გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/8640-25 330216925011252194
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2025 წლის 07 აპრილი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – არჩილ კოჭლამაზაშვილი
განმცხადებელი – შპს ,,სტიქსი“ (ს/ნ 405170363)
წარმომადგენელი/დირექტორი – ალექსანდრე ქურიძე (პ/ნ 01008033560)
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა გაკოტრების რეჟიმით
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სტიქსის “ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2025 წლის 28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,სტიქსის“ (ს/ნ 405170363) წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „სტიქსის“ (ს/ნ 405170363) მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
2025 წლის 04 აპრილს განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სასამართლოსთვის წარმოედგინა პარტნიორთა თანხმობა.
შპს „სტიქსს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გამოქვეყნებიდან 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა;
2025 წლის 04 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას მომართა შპს „სტიქსის“ წარმომადგენელმა/დირექტორმა ალექსანდრე ქურიძემ ხარვეზის შევსების განცხადებით.
განმცხადებელი განმარტავს, რომ განცხადების შეტანის საფუძველია „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. კომპანიას აღარ გააჩნია სურვილი და ინტერესი ბიზნესის მიმართ, რის საფუძველზეც ითხოვს გაკოტრების რეჟიმის გახსნას.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს ,,სტიქსის “ ლიკვიდატორს/წარმომადგენელს უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადეობას განცხადების შეტანის მომენტისათვის არ ერიცხება დასაქმებული პირები არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები განცახდების შეტანის მომენტისთვის არ გააჩნია გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები. საზოგადოება არ აწარმოებს სასამართლო დავებს. მოვალეს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს, აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება. საზოგადოებას სს „თიბისი ბანკში“ და სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და არც სხვა რაიმე აქტივი გააჩნია. აქიდან გამომდინარე, გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში საზოგადოება თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოვალეს არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, არ ფლობს წილს სხვა სამეწარმეო საზოგადოებაში.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:
1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.
2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;
გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;
დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;
ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:
ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:
თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უარი ეთქვას შპს ,,სტიქსი“ (ს/ნ 405170363) წარმომადგენელს/დირექტორს ალექსანდრე ქურიძეს გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.
3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი