📋

საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 08.05.2025
მოქმედების პერიოდი 08.05.2025 — 27.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №141
კონსოლიდირებული ვერსიები (3)
08.05.2025
27.08.2025
16.01.2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №141 2025 წლის 7 მაისი ქ. თბილისი საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულება“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 15 მაისს.პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე დანართი საქართველოს სპორტის სამინისტროს დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. საქართველოს სპორტის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. 3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 5. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, პროგრამული ბიუჯეტი, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. 6. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით. 7. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე. 8. სამინისტროს აქვს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე. 9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი 0186,  შ. ნუცუბიძის ქ. №68. თავი II. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია მუხლი 2🔗 1. სამინისტრო სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლისა და ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სამინისტრო შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას სპორტის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტრო უზრუნველყოფს სპორტის სფეროში საქართველოს ნორმატიული აქტების შესრულებას. 2. სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება: ა) სპორტის სფეროში ერთიანი საჯარო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება/განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი; ბ) მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; გ) ფიზიკურ აღზრდასა და სპორტზე საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელმისაწვდომობის გაზრდა; დ) სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობა, მათთან თანამშრომლობა და თანამშრომლობის წესის განსაზღვრა, აღიარებული სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი, კომპეტენციის ფარგლებში; ე) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ვ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა; ზ) სპორტის სფეროსთვის კადრების, მათ შორის, მწვრთნელთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია; თ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების საქართველოში ჩატარების, საქართველოს სპორტსმენთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე სპორტული დიპლომატიის მხარდაჭერა; ი) სპორტის სფეროს ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა; კ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების, საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ლ) სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება/ განხორციელების ხელშეწყობა; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ნ) სპორტის სფეროში დარგობრივი კვლევების ჩატარება/ჩატარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა; ო) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა; პ) სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; ჟ) ეროვნული შეჯიბრებების ჩატარების, სპორტის ეროვნული სახეობების შენარჩუნებისა და მათი განვითარების ხელშეწყობა; რ) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი სპორტში ჩართვის ხელშეწყობის გზით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის სპორტში ჩართვის მხარდაჭერა; ს) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სპორტში დოპინგის გამოყენების, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების, სპორტში ძალადობისა და სხვა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სათანადო ღონისძიებათა განხორციელება; უ) კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოში სპორტის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მუხლი 3🔗. სამინისტრო კოორდინაციას უწევს სპორტის მიმართულებას, ხელს უწყობს მის განვითარებასა და გაძლიერებას. თავი III. სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი მუხლი 4🔗 1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სპორტის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას, კოორდინაციას უწევს სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას/სახელმწიფო კონტროლს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების მიერ სამინისტროსგან მიღებული ფინანსური რესურსის მიზნობრივად გამოყენებას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების აქტებსა და მოქმედებებს; გ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; დ) პასუხისმგებელია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების შესრულებაზე; ე) განსაზღვრავს სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკას; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ასევე ახორციელებს სამინისტროს შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილის კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირებს, შესაბამის პირებთან დებს ადმინისტრაციულ, შრომით და სასამსახურო ხელშეკრულებებს ან ხელშეკრულების დადების უფლებამოსილებას ანიჭებს სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებს; ი) წყვეტს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს; კ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დისციპლინური წარმოების წესს; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასცემს ფულად ჯილდოს სამინისტროს თანამშრომლებზე; მ) საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, საჯარო მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში; ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგენს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეებისათვის; პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს; ჟ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს; რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შუამდგომლობს შესაბამის პირს სახელმწიფო ჯილდოს მისანიჭებლად; ს) ნორმატიული აქტით ამტკიცებს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშებს, დაჯილდოების წესსა და პირობებს; ტ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში გრანტების გაცემის წესსა და პირობებს; უ) ამტკიცებს სამინისტროს პროგრამებს/ქვეპროგრამებს და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის შესახებ; ფ) ამტკიცებს სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების წესს; ქ) სპორტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების მიერ გასაწევი მომსახურების/საქმიანობის საფასურების დადგენისათვის განსაზღვრავს ერთიანი და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის ძირითად კრიტერიუმებსა და პრინციპებს; ღ) დებს და წყვეტს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამინისტროს უფლებამოსილებათა სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის დელეგირების შესახებ; ყ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დებულებებს. უფლებამოსილია, განახორციელოს ამ დებულებებში ცვლილების შეტანა; კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანხმებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს; შ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ჩ) ამტკიცებს სამინისტროს შინაგანაწესს; ც) უფლებამოსილია, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის ან გადაწყვეტილების მოსამზადებლად, შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი; ძ) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის; წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს; ჭ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; ხ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჯ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს; ჰ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, ასევე გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ; ჰ​1) მონაწილეობს საქართველოს მთავრობის სხდომებში; ჰ​2) ახორციელებს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 5🔗 1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილების მოხსნისას ან სხვა საფუძველზე მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას, მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდებათ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისთანავე ან მინისტრის დანიშვნისთანავე. 4. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. 5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − მინისტრის მოადგილე. მუხლი 6🔗 1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. 2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს. 3. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას; გ) ხელს აწერს/ვიზას ადებს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს; დ) ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის მუშაობაზე; ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ერთეულის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს ან მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს, რომელიც ზედამხედველობს ამ სტრუქტურულ ერთეულს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს, სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად; თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) ასრულებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ზედამხედველი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს. 4. გარდა სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებული თანამშრომლებისა, შტატგარეშე პოზიციაზე სამინისტროში შესაძლებელია, დასაქმდნენ შესაბამისი პირები (მათ შორის, პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობების ან/და საპროტოკოლო საქმიანობის ან/და სხვა მიმართულებებით), რომლებიც უშუალოდ დაექვემდებარებიან მინისტრს. ასეთ თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაო აღწერილობით ან/და შრომითი ხელშეკრულებით. თავი IV. სამინისტროს სისტემა და სტრუქტურული ერთეულები მუხლი 7🔗 1. სამინისტროს სისტემა მოიცავს: ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს; ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს. 2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) სპორტის დეპარტამენტი; ბ) ადმინისტრაცია (სამსახური); გ) ეკონომიკური დეპარტამენტი; დ) იურიდიული სამსახური; ე) ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახური; ვ) შიდა აუდიტის სამსახური. 3. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირებია: ა) სსიპ − საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი; ბ) სსიპ − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი; გ) სსიპ − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; დ) შპს სპორტმშენსერვისი; ე) ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. მუხლი 8🔗 სპორტის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, განხორციელების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ბ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, სპორტის მნიშვნელობის, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში მისი როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; გ) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნებისათვის, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა; დ) სპორტში დოპინგის გამოყენებასთან, სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციებთან და სპორტში ძალადობასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება; ვ) სპორტის სფეროსთვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს მიერ აღიარებულ და სხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმების შემუშავება; თ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების გამჭვირვალე სისტემების შემუშავება და დახვეწა; ი) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, სამინისტროს მიერ დაფინანსებულ სპორტულ ორგანიზაციებში ანტიკორუფციული მექანიზმებისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა და მათი მონიტორინგი; კ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი სპორტული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ლ) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გასამართი შესაბამისი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, მათ დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; მ) მაღალი მიღწევების სპორტისა და ოლიმპიური და პარალიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობა; ნ) სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ო) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; პ) საზოგადოების, მათ შორის, ბავშვებისა და ახალგაზრდების, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში სხვადასხვა სახის, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, კვლევისა და პერიოდულად განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნა/შექმნის ხელშეწყობა; რ) სასპორტო განათლების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების/ქვეპროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, სპორტის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და ახალგაზრდათა სახელმწიფო მხარდაჭერა; ს) სპორტის სფეროში სოციალური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება; ტ) სპორტის სფეროში დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიების ხელშეწყობა; უ) საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სპორტის სფეროში განსახორციელებელი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება; შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათი შესრულებისა და მონიტორინგის მიზნით, მათ შორის, შესაბამისი პროგრამების/ქვეპროგრამების ასიგნებებიდან დაფინანსების თაობაზე სპორტულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება; ფ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია; ქ) სპორტის სფეროში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში; ღ) სპორტის სფეროში საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში; ყ) სპორტის სფეროში სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა და საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; შ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ჩ) სპორტის სფეროში საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი და საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა; ც) სპორტის სფეროში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშგებასთან, ასევე პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია; ძ) სპორტის მიმართულებით სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებსა და სხვა უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; წ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 9🔗 ადმინისტრაციის (სამსახურის) ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან; ბ) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) უზრუნველყოფა; სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; გ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; დ) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების ზედამხედველობა; ე) საარქივო საქმიანობის წარმართვა; ვ) საშვთა ბიუროს საქმიანობის უზრუნველყოფა; ზ) მოქალაქეთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ი) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება; კ) ადამიანური რესურსების შესახებ სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების/სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარ-ჩვევების, ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირთა მოზიდვის, შერჩევისა და სამუშაოზე მიღების ორგანიზება; მ) სამინისტროში სტაჟირების პროცესის წარმართვა; ნ) სამინისტროს თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ო) თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა; პ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ჟ) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 10🔗 ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა, სამინისტროს საბიუჯეტო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა; გ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებთან კოორდინირებული მუშაობით, წლიური საბიუჯეტო კანონის, აგრეთვე ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; დ) სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და დანიშნულებისამებრ წარდგენა; ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისათვის გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების განხორციელება და, საჭიროებისამებრ, მისი წარდგენა; ვ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება; თ) სამინისტროს სისტემაში კონტროლის განხორციელება ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ი) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა/ ანგარიშგება; კ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება; ლ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი; მ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულების შესაბამისად წარდგენა; ნ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა; ო) სამინისტროს მიზნობრივი პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული პროგრამების/ ქვეპროგრამების ფინანსური ანალიზის განხორციელება; პ) სამინისტროსგან მიღებული ფინანსური რესურსის მიზნობრივად გამოყენების თაობაზე სპორტული ორგანიზაციების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ჟ) დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 11🔗 იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების მიერ მომზადებული საქართველოს მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში, მათში შესწორებების შეტანა და, კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი მსვლელობის მიცემა; დ) სამსახურში შესული სამართლებრივი აქტების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან; ე) სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ვ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) კანონშემოქმედებით სფეროში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტთან, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელშეწყობა; თ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა; ი) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; კ) საჯარო ინფორმაციის გაცემა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ლ) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 12🔗 ინფრასტრუქტურული განვითარებისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემაში უძრავი და მოძრავი ქონების მართვაზე, გამოყენებასა და გადაცემაზე პასუხისმგებლობა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ საქმიანობის ორგანიზების უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობა, სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა; გ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვისა და, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში არსებულ უძრავ ქონებაზე სამუშაოების ჩატარების კოორდინაცია; ვ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი იურიდიული პირების ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრისა და მათი დაკმაყოფილების ქმედითი ხელშეწყობა; ზ) სამინისტროში შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება; თ) სამინისტროს საინფორმაციო/ქსელური ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო/ქსელური სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხელშეწყობა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 13🔗 შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; ე) შიდა აუდიტორული საქმიანობისა და სამინისტროს სისტემის მდგომარეობის შესახებ მინისტრის პერიოდული ინფორმირება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ზ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე შიდა აუდიტის სამსახურის წლიური გეგმის ან/და, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მიერ საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში სპორტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება, შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; თ) გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ი) წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მინისტრისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და დამოუკიდებლობის პრინციპებს; ლ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი; მ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ნ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე სამსახურებრივი შემოწმება, მათ შორის, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლა, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა; ო) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; პ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ჟ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; რ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება; ს) სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 14🔗. ამ დებულების მე-8 − მე-13 მუხლებით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლებამოსილების განსახორციელებლად, შესაბამის პირველად სტრუქტურულ ერთეულ(ებ)ში შესაძლოა, შეიქმნას შიდა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი. თავი V. სხვა დებულებანი მუხლი 15🔗. სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები. მუხლი 16🔗. სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.