📋

საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 31.01.1992
მოქმედების პერიოდი 31.01.1992 — 10.03.1992
გამომცემი ორგანო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №48
კონსოლიდირებული ვერსიები (4)
31.01.1992
10.03.1992
16.01.1993
29.11.1994
საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება № 48 1992 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების ნორმის გადიდებისა და მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემით სოფლის მეურნეობაში საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრების, სასურსათო პროდუქტების წარმოების გადიდების, ეკონომიკური კრიზისისაგან გამოსვლის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა არის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული სიმდიდრე და მისი კუთვნილება. 2. მიწა კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს. უცხოელ მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს მიწა გადაეცემათ დროებით სარგებლობაში. 2. მიწების ადრინდელ მესაკუთრეებს ან მათ მემკვიდრეებს მიწა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში მიეცემათ საერთო საფუძველზე. ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში, მაგ. პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში. 4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. სახელმწიფო მიწების ფონდს მიეკუთვნება: - ექსპერიმენტულ მეურნეობებზე, საცდელი და საყრდენ სადგურებზე, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებზე, მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე-საჯიშე მეურნეობებზე, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის მსხვილ კომპლექსებსა და ფაბრიკებზე უვადო სარგებლობით მიმაგრებული და სასათბურე კომბინატებით დაკავებული მიწები; - რეკრეაციული დანიშნულების მიწები; - სტრატეგიული კულტურებით დაკავებული მსხვილი სამექანიზაციო ფართობები, აგრეთვე ნაკვეთები, რომლებზეც ფუნქციონირებენ მაღალსპეციალიზებული მეურნეობები; - სტიქიური და სხვა ობიექტური მიზეზებით განპირობებული მოსახლეობის განსახლებისათვის სარეზერვო მიწები; - პერსპექტივაში საბაღედ, სააგარაკოდ გამოსაყოფი მიწები; - მსხვილი ქალაქების, სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონებში განლაგებული მიწები (აგლომერაციის მიწები); - მიწები, რომლებზეც ფუნქციონირებენ სახელმწიფო სახსრებით აშენებული მელიორაციული სისტემები და ნაგებობები; - სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში განლაგებული, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული დანიშნულების მიწები. - მიწის რეფორმის ფონდზე შესაძლებელია მოეწყოს ყველა ფორმის მეურნეობები მათზე მიწების საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემით. აღნიშნული მიწები გადაეცემა სოფლის მფლობელობაში. 5. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0.75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით. 6. ნასოფლარების აღდგენისას მიწების კერძო საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გამოყოფის უპირატესობით სარგებლობენ ამ სოფლის მკვიდრნი ან მათი მემკვიდრეები, აგრეთვე ის მოქალაქეები, რომლებიც გამოთქვამენ დასახლებისა და მიწაზე მუშაობის სურვილს. 7. სოფლის ყოფილ მკვიდრთ მიწები გამოეყოფათ კერძო საკუთრებაში, თუ მათ მემკვიდრეობით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, იგივე წესი ვრცელდება მოქალაქეებზე, რომელთაც კანონი დადგენილი სხვა წესით მიიღეს საცხოვრებელი სახლი. 8. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიწები გადაეცემათ: - სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეებს; - სოფლად მუდმივად მცხოვრებ სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს; - სოფლად მუდმივად მცხოვრებ მუშებსა და მოსამსახურეებს, რომლებიც დასაქმებული არ არიან სოფლის მეურნეობაში. ქალაქად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად და საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწები გადაეცემათ დადგენილი ნორმის მიხედვით მას შემდეგ, როდესაც მოხდება სოფლად მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებზე მიწების გაცემა. 9. მიწაზე, საკუთრების ფორმის მიუხედავად შეიძლება მოეწყოს ყველა ტიპის მეურნეობა: გლეხური (საკომლო) მეურნეობები. სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივები, სახელმწიფო მეურნეობები, აგროფირმები, მცირე საწარმოები, აქციონერული საზოგადოებები, ასოციაციები და სხვა. 10. მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი. 11. მიწების გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. 12. მიწაზე მესაკუთრის შეცვლის, აგრეთვე მიწასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს აწესრიგებს მიწის კანონთა კოდექსი და სპეციალური კანონმდებლობა. 13. საქართველოს რესპუბლიკაში მიწით სარგებლობა ფასიანია. სოფლის მეურნეობაში დღემდე არსებული ყველა გადასახადის ნაცვლად წესდება მიწაზე ყოველწლიური გადასახადი, რომელსაც იხდის ყველა ტიპის მეურნეობა. 14. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის, ტყის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტმა, საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. საქართველოს აგრარულმა კავშირმა ერთი თვის ვადაში მოამზადონ საკანონმდებლო აქტები: - საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის შესახებ: - საქართველოს რესპუბლიკაში გლეხური (საკომლო) მეურნეობის შესახებ; - საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოო კოოპერატივის შესახებ; - სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოს შესახებ; - სოფლის მეურნეობაში მიწისა და წარმოების სხვა საშუალებების იჯარით გაცემის შესახებ; - ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით მიწების სახელმწიფო და აგრარული რეფორმის ფონდებში განაწილების შესახებ; - ადმინისტრაციული რაიონების მიხედვით საკარმიდამო, საბაღე, სააგარაკო მიწის ფართობის ზღვრული ნორმების დადგენის შესახებ; - ერთ კომლზე გასაცემი მიწის ზღვრული ნორმების შესახებ; - საადგილმამულო ბანკის შექმნისა და ფუნქციონირების შესახებ; - მიწის ფასისა და მიწაზე გადასახადის შესახებ;. - სასოფლო-სამეურნეო საწარმოს განსახელმწიფოებრივებისა და პრივატიზაციის შესახებ. 15. ამ დადგენილების განხორციელებასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავებს საბოლოოდ გადაწყვეტს სასამართლო. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სახელმწიფო კანცელარიის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი                                                                        გ. ბერიძე