„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 07.03.2025
ძალაში შესვლა 01.05.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის
სახელით
ნომერი №22-54
სარეგისტრაციო კოდი 000000048.03.030.016821
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 29/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დანაშაულთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის
საბაჟო სფეროში
თანამშრომლობისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ
საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა, (შემდგომში ერთობლივად „ხელშემკვრელ მხარეებად“, ხოლო ცალ-ცალკე „ხელშემკვრელ მხარედ“ წოდებულნი);
ითვალისწინებენ რა, საბაჟო გადასახდელების და სხვა გადასახადების ზუსტად განსაზღვრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ზოგიერთ საქონელთან დაკავშირებით აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის ზომების სათანადოდ გატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობას;
ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო წესების დარღვევები ზიანს აყენებს ხელშემკვრელი მხარეების უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ, კომერციულ, ფისკალურ, სოციალურ, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
აღიარებენ რა, საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას თავიანთი საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში;
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შორის ორმხრივად შეთანხმებულ სამართლებრივ დებულებებზე დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაში;
მხედველობაში იღებენ რა, ამჟამად მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის სახელით ცნობილი - საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს 1953 წლის დეკემბრის რეკომენდაციას ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ და 2000 წლის ივნისის დეკლარაციას საბაჟო თანამშრომლობის გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ (კვიპროსის დეკლარაცია);
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
განსაზღვრებები
ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუკი კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
a) „უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს:
- საქართველოს მთავრობისათვის: საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; და
- თურქმენეთის მთავრობისთვის, თურქმენეთის სახელმწიფო საბაჟო სამსახურს;
b) „საბაჟო მოთხოვნა“ ნიშნავს ნებისმიერი ოდენობის საბაჟო გადასახდელებს, რომლის გადახდევინება ვერ ხერხდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ;
c) „საბაჟო გადასახდელები“
- საქართველოსთვის არის: იმპორტის გადასახადი და სხვა გადასახდელები, რომელიც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო/საგადასახადო კანონმდებლობით გამოყენებულ და დადგენილი იმპორტის გადასახადს და სხვა გადასახდელებს, გარდა გაწეულ მომსახურებაზე დაწესებული მოსაკრებლებისა და საფასურებისა;
- თურქმენეთისთვის არის: ყველა გადასახადი, გადასახდელი, მოსაკრებელი ან ნებისმიერი სხვა გადასახდელი, რომელიც დაწესებულია საბაჟო ორგანოს მიერ ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე იმპორტის დროს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებისას.
d) „საბაჟო კანონმდებლობა“ ნიშნავს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებსაც თითოეული უფლებამოსილი ორგანო იყენებს საქონლის შემოტანასთან, გატანასთან, გადატვირთვასთან, ტრანზიტთან, დასაწყობებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებების ჩათვლით, რომლებიც არეგულირებენ აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას, ასევე ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას;
e) „საბაჟო წესების დარღვევა“ ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის ნებისმიერ დარღვევას;
f) „ინფორმაცია“ ნიშნავს ნებისმიერ დამუშავებულ ან გაანალიზებულ მონაცემს ან პირველად ინფორმაციას, აგრეთვე ნებისმიერ დოკუმენტს, ანგარიშს და ნებისმიერი ფორმატით წარმოდგენილ სხვა შეტყობინებებს, მათ შორის, მათ ელექტრონულ ვერსიებს ან დამოწმებულ ან ავთენტურ ასლებს;
g) „საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელი“ ნიშნავს წარმოშობის ადგილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზღვრებს შორის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს;
h) „მოხელე“ ნიშნავს ნებისმიერ საბაჟო ოფიცერს ან საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სხვა საჯარო მოსამსახურეს;
i) „პირი“ ნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს;
j) „პერსონალური მონაცემები“ ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს;
k) „მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
l) „მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც წარადგენს მოთხოვნას დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
m) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილ ორგანოსაც მიმართეს დახმარების აღმოჩენის თაობაზე;
n) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომლის უფლებამოსილი ორგანოც ითხოვს დახმარების აღმოჩენას.
მუხლი 2🔗
შეთანხმების გავრცელების სფერო
1. ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად, ერთმანეთს გაუწევენ ადმინისტრაციულ დახმარებას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, საბაჟო წესების დარღვევის აღკვეთის, გამოძიებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
2. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ ამ შეთანხმებით განსაზღვრულ დახმარებას თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციისა და არსებული რესურსების ფარგლებში.
3. ეს შეთანხმება მოიცავს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების საკითხებს და გავლენას ვერ მოახდენს მათ შორის დადებულ შეთანხმებებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების გაწევის შესახებ.
თუ ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ორგანოს მიერ, მოთხოვნის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ ორგანოსა და შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების შესახებ.
4. ამ შეთანხმების დებულებები არ აძლევს არცერთ პირს უფლებას, ხელი შეუშალოს დახმარების აღმოჩენის თაობაზე მოთხოვნის შესრულებას.
მუხლი 3🔗
ინფორმაცია საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების და აღსრულების თაობაზე
1. უფლებამოსილი ორგანოები მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით, ერთმანეთს მიაწვდიან მათთვის ხელმისაწვდომ ყველა ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაჟო კანონმდებლობის სათანადო გამოყენებას, საბაჟო სფეროში სამართალდარღვევების აღკვეთას, გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობის მიწოდების ქსელის უსაფრთხოებას. ასეთი ინფორმაცია შეიძლება უკავშირდებოდეს:
a) საბაჟო კანონმდებლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს;
b) კანონის აღსრულების ახალ მეთოდებს, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი ეფექტურობა;
c) საბაჟო სამართალდარღვევების ახალ ტენდენციებს, საშუალებებს ან მეთოდებს;
d) იმ საქონელს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო წესების დარღვევის ობიექტს, ასევე ასეთი საქონლის მიმართ ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მიზნით გამოყენებულ მეთოდებს;
e) იმ პირებს, რომლებმაც მოახდინეს საბაჟო წესების დარღვევა;
f) ნებისმიერ სხვა მონაცემსა და სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც დახმარებას გაუწევს უფლებამოსილ ორგანოებს რისკების შეფასებასა და კონტროლის ზომების განხორციელებაში.
2. სერიოზულ შემთხვევებში, რომლებმაც შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენონ ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკას, ჯანდაცვას, საზოგადოებრივ წესრიგს, სახელმწიფო უსაფრთხოებასა თუ ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესს, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო შეძლებისდაგვარად მიაწვდის ასეთ ინფორმაციას თავისი ინციატივით დაგვიანების გარეშე.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
a) არის თუ არა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შეტანილი საქონელი კანონიერად გატანილი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;
b) არის თუ არა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან გატანილი საქონელი კანონიერად შეტანილი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე; ასევე, არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული რა სახის პროცედურა ვრცელდება ამ საქონელზე.
4. მოთხოვნის შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა მოიძიოს ეს ინფორმაცია თავისი საბაჟო კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 4🔗
საბაჟო გადასახდელების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია
1. მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო, ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებების დაურღვევლად, საბაჟო კანონმდებლობის ზუსტად აღსრულების ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს აწვდის ინფორმაციას, თუ ამ უკანასკნელს წარმოეშვა ეჭვი საბაჟო დეკლარაციის სიზუსტის ან მის სისწორესთან დაკავშირებით.
2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული ან ნაცადი პროცედურების ჩამონათვალს და მოთხოვნილ ინფორმაციას.
მუხლი 5🔗
საბაჟო წესების დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია
ერთი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანო, მოთხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას ისეთი დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციების შესახებ, რომლებიც ბადებენ საფუძვლიან ეჭვს, რომ განხორციელდა ან განხორციელდება საბაჟო წესების დარღვევა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 6🔗
ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
უფლებამოსილ ორგანოებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მე-12 მუხლის დებულებათა შესაბამისად, შეუძლიათ ავტომატურ რეჟიმში გაცვალონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია.
მუხლი 7🔗
ინფორმაციის წინასწარ გაცვლა
უფლებამოსილ ორგანოებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მე-12 მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ წინასწარ გაცვალონ კონკრეტული ინფორმაცია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტვირთის შეტანამდე.
მუხლი 8🔗
შეტყობინება
1. მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო გამოიყენებს ყველა საჭირო ზომას, რათა იმ პირს, რომელიც ცხოვრობს ან დაფუძნებულია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აცნობოს ამ პირთან დაკავშირებით მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ოფიციალური გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 9🔗
დახმარების გაწევა საბაჟო მოთხოვნის შესრულების მიზნით
1. მოთხოვნის საფუძველზე, უფლებამოსილი ორგანოები ერთმანეთს აღმოუჩენენ დახმარებას საბაჟო მოთხოვნის შესრულებაში, თუ ეს ნებადართულია მოთხოვნის წარდგენის მომენტში ორივე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.
2. საბაჟო მოთხოვნის შესრულების მიზნით დახმარების გაწევა განხორციელდება ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗
ზედამხედველობა და ინფორმაციის მიწოდება
1. მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო განახორციელებს ზედამხედველობას და მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც შეეხება:
a) სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ ან დასაწყობებულ საქონელს, რომელიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
b) სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
c) შენობებს, რომლებიც გამოყენებული იქნა ან არსებობს ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა საბაჟო წესების დარღვევის დროს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
d) პირებს, რომლებმაც დაარღვიეს საბაჟო კანონმდებლობა ან ეჭვმიტანილნი არიან საბაჟო წესების დარღვევაში მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით იმ პირებს, რომლებიც შედიან და გადიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიიდან.
2. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ასეთი ზედამხედველობა საკუთარი ინიციატივით განახორციელონ, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაგეგმილი, მიმდინარე ან დასრულებული ოპერაციები შეიცავენ საბაჟო წესების დარღვევას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 11🔗
ექსპერტები და მოწმეები
მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უფლება მისცეს თავის მოხელეებს, გამოცხადდნენ სასამართლოს ან ტრიბუნალის წინაშე მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ტერიტორიაზე, როგორც ექსპერტები ან მოწმეები საბაჟო წესების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხში.
მუხლი 12🔗
მოთხოვნის გადაცემა
1. ამ შეთანხმების ფარგლებში მოთხოვნა დახმარების აღმოჩენის თაობაზე გადაეცემა უშუალოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს.
2. მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით ინგლისურ ენაზე და თან უნდა ახლდეს მის შესასრულებლად საჭიროდ მიჩნეული ნებისმიერი ინფორმაცია. მოთხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს ელექტრონული საშუალებებით გაგზავნილი მოთხოვნის წერილობითი დადასტურება. თუკი ვითარება ამას მოითხოვს, მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს ზეპირი ფორმით. ასეთი მოთხოვნა უმოკლეს ვადაში უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით, ან თუ მისაღებია ორივე უფლებამოსილი ორგანოსათვის, ელექტრონული საშუალებებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შედგენილი მოთხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
a) მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;
b) მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება;
c) ამ შეთანხმებაზე მითითება;
d) მოთხოვნის შინაარსი, დახმარების ფორმა და მოთხოვნის მიზეზი;
e) განსახილველი საკითხის და მის მიმართ მოქმედი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებების მოკლე მიმოხილვა; და
f) იმ პირთა სახელები და მისამართები, რომლებსაც შეეხებათ მოთხოვნა, თუ ცნობილია მათი ვინაობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს გარკვეული პროცედურის ან მეთოდის გამოყენებას, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო შეასრულებს ასეთ მოთხოვნას თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის და ადმინისტრაციული დებულებების შესაბამისად.
5. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ სპეციალურად ამ მიზნით დანიშნულ მოხელეებს. ამ მოხელეების სია გადაეცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 13🔗
ინფორმაციის მოპოვების საშუალებები
1. თუ მოთხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, მან უნდა დაიწყოს ამ ინფორმაციის მოძიება.
2. თუ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო არ არის კომპეტენტური, რომ დაიწყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, მას შეუძლია მიუთითოს შესაბამის ორგანოზე და მას შესასრულებლად გადაუგზავნოს მოთხოვნა.
მუხლი 14🔗
მოხელეების ყოფნა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე
1. წერილობითი მოთხოვნით, მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალურად დანიშნულ მოხელეებს შეუძლიათ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით და იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ამ უკანასკნელმა შეიძლება დააწესოს საბაჟო წესების დარღვევის გამოძიების მიზნით:
a) მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს ოფისებში შეისწავლონ დოკუმენტები, რეესტრები და სხვა შესაბამისი მონაცემები ამ საბაჟო წესების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად;
b) მიეწოდოთ ამ საბაჟო წესების დარღვევის შესაბამისი დოკუმენტების, რეესტრების და სხვა მონაცემების ასლები;
c) დაესწრონ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩატარებულ გამოძიებას, რომელიც შეესაბამება მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ინტერესებს.
2. თუ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო სასარგებლოდ ან საჭიროდ მიიჩნევს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მოხელის დასწრებას, როდესაც მოთხოვნის შესაბამისად ხორციელდება დახმარების ღონისძიებები, ის ამის შესახებ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 15🔗
მოხელეების ვიზიტის ღონისძიებები
1. როდესაც რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოხელეები იმყოფებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად, მათ ყოველთვის უნდა შეეძლოთ მეორე ხელშემკვრელ მხარეს წარუდგინონ ოფიციალური პირადობისა და სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.
2. მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნული მოხელეები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფებიან, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლით, გააჩნიათ ცალსახად საკონსულტაციო როლი, თუ სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული ხელშემკვრელ მხარეებს შორის ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად.
3. მოხელეები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, ამ შეთანხმების პირობების მიხედვით, პასუხისმგებელნი იქნებიან ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინონ და სარგებლობენ ამ ხელშემკვრელი მხარის სამართლებრივი და ადმინისტრაციული დებულებებით გათვალისწინებული იმავე დაცვით, რაც ენიჭებათ მის საკუთარ მებაჟე ოფიცრებს.
მუხლი 16🔗
ინფორმაციის გამოყენება
1. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილი ორგანოების მიერ და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის მიმწოდებელი უფლებამოსილი ორგანო წერილობით ნებართვას გასცემს სხვა ორგანოების მიერ ან სხვა მიზნებისათვის მისი გამოყენების თაობაზე.
2. ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიჩნევა კონფიდენციალურად და ენიჭება კონფიდენციალურობისა და დაცვის იგივე ხარისხი, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელ სახელმწიფოს შიდასდახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას.
3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოს ამ შეთანხმების მიზნებისა და მოქმედების სფეროს შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს ამ შეთანხმების შესაბამისად მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტები მტკიცებულების სახით თავის ოქმებში, ანგარიშებსა და მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე სასამართლოს წინაშე განხილვისა და ბრალდებისას.
მუხლი 17🔗
კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა
1. ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლა არ დაიწყება, ვიდრე ხელშემკვრელი მხარეები, ამ შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად არ შეთანხმდებიან, რომ ამ მონაცემებს ექნებათ დაცვის ისეთივე ხარისხი, რომელიც დააკმაყოფილებს ინფორმაციის მიმწოდებელი უფლებამოსილი ორგანოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
2. მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც მიიღო პერსონალური მონაცემები, ამ მონაცემების გადამცემ უფლებამოსილ ორგანოს აცნობებს მათი გამოყენებისა და მიღებული შედეგების შესახებ.
3. ამ შეთანხმების ფარგლებში გაცვლილი პერსონალური მონაცემები უნდა ინახებოდეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მოთხოვნის შესრულების მიზნებისათვის
4. პერსონალური მონაცემების გადამცემმა უფლებამოსილმა ორგანომ, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნული მონაცემები იყოს სამართლიანად და კანონიერად შეგროვებული, ზუსტი და განახლებული და არ იყოს ზედმეტი/არაადეკვატური მოცულობის იმ მიზნებთან მიმართებით, რისთვისაც მოხდა მათი მიწოდება.
5. თუ აღმოჩნდება, რომ გადაცემული პერსონალური ინფორმაცია არაზუსტია/მცდარია ან არ უნდა მომხდარიყო მათი გადაცემა/გაცვლა, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მეორე მხარეს. უფლებამოსილმა ორგანომ, რომელმაც მიიღო ამგვარი მონაცემები, უნდა გაასწოროს/შეასწოროს ან წაშალოს/გაანადგუროს ისინი.
6. უფლებამოსილი ორგანოები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი პერსონალური მონაცემების გადაცემის ან მიღების, მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის განადგურების) რეგისტრაციას. რეგისტრაციის ჩანაწერში უნდა აღინიშნოს გადაცემის მიზანი, მონაცემთა შინაარსი და კატეგორია, გადაცემაში ჩართული ორგანოები და მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებების (მათ შორის განადგურების) მიზეზები.
7. პერსონალური მონაცემების მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად, რათა თავიდან იქნეს აცილებული მონაცემების გაცნობა არაუფლებამოსილი პირის მიერ, მათი უკანონო შეცვლა, განადგურება ან რედაქტირება. მონაცემთა მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აწარმოოს მიღებული უსაფრთხოების ზომების, ასევე მონაცემების მიღებისა და მესამე მხარისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა.
8. გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს დამუშავებული მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც განხორციელდა მათი გადაცემა. გადაცემული მონაცემების დამუშავება სხვა მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ გადამცემი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით.
9. მიღებული პერსონალური მონაცემების მესამე პირისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ გადამცემი უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით. მიღებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია.
10. გადაცემული პერსონალური მონაცემები მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა წაიშალოს/განადგურდეს მას შემდეგ, რაც აღარ იარსებებს პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი ან/და მიიღწევა მიზანი, რისთვისაც მოხდა მონაცემთა გადაცემა. გადამცემ უფლებამოსილ ორგანოს ეცნობება პერსონალურ მონაცემთა წაშლის/განადგურების შესახებ; ამისათვის, მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოახდინოს მიღებული პერსონალური მონაცემების შემცველი მასალის პერიოდული გადახედვა.
11. ამ შეთანხმების მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, როდესაც გადაცემული ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ამ მონაცემების შემდგომ სხვა ორგანოსთვის გადაცემის ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ შეთანხმებით გარანტირებული მონაცემთა დაცვის სტანდარტი.
12. ამ მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა აცნობონ ერთმანეთს.
მუხლი 18🔗
დახმარების აღმოჩენაზე ვალდებულებისაგან გათავისუფლება
1. თუკი მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილმა დახმარებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ამ ხელშემკვრელი მხარის საზოგადოებრივი წესრიგის, სუვერენიტეტის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა თუ სხვა არსებით ინტერესებს ან ამ უფლებამოსილი ორგანოს აზრით შეიძლება გამოიწვიოს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება, ან შეუსაბამო იქნება მის სახელმწიფოში მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ დებულებებთან, მას შეუძლია უარი თქვას დახმარების გაწევაზე ან გაუწიოს დახმარება მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში.
2. თუკი მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს ისეთი სახის დახმარებას, რომლის გაწევასაც ის თავად ვერ შეძლებდა მეორე მხარის უფლებამოსილი ორგანოსათვის, მან უნდა გაამახვილოს ამ ფაქტზე ყურადღება თავის მოთხოვნაში. ასეთი მოთხოვნის შესრულება წარმოადგენს მხოლოდ მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს კეთილგონივრულობას.
3. დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან შეიძლება ხელი შეუშალოს მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სამართალწარმოებას ან სასამართლო წარმოებას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო კონსულტაციებს გამართავს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილ ორგანოსთან, რომ განისაზღვროს შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა მოთხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთდახმარებაზე უარი ითქვა, ეს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზები დაგვიანების გარეშე წერილობით უნდა ეცნობოს მოთხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს.
მუხლი 19🔗
ხარჯები
1. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით თითოეული უფლებამოსილი ორგანო უარს ამბობს ამ შეთანხმების აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნაზე.
2. ექსპერტებისა და მოწმეების ხარჯებსა და დანამატებს, ასევე, თარჯიმანთა მომსახურების საფასურს, საჯარო მოსამსახურეთა გარდა, გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო.
3. თუ მოთხოვნის შესრულებას სჭირდება ან სამომავლოდ დასჭირდება მნიშვნელოვანი მოცულობის ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯების გაწევა, უფლებამოსილი ორგანოები ჩაატარებენ კონსულტაციას იმ პირობების ჩამოყალიბების მიზნით, რომლის საფუძველზე მოხდება მოთხოვნის შესრულება და ხარჯების გაწევა.
მუხლი 20🔗
შეთანხმების იმპლემენტაცია და გამოყენება
1. უფლებამოსილმა ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ საბაჟო წესების დარღვევების გამოძიებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ თავიანთ მოხელეებს ერთმანეთთან პირადი და პირდაპირი ურთიერთობების დამყარებაში.
2. უფლებამოსილი ორგანოები ერთობლივად შეიმუშავებენ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც გაამარტივებენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას.
3. ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ან მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 21🔗
ცვლილებები და დამატებები
წინამდებარე შეთანხმებაში, ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
მუხლი 22🔗
ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხებით გაგზავნილი უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 23🔗
შეთანხმების მოქმედება და მოქმედების შეწყვეტა
ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა დიპლომატიური არხებით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმების მოქმედება შეწყდება ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის შემდეგ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის მომენტში მის შესაბამისად დაწყებული თანამშრომლობა უნდა დასრულდეს ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემორე ხელმომწერებმა.
შესრულებულია ქ. აშხაბადში 2025 წლის 7 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით
თურქმენეთის მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია)
(ხელმოწერილია)