საქართველოს სს რესპუბლიკაში კოლექტიური მებაღეობისათვის შერჩეული და გამოყოფილი მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენებისა და დამატებითი ფართობების შერჩევა-გამოყოფის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 17.08.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №411
სარეგისტრაციო კოდი 000000000.05(0).020.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 8, 31/08/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სს რესპუბლიკაში კოლექტიური მებაღეობისათვის შერჩეული და გამოყოფილი მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენებისა და დამატებითი ფართობების შერჩევა-გამოყოფის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №411
1990 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სს რესპუბლიკაში კოლექტიური მებაღეობისათვის შერჩეული და გამოყოფილი მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენებისა და დამატებითი ფართობების შერჩევა-გამოყოფის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
მიღებულ იქნეს საქსახარქიტექტურის, საქართველოს სსრ აგრომრეწვის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარი სამმართველოს, საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტის, საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს, ქ. თბილისის ორგანიზაციათა შრომითი კოლექტივებისა და შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობის წინადადება და ამის შესაბამისად:
1. შეწყდეს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1987 წლის 15 დეკემბრის № 615 დადგენილებით მოწონებულ სქემაში გათვალისწინებული ფართობების გამოყოფა კოლექტიური მებაღეობისათვის.
2.დაევალოთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს (ამხ. ჩიკვილაძე), საქსახარქიტექტურას (ამხ. ბოკერია), საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს (ამხ. ტალიაშვილი), საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს (ამხ. ქუთათელაძე), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიას (ამხ. ზაალიშვილი) საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოს (ამხ. აბაზაძე), შესაბამისი რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებთან ერთად საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მონაწილეობით:
- შექმნან კომისიები და შეისწავლონ იმ ცალკეული კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობათა ფუნქციონირების მიზანშეწონილობა, რომელთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას:
- დაევალოს ამავე კომისიას შეისწავლოს მებაღეობის ამხანაგობების წევრთა მიერ გამოყოფილი ნაკვეთების ათვისების, საბაღე სახლების მშენებლობისა და ბინების დაცვის მოთხოვნათა შესრულება:
- კომისიამ, ჩატარებული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. ორი თვის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში წინადადებანი იმ კოლექტიური მებაღეობის ამხანაგობებისათვის მიწის ნაკვეთების შერჩევა-გამოყოფის თაობაზე, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაუქმების შესახებ, რომელთა ფუნქციონირება არ შეესაბამება ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს, ხოლო მასალები იმ პირთა და ორგანიზაციათა მიმართ, რომელთაც დაარღვიეს მიწის ათვისების, საბაღე სახლების მშენებლობის დამტკიცებული ნორმები ან უგულვებელყვეს ბუნებადაცვითი მოთხოვნები, შესაბამისმა რაიაღმასკომებმა გადასცენ პროკურატურის ორგანოებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გასატარებლად.
3. აიკრძალოს საქართველოს სს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე კოლექტიური მებაღეობისათვის სახნახი, ნასვენი, მრავალწლიანი ნარგავებითა და ტყით დაფარული ფართობების შერჩევა და გამოყოფა, გამოყოფილ ნაკვეთებზე არსებული ნარგაობის გაჩეხვა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელებას. ამასთან, რესპუბლიკაში მიწის ახალი კოდექსის შემუშავებამდე და მებაღეობისა და მეაგარაკეობის ახალი კონცეფციის ჩამოყალიბებამდე შეჩერდეს ამ დანიშნულებით ახალი მიწის ფართობების შერჩევა-გამოყოფა.
4. დაწესდეს, რომ კოლექტიური მებაღეობის ნაკვეთების გამოყოფა განხორციელდეს მას შემდეგ, როდესაც დემოგრაფიული სიტუაციის გათვალისწინებით დაკმაყოფილდება ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილება საკარმიდამო ნაკვეთებზე (არსებული კანონის შესაბამისად) და მიემაგრებათ სათიბ-საძოვრები პირუტყვისათვის.
5. საქართველოს სსრ მინისტრთა და უწყებათა ორგანიზაცია-დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა და მებაღეობის ამხანაგობებმა სახსახარქიტექტურამ და საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭომ გამოყოფილი ფართობების ათვისებისა და კეთილმოწყობის პროექტების (მათ შორის გამწვანების პროექტი) დამუშავებისას აუცილებლად გაითვალისწინონ სოფლის მცხოვრებთა ინტერესებიც (საერთო სარგებლობის წყალსადენის, კანალიზაციის ქსელის, გზების, კულტურულ-საყოფაცხოვრებო ობიექტების აგება, სპორტული მოედნების მოწყობა და სხვა).
6. საქსახარქიტექტურამ (მოწვევა) საქართველოს სსრ აგრომრეწვთან, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოსთან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან, საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტთან, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომთან, საქართველოს სსრ მებაღეობის ამხანაგობათა მუშაობის საკოორდინაციო საბჭოსთან, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებასთან, საქართველოს სახალხო ფრონტთან, საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან, საქართველოს დემოგრაფიულ საზოგადოებასთან, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებთან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებთან, შესაბამის საპროექტო ინსტიტუტებთან ერთად:
- შეიმუშაოს შავიზღვისპირა ზოლში, აგრეთვე ქალაქისა და კურორტის გარშემო კოლექტიური მებაღეობისათვის მიწების გამოყოფის აკრძალვის ან მაქსიმალური შეზღუდვის წინადადებანი და, მთავრობის დადგენილების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ორი თვის ვადაში წარმოუდგინოს იგი საქათველოს სსრ მინისტრთა საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;
- დაამუშაოს საქართველოს სს რესპუბლიკაში კოლექტიური მებაღეობისა და მეაგარაკეობის კონცეფცია კონკრეტული ზონების მიხედვით, მასში სრულიად გაითვალისწინონ ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ინტერესები და მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე წარმოუდგინოს მასალები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს;
- გადასინჯოს თბილსის საგარეუბნო ზონის პროექტი და მასში ცვლილებათა შეტანის საჭიროების შემთხვევაში ორი თვის ვადაში წარმოადგინოს სათანადო წინადადება;
- ორი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადება ადრე გაუქმებული სოფლების აღდგენის შესაძლებლობისა და ამ მიზნით აღნიშნული სოფლების ყოფილ მაცხოვრებელთათვის მიწების უპირატესი გამოყოფის შესახებ;
- განიხილოს თბილისის საგარეუბნო ზონის ზოგიერთ სოფელში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის აკრძალვის კანონიერება და ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს მასალები იმ დადგენილებათა გაუქმების თაობაზე, რომლებიც არ შეესაბამება ქალაქ თბილსისა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე