პუბლიკაციის თარიღი 13.05.2025
მოქმედების პერიოდი 13.05.2025 — 26.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №№ 1-1/168
ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/168
2025 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ენერგოაუდიტის ჩატარების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრილევან დავითაშვილი
ენერგოაუდიტის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. მიზანი
ენერგოაუდიტის ჩატარების წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მრეწველობაში (წარმოების, ტრანსპორტის ან/და შენობების სექტორში) ენერგოაუდიტის ჩატარების/ანგარიშების მომზადების, სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა) დანერგვის დადასტურების წესისა და პირობების და ენერგოაუდიტის განხორციელების პროცესში შესაბამისი პირ(ებ)ის უფლება-მოვალეობების დადგენა.
მუხლი 2🔗. მოქმედების სფერო
1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირველი კატეგორიის საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც საქმიანობას ახორციელებს წარმოების, ტრანსპორტის ან/და შენობების სექტორში.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება საწარმოზე, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმუმ ერთ-ერთ პირობას:
ა) საწარმოს მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ) საწარმოს მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაწყებულია სალიკვიდაციო წარმოება;
გ) საწარმო არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საწარმო ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამინისტროს.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
ბ) დადგენილება – „ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობების გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 8 აპრილის №107დადგენილება.
გ) დიდი ელემენტი – შენობის, ტექნოლოგიური პროცესის ან სატრანსპორტო სისტემის ისეთი ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწარმოს ჯამურ ენერგომოხმარებაზე.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 4🔗. საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ჩატარების წესი
1. საწარმო ვალდებულია ჩაატაროს ენერგოაუდიტი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.
2. საწარმო ენერგოაუდიტს ატარებს დადგენილებით განსაზღვრული, შესაბამის სფეროში აკრედიტებული ან სერტიფიცირებული პირების მეშვეობით, ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. საწარმო ვალდებულია ენერგოაუდიტის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი.
4.საწარმო ვალდებულია ენერგოაუდიტორს მიაწოდოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები, დაუშვას საწარმოში და ხელი არ შეუშალოს ენერგოაუდიტორს ენერგოაუდიტის ჩატარების პროცესში.
5. საწარმო პასუხისმგებელია ენერგოაუდიტორისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.
6. საწარმო ვალდებულია განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშის ასლი წარუდგინოს სამინისტროს ენერგოაუდიტის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
7. საწარმო განხორციელებული ენერგოაუდიტის ანგარიშს ინახავს, სულ მცირე, 10 წლის ვადით.
8. საწარმო ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულებისგან თავისუფლდება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
9. საწარმოს პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების დადასტურების წესი
1. საწარმოს ენერგოაუდიტის განხორციელების ვალდებულება არ წარმოეშობა და ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულების შესრულება დადასტურებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დანერგილი აქვს ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა (რომლის ძირითადი მიმართულებაა ენერგია), რომელიც დასტურდება ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატით და აღნიშნული სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. ასეთ შემთხვევაში სერტიფიკატს უნდა ახლდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ანგარიში (შემდგომში – რეკომენდაციების შესახებ ანგარიში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საწარმო ვალდებულია ყოველწლიურად ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის მოქმედების პერიოდში სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
3. საწარმო ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის ასლს სამინისტროს წარუდგენს ვალდებულების წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. საწარმო ამ მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატს და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციის შესახებ ანგარიშს ინახავს არანაკლებ 10 წლის ვადით.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატს გასცემს შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირი.
მუხლი 6🔗. ენერგოაუდიტორის მიერ ენერგოაუდიტის ჩატარების წესი
1. ენერგოაუდიტორი ენერგოაუდიტს ატარებს სსტ ენ 16247-1 „ენერგოაუდიტი - ნაწილი 1: ზოგადი მოთხოვნების და სსტ ისო 50002 სტანდარტის შესაბამისად:
ა) შენობების სექტორში „სსტ ენ 16247-2 - ენერგოაუდიტი - ნაწილი 2: შენობები“ სტანდარტის შესაბამისად;
ბ) წარმოების სექტორში „სსტ ენ 16247-3- ენერგოაუდიტი - ნაწილი 3: საწარმოო პროცესები“ სტანდარტის შესაბამისად;
გ) ტრანსპორტის სექტორში „სსტ ენ 16247-4 - ენერგოაუდიტი - ნაწილი 4: ტრანსპორტი“ სტანდარტების შესაბამისად.
2. ენერგოაუდიტი უნდა განხორციელდეს ერთ-ერთი შემდეგი მიდგომის მეშვეობით, შესაბამისი პირობის არსებობისას:
ა) თუ საწარმო შედგება საბოლოო ენერგიის მოხმარების სხვადასხვა, დიდი ელემენტისგან − ამ ელემენტების ინდივიდუალური ენერგოაუდიტების სერიის მეშვეობით;
ბ) თუ საწარმოს აქვს 2 ან 2-ზე მეტი მცირე ზომის ობიექტი, რომლებიც ერთსა და იმავე ან მსგავს საქმიანობას ახორციელებენ, − შერჩევითობის პრინციპით 2 ან რამდენიმე ობიექტის ენერგოაუდიტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების ერთობლიობის არსებობისას − ამავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიდგომების მეშვეობით ერთობლივად.
3. ენერგოაუდიტი, სსტ ენ 16247-ის 1,2,3,4 და 5 ნაწილების შესაბამისად:
ა) უნდა ეფუძნებოდეს განახლებულ, გაზომვად და მოძიებად მონაცემებს ენერგიის მოხმარების შესახებ, ხოლო ელექტროენერგიის შემთხვევაში − აგრეთვე დატვირთვის შესახებ;
ბ) უნდა ასახავდეს შენობის ან შენობების ჯგუფის, საწარმოო დანადგარებისა და ტრანსპორტის მიერ ენერგიის მოხმარების დეტალურ ინფორმაციას (პროფილებს);
გ) ენერგოაუდიტის რეკომენდაცია შესაძლებლობის შემთხვევაში, მარტივი უკუგების პერიოდის მითითების ნაცვლად, უნდა მოიცავდეს სასიცოცხლო ციკლის ღირებულების ანალიზს, რათა შესაძლებელი იყოს გრძელვადიანი დანაზოგის, გრძელვადიანი ინვესტიციის ნარჩენი ღირებულებისა და საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინება.
4. ენერგოაუდიტორი საწარმოსთან ენერგოაუდიტის ჩატარების მიზნით დებს ხელშეკრულებას.
5. ენერგოაუდიტორი საწარმოს ენერგოაუდიტის ჩატარების პროცესთან/მეთოდთან დაკავშირებით აწვდის სრულ/ ამომწურავ ინფორმაციას.
6. ენერგოაუდიტორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო მხარდაჭერის მქონე საწარმო
საწარმო, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით სარგებლობს, ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს და შეინახოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ინფორმაცია მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული პერიოდულობითა და ფორმით.
მუხლი 8🔗. საწარმოთა რეესტრის წარმოების წესი
1. სამინისტრო ქმნის იმ საწარმოების რეესტრს, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ ენერგოაუდიტი ან რომლებსაც დანერგილი აქვთ ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა.
2. სამინისტრო საწარმოთა რეესტრს ადგენს ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე.
3. რეესტრში რეგისტრაციის მიზნით, საწარმო სამინისტროს წარუდგენს ამ წესის დანართის შესაბამის ინფორმაციას და ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო საწარმო, რომელსაც დანერგილი აქვს ენერგომენეჯმენტის ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, ასევე სამინისტროს წარუდგენს სერტიფიკატს.
4. სამინისტრო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესით დადგენილი ენერგოაუდიტის ჩატარების მოთხოვნების შესრულების მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან ან/და საწარმოდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია საწარმო.
6. სამინისტრო საწარმოთა რეესტრში ასახავს საწარმოს სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ენერგოაუდიტის ჩატარების ვადას.
7. საწარმოთა რეესტრში რეგისტრირებული საწარმო, რომელიც ექვემდებარება ენერგოაუდიტის ჩატარებას, თუ მოიპოვებს ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და გარემოსდაცვითი სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს, მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს ენერგომენეჯმენტის ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუქნციონირების სერტიფიკატს, რომლის საფუძველზეც სამინისტრო რეესტრში ასახავს შესაბამის ჩანაწერს.
8. სამინისტრო საწარმოთა რეესტრს აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე და უზრუნველყოფს მის განახლებას.
მუხლი 9🔗. ენერგოაუდიტორების რეესტრის წარმოების წესი
1. სამინისტრო ქმნის ენერგოაუდიტორების რეესტრს, რომელიც მოიცავს:
ა) შესაბამისი აკრედიტაციის/სერტიფიკატის მქონე ენერგოაუდიტორების ჩამონათვალსა და მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებს;
ბ) ენერგოაუდიტების ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს საწარმოს დასახელებას, ენერგოაუდიტორის ვინაობას და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების ჩამონათვალს.
2. ამ მუხლის პირველი პუნტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ენერგოაუდიტის ანგარიში, მათ შორის რეკომენდაციებისა და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და შეიძლება გამჟღავნდეს განზოგადებული ინფორმაციის სახით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულება
2025 წლის 31 იანვრამდე საწარმომ უზრუნველყოს ამ წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით ან ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამინისტროსთვის წარდგენა.