ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექციის)
გადაწყვეტილება
საქმე „ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივარი N7621/19)
მუხ. 2 (პროცედურული) • ოჯახური ძალადობის კონტექსტში მომჩივნის ქალიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ეფექტური გამოძიების ნაკლებობა • გამოძიების ყველა სანდო ხაზის სათანადოდ შესწავლის წარუმატებლობა • საგამოძიებო ორგანოსთვის სრულად დამახასიათებელი გაუმართლებელი უმოქმედობის მნიშვნელოვანი პერიოდი • შემდგომ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის გასვლა მიმდინარე გამოძიებას ართმევს ყოველგვარ შესაძლო სარგებლიანობას და, შესაბამისად, პოტენციურ ეფექტურობას • საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის საქმის გამოძიებისას განსაკუთრებული გულმოდგინებისა და ენერგიულობის მოთხოვნის შეუსრულებლობა შეიძლება ჩაითვალოს სიმართლის დადგენის სურვილის არქონად
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
სტრასბურგი
2024 წლის 4 ივლისი
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციული ხასიათის შესწორებას.
საქმეზე „ოღლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ პალატამ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
მატიას გუიომარი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
კარლო რანზონი,
მარტინშ მიტსი,
სტეფანი მოურუ-ვიკსტრომი,
კატერინა შიმაჩკოვა,
სტეფანი პისანი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,
გაითვალისწინა რა:
საჩივარი (№7621/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ქ-ნ ნანა ოღლიშვილის (შემდგომში „მომჩივანი“) მიერ 2019 წლის 29 იანვარს;
გადაწყვეტილება ეცნობოს საჩივრის შესახებ საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“);
მხარეთა მოსაზრებები;
2024 წლის 11 ივნისის დახურული თათბირის შემდეგ,
გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქმე ეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო წარუმატებლობას, დაეცვა მომჩივნის ქალიშვილი, ე.ნ., ოჯახში ძალადობისგან და ჩაეტარებინა მისი სიკვდილის ეფექტური გამოძიება. მომჩივანმა წარადგინა საჩივარი კონვენციის მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
ფაქტები
2. მომჩივანი დაიბადა 1964 წელს და ცხოვრობს სოფელ კალაურში, გურჯაანის რაიონი, საქართველო. მას წარმოადგენდა ბ-ნი ა. მერებაშვილი, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს საქართველოში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით:
I. გარემოებები, რომლებიც წინ უძღოდა მომჩივნის ქალიშვილის სიკვდილს 2017 წლის 18 ოქტომბერს
5. ე.ნ., მომჩივნის ქალიშვილი, დაქორწინებული იყო რ.გ.-ზე და მასთან ერთად 2013 წლიდან ცხოვრობდა მის საგვარეულო სახლში, სოფელ შილდაში, თავიანთ ქალიშვილთან და დედამთილთან, თ.გ.-სთან ერთად.
6. როგორც შემდგომში დადგინდა სისხლის სამართლის გამოძიების დროს (იხ. პარაგრაფები 15-32 ქვემოთ), ე.ნ.-ის ურთიერთობა თავის მეუღლესთან და დედამთილთან დაიძაბა დაოჯახებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ. განხეთქილების მიზეზი გახდა ის, რომ ე.ნ. გვიან მუშაობდა, რის გამოც დედამთილი ეჭვქვეშ აყენებდა მის ერთგულებას მისი ქმრის მიმართ და საბოლოოდ დაადანაშაულა ქორწინების მიღმა ურთიერთობების ქონაში და შვილის ღალატში.
7. მომჩივანმა მხოლოდ 2017 წლის 12 ოქტომბერს შეატყობინა პოლიციას ოჯახური პრობლემების შესახებ, როდესაც მან განახორციელა გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ზარი და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დედამთილი და ქმარი. მათ სახლში დაუყოვნებლივ მივიდნენ ყვარლის რაიონის პოლიციის თანამშრომლები და ოჯახის ყველა წევრი გამოჰკითხეს.
8. მომჩივნის ქალიშვილთან ინტერვიუს სტენოგრაფიული ჩანაწერიდან ჩანს, რომ მან უთხრა პოლიციელებს, რომ მათ ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დედამთილთან სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური ჩხუბი ჰქონდა. ჩხუბის მიზეზი თ.გ.-ის ბრალდებები გახდა ე.ნ.-ის მიმართ, ეჭვქვეშ აყენებდა რა მის ერთგულებას მისი ქმრის მიმართ, მას შემდეგ, რაც ე.ნ. ღამით მეგობართან დარჩა (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ). ე.ნ.-მ პოლიციელებს განუცხადა, რომ კამათის დროს დედამთილმა მას სახეში გაარტყა. მან ასევე უთხრა პოლიციელებს, რომ მის ქმარს არასდროს მიუყენებია ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მისთვის და, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ახსენა მისი სახელი გადაუდებელი დახმარების სატელეფონო ზარის დროს (იხ. პარაგრაფი 7 ზემოთ) იყო ძლიერი ემოციური აშლილობის მდგომარეობა. მან პოლიციას სთხოვა, მიეღო შემაკავებელი ზომები მისი დედამთილის მიმართ.
9. 2017 წლის 12 ოქტომბერს პოლიციის მიერ გამოკითხვისას თ.გ.-მ დაადასტურა, რომ იმ დღეს ეჩხუბა ე.ნ.-ს, წინა ღამით სახლში არყოფნის გამო, რამაც დაადასტურა თ.გ.-ის შიშები, რომ ე.ნ. ღალატობდა მის შვილს. თუმცა თ.გ.-მ უთხრა პოლიციას, რომ მას არასოდეს დაურტყამს მომჩივნის ქალიშვილისთვის და რომ პირიქით, ე.ნ.-მ სასტიკად გაარტყა სახეში კამათის დროს და, რომ მის შვილს ჩარევაც კი მოუწია, რომ ის დაეცვა ე.ნ.-ის აგრესიული ქცევისგან.
10. 2017 წლის 12 ოქტომბერს პოლიციის მიერ გამოკითხვისას რ.გ.-მ დაადასტურა, რომ წინა საღამოს მისი ცოლი სახლში არ იყო და დასძინა, რომ არც მან და არც დედამისმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. როცა ცოლი საბოლოოდ დაბრუნდა სახლში, ვერც მან და ვერც დედამისმა ბრაზი ვერ დამალეს, რაც ჩხუბის მიზეზი გახდა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ეს იყო ე.ნ., ვინც დედამისს სახეში გაარტყა და ის იძულებული შეიქნა ჩარეულიყო, რათა დაემშვიდებინა ორი ქალი. მან ასევე განუცხადა პოლიციას, რომ მას არასოდეს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა თავისი ცოლისთვის და, რომ მხოლოდ 2017 წლის 12 ოქტომბერს უთხრა მას დედამისმა პირველად მისადმი ცოლის ერთგულების მიმართ თავისი ეჭვების შესახებ.
11. იმავე დღეს პოლიციამ სამედიცინო ექსპერტიზა დაუნიშნა როგორც ე.ნ.-ს, ასევე მის დედამთილს. მარცხენა მხარზე ე.ნ.-ს აღმოაჩნდა მცირე სისხლჩაქცევა, მაგრამ თ.გ.-ის სახეზე არ იყო დაზიანების ხილული ნიშნები.
II. ე.ნ.-ის სიკვდილი 2017 წლის 18 ოქტომბერს და მომდევნო გამოძიება
12. 2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, ე.ნ. იპოვეს ჩამომხრჩვალი. მისი სხეული საგვარეულო სახლის მარანში იპოვა გ.გ-მ, ე.ნ‑ის მაზლმა (იხ. პარაგრაფი 17 ქვემოთ). მომხდარის შესახებ პოლიციაში შეტყობინება შევიდა 08:40 საათზე და იმავე დღეს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად. გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის კრიმინალური პოლიციის განყოფილება (შემდგომში „ყვარლის კრიმინალური პოლიცია“).
13. მომდევნო თვეებში სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას სხვადასხვა ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ, პოლიციამ ჩაატარა მარნის სასამართლო ექსპერტიზა და დანიშნა სხეულის სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა, რომელიც მოიცავდა შემთხვევის ადგილზე და სხეულზე აღმოჩენილი სხვადასხვა ბიოლოგიური ნიმუშების შეგროვებას და ანალიზს. პოლიციამ გამოჰკითხა ე.ნ.-ის ქმარი, დედამთილი და მაზლი, ასევე მომჩივანი, ე.ნ.-ის მეგობრები, კოლეგები და მეზობლები და ყველა, ვისაც, როგორც გაირკვა, კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ჯამში ოცდახუთზე მეტი მოწმე გამოიკითხა. პოლიციამ ასევე შეამოწმა ე.ნ.-ის მობილური ტელეფონი და ამოიღო მის გარდაცვალებამდე განხორციელებული ყველა შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარის ჩანაწერი.
14. ყველაზე მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს.
A. შეგროვებული მტკიცებულებები
15. ე.ნ.-ის სხეულის გარე დათვალიერების პირველი ოქმი შედგენილია პოლიციის თანამშრომლის მიერ 2017 წლის 18 ოქტომბერს 11:00-დან 12:10 საათამდე. მის თანახმად, სხეული იპოვეს თოკზე ჩამოკიდებული, წელს ქვემოთ შიშველი. მის ორივე მუხლზე აღინიშნებოდა კანის მძიმე დაზიანება და სისხლჩაქცევები. სხვა სისხლჩაქცევები და კანის დაზიანებები ჩანდა ე.ნ.-ის სახის მარცხენა მხარეს, ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში და ყელზე.
16. 2017 წლის 18 ოქტომბერს პოლიციის მიერ პირველ გამოკითხვაზე ე.ნ.-ის ქმარმა, რ.გ.-მ განაცხადა, რომ ის თბილისში მუშაობდა, როცა სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში მისი ცოლი გარდაცვლილი იპოვეს. მან ასევე დაამატა, რომ ე.ნ.-ს ჰქონდა თვითმკვლელობის მიდრეკილება. მან გაიხსენა, რომ მან მანამდეც სცადა თავის ჩამოხრჩობა იმავე მარანში, მათ სახლში, 2017 წლის აგვისტოში, მაგრამ საბედნიეროდ მან დროულად იპოვა ის და თოკიდან ჩამოხსნა. მან თქვა, რომ, როცა მას ჰკითხა, რატომ სურდა სიცოცხლის დასრულება, მან უპასუხა, რომ მას გარდაცვლილი მამა ეძახდა. ე.ნ.-ის ქმარმა განაგრძო, რომ ზოგადად მისი ცოლი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დეპრესიული ჩანდა. მან ასევე მიუთითა 2017 წლის 12 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტის ყველა გარემოებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა რა, რომ დედამისსა და ე.ნ.-ს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი დედამისის რწმენა გახდა, რომ ე.ნ.-ს ჰქონდა ქორწინების მიღმა ურთიერთობები. რაც შეეხება ე.ნ.-ის მუხლებზე აღმოჩენილ კანის დაზიანებას და სისხლჩაქცევებს, რ.გ. ვარაუდობს, რომ ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს ღორის მიერ, რომელსაც მისი ოჯახი უვლიდა.
17. პოლიციაში გამოკითხვისას ასევე 2017 წლის 18 ოქტომბერს, ე.ნ.-ის მაზლმა, გ.გ.-მ განაცხადა, რომ ძმის სახლში დაახლოებით 08:00 საათზე მისი მისვლის მიზეზი იყო ის, რომ დედამ სთხოვა ღორების გამოკვება, რადგან მისი ძმა თბილისში სამუშაოდ იყო წასული. მან თქვა, რომ, როცა მარანში თოკზე ჩამოკიდებული სხეული დაინახა, ისე შეეშინდა, რომ დაუყოვნებლივ სახლისკენ გაიქცა, რათა დედისთვის (რომელიც იმ დროს მასთან ერთად ცხოვრობდა) ეთქვა. გამომძიებლის კითხვაზე პასუხად მან თქვა, რომ სწორედ შოკმა შეუშალა ხელი მას, დაუყოვნებლივ გამოეძახებინა პოლიცია ან სასწრაფო დახმარება, ან თავად ენახა, იყო თუ არა ე.ნ. ჯერ კიდევ ცოცხალი. მან თქვა, რომ სხეულის აღმოჩენის შესახებ პოლიციას რამდენიმე საათის შემდეგ შეატყობინა. მან ასევე განაცხადა, რომ დედისა და ძმისგან იცოდა, რომ მისმა რძალმა რამდენიმე თვით ადრე სცადა თვითმკვლელობა.
18. ე.ნ.-ს დედამთილი თ.გ. 2017 წლის 19 ოქტომბერს გამოიკითხა. მან დაადასტურა, რომ ხშირად ჩხუბობდა ე.ნ.-სთან, მისი ამორალური საქციელის გამო. ე.ნ. ხშირად გვიან ბრუნდებოდა სახლში, თუმცა ოფიციალურად არსად მუშაობდა და სხვა მამაკაცებთან ერთად დაინახეს. თ.გ.-მ ასევე განუცხადა გამომძიებლებს, რომ მან 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ღამე გაატარა გ.გ.-ის სახლში და გამომძიებლის კითხვაზე პასუხად დასძინა, რომ გ.გ.-მ მთელი ღამე სახლში გაატარა. თ.გ. ასევე იტყობინება, რომ მომჩივნის ქალიშვილს ჰქონდა ძალიან რთული ხასიათი და ფსიქიკური არამდგრადობა და, რომ ე.ნ.-მ მანამდე რამდენიმე თვით ადრე სცადა თვითმკვლელობა იმავე მარანში.
19. 2017 წლის 19 ოქტომბერს პოლიციამ გამოჰკითხა ე.ნ.-ის მეგობარი, რომელთანაც ის 12 ოქტომბრის ღამეს დარჩა (იხ. პარაგრაფი 8 ზემოთ). მოწმემ განაცხადა, რომ ე.ნ.-მ ღამის გათენება სთხოვა, რადგან სურდა, რომ დედამთილსა და ქმარს გაეგოთ, რომ მზად იყო მიეტოვებინა ისინი, თუ ფსიქოლოგიური შევიწროება, რომელიც ძირითადად თ.გ.-სგან მოდიოდა, გაგრძელდებოდა. მოწმემ თქვა, რომ 2017 წლის 12 ოქტომბრის ღამეს მას გულწრფელი საუბარი ჰქონდა მომჩივნის ქალიშვილთან, რომლის დროსაც ე.ნ.-მ აღიარა, რომ ის იყო „სახლიდან გაქცევის ან თვითმკვლელობის ზღვარზე, რადგან ვეღარ უმკლავდებოდა სტრესს“. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ე.ნ., ზოგადად, იყო ემოციურად ძალიან არასტაბილური და ნერვიული ადამიანი და, რომ შეიძლება ძალიან ადვილად გაბრაზებულიყო და გაღიზიანებულიყო. მოწმემ ასევე დაამატა, რომ იმავე ღამეს მან გაიგონა, რომ ე.ნ. თითქმის ორი საათი ესაუბრებოდა უცნობ მამაკაცს მობილური ტელეფონით.
20. ინციდენტის შემდეგ პოლიციამ უახლოესი მეზობლებიც გამოჰკითხა. ყველა მათგანმა დაადასტურა, რომ სიტყვიერი ჩხუბი ე.ნ.-სა და მის დედამთილს შორის ძალიან ხშირი იყო და, რომ მათ მართლაც გაიგეს ე.ნ.-ის თავის ჩამოხრჩობის წარუმატებელი მცდელობის შესახებ 2017 წლის აგვისტოში. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ ისინი ე.ნ.-ს თვლიდნენ ემოციურად არასტაბილურ ადამიანად. ზოგიერთმა მეზობელმა დაამატა, რომ რეგულარულად ხედავდნენ, რომ გ.გ. მიდიოდა ე.ნ.-სთან სახლში გვიან საღამოობით, მაშინაც კი, როცა მისი ძმა, ე.ნ.-ის ქმარი, სახლში არ იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მეზობელმა დაამატა, რომ მან გ.გ. დაინახა მის სახლთან მისი სხეულის აღმოჩენის დღეს, დაახლოებით 06:30 საათზე; მეზობელმა დააკონკრეტა, რომ დროსთან დაკავშირებით დარწმუნებული იყო, რადგან ის შეხვდა გ.გ.-ს თავისი ვენახისკენ მიმავალ გზაზე.
21. 2017 წლის 21 ოქტომბერს ე.ნ.-ის დაკრძალვაზე გ.გ.-მ ხეზე ჩამოხრჩობით სცადა თვითმკვლელობა. თუმცა, ის მეზობლებმა გადაარჩინეს.
22. ამ ინციდენტის შემდეგ თითქმის მაშინვე რ.გ.-მ დაიწყო ძმის საჯაროდ დადანაშაულება ე.ნ.-ის გაუპატიურებასა და მკვლელობაში. გამომძიებელმა ის ამ ბრალდებებთან დაკავშირებით 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოჰკითხა. რ.გ.-მ განაცხადა, რომ ცოლის დაკრძალვის დროს მისი ძმის თვითმკვლელობის მცდელობამ აფიქრებინა მას, რომ მისი ძმა შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ე.ნ.-ის სიკვდილში. ამასთან დაკავშირებით რ.გ.-მ ასევე აღიარა, რომ მას თავისი ძმის ყოფილ საცოლესთან ჰქონდა ქორწინების მიღმა ურთიერთობა და, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო მოტივი, რომ მის ძმას ჰქონოდა ე.ნ.-ის გაუპატიურების მცდელობა.
23. 2017 წლის 24 ოქტომბერს სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაში გამომძიებლის კითხვის პასუხად აღნიშნული იყო, რომ ე.ნ.-ის სხეულზე ან სხეულში სპერმის კვალი არ ყოფილა.
24. 2017 წლის 8 ნოემბერს გამოიცა 2017 წლის 18 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩატარებული, ე.ნ.-ის სხეულის ყოვლისმომცველი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მისმა შედეგებმა აჩვენა, რომ სხეულის ვიზუალური გასინჯვისას აღმოჩენილი დაზიანებების გარდა (ორივე მუხლის წინა მხარეს, სახესა და ყელზე – იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ), ასევე აღინიშნებოდა კანის დაზიანებები და სისხლჩაქცევები ქვედა ყბაზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მაჯაზე, მუცლის მარცხენა ქვედა მხარეს, თეძოებზე, ორივე ბარძაყზე, მარჯვენა დუნდულზე, ვულვის გარეთა ნაოჭებზე, ორივე ფეხის ქვედა წინა ნაწილზე (კოჭებთან და მუხლების უკანა მხარეს) და მარჯვენა ტერფზე. ექსპერტების ვარაუდით, ამ დაზიანებებიდან ზოგიერთი (კონკრეტულად მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მაჯასა და მარჯვენა დუნდულზე) მიყენებული იყო სიკვდილამდე ექვსი-შვიდი დღით ადრე, მაგრამ ყველა სხვა სისხლჩაქცევა და კანის დაზიანება მიყენებული იყო დაზარალებულის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ექსპერტებმა ასევე დაადასტურეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დახრჩობით გამოწვეული ასფიქსია იყო, და რომ გარდაცვალების მომენტიდან სასამართლო ექსპერტიზის დაწყებამდე მინიმუმ ჩვიდმეტი საათი იყო გასული. დასკვნაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ე.ნ. არ იყო ორსულად, და რომ სხეულიდან და სარდაფიდან აღებული სხვა ბიოლოგიური ნიმუშები ჯერ კიდევ მოწმდებოდა.
25. 2017 წლის 12 ნოემბერს გამომძიებელმა გამოჰკითხა სასამართლო ექსპერტი, რომელმაც 2017 წლის 8 ნოემბრის დასკვნა შეადგინა. ექსპერტმა მიიჩნია, რომ ე.ნ.-ის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები ჯერ კიდევ სიცოცხლეში იყო მიყენებული, უშუალოდ სიკვდილამდე. მან დასძინა, რომ ასეთი დაზიანებები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო დარტყმით, ბიძგებით, ხელის ჩავლებით ან სხვა მეტ-ნაკლებად ძალადობრივი ფიზიკური კონტაქტით.
26. 2017 წლის 25 დეკემბერს მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მისი ქალიშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის გამოძიებაში და მიეცა წვდომა საქმის მასალებზე.
27. 2018 წლის 10 იანვარს სასამართლო ექსპერტებმა გამოსცეს მორიგი დასკვნა, რომლის ძირითადი ნაპოვარი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.ნ.-ის სხეულზე არსებულ ან მის ირგვლივ მიწაზე მიმოფანტულ ტანსაცმელზე სპერმის კვალი არ იყო, ზოგიერთი ტანსაცმელი დაბინძურებული იყო სისხლით, რომელიც ემთხვეოდა ე.ნ.-ის სხეულიდან აღებულ ნიმუშებს. დასკვნა ასევე მიუთითებდა სპერმით დასვრილ შარვალზე და ერთი წყვილ წინდაზე. ისინი მარანში იქნა ნაპოვნი და, როგორც ჩანს, ერთსა და იმავე მამაკაცს ეკუთვნოდა, რომლის დნმ პროფილი არ ემთხვეოდა სამი მამაკაცის (გ.გ.-ისა და ორი მეზობლის) ნიმუშებს, რომლებიც გამომძიებლებმა მიაწოდეს სასამართლო ექსპერტს.
28. 2018 წლის 19 იანვარს დანაშაულის გახსნის ექსპერტმა განაცხადა, რომ შავი ბიუსტჰალტერი, რომელიც ე.ნ.-ს ეკუთვნოდა და ნაპოვნი იქნა ღვინის სარდაფში, გაჭრილი იყო ბასრი საგნით, შესაძლოა დანით.
29. 2018 წლის 28 მაისს დანაშაულის გახსნის კიდევ ერთი დასკვნა გამოიცა. მისი ნაპოვარი იყო, რომ ლურჯი ბამბის ბოჭკო, რომელიც ნაპოვნი იქნა ე.ნ.-ის ფრჩხილების ქვეშ (ორივე ხელზე), ორივე მაჯასა და მის ტანსაცმელზე, მსგავსი იყო ლურჯი ჯინსის ბოჭკოსა, რომელიც ეცვა გ.გ.-ს, ე.ნ.-ის მაზლს 2017 წლის 11-12 ოქტომბერს (და რომელიც პოლიციამ მისგან ამოიღო როგორც ნივთმტკიცებულება). იმავდროულად, ის იტყობინებოდა, რომ ე.ნ.-ის ტანსაცმლის ბოჭკოები ნაპოვნი არ ყოფილა გამომძიებლების მიერ ამოღებულ გ.გ.-ის ტანსაცმელზე, მათ შორის, მის შარვალზე.
30. 2018 წლის 18 ივლისს ყვარლის რაიონულმა მაგისტრატმა მოსამართლემ გამომძიებლებს უფლება მისცა, შესაბამისი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან მიეღოთ ყველა შესაძლო ინფორმაცია ე.ნ.-ის მობილური ტელეფონიდან იმ დღეების განმავლობაში, რომლებიც წინ უძღოდა მისი სხეულის აღმოჩენას, გასულ სატელეფონო ზარებთან და ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით.
31. ამ გზით მოპოვებულმა მონაცემებმა პოლიციას საშუალება მისცა, მოეხდინა ახალგაზრდა მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელთანაც ე.ნ.-ს ხშირი და ხანგრძლივი სატელეფონო საუბრები ჰქონდა, მათ შორის, გარდაცვალების წინა დღესაც (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ). პოლიციამ 2018 წლის 27 სექტემბერს ეს მამაკაცი გამოჰკითხა, რომელიც აღმოჩნდა რ.გ.-ისა და გ.გ.-ის შორეული ნათესავი და ცხოვრობდა მეზობელ სოფელში, მაგრამ მის ჩვენებას რაიმე მნიშვნელოვანი ან ახალი ინფორმაცია არ გამოუვლენია. მან განაცხადა, რომ ე.ნ. იყო მისი მეგობარი და, რომ არაფერი იცოდა ოჯახური პრობლემების შესახებ, რომელიც მას ჰქონდა დედამთილთან და ქმართან.
32. 2019 წლის 6 თებერვალს გამომძიებელმა გამოსცა საპროცესო ცნობა, რომ მან რამდენჯერმე წარუმატებლად სცადა, დაედგინა სხვა მობილური ტელეფონის მფლობელის ვინაობა, რომელთანაც ე.ნ.-ს სიკვდილამდე ხშირი კავშირი ჰქონდა.
B. მოვლენების შემდგომი განვითარება
33. საქმის მასალებში არსებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელიც 2022 წლის აპრილით თარიღდება, ე.ნ.-ის სიკვდილის სისხლის სამართლის გამოძიება კვლავ გრძელდებოდა ყვარლის კრიმინალური პოლიციის კონტროლის ქვეშ (იხ. პარაგრაფი 12 ზემოთ) და 2022 წლის 13 იანვარს მომჩივნისთვის საქმის მასალებზე წვდომის მინიჭების გარდა, 2019 წლის 6 თებერვლის შემდეგ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა (იხ. პარაგრაფი 32 ზემოთ).
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
34. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, ე.ნ.-ის სიკვდილის დროს მოქმედი რედაქციით, ითვალისწინებდა, რომ „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით“, ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
35. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – თვითმკვლელობამდე მიყვანა – კლასიფიცირებული იყო ამავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაული, მისთვის განსაზღვრული სასჯელის გამო.
36. სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რიგი სისხლის სამართლის დანაშაულებისა, მათ შორის, 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, დამატებით უნდა იყოს კლასიფიცირებული, როგორც „ოჯახური დანაშაული“, თუ სავარაუდო დამნაშავეები არიან მსხვერპლის ოჯახის წევრები. ამ დებულების მიზნებისათვის, ნებისმიერი პირი, რომელიც ცხოვრობს იმავე ოჯახში, სადაც მსხვერპლი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, მეუღლეთა მშობლები, შეიძლება დამნაშავედ იქნენ ცნობილი ასეთ „ოჯახურ დანაშაულში“.
37. სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1(ბ)-ლი და მე-2 ნაწილები ადგენს ექვსწლიან ხანდაზმულობის ვადას ნაკლებად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისთვის. თუ დანაშაულის ჩადენიდან ექვსი წლის განმავლობაში პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა, ის თავისუფლდება ყოველგვარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
38. 2019 წლის 15 ოქტომბრიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ოჯახური დანაშაულების მსხვერპლებს, ანუ იმ დანაშაულების მსხვერპლებს, რომლებიც შედის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის მოქმედების სფეროში (იხ. პარაგრაფი 36 ზემოთ) – უფლებას აძლევს, გაასაჩივრონ გადაწყვეტილება, მტკიცებულებების არარსებობის გამო სისხლის სამართლის გამოძიების შეწყვეტის შესახებ არა მხოლოდ იერარქიულად ზემდგომ პროკურორთან, არამედ სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოში.
სამართალი
I. კონვენციის მე-2 მუხლის სავარაუდო დარღვევა
39. მომჩივანი ჩიოდა კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე პოზიტიური მატერიალური და პროცედურული ვალდებულებების დარღვევაზე. მისი კონკრეტული პრეტენზიები იყო: ა) პოლიციის წარუმატებლობის შესახებ, დაეცვა მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან, ვიდრე ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო; და ბ) მათი წარუმატებლობის შესახებ, ჩაეტარებინათ მისი ქალიშვილის სიკვდილის გარემოებების ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება. მე-2 მუხლი შემდეგნაირად იკითხება:
„1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ...“
A.მისაღებობა
1. მხარეთა არგუმენტები
40. რაც შეეხება მომჩივნის საჩივარს პოლიციის სავარაუდო წარუმატებლობასთან დაკავშირებით, შეესრულებინა პოზიტიური მატერიალური ვალდებულებები, კერძოდ, დაეცვა მისი ქალიშვილი ოჯახში ძალადობისგან, მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი მიუღებელი იყო დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მომჩივანს არ აღუძრავს საქმე პოლიციის წინააღმდეგ სასამართლოში და არ შეუტანია სისხლისსამართლებრივი საჩივარი საქმე პოლიციის ორგანოს წინააღმდეგ მისი თანამშრომლების სავარაუდო გულგრილობის გამო. რაც შეეხება მე-2 მუხლის პროცედურულ ასპექტს, მთავრობამ განაცხადა, რომ საჩივარი აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მომჩივნის ქალიშვილის თვითმკვლელობის გამოძიება ჩატარდა ოპერატიულობის, დამოუკიდებლობისა და საფუძვლიანობის მოთხოვნების დაცვით (შემდგომი არგუმენტებისთვის იხ. პარაგრაფი 45 ქვემოთ).
41. მომჩივანმა გააპროტესტა მთავრობის პრეტენზიები. რაც შეეხება საჩივარს ქალიშვილის ოჯახში ძალადობისგან დაცვის წარუმატებლობის შესახებ, მომჩივანმა აღიარა, რომ მას არ უძებნია პოლიციის წინააღმდეგ არც სამოქალაქო და არც სისხლის სამართლის საშუალება, მაგრამ ამტკიცებდა, რომ არცერთი ეს საშუალება არ იყო ეფექტური კონვენციის 35-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან დაკავშირებით, მან განაცხადა, თუმცა პოლიციამ სრულყოფილად იცოდა რისკები მისი ქალიშვილის სიცოცხლისთვის ოჯახში ძალადობის შედეგად, მათ მაინც უგულებელყვეს თავიანთი საპოლიციო მოვალეობები, რადგან არ მიიღეს არანაირი მნიშვნელოვანი ზომა მისი სიცოცხლისა და კეთილდღეობის დასაცავად, არცერთი ეს პროცესი არ გამოიწვევდა რაიმე სახის გამოსასწორებელ ზომებს. რაც შეეხება საჩივარს მისი ქალიშვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობის შესახებ, მან გაამყარა ის, დაასახელა რა ფაქტი, რომ საგამოძიებო ორგანოები დღემდე ვერ ადგენდნენ ამ გარდაცვალების ზუსტ გარემოებებს.
2. სასამართლოს შეფასება
42. რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური მატერიალური ვალდებულებების დარღვევის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოში იყო არაერთი მსგავსი შემთხვევა ქალთა მიმართ ძალადობისა, სადაც საჩივრების არსი იყო მსგავსი წინამდებარე საქმისა, რადგან ისინი ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობასა და გულგრილობას, რამაც დაუშვა ოჯახში ძალადობის ესკალაცია და გამოიწვია მსხვერპლის გარდაცვალება (მკვლელობით ან თვითმკვლელობით). ამ საქმეებიდან გამომდინარეობს, რომ კონვენციის 35-ე მუხლის 1-ელი პუნქტის მიზნებისთვის ყველაზე შესაფერისი საშუალება ისეთ გარემოებებში, როგორიც წინამდებარე საქმეშია, იყო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება (იხ. საქმე A and B v. Georgia, no. 73975/16, § 43, 2022 წლის 10 თებერვალი; საქმე Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, § 60, 2021 წლის 8 ივლისი, მასში მომდევნო მითითებებით და საქმე Gaidukevich v. Georgia, no. 38650/18, §§ 62 და 53, 2023 წლის 15 ივნისი). თუმცა, მომჩივანმა არ გამოიყენა არც ეს სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც იყო ყველაზე შესაფერისი ამ გარემოებებში, და არც სამოქალაქო დაცვის საშუალება (სამოქალაქო დაცვის საშუალებასთან დაკავშირებით შეუპირისპირეთ საქმე A and B v. Georgia, ციტირებული ზემოთ, § 45). აქედან გამომდინარეობს, რომ საჩივარი მე-2 მუხლის პოზიტიური მატერიალური ასპექტის შესაბამისად, რომელიც ეხება პოლიციის გულგრილობას, უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35‑ე მუხლის 1-ელი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
43. რაც შეეხება საჩივარს კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. ის არც მიუღებელია ნებისმიერი სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
B. არსებითი მხარე
1. მხარეთა არგუმენტები
44. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი ქალიშვილის გარდაცვალების გარემოებების სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოძიება არ მისულა რაიმე საბოლოო შედეგამდე, მიუხედავად იმისა, რომ დროულად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. მთავარი კითხვა, რომელიც რჩება ღია, არის ის, მართლა იქნა თუ არა მომჩივნის ქალიშვილი მიყვანილი თვითმკვლელობამდე და თუ ასეა, უბიძგა თუ არა ამ თვითმკვლელობამდე მას ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა ე.ნ.-ის ქმრისა და დედამთილის მხრიდან, ან მოკლული იყო თუ არა მომჩივნის ქალიშვილი, ხოლო სიკვდილი კი თვითმკვლელობად იქნა შენიღბული. მომჩივანმა ასევე მიუთითა საქმის არაერთ საეჭვო გარემოებაზე, კერძოდ, ფაქტზე, რომ ე.ნ.-ის მაზლმა თავის ჩამოხრჩობა სცადა მისი ქალიშვილის დაკრძალვის დღეს, ე.ნ.-ის მაზლის წინააღმდეგ მკვლელობის ოფიციალურად წაყენებული ბრალდება მისი ქმრის მიერ და შეუსაბამობა იმ დროებს შორის, როდესაც გ.გ. ამტკიცებდა, რომ ქმრის სახლში შევიდა და, როცა მეზობელმა იმავე სახლთან დაინახა (იხ. პარაგრაფები 17-22 ზემოთ). მომჩივანი ჩიოდა, რომ ეს საეჭვო გარემოებები არ იყო გამოძიებული. ის ასევე ჩიოდა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ გამომძიებლები სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს მრავლობითი დაზიანებების შესახებ, რომლებიც მიაყენეს მის ქალიშვილს სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და იმ ფაქტს, რომ მისი ფრჩხილების ქვეშ და ტანსაცმელზე აღმოჩენილი ბამბის ლურჯი ბოჭკო მსგავსი იყო ჯინსის ლურჯი შარვლისა, რომელსაც გ.გ. ატარებდა. შედეგად, მომჩივანი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ მისი ქალიშვილი შეიძლება არ იყო მოკლული, მაგრამ სიკვდილამდე დაექვემდებარა, სულ მცირე, ფიზიკურ ძალადობას (და შესაძლოა გაუპატიურებას), რასაც, თავის მხრივ, შეეძლო მოეხდინა თვითმკვლელობის აქტის პროვოცირება.
45. მთავრობამ უპასუხა, რომ მომჩივნის ქალიშვილის თვითმკვლელობაზე გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეროვნულმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება – იმავე დღეს, როდესაც ე.ნ.-ის სხეული აღმოაჩინეს – და რომ ის საფუძვლიანი იყო: გამოკითხული იქნა ოცდახუთზე მეტი მოწმე და დაინიშნა რამდენიმე სასამართლო და სხვა ექსპერტიზა. მიუთითა რა მომჩივნის არგუმენტებზე, როგორც იმის მინიშნების მცდელობაზე, რომ ე.ნ. მოკლული იქნა ან სიკვდილამდე, სულ მცირე, დაექვემდებარა სექსუალურ ან სხვა სახის ფიზიკურ ძალადობას, მთავრობამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით ასეთი დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იყო. პირიქით, რამდენიმე მოწმის ჩვენება მიუთითებდა ფაქტზე, რომ მომჩივნის ქალიშვილი იყო ემოციურად არასტაბილური ადამიანი, რომელმაც მანამდე, სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე სცადა თავის ჩამოხრჩობა. მთავრობამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსხვერპლის სხეულზე ან მის სხეულში სპერმის კვალი არ იქნა ნაპოვნი, რაც მათი აზრით, გამორიცხავს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ის სიკვდილამდე გააუპატიურეს ან ფიზიკურად იძალადეს მასზე. ამიტომ მთავრობამ დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო ახსნა იმისა, თუ როგორ გარდაიცვალა ე.ნ. 2017 წლის 18 ოქტომბერს, იყო, რომ მან თავი მოიკლა ხანგრძლივი ემოციური არასტაბილურობის შედეგად.
2. სასამართლოს შეფასება
(a) ზოგადი პრინციპები
46. სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულება კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, წაკითხული სახელმწიფოს ზოგად მოვალეობასთან ერთობლიობაში კონვენციის 1-ელი მუხლის ფარგლებში, „ყველასთვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყონ კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს რაიმე სახის ეფექტური ოფიციალური გამოძიება, როცა ადამიანებს კლავენ (იხ. საქმე Mustafa Tunç and Fecire Tunç v. Turkey [GC], no. 24014/05, § 169, 2015 წლის 14 აპრილი). გამოძიების მოვალეობის სპეციფიკური მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ საქმეში Mustafa Tunç and Fecire Tunç (ციტირებული ზემოთ, §§ 169-82; იხ. საქმე Giuliani and Gaggio v. Italy [GC], no. 23458/02, §§ 298-306, ECHR 2011 (ამონარიდები), და საქმეში Mazepa and Others v. Russia, no. 15086/07, §§ 69-70, 2018 წლის 17 ივლისი). ზოგადად, მე-2 მუხლის პროცედურულ მოთხოვნებთან შესაბამისობის რამდენიმე პარამეტრი არსებობს: საგამოძიებო ღონისძიებების შესაბამისობა; გამოძიების სიჩქარე და გონივრული ოპერატიულობა; გარდაცვლილი პირის ოჯახის ჩართულობა; და გამოძიების დამოუკიდებლობა. ეს ელემენტები ურთიერთდაკავშირებულია და ერთად აღებული, გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ გამოძიების ეფექტურობის ხარისხი (იხ. საქმე Mazepa and Others, ციტირებული ზემოთ, § 225).
47. სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ოჯახში ძალადობის თითოეული შემთხვევის ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებების არსებით ელემენტს კონვენციის მე-2, მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად (იხ. უახლესი წყაროს სახით საქმე Tunikova and Others v. Russia, nos. 55974/16 და 3 სხვა, § 114, 2021 წლის 14 დეკემბერი). რათა ეფექტური იყოს, გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და საფუძვლიანი; ეს მოთხოვნები ვრცელდება მთელ სამართალწარმოებაზე (იხ. საქმე M.A. v. Slovenia, no. 3400/07, § 48, 2015 წლის 15 იანვარი, და საქმე Kosteckas v. Lithuania, no. 960/13, § 41, 2017 წლის 13 ივნისი). შესაბამისმა ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა მტკიცებულებების დასაცავად, მათ შორის, სასამართლო მტკიცებულებებისა. განსაკუთრებული გულისხმიერებაა საჭირო ოჯახში ძალადობის საქმეებთან მიმართებით და ოჯახში ძალადობის სპეციფიკა გასათვალისწინებელია შიდასახელმწიფოებრივი სამართალწარმოებისას. სახელმწიფოს მიერ გამოძიების ჩატარების ვალდებულება ვერ შესრულდება, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვა მხოლოდ თეორიულად იარსებებს; უპირველეს ყოვლისა, ის ასევე ეფექტურად უნდა მუშაობდეს პრაქტიკაშიც, ეს კი მოითხოვს საქმის სწრაფად განხილვას ზედმეტი შეფერხებების გარეშე (იხ. საქმე Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 145-51 და 168, ECHR 2009, საქმე T.M. and C.M. v. the Republic of Moldova, no. 26608/11, § 46, 2014 წლის 28 იანვარი, და საქმე Talpis v. Italy, no. 41237/14, §§ 106 და 129, 2017 წლის 2 მარტი). ეფექტურობის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ეროვნული სასამართლო ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განწყობილი საიმისოდ, რომ დაუშვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების დაუსჯელობა. ეს აუცილებელია კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობისა და მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან ძალადობის აქტების შემწყნარებლობის ან მათში ფარული მორიგების თავიდან ასაცილებლად (იხ. საქმე Okkalı v. Turkey, no. 52067/99, § 65, ECHR 2006‑XII (ამონარიდები)).
(b) ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
48. სასამართლო აღნიშნავს, რომ მომჩივნის ქალიშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და, რომ სამართალდამცავი ორგანო გულმოდგინედ აწარმოებდა გამოძიებას პირველი თვეების განმავლობაში და, რომ მომჩივანს სათანადოდ მიენიჭა დაზარალებულის აუცილებელი პროცედურული სტატუსი. სასამართლო ვერ ხედავს სივრცეს გამოძიების კრიტიკისთვის ოპერატიულობის მოთხოვნების ან გარდაცვლილი პირის ოჯახის ჩართულობის თვალსაზრისით. სასამართლო ასევე ვერ ხედავს ხარვეზებს გამოძიების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ამჟამად აწარმოებს შსს-ის ყვარლის კრიმინალური პოლიცია, ხოლო მომჩივანს სხვა რამ არ შემოუთავაზებია.
49. მხარეებმა წარმოადგინეს ურთიერთგამომრიცხავი ჰიპოთეზები ე.ნ.-ის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ თუ მისი ქალიშვილი არ მოუკლავთ, მას სიკვდილამდე, სულ მცირე, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მთავრობა ამტკიცებდა, რომ მან თავი მოიკლა ემოციური არასტაბილურობის შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიმე საბოლოო დასკვნის არარსებობის შემთხვევაში, რომელთანაც შეიძლება მივიდეს გამოძიება, მიზანშეწონილი არ არის მომჩივნის ქალიშვილის გარდაცვალების ზუსტი გარემოებების შესახებ სპეკულირება. თუმცა, სასამართლო არ შეიძლება, არ დაეთანხმოს მომჩივანს, რომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა სრულად უნდა იქნეს გამოძიებული ხელისუფლების ორგანოების მიერ, მაგალითად, დაექვემდებარა თუ არა ე.ნ ცუდ მოპყრობას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე – გარდაცვლილის სხეულზე კანის მრავალი დაზიანებისა და სისხლჩაქცევების არსებობა ამ მხრივ არ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს (იხ. პარაგრაფები 15და 24-25 ზემოთ) – და იყო თუ არა ე.ნ.-ის მაზლის მიმართ გაჩენილი ეჭვი დასაბუთებული – გ.გ.-ის თვითმკვლელობის მცდელობას და ე.ნ.-ის მეუღლის მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (იხ. პარაგრაფები 21-22ზემოთ). ამ მიმართებით, სასამართლო იმეორებს, იმისათვის, რომ გამოძიება ეფექტური იყოს, მისი დასკვნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა შესაბამისი ელემენტის საფუძვლიან ანალიზს და, რომ გამოძიების ყველა სანდო ხაზის სათანადოდ არშესწავლა ძირს უთხრის გამოძიების შესაძლებლობას, დაადგინოს საქმის გარემოებები და პასუხისმგებელი პირები (იხ. საქმე Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, § 93, 2011 წლის 15 თებერვალი; საქმე Vachkovi v. Bulgaria, no. 2747/02, §§ 86 და 88, 2010 წლის 8 ივლისი; და საქმე Kolevi v. Bulgaria, no. 1108/02, § 201, 2009 წლის 5 ნოემბერი).
50. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება ექვს წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფერხება შეიძლება არ ჩანდეს გადაჭარბებული, როდესაც განიხილება შიდასახელმწიფოებრივი სისხლის სამართლის პროცედურის კონტექსტში, ცხადი ხდება, რომ გამოძიების გაჭიანურებით ხელისუფლებამ მას უკვე წაართვა რაიმე პოტენციური სამომავლო ღირებულება. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ამ დანაშაულის, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის, ხანდაზმულობის ვადა ექვს წელიწადს შეადგენს. ეს ვადა უკვე გასულია და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ (იხ. პარაგრაფები 34‑37ზემოთ). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული პროცედურული ვალდებულებები ძნელად შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, თუ, როგორც წინამდებარე საქმეში, ხელისუფლების ორგანოების უმოქმედობამ გააჭიანურა გამოძიება იმდენად, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა გავიდა (შეადარეთ საქმე Ashot Malkhasyan v. Armenia, no. 35814/14, §§117 და 118, 2022 წლის 11 ოქტომბერი, მასში შემდგომი მითითებებით, და საქმე Magnitskiy and Others v. Russia, nos. 32631/07 და 53799/07, §271, 2019 წლის 27 აგვისტო, შემდგომი მითითებებით). მართლაც, ის ისევ იმეორებს, რომ სერიოზული სისხლისსამართლებრივი ბრალდების ვადის გასვლის დაშვება თავისთავად საკმარისად სერიოზული ხარვეზია მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტით გათვალისწინებული საკითხის წამოსაჭრელად (იხ. საქმე Mosendz v. Ukraine, no. 52013/08, §107, 2013 წლის 17 იანვარი).
51. წინამდებარე საქმეში სასამართლო აღნიშნავს, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ორგანოებმა მიიღეს აუცილებელი საგამოძიებო ზომები ორ წელზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ, რაც ე.ნ. გარდაცვლილი იპოვეს, სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა 2019 წლის 6 თებერვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფები 32და 33ზემოთ). რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაუშვეს ხელისუფლების ორგანოებმა გამოძიების სტაგნაცია ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მთავრობამ ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. თუ სტაგნაციის მიზეზი არის ის, რომ გამომძიებლებმა არ მიიჩნიეს მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები საკმარისად ვინმეს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად, მაშინ გამოძიება შეიძლება შეწყვეტილიყო დანაშაულის მტკიცებულებების არარსებობის გამო. ასეთი შეწყვეტა საშუალებას მისცემდა მომჩივანს, მიეღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შესაბამისობის შემდგომი მიმოხილვა, პირველ რიგში, იერარქიულად ზემდგომი პროკურორის მხრიდან, შემდეგ კი, იმის გათვალისწინებით, რომ საეჭვო დანაშაული იყო „ოჯახური“, იურისდიქციის პირველი დონის სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ).
52. საერთო ჯამში, სასამართლოს ასკვნის, რომ საგამოძიებო ორგანომ ვერ შეძლო სათანადოდ გამოეკვლია გამოძიების ყველა სანდო ხაზი წინამდებარე საქმეში და, რომ არსებობდა აუხსნელი უმოქმედობის მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც მთლიანად მიეკუთვნება ამ ორგანოს ქცევას; შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამ უკვე წაართვა მიმდინარე გამოძიებას რაიმე შესაძლო სარგებლიანობა და, შესაბამისად, პოტენციური ეფექტურობა. გამოძიების სათანადო ტემპით ჩატარების აშკარა წარუმატებლობა, რაც არ შეიძლება გამართლებული იყოს არც მისი სირთულით და არც სხვა ობიექტური სირთულეებით, აგრეთვე, რიგი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ სათანადო ყურადღების ნაკლებობა (იხ. პარაგრაფი 49ზემოთ), აშკარად არ შეესაბამება ეროვნული ორგანოების მიმართ მოთხოვნას, გამოიჩინონ განსაკუთრებული მონდომება და სიფხიზლე ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების გამოძიებისას (შეადარეთ საქმე Tërshana v. Albania, no. 48756/14, §160, 2020 წლის 4 აგვისტო, და საქმე Sakvarelidze v. Georgia, no. 40394/10, §§53 და 54, 2020 წლის 6 თებერვალი) და შეიძლება ჩაითვალოს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან სურვილის არქონად, რომ დაედგინა სიმართლე ე.ნ.-ის სიკვდილის ირგვლივ. ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ დაასკვნას, რომ ხელისუფლებამ ვერ ჩაატარა წინამდებარე საქმის ეფექტური გამოძიება.
53. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას.
II. კონვენციის სხვა სავარაუდო დარღვევები
54. კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებზე მითითებით, მომჩივანმა გაიმეორა თავისი საჩივრები (i) ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოძიებისას პოლიციის გულგრილობასთან და (ii) შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუმატებლობასთან დაკავშირებით, ჩაეტარებინა ეფექტური სისხლის სამართლის გამოძიება ე.ნ.-ის აშკარა თვითმკვლელობის საქმეზე.
55. რაც შეეხება საჩივრის პირველ ნაწილს, სასამართლო მას მიუღებლად ცნობს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, უკვე ჩამოთვლილი მიზეზების გამო (იხ. პარაგრაფი 42 ზემოთ).
56. რაც შეეხება საჩივრის ბოლო ნაწილს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ის ეხება საკითხს, რომელიც უკვე განხილული იქნა მე-2 მუხლის პოზიტიური პროცედურული ასპექტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ის უნდა გამოცხადდეს მისაღებად. თუმცა, საქმის საკითხების არსებითად განხილვის შედეგების გათვალისწინებით (იხ. პარაგრაფები 48-53 ზემოთ), სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს იმავე საკითხის ცალკე განხილვის საჭიროება კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
III. კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
57. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
A. ზიანი
58. მომჩივანმა მოითხოვა 25 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
59. მთავრობამ განაცხადა, რომ მოთხოვნილი თანხები დაუსაბუთებელი იყო საქმის გარემოებებში.
60. სასამართლო ადგენს, რომ მომჩივანს მიადგა მორალური ზიანი, რომლის კომპენსაციაც ვერ მოხდება მხოლოდ დარღვევის დადგენით. ის მიზანშეწონილად მიიჩნევს მომჩივნისთვის 12000 ევროს მიკუთვნებას ამ საფუძვლით. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
B. ხარჯები და დანახარჯები
61. მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე პრეტენზია ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.
ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად
1. აცხადებს საჩივარს მე-2 მუხლის პოზიტიური პროცედურული ასპექტის შესაბამისად, მისაღებად, ისევე როგორც შესაბამის საჩივრებს მე-3 და მე-13 მუხლების ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 56ზემოთ), მომჩივნის ქალიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე ეფექტური გამოძიების არარსებობასთან დაკავშირებით, ხოლო საჩივრის დანარჩენ ნაწილს – მიუღებლად.
2. ადგენს, რომ ადგილი აქვს კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას მის პროცედურულ ასპექტში.
3. ადგენს, რომ არ არის საჭირო კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული საჩივრების განხილვა მომჩივნის ქალიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობის გამო;
4. ადგენს,
(a) რომ კონვენციის 44‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში მოპასუხე სახელმწიფომ უნდა გადაუხდის მომჩივანს 12 000 ევრო (თორმეტი ათასი ევრო), რასაც უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს არსებული კურსით;
(b) რომ ზემოთ აღნიშნული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან გადახდის განხორციელებამდე ზემოხსენებულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი.
5. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 4 ივლისს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
მარტინა კელერი მატიას გუიომარი
სექციის განმწესრიგებლის მოადგილე თავმჯდომარე