საქართველოს საზღვაო კონცეფციის შესახებ

მიღების თარიღი 02.04.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 000000280.02(0).000.000000 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 4, 30/04/1990
1,150 სიტყვა · ~6 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საზღვაო კონცეფციის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №145 1990 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს საზღვაო კონცეფციის შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 19 თებერვლის №104 განკარგულების თანახმად შექმნილმა რესპუბლიკურმა საკოორდინაციო კომისიამ შეიმუშავა და განსახილველად წარმოადგინა საქართველოს საზღვაო კონცეფციის პროექტი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. მოწონებულ იქნეს რესპუბლიკური საკოორდინაციო კომისიის მიერ წარდგენილი საქართველოს საზღვაო კონცეფცია. 2. გამოქვეყნდეს აღნიშნული დოკუმენტი პრესაში საჯაროდ განსახილველად. 3. საკოორდინაციო კომისიამ საჯარო განხილვის შედეგად მიღებული შენიშვნების გათვალისწინებით განაგრძოს მუშაობა საქართველოს საზღვაო პროგრამის შესაქმნელად. 4. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის განყოფილებებმა და სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტებმა, უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისმა კათედრებმა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულმა სამეცნიერო-კვლევითმა და საპროექტო-ტექნოლოგიურმა ორგანიზაციებმა განიხილონ საქართველოს საზღვაო კონცეფცია და ერთი თვის ვადაში წარუდგინონ თავიანთი შენიშვნები და წინადადებანი რესპუბლიკურ საკოორდინაციო კომისიას. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე                                     ნ. ჭითანავა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                            ზ. მახარაძე საქართველოს საზღვაო კონცეფცია მიწა, მისი წიაღისეული, შიგა და ტერიტორიული წყლები, მცენარეული საფარი და სხვა ბუნებრივი რესურსები საქართველოს ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის რაციონალური ათვისების სამეურნეო სისტემა ქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტის დამკვიდრების სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მიღწევის გზაზე სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა — რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დამოუკიდებელი განვითარების თვალსაზრისით სადღეისოდ პრაქტიკულად ხელუხლებელი რეზერვი. ზღვისპირა მდებარეობა ყველა ქვეყნისათვის წარმოადგენს მისი განვითარების ხელშემწყობ პირობას და შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. საქართველოს მდებარეობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იცვლებოდა როგორც გლობალური, ისე რეგიონალური პოლიტიკური და სამეურნეო ვითარების შეცვლასთან ერთად. ამჟამად საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს, რეალური შესაძლებლობა ექმნება სრულუფლებიანად ისარგებლოს შავი ზღვისა და მსოფლიო ოკეანის სარესურსო პოტენციალით. ამრიგად, რომ გავარკვიოთ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქართველი ხალხისათვის ზღვის ინტენსიურ გამოყენებას, საჭიროა ჯეროვნად შევისწავლით და შევაფასოთ მისი გეოპოლიტიკური, სარესურსო და სამეურნეო პოტენციალი. ამასთან, საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობისათვის. I. შავი ზღვის სარესურსო და გეოპოლიტიკური პოტენციალი 1. შავი ზღვისა და საქართველოს ზღვისპირა მხარის სადღეისოდ ცნობილი ბუნებრივი რესურსებია: ბიორესურსები ზღვის 200-მილიან ეკონომიკურ ზონაში (მათ შორის თევზის რესურსები), ფსკერზე დალექილი წიაღისეული, სასმელი წყლის რესურსები, მინერალური და თერმული წყლები, მაგნეტიტური ქვიშა და სამკურნალო ტალახი, ნავთობი, ტორფი, ინერტული მასალები, ზღვის ენერგია და სხვა. 2. საქართველოს ზღვისპირეთს გააჩნია მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები. 3. შავი ზღვის მეშვეობით საქართველოს შეუძლია ისარგებლოს მსოფლიო ოკეანის ყველა სიმდიდრით და ამით რეალურად გააფართოოს თავისი სამეურნეო და პოლიტიკური აქტიურობის არეალი. 4. ზღვისპირა მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოს პირდაპირი სამეურნეო და კულტურული ურთიერთობების გასაფართოებლად როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან, ისე ევროპის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც შავ ზღვასთან დაკავშირებული არიან სამდინარო-სანაოსნო არტერიებით. 5. საქართველოს საწარმოო-ეკონომიკური კავშირები ქვეყნის ევროპული ნაწილის რესპუბლიკებთან ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით უნდა განხორციელდეს მისი მაღალი გამტარუნარიანობისა და ფუნქციონირების სტაბილური პირობების გამო. 6. შავი ზღვის სატრანსპორტო-სავაჭრო მომსახურების არეალი გავრცელდება ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზეც, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს დაამყაროს მათთან საერთაშორისო სამეურნეო ურთიერთობა და შეასრულოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო-საშუამავლო ფუნქცია. II. საქართველოს ზღვისპირეთის მეურნეობის განვითარების პერსპექტივა 1. საქართველოს სამურნეო-კულტურული კავშირების გაფართოება და მისი საერთაშორისო-სატრანზიტო პოტენციალის სრული რეალიზაცია დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო ფლოტის, როგორც რესპუბლიკის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის შემადგენელი საბაზო დარგის ჩამოყალიბებასთან. შესაბამისად, სავარაუდო ტვირთის თავისებურებათა გათვალისწინებით საჭიროა ფლოტის სტრუქტურის სრულყოფა, სამგზავრო ფლოტის შექმნა. 2. საზღვაო-სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობის ზრდა მოითხოვოს შესაბამისი საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას, რკინიგზისა და საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გადიდებას, არსებული ნავსადგურების რეკონსტრუქციას და ახალი ნავსადგურების მშენებლობას, სანაპირო ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას. საზღვაო-სამეურნეო კომპლექსის ფარგლებში უნდა შეიქმნას ტექნიკური ფლოტით აღჭურვილი სპეციალიზებული საზღვაო-სამშენებლო სამსახური, რომელიც შეასრულებს ჰიდროტექნიკური ნაგებობათა მშენებლობისა და რემონტის, ნავსადგურის აკვატორიისა და მისასვლელი სანაოსნო არხების გაწმენდა-გაღრმავების, ფსკერული ნალექების მოპოვება-გადაზიდვის სამუშაოებს. 3. საქართველოს ზღვისპირეთში მრეწველობის განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა გემთშემკეთებელი (სატრანსპორტო და თევზმჭერი გემები) და გემთმშენებელი (მცირე წყალრწყვის ჩქაროსნული სამგზავრო თბომავლები) საწარმოო კომპლექსის ჩამოყალიბება. 4. საქართველოს ზღვისპირეთში იქმნება შესაძლებლობა გაიზარდოს მრეწველობის იმ დარგების წილი, რომლებიც ზღვით შემოზიდულ ნედლეულს გადაამუშავებენ, აგრეთვე აწარმოებენ საექსპორტო პროდუქციას. 5. პერსპექტიულია თევზჭერის, განსაკუთრებით საოკეანო თევზჭერის, თევზსაჭერი ფერმების (აკვაკულტურის) და თევზის გადასამუშავებელი მრეწველობის შემდგომი განვითარება. ამ პროდუქციამ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს რესპუბლიკის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში (განსაკუთრებით ცხოველური ცილების მწვავე ნაკლებობის პირობებში). 6. საქართველოს ზღვისპირეთის ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის მაღალრენტაბელობას განაპირობებს კომერციული ტურიზმის განვითარება, ხოლო მის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს საქართველოსათვის სპეციფიკური და ახალი დარგების შექმნა (ეკოლოგიური ტურიზმი, სპელეოტურიზმი, ეთნოგრაფიული ტურიზმი და სხვა). ზღვისპირეთის ტურიზმი იქნება რესპუბლიკის ტურიზმისა და რეკრეაციის ერთიანი სისტემის ორგანული ნაწილი, რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი და არა მისი განმსაზღვრელი დარგი. 7. საქართველოს ზღვისპირა ზოლის სამეურნეო მნიშვნელობის ზრდა დადებით გავლენას მოახდენს მიმდებარე რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე; სპეციალიზაციის ტრადიციული დარგების თვისობრივი სრულყოფისა და ახალი ქვედარგების განვითარების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს სასარგებლო კავშირი მსოფლიო მეურნეობასთან, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მოსახლეობის სურსათითა და მაღალი სამომხმარებლო ღირებულების მქონე სხვა საქონლით უზრუნველყოფაში. III. შავი ზღვის პოტენციალის რეალიზაციის პირობები 1. შავ ზღვასა და საქართველოს ზღვისპირა მხარეში ამჟამად მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა. საზღვაო მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობა უნდა გახდეს ბუნებრივი სისტემების მდგომარეობის ეკოლოგიური გაუმჯობესებასა და წონასწორობის შენარჩუნება როგორც აქვატორიაში, ისე სანაპირო ტერიტორიაზე. ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს კოორდინირებულ საქმიანობას და მკაცრ საკანონმდებლო შეზღუდვებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით. შავი ზღვის ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება საერთაშორისო პრობლემაა და საქართველოს უნდა მონაწილეობდეს შესაბამის სახელმწიფოთაშორისო პროგრამების შემუშავებასა და განხორცილებაში. 2. შავი ზღვის რეგიონის მეურნეობის განვითარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საფუძველზე. გადაუდებელი ამოცანაა მსხვილ ქალაქებში, კურორტებზე, სხვა დასახლებულ პუნქტებსა და მდინარეების შესართავების ზონებში ეფექტიან გამწმენდ ნაგებობათა ქსელის შექმნა და მათი ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა. ზღვის სამეურნეო პოტენციალის რეალიზაციის უცილობელი პირობაა სანაპირო ზოლის რღვევის პროცესის თავიდან აცილება და ნაპირდაცვითი სამუშაოების წარმოება. 3. სუვერენული საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი მოითხოვს საზღვაო მეურნეობის რეგულირებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. საქართველომ უნდა აღიაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებული ამ სფეროს ყველა დოკუმენტი და უზრუნველყოს მათი შესრულება სახელმწიფოებრივ დონეზე. საერთაშორისო საზღვაო საქმიანობის აქტივიზაციის პირობებში აუცილებელია საქართველოს საკონსულო სამსახურის ქსელის შექმნა. 4. სუვერენული სტატუსის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფომ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობა, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის უცილობელი პირობაა. ამრიგად, რესპუბლიკის საჯარისო ფორმების ფარგლებში უნდა შეიქმნას ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები. 5. საზღვაო მეურნეობის განვითარება სათანადო კვალიფიკაციის შრომით რესურსებს მოითხოვს. საჭიროა შეიქმნას საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების შესაბამისი სამეცნიერო კადრებით უზრუნველყოფის სისტემა, დამუშავდეს რეგიონის დემოგრაფიული განვითარების პროგრამა. 6. საქართველოში უნდა გაძლიერდეს ზღვასთან დაკავშირებული პრობლემების მეცნიერული კვლევა და გაფართოვდეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა. IV. შავიზღვისპირეთის განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური საფუძვლები 1. საქართველოს ზღვისპირეთს აქვს საკმაოდ განვითარებული მეურნეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის ტერიტორიული დანაწილების არსებულ სისტემაში (სუბტროპიკული მეურნეობა, ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობა და სხვა). ამავე დროს, იგი არ წარმოადგენს ერთიან სამეურნეო-ტერიტორიულ კომპლექს, აქ მხოლოდ ტერიტორიულად არის თავმოყრილი სხვადასხვა უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სამეურნეო ობიექტები. ზღვის პოტენციალის რაციონალური ათვისებისათვის აუცილებელია ჩამოყალიბდეს ერთიანი საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსი, რომლის ეკონომიკური ეფექტიანობა უზრუნველყოფს მის საკუთარ გაფართოებულ კვლავწარმოებას რესპუბლიკის მთლიან ეკონომიკურ სისტემაში. რესპუბლიკის სახალხო მეურნეობაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა დიდი მოცულობის კაპიტალურ დაბანდებათა შესაძლებლობას. ამიტომ, საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსის ჩამოყალიბება და განვითარება უნდა მოხდეს საზღვაო მეურნეობის ძირითადი დარგების შემოსვლის საფუძველზე. წინასწარი ექსპერტული შეფასებით კომპლექსის წარმოქმნისა და განვითარების ეკონომიკური საფუძველი უნდა გახდეს საზღვაო ტრანსპორტი. სოციალური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს როგორც ბიუჯეტის, ისე საწარმოთა წილობრივი მონაწილეობის ხარჯზე. საჭიროა ამ პროგრამაში განისაზღვროს უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და გამოყენების ფორმები, რომლებიც მისაღებია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. 2. ზღვისპირეთის სამეურნეო კომპლექსის ერთიანი და კოორდინირებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საზღვაო-სამეურნეო კომპლექსის მართვის სისტემის შექმნა. 3. ზღვისპირეთის პოტენციალის ათვისებამ და შესაბამისად ერთიანი საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსის შექმნამ ხელი უნდა შეუწყოს მიმდებარე რეგიონის ინტენსიურ განვითარებას, დასავლეთ საქართველოს საშუალო და მცირე ქალაქების სამეურნეო აქტიურობას, არარაციონალური მიგრაციული პროცესების შემცირებასა და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. ეს, თავის მხრივ, გამაწონასწორებელ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განსახლების ერთიანი სისტემის ტერიტორიულ ორგანიზაციაზე. შავი ზღვის პოტენციალის რაციონალური გამოყენებისა და მისი საიმედო ეკოლოგიური დაცვის განსახორციელებლად საჭიროა დამუშავდეს შესაბამის ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც იქნება საქართველოს განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმის ორგანული ნაწილი.