ქ. თბილისი საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
მიღების თარიღი 13.02.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №91
სარეგისტრაციო კოდი 000000230.02(0).00.000000 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 2, 28/02/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.02.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქ. თბილისი საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
დადგენილება № 91
1991 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს დოსააფის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების – ეროვნული გვარდიის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. შეწყდეს საქართველოს დოსააფის საქმიანობა.
2. დაევალოს სსრ კავშირის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ ბანკს შეაჩეროს ანგარიშსწორება დოსააფის ყველა დაქვემდებარებულ ორგანიზაციასთან და ფულადი სახსრები გადარიცხოს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ფონდში.
3. დაევალოს საქართველოს დოსააფის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობას ერთი თვის ვადაში გადასცეს ეროვნულ გვარდიას ბალანსიდან ბალანსზე, როგორც გამონაკლისი, მის მიერ დაკავებული შენობები, ტექნიკა და ტრანსპორტი.
4. დაევალოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოებს, საქალაქო და რაიონული საბჭოების აღმასკომებს შექმნან სპეციალური კომისიები საქართველოს დოსააფის ხელმძღვანელების წარმომადგენლობით, აღრიცხონ აქტით მთელი უძრავ-მოძრავი ქონება და, როგორც გამონაკლისი, გადასცენ ეროვნულ გვარდიას ბალანსიდან ბალანსზე.
5. ზემოაღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში სამუშაო ჯგუფი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის, ბატონ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით.
6. გაუქმდეს საქართველოს დოსააფის მიერ შექმნილი ყველა კოოპერატივი და ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობა არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული თავდაცვის ინტერესებს და ერთი თვის ვადაში გაათავისუფლონ მათ მიერ დაკავებული შენობები, გააუქმონ მათ მიერ დადებული ერთობლივი ხელშეკრულებები.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს
სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე