აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/131
2025 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
დეპარტამენტი ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ 120 (კმ 119+400)-ზე, მდინარე კაბალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მდინარე კაბალზე არსებული სახიდე გადასასვლელი სავარაუდოდ აგებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში. ხიდის გამოკვლევის პროცესში დაფიქსირდა შემდეგი დეფექტები და დაზიანებები: გამორეცხილია ბურჯის საძირკველი, დაწეულია სავალი ნაწილის ცალი მხარე, მთლიანად დანგრეულია №1 სანაპირო ბურჯის მისასვლელი ყრილის კონუსი და მიმდებარე სარეგულაციო ნაგებობები, გამოფიტულია სანაპირო და შუალედი ბურჯების ბეტონი და სხვ. ასეთ მდგომარეობაში არსებული ხიდის ექსპლოატაცია მიზანშეწონილი არ არის. საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების მიზნით ადგილზე ჩატარდა საინჟინრო - გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა. როგორც კვლევებმა აჩვენა, სახიდე გადასასვლელის ტერიტორიაზე მდინარის ორივე ნაპირი ფაქტიურად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ძირითადად წარმოდგენილია ორი საინჟინრო გეოლოგიური ფენით. მდინარის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით, ზაფხულის არამდგრადი და ზამთრის მდგრადი წყალმცირობით. საპროექტო სახიდე გადასასვლელი ხუთმალიანია, ხიდის გაბარიტია 8.0+2X1.0 მ, სიგანე 11.1 მ, მთლიანი სიგრძე 112.9 მ. აქვს ორი სანაპირო და ოთხი შუალედური ბურჯი. საპროექტო ხიდის მალების გადახურვა გათვალისწინებულია თანაბარი სიმაღლის რკინაბეტონის კოჭებით (განივ კვეთში 7 ცალი). საპროექტო ხიდზე გათვალისწინებულია სავალი ნაწილის მოწყობა, მათ შორის, მონოლითური კონსტრუქციის თვალამრიდების და ფოლადის მოაჯირების მონტაჟი. ხიდზე გათვალისწინებულია ტიპიური ე.წ „დახურული ტიპის“ სადეფორმაციო ნაკერის მოწყობა. პროექტით ხიდის ორივე სანაპიროზე ბურჯის გასწვრივ გათვალისწინებულია მონოლითური რკინაბეტონის, ხიმინჯოვან საძირკველზე დაფუძნებული სარეგულაციო ნაგებობების მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შენარჩუნდება არსებულ სახიდე გადასასვლელზე, რომელიც შეასრულებს დროებითი ხიდის მოვალეობას. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ, სეიმურ ამირასლანოვის (პ/ნ: 25001047459), საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ დონაში მდებარე 3 265 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N54.11.53.004) ნაწილის – 107 კვ. მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ 120 (კმ 119+400)-ზე, მდინარე კაბალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ დონაში მდებარე 3 265 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N54.11.53.004) მესაკუთრეა სეიმურ ამირასლანოვი (პ/ნ:25001047459).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა სეიმურ ამირასლანოვის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ დონაში მდებარე 3 265 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N54.11.53.004) ნაწილი – 107 კვ. მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ43) თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ120 (კმ 119+400)-ზე, მდინარე კაბალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ სეიმურ ამირასლანოვის (პ/ნ: 25001047459), საკუთრებაში არსებულ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ დონაში მდებარე 3 265 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N54.11.53.004) ნაწილზე – 107 კვ. მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი