,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.10.003.001.127
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 09/09/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2008 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №141, მუხლი 1556) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ფორმებით (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და სხვა ფორმები), რის შესახებ გადაწყვეტილებასაც იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტების ფიზიკური პირებისათვის (შემსრულებლებისათვის) თხოვების ფორმით გადაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით.“.

2. პირველ მუხლს დაემატოს 51პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტების ფიზიკური პირებისათვის (შემსრულებლებისათვის) თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტრო იღებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით.“.

3. პირველ მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების ვადიანი სარგებლობის ფორმით გადაცემის ვადას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო.“.

4. მე-2 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები მათ ბალანსზე რიცხულ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს გადასცემენ საკუთარი გადაწყვეტილებებით, ხოლო მცირეფასიან ინვენტარს, ერთჯერადი გამოყენების, სწრაფცვეთად საგნებს, სამკურნალწამლო საშუალებებს, საბრძოლო მასალებს, კვების პროდუქტებს, საწვავ-საპოხ მასალებს, ყველა სახის მარაგნაწილებსა და სხვა საბრუნავ საშუალებებს, ასევე – სხვა უწყებებსა და დაწესებულებებს.“.

5. მე-2 მუხლის 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებს, რომელთაც მოძრავი ნივთი გადაცემული აქვთ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობის გარეშე აღნიშნული მოძრავი ნივთები გადასცენ აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურის ორგანოებს.“.

6. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა აუქციონის გარეშე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით და ამ დებულების პირველი მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

7. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტები – ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს). სხვა იურიდიული პირებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონების გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.“.

8. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით ვადიან სარგებლობაში გაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ აუქციონის წესით, გარდა მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გადაცემის მიზანია ქონების ქირავნობის, იჯარისა და სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ყველაზე კარგ პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით გადაცემის მიზანია ზემოაღნიშნული ქონების ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება მიანიჭოს იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც ქირის ყველაზე მაღალ რაოდენობას შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.

5. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემისათვის აუქციონის გამოყენების თაობაზე იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორის წინადადების, გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.“.

9. მე-3 მუხლს დაემატოს 32 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. აუქციონის ორგანიზება

1. სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო აუქციონის გამართვის თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე უზრუნველყოფს აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დადგენილი წესით.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს დასახელებას;

ბ) პირობებსა და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრებისა და აუქციონის გამართვის ვადას;

ე) „ბეს“, სავაჭრო ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სამინისტრო (ტერიტორიული ორგანო);

ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ტელეფონს;

ზ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

3. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს სახელმწიფო ქონებას.

4. სამინისტრო ან ტერიტორიული ორგანო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები.“.

10. მე-3 მუხლს დაემატოს 33 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღესა და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. აუქციონი იმართება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის მოწყობის დღის ჩათვლით და სამინისტროს (ტერიტორიული ორგანოს) მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში – მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის შესახებ, სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის რაოდენობას. განაცხადში უნდა აისახოს მონაწილის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) „ბეს“ და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სამინისტროს ან ტერიტორიული ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე არის სხვა პირი;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში), ასევე ცნობას პარტნიორების შესახებ.

4. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას მოწყობილ აუქციონში, „ბე“ და მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს თითოეული სახელმწიფო ქონებისათვის ცალ-ცალკე.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი მონაწილის შესახებ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მონაწილეს გადასცემს აუქციონში მონაწილის ბილეთს. ბილეთით მონაწილე ღებულობს აუქციონში მონაწილის სტატუსს.

6. მონაწილეს უფლება აქვს „ბეს“ დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობის შესახებ უარი განაცხადოს მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები.“.

11. მე-3 მუხლს დაემატოს 34 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. აუქციონის გამართვის წესი

1. აუქციონში მონაწილე აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც იმართება აუქციონი, აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. აუქციონს აწყობს აუქციონატორი.

4. თითოეულ ობიექტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყისი ქირის რაოდენობას, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს სამინისტრო (ტერიტორიული ორგანო)).

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ფასის სამჯერ გამოცხადებისა და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება სარგებლობის უფლებით გადაცემულად იმ აუქციონის მონაწილისათვის, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

7. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც აისახება სააუქციონო ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიურად. ოქმს ხელს აწერენ გამარჯვებული, აუქციონატორი, სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი.

8. თუ აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდება.

9. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეებს შეტანილი „ბე“ უკან არ დაუბრუნდებათ.

10. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა მინისტრს (ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს), რომელიც მას ამტკიცებს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში.“.

12. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა შეიძლება მხოლოდ აუქციონის წესით.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ქირავნობის ფორმით აუქციონის გარეშე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.“.

13. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის ან საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში აუქციონის წესით.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება იჯარის ფორმით აუქციონის გარეშე იურიდიულ, ფიზიკურ პირებს ან საერთაშორისო ორგანიზაციას შესაძლებელია გადაეცეთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.“.

14. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თხოვების ფორმით გადაცემა ითვალისწინებს აუქციონის გარეშე მის დროებით უსასყიდლო სარგებლობისათვის გადაცემას.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, ხოლო მუსიკალური ინსტრუმენტები ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) თხოვების ფორმით გადაეცემათ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადებების გათვალისწინებით. სხვა იურიდიულ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს აუქციონის გარეშე თხოვების ფორმით ქონება გადაეცემათ მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.“.

„15. მე-7 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები თხოვების ფორმით აუქციონის გარეშე ფიზიკურ პირებს (შემსრულებლებს) გადაეცემათ მოვლა-პატრონობის, რემონტის, რესტავრაციისა და გამართულ მდგომარეობაში ყოფნის და სხვა პირობით, რომელიც დგინდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“.

16. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა (ქონების გადამცემსა და ქონების მიმღებს) შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის გამართვიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ.

3. სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს შეტანილი „ბე“ ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის რაოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს „ბე“ უკან უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადაცემული ქონების დასახელება და ღირებულება;

ბ) ცნობები აღნიშნული ქონების გადამცემისა და მიმღები პირის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების სარგებლობისათვის დადგენილი ქირის რაოდენობა;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

ე) სხვა მონაცემები გამოცხადებული აუქციონისა და გასაფორმებელი ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით.

5. ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს აუქციონის საფუძველზე გადასაცემი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობებსა და ვადებს.

6. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს ამ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნებით გათვალისწინებულ პირობებს.

7. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს ხელშეკრულებით, გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე