პუბლიკაციის თარიღი 11.07.2025
მოქმედების პერიოდი 11.07.2025 — 30.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №133
კონსოლიდირებული ვერსიები (7)
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.
მუხლი 2🔗. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და ნაგავსაყრელების დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიებისა); ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.
2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;
ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიებისა);
თ) ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;
კ) არსებობის შემთხვევაში, მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
მუხლი 3🔗. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).
მუხლი 4🔗. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური.
2. სტრუქტურულ ერთეულებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები.
მუხლი 5🔗. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მუხლი 6🔗. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
ბ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.
მუხლი 7🔗. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;
თ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ი) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსსა და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;
ლ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;
ნ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;
ო) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ჟ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
რ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ს) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ტ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
უ) გამოსცემს ბრძანებებს, კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ფ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
8. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
9. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8🔗. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 9🔗. ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, აგრეთვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის კუთხით, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სფეროების განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;
ვ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
ზ) საჭიროებისამებრ, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და სხვა პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
თ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 10🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი;
დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და, სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 11🔗. იურიდიული
დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;
ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და იურიდიული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;
გ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ე) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ზ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 13🔗. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
დ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;
ე) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ზ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
თ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;
ი) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
კ) სამინისტროში კორპორაციული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 14🔗. საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
ბ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 15🔗. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების გზით;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 16🔗. დასკვნითი დებულება
სამინისტროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2025 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 18 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №12.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და ნაგავსაყრელების დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიებისა); ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა და დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით.
2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;
გ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;
ე) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;
ზ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიებისა);
თ) ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;
კ) არსებობის შემთხვევაში, მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით.
მუხლი 3. სამინისტროს სისტემა
სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები).
მუხლი 4. სტრუქტურული ერთეულები
1. სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
ბ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ე) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
ვ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური.
2. სტრუქტურულ ერთეულებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები.
მუხლი 5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მუხლი 6. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
ბ) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი.
მუხლი 7. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;
დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;
თ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ი) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;
კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსსა და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;
ლ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;
მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;
ნ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;
ო) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;
ჟ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
რ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის სფეროში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
ს) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;
ტ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
უ) გამოსცემს ბრძანებებს, კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;
ფ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრს ჰყავს 4 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
7. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
8. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.
9. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები – კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 8. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;
ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;
ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები).
მუხლი 9. ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი
ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის, მართვისა და დახურვის, აგრეთვე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და მართვის კუთხით, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სფეროების განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ე) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოციირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;
ვ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
ზ) საჭიროებისამებრ, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და სხვა პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
თ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 10. ეკონომიკური დეპარტამენტი
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი;
დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და, სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება;
ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 11. იურიდიული
დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია;
ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;
ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:
ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
თ) საქართველოს კანონმდებლობითა და იურიდიული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 12. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
ბ) სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;
გ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;
ე) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
ვ) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;
ზ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
თ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 13. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
დ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;
ე) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ზ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;
თ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;
ი) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და აღნიშნული მიზნით თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
კ) სამინისტროში კორპორაციული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 14. საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;
ბ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 15. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებისა და საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავების გზით;
გ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.
მუხლი 16. დასკვნითი დებულება