 4. საკონსულო ვალიზების გაცვლა იმ ორ საკონსულო დაწესებულებას შორის, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები და რომლებიც მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოში, ნებადართული არ არის ამ ორი მიმღები სახელმწიფოს თანხმობის გარეშე. მუხლი 59🔗 საკონსულოს უძრავი ქონების დაცვა მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების საკონსულოს უძრავი ქონების დასაცავად ნებისმიერი შეჭრისგან ან დაზიანებისგან და საკონსულო დაწესებულებების სიმშვიდის ნებისმიერი დარღვევის ან მისი ღირსების შელახვის პრევენციისთვის. მუხლი 60🔗 საკონსულოს უძრავი ქონების გადასახადებით დაბეგვრისგან განთავისუფლება 1. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების საკონსულოს უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე ან მოქირავნე არის წარმგზავნი სახელმწიფო, უნდა განთავისუფლდეს ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან, გარდა გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურისა. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე და გადასახადებზე, რომლებიც, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმგზავნ სახელმწიფოსთან. მუხლი 61🔗 საკონსულო არქივებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების საკონსულო არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ყოველთვის და ნებისმიერ ადგილზე, იმ პირობით, რომ ის ინახება სხვა ქაღალდებისგან და დოკუმენტებისგან, განსაკუთრებით კი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის და მასთან მომუშავე ყველა სხვა პირის პირადი კორესპონდენციისგან, აგრეთვე, მათ პროფესიასთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებული მასალებისგან, წიგნებისგან და დოკუმენტებისგან განცალკევებით. მუხლი 62🔗 განთავისუფლება საბაჟო გადასახადებისგან და საბაჟო შემოწმებისგან მიმღებმა სახელმწიფომ, თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, უნდა დართოს შემოტანის ნება და გაათავისუფლოს ყოველგვარი საბაჟო გადასახადისგან, გადასახადებისგან და დაკავშირებული მოსაკრებლებისგან, გარდა შენახვის, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების მოსაკრებლებისა, შემდეგი საგნები, იმ პირობით, რომ ისინი განკუთვნილია საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების ოფიციალური გამოყენებისთვის: გერბები, დროშები, აბრები, ბეჭდები და შტამპები, წიგნები, ოფიციალური ნაბეჭდი მასალა, საოფისე ავეჯი, საოფისე აღჭურვილობა და მსგავსი საგნები, რომლებსაც საკონსულო დაწესებულება იღებს წარმგზავნი სახელმწიფოსაგან ან მისი მოთხოვნით. მუხლი 63🔗 სისხლისსამართლებრივი წარმოება თუ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი წარმოება, ის უნდა გამოცხადდეს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებში. მიუხედავად ამისა, სამართალწარმოება მის მიმართ უნდა წარიმართოს მისი ოფიციალური თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემით და იმგვარი ფორმით, რომელიც შეძლებისდაგვარად ნაკლებად შეაფერხებს საკონსულო ფუნქციების შესრულებას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის დაპატიმრებული ან დაკავებულია. როდესაც აუცილებელი გახდა საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის დაკავება, სამართალწარმოება მის მიმართ უნდა დაიწყოს მინიმალური დაყოვნებით. მუხლი 64🔗 საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის დაცვა მიმღებ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, საპატიო საკონსულო თანამდებობის პირს მიანიჭოს ისეთი დაცვა, როგორიც შეიძლება საჭირო იყოს მისი ოფიციალური თანამდებობიდან გამომდინარე. მუხლი 65🔗 უცხოელთა რეგისტრაციისგან და ცხოვრების ნებართვის მიღებისგან განთავისუფლება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები, იმათ გარდა, რომლებიც მიმღებ სახელმწიფოში პირადი შემოსავლის მიღების მიზნით ეწევიან რაიმე პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას, თავისუფლდებიან ყოველგვარი ვალდებულებისგან, რომელიც გათვალისწინებულია მიმღები სახელმწიფოს კანონებითა და რეგულაციებით უცხოელთა რეგისტრაციისა და ცხოვრების ნებართვის მიღების შესახებ. მუხლი 66🔗 განთავისუფლება გადასახადებით დაბეგვრისგან საპატიო საკონსულო თანამდებობის პირი თავისუფლდება საკონსულო ფუნქციების შესრულებისთვის წარმგზავნი სახელმწიფოსგან მიღებული ანაზღაურებისა და ხელფასის ყოველგვარი მოსაკრებლით და გადასახადით დაბეგვრისგან. მუხლი 67🔗 განთავისუფლება პერსონალური მოვალეობებისგან და გადასახადებისგან მიმღებმა სახელმწიფომ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები უნდა გაათავისუფლოს ყველა პერსონალური მოვალეობისგან, ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი შრომის ვალდებულებისგან და სამხედრო ვალდებულებებისგან, რომლებიც უკავშირდება რეკვიზიციას, სამხედრო გადასახადებს და საცხოვრებლის გადაცემას სამხედროების განთავსებისთვის. მუხლი 68🔗 საპატიო საკონსულო თანამდებობის პირების დანიშვნის არასავალდებულო ხასიათი თითოეული სახელმწიფო თავისუფალია გადაწყვიტოს, დანიშნავს თუ მიიღებს საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებს. თავი IV. ზოგადი დებულებები მუხლი 69🔗 საკონსულო აგენტები, რომლებიც არ არიან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელები 1. თითოეული სახელმწიფო თავისუფალია გადაწყვიტოს, დააფუძნებს თუ მიიღებს საკონსულო სააგენტოებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ საკონსულო აგენტები, რომლებიც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ არ არიან დანიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებად. 2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკონსულო სააგენტოების მიერ თავიანთი საქმიანობის განხორციელების პირობები და პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც შეიძლება ისარგებლოს მათმა ხელმძღვანელმა საკონსულო აგენტებმა, უნდა განისაზღვროს წარმგზავნ სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის შეთანხმებით. მუხლი 70🔗 საკონსულო ფუნქციების შესრულება დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ 1. წინამდებარე კონვენციის დებულებები ასევე გამოიყენება დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების მიმართ იმდენად, რამდენადაც ეს ნებადართულია კონტექსტის გათვალისწინებით. 2. დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრების სახელები, რომლებიც დანიშნული არიან საკონსულო განყოფილებაში ან რომლებსაც სხვაგვარად დაევალათ წარმომადგენლობის საკონსულო ფუნქციების შესრულება, უნდა ეცნობოს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან აღნიშნული სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ხელისუფლების ორგანოს. 3. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას დიპლომატიურ წარმომადგენლობას შეუძლია მიმართოს: (a) საკონსულო ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს; (b) მიმღები სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, თუ ეს ნებადართულია მიმღების სახელმწიფოს კანონებით, რეგულაციებითა და პრაქტიკით ან შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით. 4. დიპლომატიური წარმომადგენლობის წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული წევრების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების რეგულირება გრძელდება საერთაშორისო სამართლის იმ წესებით, რომლებიც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს. მუხლი 71🔗 მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები 1. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მიმღებმა სახელმწიფომ შეიძლება მიანიჭოს დამატებითი ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები, საკონსულო თანამდებობის პირებმა, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები არიან, უნდა ისარგებლონ მხოლოდ იურისდიქციისგან იმუნიტეტით, პირადი ხელშეუხებლობით თავიანთი ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული ოფიციალური მოქმედებების მიმართ და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პრივილეგიებით. იმდენად, რამდენადაც საუბარია ხსენებულ საკონსულო თანამდებობის პირებზე, მიმღები სახელმწიფო ანალოგიურად შებოჭილია 42-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებით. თუ ასეთი საკონსულო თანამდებობის პირის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი წარმოება, იგი უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეუშალოს ხელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი დაპატიმრებული ან დაკავებულია. 2. საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებმა, რომლებიც მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები არიან, და მათი ოჯახის წევრებმა, აგრეთვე წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საკონსულო თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებმა, უნდა ისარგებლონ ხელსაყრელი პირობებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მათ მინიჭებული აქვთ მიმღები სახელმწიფოს მიერ. საკონსულო დაწესებულების წევრებისა და პირადი მომსახურე პერსონალის ოჯახის იმ წევრებმა, რომლებიც თავად არიან მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, ანალოგიურად უნდა ისარგებლონ ხელსაყრელი პირობებით, პრივილეგიებით და იმუნიტეტებით მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მათ მინიჭებული აქვთ მიმღები სახელმწიფოს მიერ. თუმცა, მიმღებმა სახელმწიფომ ამ პირთა მიმართ თავისი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გადამეტებულად არ შეაფერხოს საკონსულო დაწესებულების ფუნქციების შესრულება. მუხლი 72🔗 დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოყენებისას მიმღებმა სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს დისკრიმინაცია სახელმწიფოებს შორის. 2. თუმცა, დისკრიმინაციად არ ითვლება, როდესაც: (a) მიმღები სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებას შეზღუდულად იყენებს იმ მიზეზით, რომ თავისი საკონსულო დაწესებულების მიმართ იგივე დებულება შეზღუდულად გამოიყენება წარმგზავნ სახელმწიფოში; (b) სახელმწიფოები ჩვეულების ან შეთანხმების თანახმად ერთმანეთს შორის ავრცელებენ უფრო ხელსაყრელ რეჟიმს, ვიდრე ეს მოთხოვნილია წინამდებარე კონვენციის დებულებებით. მუხლი 73🔗 ურთიერთმიმართება წინამდებარე კონვენციასა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს შორის 1. წინამდებარე კონვენციის დებულებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ძალაში მყოფი სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მათ მხარე სახელმწიფოებს შორის გამოყენებაზე. 2. წინამდებარე კონვენციის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს სახელმწიფოებს ისეთი საერთაშორისო შეთანხმებების დადებაში, რომლებიც ადასტურებენ, ავსებენ, აფართოებენ ან აძლიერებენ წინამდებარე კონვენციის დებულებებს. თავი V. დასკვნითი დებულებები მუხლი 74🔗 ხელმოწერა წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნებისმიერი სპეციალიზებული სააგენტოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის, ან მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდების მხარეებისთვის, და ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა მოიწვევს კონვენციის მხარედ გახდომის მიზნით, შემდეგნაირად: 1963 წლის 31 ოქტომბრამდე –ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროში და ამის შემდეგ, 1964 წლის 31 მარტამდე – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ნიუ იორკში. მუხლი 75🔗 რატიფიკაცია წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მუხლი 76🔗 შეერთება წინამდებარე კონვენცია ღია უნდა დარჩეს შეერთებისთვის 74-ე მუხლში მოცემული ოთხი კატეგორიიდან ნებისმიერისთვის მიკუთვნებული ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ. შეერთების სიგელები უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მუხლი 77🔗 ძალაში შესვლა 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოცდამეორე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანთან დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს. 2. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია ან შეუერთდა მას ოცდამეორე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ასეთი სახელმწიფოს მიერ სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს. მუხლი 78🔗 შეტყობინებები გენერალური მდივნის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მიეკუთვნებიან 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს, უნდა აცნობოს: (a) წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის და სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელების დეპონირების შესახებ, რომლებიც განხორციელდა 74-ე, 75-ე და 76-ე მუხლების თანახმად; (b) თარიღი, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 77-ე მუხლის თანახმად. მუხლი 79🔗 ავთენტური ტექსტები წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ტექსტებიც ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე ავთენტურია, უნდა დეპონირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, რომელმაც დამოწმებული ასლები უნდა გაუგზავნოს        ყველა  იმ სახელმწიფოს, რომლებიც მიეკუთვნებიან 74-ე მუხლში ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიიდან ერთ-ერთს. რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანმა ხელმომწერებმა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სათანადო უფლებამოსილება თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას. შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას სამოცდასამი წლის ოცდაოთხ აპრილს.