გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/975-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/975-25   330210025010798643

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბა

საქართველოს სახელით

 

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება

 

2025 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი

 

განმცხადებელი/კრედიტორი – სსიპ – შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – ანა ჭაჭიაშვილი

მოვალე – შპს „სასტუმრო აბანოთუბანი“ (ს/ნ 404453845)

წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი

გაკოტრების მმართველი – ქეთევან ბაშინურიძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დასრულება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების საქმის წარმოების  დასრულების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2022 წლის 16 აგვისტოს შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ დირექტორმა – მალხაზ ალბორაშვილმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების რეჟიმის გახსნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით.

განმცხადებლის განმარტებით, კომპანია 2017 წლიდან არ ფუნქციონირებს და შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მოვალეს დაკარგული აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა, მიმდინარეობს თუ არა მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა ხუთი დღე. აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს.

2022 წლის 25 აგვისტოს შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ დირექტორმა – მალხაზ ალბორაშვილმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის – შოთა აბესაძის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 2013 წლის 20 აგვისტოდან 2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით სამოქალაქო საქმეზე, რომელიც ეხება შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გადახდისუუნარობას, რეგისტრირებულია მხოლოდ საქმე №2/25275-22, მოსამართლე – გოჩა დიდავა.

მოსამართლე გოჩა დიდავას არყოფნის გამო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, გადაეცა მოსამართლე ივერი აბაშიძეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ (ს/ნ: 404453845) დირექტორს – მალხაზ ალბორაშვილს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებით აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია; განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).  ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 5 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ  კანონით დადგენილ ვადაში, წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად. ამავე განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

სსიპ – შემოსავლების სამსახურს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2022 წლის 16 დეკემბერს კანონით დადგენილ ვადაში შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი. შესაბამისად, შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გაკოტრების რეჟიმის გახსნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ქეთევან ბაშინურიძის მიერ წარმოდგენილ იქნა გაკოტრების მმართველის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას  შემოსავლების სამსახურის  გარდა კრედიტორი არ ჰყავს და კომპანიას ამჟამად არ გააჩნია რაიმე ქონება. 2024 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების მმართველმა, ქეთევან ბაშინურიძემ და მოითხოვა შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების მიზნით მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება, სადაც მოსმენილ იქნა მხარეთა პოზიციები.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა პოზიციები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. 2024 წლის 19 ნოემბერს მიღებულ იქნა განჩინება გადახდიუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომელიც კერძო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა შპს ,,სასტუმრო აბანოთუბნის“ მიერ. 2024 წლის 2 დეკემბერს მხარეს უარი ეთქვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რის მერეც იგი ზემდგომ სასამართლოში გადაიგზავნა.

2024 წლის 20 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებულ იქნა განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს  სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  2024 წლის  19 ნომებრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ შპს ,,აბანოთუბნის“ მიმართ უნდა მოხდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოვალის ფინანსური პრობლემების გადაჭრა – შესაძლებლობის შემთხვევაში რეაბილიტაციის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილება, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის დადგენის შემთხვევაში დასაშვებია სამეურვეო ქონების რეალიზაცია და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება – გაკოტრება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ქეთევან ბაშინურიძის მიერ წარმოდგენილ იქნა გაკოტრების მმართველის ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას  შემოსავლების სამსახურის  გარდა კრედიტორი არ ჰყავს და კომპანიას ამჟამად არ გააჩნია რაიმე ქონება. ამასთან, 2024 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარმოდგენილი იყო განცხადება  შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების მმართველის ქეთევან ბაშინურიძის მიერ შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით: გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,სასტუმრო აბანოთუბნის“ მიმართ უნდა მოხდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმო გამოცხადდეს გაკოტრებულად და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ რეგისტრაცია.

სსიპ – შემოსავლების სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. თუმცა მას, როგორც კრედიტორს, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ჰქონდა ვალდებულება  სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა თანხა მისი მოთხოვნის ღირებულების 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა და  არაუმეტეს 10 000 ლარისა, რომელიც განკუთვნილია საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ანაზღაურებისათვის. ამდენად, განმცხადებელმა, სასამართლოს წარმოუდგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 10000 (ათი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი (ორიგინალი). ვინაიდან, სახეზე არ გვაქვს არც საპროცესო ხარჯები და არც აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებისათვის გათვალისწინებული ხარჯი, განმცახდებელს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 10 000 ლარი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოვალე შპს ,,სასტუმრო აბანოთუბანის‘’ მიმართ დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში გაუქმდეს შპს ,,სასტუმრო აბანოთუბნის“ რეგსტრაცია.

2. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ, სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომლის რეკვიზიტებია: გადამხდელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური; გადამხდელი ბანკი – სს ,,თიბისი ბანკი“,  საგადახდო მოთხოვნა №60938; მიმღების ბანკის კოდი – TBCBGE22, მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი 203860642,  დაუბრუნდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურს.

3. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

4.  განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                          არჩილ კოჭლამაზაშვილი