საუწყებო, კოოპერაციულ და ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №215

1990 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საუწყებო, კოოპერაციულ და ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების შესახებ

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 29 დეკემბრის № 1468 და საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 22 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად საუწყებო, კოოპერაციული და ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსით საავტომობილო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. საუწყებო, კოოპერაციულ და ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა რეგულარულ საავტომობილო მარშრუტებზე (შიდასაქალაქო, საგარეუბნო სარაიონთაშორისო, საქალაქთაშორისო, სარესპუბლიკათაშორისო) განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროსთან და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელწმიფო ავტო-ინსპექციასთან ან მათ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით, კერძოდ:

ა) სარესპუბლიკათაშორისო და საქალაქთაშორისო საავტობუსო მარშრუტებზე - საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროებთან და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის სამმართველოსთან;

ბ) საგარეუბნო და სარაიონთაშორისო საავტობუსო მარშრუტებზე - საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს შესაბამის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებასთან და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის შესაბამის ქვეგანყოფილებასთან;

გ) შიგასაქალაქო საავტობუსო მარშრუტებზე – საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს შესაბამის ავტოსატრანსპორტო საწარმოებთან და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელწმიფო ავტოინსპექციის შესაბამისი ქვეგანყოფილებასთან.

2. საუწყებო, კოოპერაციული და ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსების მძღოლებს დადგენილი ფორმის შესაბამისი საგზაო დოკუმენტით უზრუნველყოფს საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრო, მისდამი დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო გაერთიანება ან საწარმო ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

3. საუწყებო, კოოპერაციული ან ინდივიდუალურ მფლობელობაში არსებული ავტობუსების ტექნიკურ გამართულებას და მძღოლთა შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს მოძრავი საშუალების მფლობელი ორგანიზაცია ან ინდივიდუალური პირი.

4. სატრანსპორტო საშუალებების მფლობელ საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, დადგენილი წესის თანახმად, ვალდებული არიან უზრუნველყონ მძღოლთა უცილობელი სამედიცინო შემოწმება ხაზზე გასვლის წინ. იგივე ეხებათ ინდივიდუალურ მფლობელებსაც.

5. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციამ განახორციელოს სისტემატური კონტროლი და მიიღოს შესაბამისი ზომები ამ დადგენილების 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად.

6. საქართველოს სსრ სამინისტროებმა და უწყებებმა, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, რესპუბლიკის ქალაქების და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა ნება დართონ უწყებებს, საწარმოებს, ორგანიზაციებს, კოოპერატივებსა და ინდივიდუალურ მფლობელებს განახორციელონ მგზავრთა გადაყვანა რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე მხოლოდ საქართველოს სსრ საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტროსთან და საქართველოს სსრ  შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციასთან შეთანხმებით ამ დადგენილების 1-ლ პუნქტში გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                             ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                   ზ. მახარაძე