ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 22.02.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო მეთაური
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 025006002.00(8).002.000045
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 2, 28/02/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.02.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის
ბ რ ძ ა ნ ე ბ უ ლ ე ბ ა №45
1995 წლის 22 თებერვალი
ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის გამოყოფისა და მისი ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის მიწის ფართობების გამოყოფის მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვას, სოფლად მათ დამაგრებასა და სურსათით დაკმაყოფილების გაუმჯობესებას.
1993-1994 წლებში რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ 290 ათას ოჯახს გამოეყო 58 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი, მათ შორის მამაპაპისეულ სოფლებში 159 ათას ოჯახს 32 ათასი ჰექტარი.
მიუხედავად ამისა, მიწის ნაკვეთით ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, ჭიანურდება გამოყოფილი მიწების ათვისება და რაციონალურად გამოყენება.
მიწის ნაკვეთების მფლობელთა მომსახურებისათვის შექმნილი ორგანიზაცია „საქქალაქაგროსერვისი“. საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უქონლობისა და სათანადო მატერიალური საშუალებების დეფიციტის გამო ვერ უზრუნველყოფს მათ სრულყოფილ მომსახურებას.
რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებით მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და მათი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით:
1. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის დამატებით გამოიყოს მიწის ფართობები დანართის თანახმად.
2. დანართში ჩამოთვლილმა რაიონებმა ერთი თვის ვადაში დადგენილი წესით შეარჩიონ ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის გადასაცემი მიწის ფართობები საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან ახლოს და წარუდგინონ სათანადო მასალები საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტს, რომლებმაც სათანადო ორგანიზაციებთან შეთანხმების შემდეგ ერთი კვირის ვადაში განიხილონ სარეფორმო ფონდში გამოსაყოფი მიწის შერჩევის საკითხი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინონ მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
3. მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა და მიწის რეფორმის კომისიებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთა უპირატესად მამაპაპისეულ სოფლებიში მიწის ნაკვეთებით დაკმაყოფილებას და ქალაქელთათვის კომპაქტურად გამოყოფილ მიწის ფართობებზე მათ დამაგრებას.
4. „საქქალაქაგროსერვისმა“ უზრუნველყოს:
- თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებთან ერთად ქალაქების მცხოვრებთათვის გამოყოფილი მიწის ფართობების განაწილება, დაპროექტება და მიწის მიღება-ჩაბარების აქტების გაცემა სათანადო ანაზღაურებით;
- მებაღეობის ამხანაგობებში მიწის რეფორმის სამუშაოები, დამთავრება 1995-1996 წლებში, რაშიც მას ხელი შეუწყონ შესაბამისმა საწარმოებმა, დაწესებულებებმა და ორგანიზაციებმა მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან ერთად;
- თესლით, სარგავი მასალით, მოზარდეულით, მინერალური სასუქებით, შხამქიმიკატებით, ინვენტარითა და მეურნეობებისათვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებებით მომარაგება, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და აგროზოოვეტმომსახურება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ სამსახურებთან, საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან, სოფლის მეურნეობის საწარმოო მომსახურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სახელმწიფო კოორპორაცია „საქაგრო-ტექსერვისთან“ და „ცეკავშირთან“ სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე.
5. საქართველოს რესპუბლიკის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის მერიებმა, აგრეთვე სხვა ქალაქების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა „საქქალაქაგროსერვისის“ შეკვეთით სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე დანიშნონ ავტობუსების მარშრუტები გამოყოფილ მიწის ნაკვეთებამდე ქალაქის მოსახლეობის გადასაყვანად, რისთვისაც ნავთობპროდუქტების კონცერნმა უზრუნველყოს მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და „საქქალაქაგროსერვისის“ ენერგორესურსებით მომარაგება შესაბამისი ანგარიშსწორების საფუძველზე.
6. „საქქალაქაგროსერვისმა“ შეიმუშაოს ქალაქებისა და რაიონული ცენტრების მცხოვრებთათვის სოფლად გამოყოფილი საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების მომსახურების პროგრამა მომსახურების კოოპერაციული ფორმების დანერგვისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოზიდვის გათვალისწინებით.
7. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, რესპუბლიკის სხვა ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა ხელი შეუწყონ „საქქალაქაგროსერვისს“ თავიანთი ქალაქების ტერიტორიაზე საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვეთების მფლობელთათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მიყიდვისა და ჭარბი პროდუქციის სარეალიზაციოდ საჭირო სავაჭრო ფართის გამოყოფაში.
8. საქართველოს რესპუბლიკის სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა „საქქალაქაგროსერვისის“ მოთხოვნის შესაბამისად შეძლებისდაგვარად დააწესოს საგარეუბნო მატარებლების დამატებითი გაჩერებები საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო ნაკვთების დიდი მასივების მიმდებარე ტერიტორიებზე.
9.საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურამ, კონტროლის პალატამ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ერთად ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ „საქქალაქაგროსერვისსა“ და ყოფილი „საქაგროკოოპისადმი“ დაქვემდებარებულ ორგანიზაციას „საქაგროკოოპმრეწვს“ შორის წარმოქმნილი ქონებრივი დავის გადაწყვეტა.
10. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქქალაქაგროსერვისთან“ ერთად დასახოს და განახორციელოს საბაღე და საკარმიდამო ნაკვეთების დაცვის ღონისძიებები.
11. აღნიშნული ბრძანებულება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს ტელევიზიით.
სახელმწიფოს მეთაური ე. შევარდნაძე