გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10418-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/04/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქმე № 330216925011391949

საქმე2/10418-25

ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების

დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ

 2025 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე  დემეტრე ჯინჯოლია

განმცხადებელი – შპს „იაფა ბათუმი“

წარმომადგენელი – ოთარ ხუციშვილი

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „იაფა ბათუმის“ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:  

2025 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „იაფა ბათუმის“ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „იაფა ბათუმის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „იაფა ბათუმი“ დაფუძნდა 2019 წლის 08 იანვარს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციით ვაჭრობა. კომპანიას ბიზნესპრობლემები შეექმნა კოვიდ პანდემიის პირობებში, რასაც დაემატა პანდემიის შემდეგ წარმოშობილი კრიზისი და დავა შემოსავლების სამსახურთან. ამ უკანასკნელმა კომპანიას დააკისრა დიდი მოცულობის თანხა, რომლის გადახდის შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნდა. განცხადების წარმოდგენის მდგომარეობით,  ზემოხსენებული თანხა – 368 262.64 ლარის ოდენობით შემოსავლების სამსახურს მითითებული აქვს, როგორც აღიარებული ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულებიდან ძირ თანხას წარმოადგენს 177 039.51 ლარი, ჯარიმას – 88 884.5 ლარი  და საურავს – 102 338.63 ლარი.

ამასთან, განმცხადებელი დამატებით აღნიშნავდა, რომ კომპანიას გააჩნია დავალიანება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 368 262.64 ლარის ოდენობით. კომპანიას არ აქვს სასამართლო დავები მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები, სასამართლოში არ მიმდინარეობს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, არ ფლობს წილებს, არ გააჩნია მოძრავი ქონება (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალება) და კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა.

გარდა ამისა, განმცხადებელი განმარტავდა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კომპანიის დირექტორისათვის კი ნათელია, რომ არსებული სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არდაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით, განმცხადებელს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) 2025 წლის 16 აპრილს.

2025 წლის 23 აპრილს შპს „იაფა ბათუმის“ წარმომადგენელმა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით.

სასამართლო  გაეცნო  წარმოდგენილ  განცხადებას,  თანდართულ  მასალებს  და  მიაჩნია, რომ შპს „იაფა ბათუმს“  (ს/ნ 434174403) გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ კომპანიას გააჩნია დავალიანება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 368 262.64 ლარის ოდენობით. კომპანიას არ აქვს სასამართლო დავები, მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები, სასამართლოში არ მიმდინარეობს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, არ ფლობს წილებს, არ გააჩნია მოძრავი ქონება (მათ შორის სატრანსპორტო საშუალება) და კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა. კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და ასევე, გაკოტრების რეჟიმის გახსნით ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით: 1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. 2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება. 3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა; ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას; გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში; დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა; ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამავე კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება. შესაბამისად, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, მოცემულ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების გახსნის წინაპირობები.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „იაფა ბათუმს“  (ს/ნ 434174403) უარი ეთქვას გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება;

2. განჩინება გამოქვეყნდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სიტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.        

მოსამართლე                                                                  დემეტრე ჯინჯოლია