საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.04.2025
ძალაში შესვლა 16.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №131
სარეგისტრაციო კოდი 450010000.10.003.025022 4
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 01/05/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 3 ვერსია ↓
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №131
2025 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 16 ივნისს.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც კულტურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0108, სანაპიროს ქუჩა №4.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
2. სამინისტროს აქვს პროგრამული ბიუჯეტი, დასრულებული ბალანსი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით.
3. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშისა და სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
4. სამინისტროს აქვს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, სამინისტროს ვებგვერდსა და სამინისტროს საქმიანობაში გამოსაყენებელ დოკუმენტებზე, ასევე სამინისტროს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა სავიზიტო ბარათებზე, სამსახურებრივ მოწმობებზე (მათი არსებობის შემთხვევაში), სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗
1. სამინისტრო კულტურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და მმართველობის განმახორციელებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლისა და ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტრო შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტრო უზრუნველყოფს კულტურის სფეროში ნორმატიული აქტების შესრულებას.
2. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება/განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
ბ) საზოგადოების კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა;
გ) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა;
დ) სახელოვნებო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერების ხელშეწყობა;
ე) შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და ანგარიშგება;
ვ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ვიზუალური ხელოვნების, წიგნისა და ლიტერატურის, ტრადიციული რეწვისა და ხალხური შემოქმედების მიმართულებების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
ზ) კულტურის მიმართულებით განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა სახელმწიფო მხარდაჭერა;
თ) კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი პოლიტიკის, მათ შორის − ერთიანი სამუზეუმო პოლიტიკის შემუშავება/წარმართვა;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, სხვა კულტურულ ფასეულობათა გამოვლენის, აღრიცხვის, აღიარებული სტანდარტების შესაბამისი კონსერვაციის/რესტავრაციის, სათანადოდ დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველყოფა;
კ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე პირების გამოვლენა, მათი პროფესიული ცოდნის შემოწმება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; რეესტრში რეგისტრირებულ პირთათვის სერტიფიცირების წესების შემუშავება, მათი სერტიფიცირება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
ლ) არქეოლოგიური სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩატარების წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
მ) კულტურული მემკვიდრეობის/კულტურულ ფასეულობათა და სამუზეუმო ექსპონატების საქართველოდან გატანის წესისა და სტანდარტების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლი;
ნ) საქართველოს ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე თანხმობის გაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ან არქეოლოგიურ ობიექტზე უნებართვოდ ან ნებართვის დარღვევით მიმდინარე სამუშაოების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, ლიტერატურული, საგამომცემლო საქმიანობისა და საბიბლიოთეკო სფეროს ხელშეწყობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის დარგში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
რ) კულტურის სფეროს ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის რეალიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის კულტურის როლისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
ს) ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; კულტურული დიპლომატიის მხარდაჭერა, მათ შორის − საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართ ღონისძიებებში შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ტ) კულტურის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების მიზნით, საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა;
უ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, კულტურის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 4🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს კულტურის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და სამინისტროს მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულებას და სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა/საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას;
ე) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის, სახელმწიფო პოლიტიკისა და ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის განხორციელებაზე;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების აქტებსა და მოქმედებებს;
ზ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
კ) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების გენერალურ დირექტორებს, დირექტორებსა და სხვა ხელმძღვანელ პირებს, ასევე ხელმძღვანელი პირების დროებით მოვალეობის შემსრულებლებს;
ნ) სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებთან დებს შესაბამის ხელშეკრულებებს;
ო) წყვეტს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;
პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასცემს ფულად ჯილდოს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისთვის;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს მოხელეთა პროფესიული განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;
რ) იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროში დასაქმებული პირებისათვის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისა და წესის შესაბამისად;
ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის;
უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარადგენს შესაბამის პირს სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ფ) სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს/ქვეპროგრამებს;
ქ) იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს/მინისტრის შესაბამისი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ;
ღ) ამტკიცებს სამინისტროს პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსებასთან/ფინანსურ ხელშეწყობასთან დაკავშირებულ წესსა და პირობებს; იღებს გადაწყვეტილებას პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის შესახებ;
ყ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს, აფუძნებს ფესტივალებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;
შ) უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ჩ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს/წესდებებს;
ძ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანხმებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
წ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს;
ჭ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესს;
ხ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს;
ჯ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;
ჰ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს;
ჰ1) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმასა და მისი გაცემის წესს;
ჰ2) ამტკიცებს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშებს, დაჯილდოების წესსა და პირობებს;
ჰ3) ამტკიცებს სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტების გაცემის წესსა და საგრანტო პროგრამას;
ჰ4) კულტურაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მიერ გასაწევი მომსახურების/საქმიანობის საფასურის დადგენისათვის განსაზღვრავს ერთიანი და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის ძირითად კრიტერიუმებსა და პრინციპებს;
ჰ5) დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს უფლებამოსილებათა სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის დელეგირების შესახებ;
ჰ6) წყვეტს დავას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ჰ7) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
ჰ8) აუქმებს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
ჰ9) კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქმებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს;
ჰ10) კანონმდებლობით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ გამოცემული აქტების აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან/და ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
ჰ11) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველით მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 6🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (მათი არსებობის შემთხვევაში).
2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე;
ვ) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს/წინადადებებს მინისტრს/უფლებამოსილ პირს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების შესახებ და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების შესახებ;
კ) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მინისტრის ან/და უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
თავი IV
სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებს.
2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტი;
ე) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების სამსახური;
ზ) კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტი;
თ) კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;
ი) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.
3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები შეიძლება დაიყოს მეორად სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
4. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებია:
ა) სსიპ − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ბ) სსიპ − შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი;
გ) სსიპ − თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
დ) სსიპ − თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ე) სსიპ − ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ვ) სსიპ − თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ზ) სსიპ − მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
თ) სსიპ − ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ი) სსიპ − საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება;
კ) სსიპ − თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ლ) სსიპ − ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
მ) სსიპ − ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ნ) სსიპ − მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ო) სსიპ − ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
პ) სსიპ − ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი „აფხაზეთი“;
ჟ) სსიპ − ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
რ) სსიპ − ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ს) სსიპ − ქ. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ტ) სსიპ − ქ. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
უ) სსიპ − ქ. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ფ) სსიპ − ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ქ) სსიპ − ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
ღ) სსიპ − ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ყ) სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი;
შ) სსიპ − ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი;
ჩ) სსიპ − საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
ც) სსიპ − მწერალთა სახლი;
ძ) სსიპ − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი;
წ) სსიპ − შემოქმედებითი საქართველო;
ჭ) სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
ხ) სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
ჯ) სსიპ − აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ) სსიპ − საქართველოს ხელოვნების სასახლე − კულტურის ისტორიის მუზეუმი;
ჰ1) სსიპ − გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ2) სსიპ − დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი;
ჰ3) სსიპ − მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი;
ჰ4) სსიპ − ივანე მაჩაბლის მუზეუმი;
ჰ5) სსიპ − ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;
ჰ6) სსიპ − საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ7) სსიპ − იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი;
ჰ8) სსიპ − ი. ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ9) სსიპ − თელავის ისტორიული მუზეუმი;
ჰ10) სსიპ − ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ11) სსიპ − აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი;
ჰ12) სსიპ − გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;
ჰ13) სსიპ − ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი;
ჰ14) სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი;
ჰ15) სსიპ − სმირნოვების მუზეუმი;
ჰ16) სსიპ − ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი;
ჰ17) სსიპ − კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
ჰ18) სსიპ − საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი;
ჰ19) სსიპ − ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი;
ჰ20) სსიპ − ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
ჰ21) სსიპ − თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი;
ჰ22) სსიპ − გორის ქალთა კამერული გუნდი;
ჰ23) სსიპ − ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი;
ჰ24) სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“;
ჰ25) სსიპ − ანსამბლი „ბასიანი“;
ჰ26) სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“;
ჰ27) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებელი;
ჰ28) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“;
ჰ29) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ევგენი მიქელაძის სახელობის ქ. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ30) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. რუსთავის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ31) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ32) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე-ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი;
ჰ33) სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება − ქ. სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;
ჰ34) სსიპ − ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი;
ჰ35) სსიპ − ქ. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯი;
ჰ36) სსიპ − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
ჰ37) სსიპ − საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ჰ38) სსიპ − თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
ჰ39) სსიპ − ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
ჰ40) სსიპ − ანსამბლების გაერთიანება „ქართული სიმღერა“;
ჰ41) სსიპ − ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“;
ჰ42) სსიპ − საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი;
ჰ43) სსიპ − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა;
ჰ44) სს ქართული კინოს განვითარების ცენტრი;
ჰ45) შპს სთარინგ ჯორჯია.
მუხლი 8🔗
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სამინისტროს დეპარტამენტებს/სამსახურებს, სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებს შორის, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციასთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
გ) სამინისტროში კორესპონდენციის წარმოებისა და დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში ელექტრონული და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა;
დ) სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; საქმისწარმოების საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ე) სამინისტროს მიერ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში გადასაგზავნი იმ მასალების/პოზიციის მომზადების კოორდინაცია, რომელიც სამინისტროს ერთზე მეტი დეპარტამენტის/სამსახურის ჩართულობას საჭიროებს;
ვ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებასთან/შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია, გარდა საერთაშორისო მიმართულებისა;
ზ) მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზების ხელშეწყობა;
თ) სამინისტროსა და მისი სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პროცესის უზრუნველყოფა, ადმინისტრირება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება;
ი) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;
კ) სამინისტროსა და მის სისტემაში სტაჟირების პროცესის წარმართვა;
ლ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურება (ცხელი ხაზი);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
პ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ჟ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 9🔗
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის (მისი არსებობის შემთხვევაში) მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებიდან მიღებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) კანონშემოქმედებით სფეროში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა;
ზ) სასამართლო დავებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
თ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ი) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამის მართვა, მათ შორის, პროგრამაში ატვირთული სამართლებრივი აქტების პროექტებისა და სხვა დოკუმენტების განხილვა და სამსახურის უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სამინისტროს პოზიციის მომზადება;
კ) სამინისტროში მომზადებული, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხების ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საკანონმდებლო წინადადებების განხილვა და სამინისტროს პოზიციის მომზადება;
ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) სამსახურის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 10🔗
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროსა და მისი სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია/მართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სამინისტროსა და მისი სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა;
დ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და წარდგენა; დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განწერის შემუშავება და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად წარდგენა;
ზ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი;
ი) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობა და ამ პროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება;
კ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შედგენა, განხორციელება და ანგარიშგება;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება და მათი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა;
მ) სამინისტროს საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ანგარიშგება;
ო) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა და ანგარიშგება;
პ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენის კონტროლი;
ჟ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა;
რ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
ს) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაერთი ბალანსის შედგენა;
ტ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
უ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 11🔗
ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამის ფარგლებში;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების მართვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ საქმიანობის ორგანიზება;
დ) სამინისტროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
ე) სამინისტროში ლოგისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი, მათ შორის, სამინისტროს ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების განსაზღვრა;
ვ) სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
ზ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროში მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და სხვა ქონების სწორად ხარჯვისა და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების კონტროლი;
ი) სამინისტროს საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა ეკონომიკურ დეპარტამენტთან ერთად;
ლ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
მ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 12🔗
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია და მონიტორინგი;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით;
ე) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება, შესაბამისი პროცედურების წარმართვა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია და განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საერთაშორისო საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება და კოორდინაცია;
ი) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიური საპროტოკოლო შეხვედრების, რეგიონული ვიზიტების დაგეგმვა და ჩატარება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მოწვეული უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტების დაგეგმვა და ჩატარება;
მ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ნ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიაკომუნიკაციების სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
გ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან ერთად;
დ) სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების, სიახლეებისა და მიღწევების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
ე) სამინისტროს ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, ასევე ფოტო და ვიდეოკადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის ამსახველი საგამომცემლო მასალის მომზადება და გავრცელება;
ვ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, ასევე სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და აღნიშნულთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სათანადო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელებში სხვა ოფიციალური გვერდების მართვა და ინტერაქციის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ მასმედიით გაშუქებული ინფორმაციის/მასალების მონიტორინგის განხორციელება;
ი) სამინისტროს მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა, განახლება და მისი შესრულების კონტროლი;
კ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;
ლ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების მუდმივი ინფორმირება;
მ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება და ინფორმაციის გაშუქება (სამინისტროს საინფორმაციო არხებზე განთავსება/მედიით გავრცელება);
ნ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ო) სამსახურის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 14🔗
კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ხელოვნების სფეროების/დარგებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და ანგარიშგება; ხელოვნების სხვადასხვა სფეროში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელება/კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ბ) კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვა და ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა;
გ) კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში შესაბამისი სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;
დ) სხვადასხვა საჭიროების მქონე პირების კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო/ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების, კულტურის დღეების, გამოფენების, კონცერტების, ფესტივალების, საგასტროლო თუ სხვა ღონისძიებების განხორციელება/ხელშეწყობა; კულტურული დიპლომატიის მხარდაჭერა, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ცენტრების/სახლების/ საკვირაო სკოლების თუ სხვა შესაბამისი ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობის გზით;
ვ) კულტურული ღონისძიებების ჩატარებითა და შესაბამისი პროექტების განხორციელებით/მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში კულტურული ცხოვრების სტიმულირება და ხელშეწყობა;
ზ) სამინისტროსა და მის სისტემაში, ასევე მის მიღმა მოღვაწე ხელოვანთა/შემოქმედებითი ჯგუფების ხელშეწყობა, მათ წინაშე მდგარი გამოწვევების სისტემატური აღრიცხვა/გამოვლენა და მათი გადაჭრა ინდივიდუალური და სისტემური ანალიზის შედეგად;
თ) შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა;
ი) კერძო შემოქმედებითი ინიციატივების ხელშესაწყობად, შესაბამისი პროექტების შემუშავება, მათი განხორციელებისათვის აუცილებელი კონკურსების თუ სხვა პროცესების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
კ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდა შემოქმედთა სახელმწიფო მხარდაჭერა;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში/დარგებში მონაცემების შეგროვება, კვლევების დაგეგმვა და არსებული ვითარების ანალიზი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საქმიანობის ხელშეწყობა და ანგარიშგება;
ნ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისათვის სოციალური დახმარებების გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
ო) კულტურის სფეროში მოღვაწე პირების სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენისა და საპატიო წოდებების მინიჭების თაობაზე საკითხების ინიციირება;
პ) კულტურის სფეროში მოღვაწე პირების იუბილეებისა და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა, მათი განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ჟ) კულტურის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება;
რ) მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში ქართველი ხელოვანების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ს) სახელოვნებო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების გაძლიერების მიზნით, მეთოდოლოგიური დახმარება;
ტ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ვიზუალური ხელოვნების, ლიტერატურისა და მწერლობის, საბიბლიოთეკო საქმიანობის, ტრადიციული რეწვის, ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
უ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ფ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 15🔗
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შემუშავება/განხორციელების კოორდინაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზედამხედველობა;
ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვის, პოპულარიზაციისა და მისი მდგომარეობის სისტემატური შემოწმების კოორდინაცია;
გ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, სხვა კულტურულ ფასეულობათა გამოვლენის, აღრიცხვის, დაცვის და პოპულარიზაციის ხელშეწყობა/ კოორდინაცია;
დ) კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო სფეროებში შესაბამისი სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების/ ქვეპროგრამების, საკანონმდებლო ინიციატივების, მეთოდოლოგიური გზამკვლევების შემუშავების კოორდინაცია და განხორციელების მონიტორინგი;
ე) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებზე დარგობრივი ზედამხედველობა, პერიოდული ანგარიშების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
ვ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისათვის კატეგორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადების კოორდინაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, კულტურული მემკვიდრეობის (კულტურული ფასეულობის) საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ზედამხედველობა;
ი) კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე ნებართვის გაცემისა და პირობების განუხრელი შესრულების მონიტორინგი; დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირება;
კ) ერთიანი სამუზეუმო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, ქვეყნის მასშტაბით, სამუზეუმო საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფა, სამუზეუმო კოლექციების დაცვასა და პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
ლ) საქართველოს მუზეუმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
მ) საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის საინფორმაციო ელექტრონული სისტემის წარმოება და ადმინისტრირება;
ნ) მუზეუმებში დაცული ფასეულობების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ხელშეწყობა;
ო) მუზეუმების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის კოორდინაცია; მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მოწესრიგებისა და მუზეუმებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
პ) მუზეუმებში არსებული კოლექციებისა და ფასეულობების დაცვის მიზნით, პრევენციული ზომების გატარების ხელშეწყობა;
ჟ) საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში დაცული კულტურული ფასეულობების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების განუხრელი დაცვის მონიტორინგი. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმირება;
რ) საქართველოს ერთიანი სამუზეუმო ფონდის შევსების უზრუნველყოფის მხარდაჭერა, მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით;
ს) მუზეუმების პოპულარიზაციის, საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრირების, საზოგადოებისათვის სამუზეუმო საქმიანობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოფენების, საგამომცემლო საქმიანობის, საგანმანათლებლო ღონისძიებების, ციფრული პროდუქტის შექმნისა და სხვა მიზნობრივი აქტივობების მხარდაჭერა;
ტ) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
უ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 16🔗
1. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ბ) სამინისტროსა და მისი სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
დ) აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ე) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ვ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
ზ) შიდააუდიტორული საქმიანობისა და სამინისტროსა და მისი სისტემის მდგომარეობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება;
თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლი, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
კ) სამინისტროსა და მის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) სამინისტროსა და მის სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტების, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედებების აღმოჩენა და სამსახურებრივი შემოწმება, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
მ) სამინისტროსა და მის სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, ასევე სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება, დასკვნის შედგენა და მინისტრისთვის წარდგენა;
ო) ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილებების სათანადოდ განხორციელების კონტროლი;
პ) დისციპლინური წარმოების ჩატარება სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების დისციპლინური გადაცდომის ფაქტებზე;
ჟ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებში დასაქმებულთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და პრევენციის მიზნით, საქმიანობის პროცესში მოპოვებული ინფორმაციის/ მასალების შესწავლა/ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების წარდგენა;
რ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან, მათ შორის, დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ს) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნების ხელშეწყობა;
ტ) დეპარტამენტის დებულებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროსა და მის სისტემაზე.
3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
თავი V
სხვა დებულებანი
მუხლი 17🔗. სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.
მუხლი 18🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.