პუბლიკაციის თარიღი 29.01.1993
მოქმედების პერიოდი 29.01.1993 — 29.11.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №39
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება №39
1993 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის მიმდინარეობების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ მისი 1992 წლის 19 იანვრის № 48, 6 თებერვლის №128 და 10 მარტის №290 დადგენილებათა შესაბამისად, რესპუბლიკის 67 რაიონებიდან 51-ში ხორციელდება მიწის რეფორმის პირველი ეტაპის – საკარმიდამო ნაკვეთების შევსების ღონისძიებანი. რაიონების გამგეობებთან და ცალკეულ სოფლებში შეიქნა მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის განყოფილებანი, კომისიები.
კერძო საკუთრებაში გადასაცემად შერჩეულია 440 ათასი ჰექტარი მიწა, მათ შორის: სახნავი – 196 ათასი ჰექტარი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული – 87 ათასი ჰექტარი, ნასვენი – 0,9 ათასი ჰექტარი, სათიბი – 32 ათასი ჰექტარი, საძოვარი – 103,8 ათასი ჰექტარი, ჩამონაჭერი მიწები – 15,9 ათასი ჰექტარი.
შერჩეული ფართობიდან საკარმიდამო ნაკვეთების შესავსებად გამოყოფილია 342 ათასი ჰექტარი. ამრიგად, 1993 წლის პირველი იანვრისათვის კერძო საკუთრებაში ფორმდება 554 ათასი ჰექტარი ფართობის გადაცემა (მიწის რეფორმის დაწყებამდე არსებული 202,9 ათასი ჰექტარი საკარმიდამო და 9,0 ათასი ჰექტარი მებაღეობის მიწების ჩათვლით), მათ შორის: სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - 535,6 ათასი ჰექტარი, ანუ რესპუბლიკაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 18 პროცენტი, აქედან: სახნავი – 239,8 ათასი ჰექტარი (რესპუბლიკის მთელი სახნავი ფართობის 30,1 პროცენტი), მრავალწლიანი ნარგავები – 156,6 ათასი ჰექტარი (47 პროცენტი), ნასვენი – 0,3 ათასი ჰექტარი (5 პროცენტი), სათიბი - 29,9 ათასი ჰექტარი (19 პროცენტი), საძოვარი – 98,1 ათასი ჰექტარი (6 პროცენტი), ჩამონაჭერი მიწები – 10,9 ათასი ჰექტარი (43,6 პროცენტი) ბუჩქნარი 2,3 ათასი ჰექტარი (1,4 პროცენტი).
ამასთან, მიწის რეფორმის საქმიანობას ახლავს სერიოზული ნაკლოვანებანი, მაგალითად, მრავალ რაიონში (ონი, ამბროლაური, ხაშური, ბორჯომი, ახალგორი, დუშეთი, ყვარელი) ჯეროვანი პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ რეფორმის პროცესს, თვითნებურად წარმართეს მუშაობა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის რაიონებში შექმნილმა კომისიებმა, სადაც მიწის რეფორმისათვის ფართობები განსაზღვრეს კომლის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მიწის რეფორმის შესახებ არსებულ დადგენილებათა მოთხოვნებიდან გამომდინარე, მეთესლეობის, სანერგე, საცდელ-სასწავლო მეურნეობებიდან მიწის რეფორმის ფონდში უნდა გამოიყოს ის ფართობები, რომლებიც მეურნეობის ძირითადი საწარმოო პროგრამის შესრულებას არ ემსახურება.დადგენილების ეს მოთხოვნა ხშირად ირღვევა. მაგალითად, მცხეთის რაიონის ძალისისა და ქსოვრისის, ახალქალაქის რაიონის ვაჩიანის მეთესლეობის მეურნეობებში, ახმეტის, დუშეთის, ზესტაფონის მეცხოველეობის სანაშენე მეურნეობებში, ხოლო გორის რაიონის სკრის საცდელ სადგურში დირექციას დაუპირისპირდა მიწის რეფორმის კომისია, რომელმაც ხელი შეუწყო მოსახლეობას თვითნებურად შეჭრილიყვნენ ათეული წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ საცდელ ნაკვეთებში. აღნიშნული ფაქტები საშიშროებას უქმნის რესპუბლიკაში თესლის, ნერგის, სანაშენე პირუტყვის წარმოებას, გენოფონდის შენარჩუნებას.
ზოგჯერ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას შორის იქმნება კონფლიქტები საზღვრების დადგენისა და სამემკვიდრეო მიწის ნაკვეთების განაწილებასთან დაკავშირებით. ამ მიზეზებით დაპირისპირება მოხდა, მაგალითად, ახმეტის რაიონის სოფლების ქვემო ალვანისა და ბაბანეურის, გარდაბნის რაიონის სოფლების პატარა ლილოსა და ვარკეთილის, მცხეთის რაიონის სოფლების მუხრანისა და ძველი ქანდის, ქარელის რაიონის სოფლების ბებნისისა და საღოლაშენის, გორის რაიონის სოფლების საყავრესა და კასპის რაიონის სოფელ ხოვლის, სამტრედიის რაიონის სოფლების ვაზისუბნისა და გორმაღალას მოსახლეობას შორის.
მიწის რეფორმის შემდგომი განვითარება მოითხოვს რიგი ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას.
მოუგვარებელია მოსახლეობისათვის მიწის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი სახელმწიფო აქტების გაცემის საკითხი, არ არის დაწყებული რეფორმის ფონდში მიწების გაცემის სამუშაოები შავი ზღვისპირა სამკილომეტრიან ზოლში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამაჩაბლოსა და რიგ რაიონებში. მოუწესრიგებელია და პირობითი მნიშვნელობითაა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მეზობელ სახელმწიფოებთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა), დასაჩქარებელია მიწების გამოყოფა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრები ოჯახებისათვის, გაურკვეველია საკუთრებაში გადაცემულ მიწებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების ანაზღაურების საკითხი, რის გამოც ხშირად მიწის მესაკუთრე ჩეხავს მათ.
რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძლიერი ეროზიული პროცესები. უკანასკნელ წლებში არავითარი პრაქტიკული სამუშაოები არ გატარებულა ამ ტერიტორიების აღდგენა-დაცვისათვის, ასევე არ ხდება მშენებლობისათვის მიწის გამოყენებისას ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და შენახვა, მიწების რეკულტივაცია.
საჭიროა ამაღლდეს საქალაქო და რაიონული მმართველობის ორგანოების როლი და პასუხისმგებლობა მიწის რეფორმის მიმდინარეობისათვის.
შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებულ ტერიტორიულ, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების სტრუქტურა, ფუნქციები, მატერიალური ბაზა დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩამოყალიბების თანამედროვე ეტაპზე ისეთ თვისებრივად ახალ მოთხოვნებთან, როგორიც არის მიწის რეფორმის გატარება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვა, მიწის ფასისა და მისი სარგებლობისათვის გადასახადის განსაზღვრა, სახელმწიფო და ადმინისტრაციულ წარმონაქმნთა საზღვრების დადგენა, სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა განხორციელება.
მიწის რეფორმის წარმატებით განხორციელების, მიწების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. აღინიშნოს ამბროლაურის, ახალგორის, ბორჯომის, დუშეთის, ონის, ყვარლის, ხაშურის რაიონებისა და მეურნეობათა მიწის რეფორმის კომისიების არადამაკმაყოფილებელი მუშაობა.
დაევალოთ ახალქალაქის, ნინოწმინდისა და წალკის რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს გააუქმონ მიწის რეფორმის შესახებ არსებული დადგენილების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებანი მიწის ფართობების კომლების წევრთა რაოდენობის მიხედვით გამოყოფის შესახებ და უზრუნველყონ მიწების გამოყოფა კომლების მიხედვით.
2. თესლის, სანერგე მასალების, სანაშენე პირუტყვის წარმოების პოტენციის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების მიზნით აიკრძალოს მეთესლეობის, სანერგე, ჯიშთგამოცდის სანაშენე მეურნეობებზე, სამეცნიერო-კვლევით, საცდელ და სასწავლო დაწესებულებებზე მიმაგრებული ფართობებიდან რეფორმის ფონდში მიწების გამოყოფა ამ მეურნეობებთან სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებებთან, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიასა და საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან შეუთანხმებლად.
არსებული დადგენილების მოთხოვნის დარღვევით ამ კატეგორიის მეურნეობებიდან რეფორმის ფონდში გამოყოფილი მიწები დაუბრუნდეს პირველად მიწათმოსარგებლეებს.
3. საკარმიდამო ნაკვეთების შევსებასთან დაკავშირებით სამემკვიდრეო დავების აღმოფხვრისა და მოსახლეობისათვის გადაცემულ ფართობზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების შენარჩუნების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მესამე პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ამასთან შესაძლებლობის შემთხვევაში მათ პირველ რიგში გამოეყოფათ ყოფილი მიწებიდან ნაკვეთი ნორმის ფარგლებში“, აგრეთვე მეხუთე პუნქტიდან სიტყვები „მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით“.
4. რესპუბლიკის ქალაქების მოსახლეობისაგან განტვირთვისა და მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების გაუმჯობესების მიზნით განისაზღვროს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გამოსაყოფი მიწის ფართობების რაოდენობა თანახმად დანართისა.
დანართში ჩამოთვლილმა რაიონებმა ორი კვირის ვადაში შეარჩიონ დანართით დამტკიცებულ ოდენობის ფარგლებში ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებთათვის გადასაცემი ფართობები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით და შესათანხმებლად წარუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტს.
საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტთან ერთად ერთი კვირის ვადაში განიხილონ რაიონებიდან შესათანხმებლად წარმოდგენილი მასალები და შესაბამისი დასკვნა აცნობოს რაიონების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიიღონ მიწის ნაკვეთები, დაწესდეს შემდეგი პირობები:
- იმ შემთხვევაში, თუ ამოეწერებიან ქალაქიდან და მუდმივ საცხოვრებლად გადავლენ რაიონში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაუწესდეთ „საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რემის პირველი ეტაპის განხორცილების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 და 6 თებერვლის № 128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის № 290 დადგენილების მეექვსე პუნქტის მესამე და მეოთხე აბზაცით, ხოლო თუ არ ამოეწერებიან ქალაქიდან, ამავე პუნქტის მეხუთე აბზაცით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად;
- საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნებართვით საზღვრისპირა რაიონებში ოჯახებით მუდმივ საცხოვრებლად ჩამსვლელთ სარგებლობის უფლებით გამოეყოთ მიწის ნაკვეთი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის № 290 დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
ქალაქების თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, რესპუბლიკური დაქვემდებარების სხვა ქალაქების, აგრეთვე რაიონული ცენტრების მმართველობის ადგილობრივმა ორგანოებმა განახორციელონ ღონისძიებანი დადგენილების ამ პუნქტში გათვალისწინებულ მიწის მიღების მსურველ მოქალაქეთა ნუსხის დასადგენად და მათი სურვილის გათვალისწინებით მიმართონ შესაბამისი რაოდენობის მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის №290 დადგენილების პირველი პუნქტის ბოლო ორი აბზაცი.
5. მიწების სამეურნეო ათვისებაში მოსახლეობისათვის ხელშეწყობის მიზნით:
- მიჩნეულ იქნეს სასურველად მიწის მიღების მსურველთა ორგანიზაციების მიხედვით შერჩევა და შესაძლებლობის ფარგლებში მათი კომპაქტურად დასახლება;
- საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა, საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ არსებული წესის შესაბამისად სათანადო ანაზღაურებით გაუწიონ მოსახლეობის დახმარება ასათვისებელი მიწების დაპროექტებაში, თესლით, სარგავი მასალით, პირუტყვის მოზარდეულით, მინერალური სასუქებით, შხამქიმიკატებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ინვენტარითა და მეურნეობებისათვის საჭირო სხვა მატერიალური საშუალებებით მომარაგებაში, აგრეთვე აგრო-ზოოვეტმომსახურებაში;
- საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს კრედიტის გაცემის მექანიზმი იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიიღებენ მიწის ნაკვეთს;
- საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის სისტემაში შეიქმნას ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირთა, რომლებმაც მიიღეს მიწის ნაკვეთი, აგრეთვე მებაღეობისა და სააგარაკო საზოგადოებების წევრთა მომსახურე ორგანიზაცია და გადაეცეს მას ადრე კოლექტიური მებაღეობის საკოორდინაციო საბჭოს „აგროკოოპის“ დაქვემდებარებაში არსებული და საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემული სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს „საქაგროკოომრეწვის“, საშენი მასალების საწარმოს„ საქაგროკოომრეწვის“ საპროეტო კანტორა „საქაგროკოოპპროექტის“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, ფილიალები თავისი აქტივითა და პასივით, აგრეთვე ადმინისტრაციული შენობა (მარჯანიშვილის ქ. № 44).
გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1991 წლის 16 აგვისტოს № 716 განკარგულება.
საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის აგროკოოპის ქონების ბაზაზე შექმნილი სახელმწიფო კონცერნის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო თანხების ანაზღაურების საკითხი (385 ათასი მანეთი).
ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებული მიწის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოუყენებლობის შემთხვევაში მოქალაქეს ჩამოერთვას გადაცემული ნაკვეთი საქართველოს რესპუბლიკის მიწის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის მიხედვით.
6. მიწის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქებისა და რაიონების მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ჩაითვალოს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მიწის რეფორმის გატარების ორგანიზაციულ ღონისძიებათა შემუშავება და მისი მიმდინარეობისადმი კონტროლი.
7. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მიწის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დანომრილი სახელმწიფო გერბიანი აქტის ფორმათა მაკეტები.
8. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა 1993-1994 წლებში:
- ჩაატაროს რესპუბლიკის მიწების სრული ინვენტარიზაცია, ასათვისებლად ვარგისი მიწის ფართობების განსაზღვრის გათვალისწინებით და სათიბ-საძოვრების აგროსამეურნეო გამოკვლევით;
- მოახდინოს ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა სქემის კორექტირება, ხოლო ეროზიასაშიშ უბნებზე დაიწყოს და განახორციელოს საპროექტო-საძიებო და სამშენებლო სამუშაოები.
9. საქართველოს რესპუბლიკის გეოლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტმა ყოველწლიურად უზრუნველყოს მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის კომიტეტი საკმარისი რაოდენობის საგეგმო-კარტოგრაფიული მასალებით.
10. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა გააძლიეროს სახელმწიფო კონტროლი მიწების მიზნობრივი გამოყენებისადმი.
11. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტის ცენტრალური აპარატის ადგილმდებარეობის შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმეთა მმართველობა დაეხმაროს მას ინვენტარის შეძენაში, სამუშაო ოთახების გარემონტებაში, ტელეფონიზაციასა და სატრანსპორტო საშუალებების გამოყოფაში.
12. ასოციაციებს, საზოგადოებებს, სხვა არასახელმწიფოებრივ სტრუქტურებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიზნით მიწები გადაეცეთ მხოლოდ იჯარით, ხოლო მშენებლობის საჭიროებისათვის მიწების გამოყოფის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილი წესით.
13. საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის კომიტეტმა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს დასამტკიცებლად კომიტეტის დებულება და სტრუქტურა.
14. დადგენილება გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს საინფორმაციო საშუალებებით.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ - მინისტრი თ. სიგუა