პუბლიკაციის თარიღი 07.05.2025
მოქმედების პერიოდი 07.05.2025 — 15.07.2025
გამომცემი ორგანო სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი
ნომერი №03
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №3
2025 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს კანონის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), მიღების თარიღი: 27/06/2024, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.102317) მე-2 მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის, 2298 მუხლების, 239-ე მუხლის 76-ე პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2025 წლის 6 მაისის №5 სხდომის ოქმის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2025 წლის 7 მაისის №02 დადგენილების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ჯარიმის, საურავის დაკისრების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ეს წესი ასევე ადგენს პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;
ბ) ფონდი – კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი;
გ) ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“;
დ) არაჯეროვანი შესრულება – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა ან/და კანონით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა;
ე) მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად;
ვ) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;
ზ) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება;
თ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;
ი) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი.;
კ) საურავი – თანხა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი მოცულობის თანხას, შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/განხორციელების ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან (ჩათვლით) საპენსიო შენატანის სრულად/ჯეროვნად განხორციელების დღემდე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საურავის დარიცხვის შეჩერებისა/შეწყვეტისა) ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაიანგარიშება წელიწადში 365 დღეზე;
ლ) ერთობლივი ნორმატიული აქტი – შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ნორმატიული აქტი;
მ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ასევე სახელმწიფო დამსაქმებელს;
ნ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;
ო) შემოსავლების სამსახურის სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა;
პ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა;
ჟ) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა.
2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და ფონდის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. დამსაქმებლის მონიტორინგის დაგეგმვა
1. ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლ(ებ)ის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.
2. გეგმური მონიტორინგი ხორციელდება გეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
3. არაგეგმური მონიტორინგი ხორციელდება არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას.
4. გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი ტარდება შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს მონიტორინგის ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით.
5. მონიტორინგის ბრძანება, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს:
ე.ა) იმ დამსაქმებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს ფონდის მონიტორინგის სუბიექტს;
ე.ბ) მონიტორინგის ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს;
ე.გ) 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით მონიტორინგის განხორციელებისას, გაფრთხილებას დამსაქმებლისთვის შემოწმებამდე განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლის შესახებ, რომლიც ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი. მონიტორინგის სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, მონიტორინგის ბრძანებით შესაძლოა განსაზღვროს რამდენიმე უფლებამოსილი თანამშრომელი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე განახორციელებენ მონიტორინგს;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს;
ზ) ინფორმაციას გასაჩივრების უფლების შესახებ, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელებას, მისამართს და გასაჩივრების ვადას;
თ) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას.
6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ამ წესის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეასრულებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, ბრძანების საფუძველზე არ დაიწყოს ან/და ამ წესის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, შეწყვიტოს მონიტორინგის პროცესი.
7. პირს, რომელმაც 2025 წლის 1 მაისამდე დაარღვია კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, მათ შორის, დაარღვია ვადა, თუმცა სრულად შეასრულებს ამ ვალდებულებას არაუგვიანეს საპენსიო ფონდის მიერ შემოწმების დაწყებისა, არ დაეკისრება ჯარიმა, აღნიშნულ პერიოდამდე წარმოშობილი ვალდებულების დარღვევისათვის.
8. ამ წესით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო/პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის/პენსიის მიმღების/მემკვიდრის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. თვითდასაქმებულის მონიტორინგი
1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ფონდი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური მონიტორინგი.
2. მონიტორინგის შედეგად თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების, ვალდებულების შეუსრულებლობის გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას ამ წესითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. არაჯეროვანი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, ფონდი თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა.
3. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფონდი იმოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ ვალდებულებაზე შესაძლო შეუსაბამობების აღმოფხვრა
1. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი მონიტორინგის ბრძანების დამსაქმებლისთვის გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილია აღმოფხვრას საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფონდს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას.
2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, იგი უფლებამოსილია ფონდთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნებისთვის დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში. დამსაქმებლის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის საკითხი განისაზღვრება ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილი ვალდებულებისათვის შემოწმება და შეუსაბამობების იდენტიფიცირება
1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციას, რომელიც მოძიებულ/მიღებულ იქნა მონიტორინგის პროცესში.
2. უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამის დამსაქმებელს წერილობით, ზეპირი ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფორმით დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას.
3. თუ შემოწმების შედეგად, 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე ფიქსირდება მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ როგორც არაჯეროვანი შესრულების, ისე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, შესაბამისი მონაწილის/პენსიის მიმღების მიმართ დამსაქმებლის ვალდებულება კალენდარული წლის (სრული ან არასრული) ჭრილში განისაზღვრება არაჯეროვანი შესრულების შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერებით (გაქვითვით).
4. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის შემოწმების შედეგად:
ა) გამოვლინდება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის ფაქტი ან არაჯეროვანი შესრულება და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების განუხორციელებლობას ან არაჯეროვან შესრულებას, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;
ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და ამავდროულად მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა მონიტორინგის პროცესში მიღებული/გამოკვლეული ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშული შეუსაბამობა არ წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელებას, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს, მონიტორინგის დასრულების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით.
მუხლი 7🔗. პენსიის დანიშვნისას მონიტორინგის წესი
1. საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციის” საფუძველზე მონაწილის/მემკვიდრის მიერ ფონდისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პენსიის მიმღებისათვის პროგრამული გატანის საფუძვლით პენსიის გადაანგარიშებისას, ფონდი უზრუნველყოფს შემოწმებას. შემოწმების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული ხდება, ამ წესის შესაბამისად, არაგეგმური მონიტორინგის ინიცირების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმური მონიტორინგი არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის ან პენსიის გადაანგარიშების და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, იმ საპენსიო აქტივების ფარგლებში, რომლის მიმართაც შემოწმების საფუძველზე არ დგინდება ვალდებულების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შესაძლო ფაქტ(ებ)ი. ამასთან, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნისას/გაცემისას მონაწილეს/მემკვიდრეს/პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა.
3. ამ მუხლის შესაბამისად ინიცირებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული საპენსიო აქტივებისა და ასევე იმ საპენსიო აქტივების, რომლებიც მონიტორინგის შედეგად არ იქნა მიჩნეული ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო აქტივად, მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გადაცემის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნა-გაცემის შესახებ ინსტრუქციით“.
მუხლი 8🔗. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გამოიცემა ელექტრონული სამართალდარღვევის ოქმის ფორმით და რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, დანართი №1 ფორმით.
2. არაჯეროვანი შესრულება გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-14 მუხლით.
4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
5. სამართალდამრღვევისათვის გაცნობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემების, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებების/განმარტებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მონიტორინგის პროცესში მიღებული/განხილული ინფორმაციის/მონაცემების გათვალისწინებით, ფონდის გენერალური დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე გადაწყვეტილებას შემდეგ გადაწყვეტილებათაგან:
ა) სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ბ) საურავის დაკისრების თაობაზე, თუკი მონიტორინგის პროცესი მოიცავს 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდში წარმოშობილ ვალდებულებებს;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არ დაკისრების და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე;
დ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე;
ე) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პირისათვის დარღვევის გამოსწორების − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე;
7. ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-14 მუხლით.
8. მონიტორინგის პროცესში და ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას ფონდი შეიძლება დაეყრდნოს არა მხოლოდ შემოწმების შედეგებს, არამედ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას/მონაცემებს და ასეთი ინფორმაციის/მონაცემების შედეგად იდენტიფიცირებულ შეუსაბამობებს.
მუხლი 9🔗. 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგები
1. 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, ინსტრუქციით და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის ვადაში და დადგენილი წესით საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის გამო, ამასთან, ინსტრუქციით დადგენილი წესით სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შესაბამის დამსაქმებელს დაეკისრება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
ბ) საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შემთხვევაში, დაკირსებული ჯარიმის/საურავის გადახდასთან ერთად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად შესრულება, საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საურავის დაკისრება არ ზღუდავს დამსაქმებელს განახორციელოს საპენსიო შენატანები.
4. 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულებისათვის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/არაჯეროვნად განხორციელების ფაქტი გამოვლინდება ავტომატურად, საქართველოს საგადასახადო კოდექსით შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვადის მომდევნო კალენდარულ დღეს ან საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების მომდევნო კალენდარულ დღეს, ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად შემოწმების განხორციელების საფუძველზე. შემოწმების შედეგად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმისა და საურავის დაკისრება ხორციელდება ავტომატურად ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
5. ერთობლივი ნორმატიული აქტით ან/და ინსტრუქციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/არაჯეროვნად განხორციელების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, არამედ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, საპენსიო ფონდის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელშიც აისახება მათ შორის ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები.
6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება გამოვლენილად ითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დღეს.
7. დამსაქმებლისათვის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მოცულობის შესახებ, განთავსდება დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე, ასევე ეცნობება შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. გადაწყვეტილების დამსაქმებლისათვის გაცნობა ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გამოიცემა არსებითად ამ წესის დანართი №2-ის ფორმით.
10. დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი წარდენისას ან/და შესწორებისას ავტომატურად განხორციელდება შემოწმება და შესაბამისი პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/არაჯეროვნად განხორციელების ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირება, რის შედეგადაც, სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, დადგება ამ მუხლი პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შედეგები.
11. ამ მუხლით გათვალისწინებულის მიუხედავად, საპენსიო ფონდი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგის პროცესი ამ წესის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტის გამოვლენის მიზნით.
მუხლი 10🔗. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება
1. ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ან/და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების) გაცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს:
ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განხორციელებას, რაც მოიცავს საპენსიო შენატანის თანხის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხვასა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელებას.
ბ) დაკისრებული საურავის გადახდას (2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების მიმართ);
გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.
2. ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საურავისა და განუხორციელებელი/არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის გადახდა განხორციელდება ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საბალანსო თანხის ჩარიცხვით. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის ასახვის შემთხვევაში, პირველ რიგში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატანი და შემდგომ საურავი. თუ საბალანსო თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანისა ან/და საურავის სრულად დასაფარად, დაფარვა განხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და შესაბამისი პროპორციით.
3. არაჯეროვანი შესრულებისთვის სამართალდამრღვევის მიერ საურავის ან/და ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან.
4. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების და საურავის გადახდის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა აისახება ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებულ დასაქმებულის/მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ფიქსირდება საბალანსო თანხა, ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ფარგლებში განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანების დაფარვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება/დაფარვა მოხდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისიწინებული პრინციპით.
მუხლი 11🔗. გადაწყვეტილების აღსრულება
1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული, ან ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ვერ მოხდება სრულად საპენსიო შენატანების განხორციელება და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, აღნიშნული ვადის შემდგომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფონდის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს ამ წესის დანართი №3-ით წარმოდგენილი ფორმით.
2. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
3. სააღსრულებო წარმოების შედეგად მიღებული ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა და 2025 წლის 1 მაისის შემდგომ პერიოდისთვის – შეუსრულებელ ვალდებულებაზე საურავის დაკისრების შემთხვევაში ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საურავი ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ ფონდის შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის და საურავის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა ფონდის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად ნაწილდება დასაქმებულ(ებ)ის/მონაწილე(ებ)ის/პენსიის მიმღებ(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო ფონდი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების შედეგად ფონდის მიერ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ან/და საურავის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დასაფარად, პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება და შესაბამისი საურავი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღებული თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების/პენსიის მიმღებების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე.
მუხლი 12🔗. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირების წესი
1. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, ფონდი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების აღმოფხვრის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, კერძოდ, ინსტრუქციით განსაზღვრული წესით წარადგინოს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, ფონდი შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს გამოვლენილი ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირებას ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცვლილების ასახვის შემდეგ, ფონდი ინსტრუქციით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას.
5. იმ შემთხვევაში, თუ ფონდი გამოავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს და შეუძლებელია ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის/დარიცხული სარგებლის გამოქვითვა გადახდილი/გადასახდელი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან, რადგან პენსიის მიმღებს/მემკვიდრეს სრულად აქვს მიღებული პენსია/საპენსიო აქტივები, ფონდი მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ასეთ შენატანზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფონდის ნომინალური მფლობელობის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნება და შესაბამისი თანხის დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნება. ეს პუნქტი არ ვრცელდება კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
6. ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის ფონდისთვის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი და ყველა ღონისძიება.
7. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილ ვალდებულებაზე საპენსიო შენატანის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე, საპენსიო შენატანის არასწორად (მათ შორის ზედმეტად) განხორციელება იმავდროულად ნიშნავს საშემოსავლო დეკლარაციაში შესაბამისი შეცდომის/უზუსტობის არსებობას და პირიქით. ამ პუნქტში მითითებული პერიოდისათვის ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირება ხდება ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციაში ცვლილების ან/და შესწორების შედეგად.
მუხლი 13🔗. აცილება/თვითაცილება
1. მონიტორინგის პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს ფონდის თანამშრომელი, რომელიც:
ა) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი;
ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია;
გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს შემოწმების ობიექტს (არის დამსაქმებელი);
დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. თანამშრომელი ვალდებულია მონიტორინგის დაწყებისას დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობა ან ფონდის გენერალური დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება.
3. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს ფონდის გენერალური დირექტორი.
მუხლი 14🔗. გაცნობის წესი
1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული ფონდის ნებისმიერი ბრძანება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და სხვა ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულისა) დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს (შემდგომში – ადრესატი) ეგზავნება/წარედგინება:
ა) ელექტრონული სისტემის მეშვეობით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით;
გ) ფოსტის მეშვეობით, ადრესატის ფონდისთვის ცნობილ იურიდიულ/რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართზე, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებით გაგზავნა/წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში, ბრძანება/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/შეტყობინება/დოკუმენტი ჩაითვლება ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად მისი ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიღების დადასტურების დღეს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში მისი ელექტრონულ სისტემაში ხელმოწერის დღეს) ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის გვერდზე/ელექტრონული კომუნიკაციის შესაბამისი საშუალებით ადრესატისთვის ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.
3. ამ მუხლის საფუძველზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:
ა) ადრესატს პირადად;
ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;
გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე/იურიდიულ მისამართზე ან ფონდისთვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს/თანამშრომელს.
4. ფონდი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ბრძანების /შეტყობინების ადრესატისთვის განმეორებით წარდგენას/გაგზავნას, თუ პირველ ჯერზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტის ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ფოსტის მეშვეობით მეორედ გაგზავნის შემთხვევაში დოკუმენტი ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად ჩაითვლება მისი მიღების დადასტურების დღეს ან მისი გაგზავნიდან მე-10 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება.
5. ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა ან/და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში). დამსაქმებლისათვის აღნიშნული დოკუმენტი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე.
6. ელექტრონულ სისტემაში და შემოსავლების სამსახურის სისტემაში ფონდის მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპ დასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.
7. ფონდისთვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობაზე და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი.
8. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტზე/ინფორმაციაზე და შეტყობინებაზე.
მუხლი 15🔗. ხელახალი მონიტორინგი
1. დამსაქმებლის შემოწმებული პერიოდის ხელახალი მონიტორინგი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი შემოწმებულ პერიოდზე ახალ საპენსიო დეკლარაციას/წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას წარადგენს ან/და შემოსავლების სამსახურში წარადგენს შეცვლილ ან/და შესწორებულ საშემოსავლო დეკლარაციას. ეს პუნქტი არ ვრცელდება, 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებასთან მიმართებით, დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის და ყოველი შემდგომი შესწორების საფუძველზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ შემოწმებაზე.
2. განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა/არაჯეროვანი შესრულება, თუ ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან არ არის გასული 12 თვე.
მუხლი 16🔗. პერსონალური მონაცემების დამუშავება
1. ფონდი უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, მემკვიდრის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, მათი წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.
2. ფონდის მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ფონდი მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წესის შესაბამისად, ფონდის მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივად.
მუხლი 17🔗. ადმინისტრაციული წარმოების ენა
1. ამ წესით გათვალისწინებული საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია ფონდის მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
მუხლი 18🔗. კომერციული საიდუმლოება
1. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენისას მოითხოვონ მის მიერ წარდგენილი ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების და მონიტორინგის პროცესს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ფონდის გენერალური დირექტორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
დანართი №1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. ---------------------------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
2. -------თბილისი-------
ოქმის შედგენის ადგილი
3. ოქმის შემდგენის სახელი, გვარი, თანამდებობა:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), იურიდიული მისამართი, ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ):
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ (სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ადგილი, არსი):
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----- მუხლი, ----პუნქტი
7. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. ოქმზე თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ოქმის შემდგენი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
10. სამართალდამრღვევი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა; ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღინიშნება უარის შესახებ)
შენიშვნა: სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
დანართი №2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის
გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების თაობაზე
1. შედგენის თარიღი: (რიცხვი, თვე, წელი)
2. შემდგენი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი
3. სამართალდამრღვევი (შემდგომში – დამსაქმებელი):
(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის/ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი))
(შემდგომში – დამსაქმებელი)
4. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ:
5. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის – ჯარიმის და/ან საურავის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი:
6. საპენსიო შენატანის კანონმდებლობით დადგენილი წესით განუხორციელებლობისათვის დამსაქმებელს დაეკისროს:
6.1. ჯარიმა - [...] ლარის ოდენობით;
6.2. საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულება: [...] ლარის ოდენობით.
სამართალდამრღვევი ვალდებულია დარღვევის გამოსწორებისათვის საპენსიო შენატანები განახორციელოს საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე);
6.3. საურავი: საურავის ოდენობა განისაზღვრება ამ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტში მითითებული განუხორციელებელი/ვადის დარღვევით განხორციელებული საპენსიო შენატანის/შენატანების მოცულობის გათვალისწინებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საპენსიო შენატანის/შენატანების განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით, რაც შეადგენს [....]ს.
საურავის დარიცხვა განხორციელდება შესაბამისი საპენსიო შენატანის/შენატანების დამსაქმებლის მიერ სრულად განხორციელებამდე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა). დარიცხული საურავის მოცულობის შესახებ ინფორმაციას, გთხოვთ, გაეცნოთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე.
7. ჯარიმის და საურავის გადახდის ინსტრუქცია:
დამსაქმებელმა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადოს წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და ამავე ვადაში უნდა განახორციელოს ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საპენსიო შენატან(ებ)ი.
ჯარიმის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგი სავალდებულო რეკვიზიტების გათვალისწინებით:
ა) დამსაქმებლის რეკვიზიტები (საიდენტიფიკაციო ნომერი, კოდი);
ბ) დანიშნულება, სადაც უნდა მიეთითოს წინამდებარე გადაწყვეტილების რეკვიზიტები;
გ) ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
დ)ბანკის კოდი:
ე) სახაზინო კოდი:
ვ) ხაზინის ანგარიშის ნომერი:
საურავის გადახდისა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, შესაბამისი მოცულობის თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე, ხოლო საურავის დაფარვა და საპენსიო შენატანების განხორციელება მოხდება საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია) დადგენილი წესით. საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშის ნომრები გამოქვეყნებულია საპენსიო ფონდის ვებ.გვერდზე: https://pensions.ge/ka/for-participants/bank-accounts
8. თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
9. სამართალდამრღვევის უფლებები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის გათვალისწინებით, დამსაქმებელი უფლებამოსილია გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, ამასთან, ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით (მათ შორის, კოდექსი 252-ე მუხლით) გათვალისწინებული უფლებამოსილებით.
დამსაქმებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება გაეგზავნება/წარედგინება მის ელექტრონულ გვერდზე, ასევე ეცნობება სსიპ – შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით, საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ (შემდგომში – წესი) საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას გადაწყვეტილება არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს წესის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის სააღსრულებო ფურცლის წარდგენას და სააღსრულებო წარმოებისათვის საჭირო ქმედებების განხორციელებას.
წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
წინამდებარე გადაწყვეტილება წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, გენერირებულია ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტომატურად, ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად.
დანართი №3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის სააღსრულებო ფურცლის ფორმა
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის
სააღსრულებო ფურცელი №
-------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ადგილი)
1. სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი
----------------------------------------------------------------------------------------------
2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №---, შედგენის თარიღი ----, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: -----.
4. სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი:
-------------------------------------------------------------------------------------------------------
5. კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------
6. მოვალის დასახელება და რეკვიზიტები:
-------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი:
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა: -----
9. სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: -----
10. განსახორციელებელი საპენსიო შენატანის თანხა: -----
11.დარიცხული საურავის თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში): -------
12. საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ის ნომერი: --------
13. დანართი №1 – მოვალის მიერ მონაწილეების მიხედვით გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თან ერთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე სააღსრულებო ფურცელს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს
14. უფლებამოსილი პირი
-------------------------------
(ხელმოწერა/ბეჭედი)
სსიპ საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე