საქართველოს სსრ მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 25.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №517
სარეგისტრაციო კოდი 000000000.02(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
3,406 სიტყვა · ~17 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სსრ მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება №517 1990 წლის 25 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს სსრ მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „XIII ხუთწლედში შრომითი რესურსების უკეთ გამოყენების რესპუბლიკური მიზნობრივი კომპლექსური პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 დეკემბრის №645 დადგენილების შესაბამისად პროგრამის შემუშავებისათვის. საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელწმიფო კომიტეტში ძირითადად წარმოდგენილია რესპუბლიკის ავტონომიური ფორმირებების, ქალაქებისა და რაიონების (მცირე გამონაკლისის გარდა) შესაბამისი ტერიტორიული პროგრამები, რის საფუძველზეც მუშავდება შრომითი რესურსების გამოყენების რესპუბლიკური პროგრამა, რომლის წარმოდგენის ვადა დადგენილებით გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ოქტომბერში. საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე გადასვლა, კერძოდ, მის გარდამავალ ეტაპზე, უახლოეს ორ წელიწადში ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული ცვლილებანი და მასთან დაკავშირებული მუშაკთა მნიშვნელოვანი გამოთავისუფლება, რაც უმუშევრობის წარმოქნის რეალურ პრობლემას ქმნის, განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის რესპუბლიკის მოსახლეობის დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შემუშავების აუცილებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს: 1. მიღებულ იქნეს საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 დეკემბრის № 645 დადგენილების მითითებათა შესაბამისი გამოყენებით შემუშავდეს საქართველოს სსრ მოსახლეობის დასაქმების 1991 წლის სახელწმიფო პროგრამა ავტონომიური რესპუბლიკების, ავტონომიური ოლქის, ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობის შესაბამისი დასაქმების პროგრამების საფუძველზე, დანართის თანახმად. ამ პროგრამების შედგენისას მითითებული დადგენილების შესაბამისად ფართოდ იქნეს გამოყენებული შრომითი რესურსების გამოყენების მიზნობრივი პროგრამების მომზადებისას მიღებული გაანგარიშებანი და მონაცემები. ავტონომიური რესპუბლიკების, ავტონომიური ოლქის, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობის 1991 წლის დასაქმების სახელმწიფო პროგრამები წარმოდგენილ იქნეს 1990 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო რესპუბლიკური სახელმწიფო პროგრამა - პირველ დეკემბრამდე. 1992-1995 წლების დასაქმების რესპუბლიკური და რეგიონალური პროგრამები შედგენილ იქნეს 1991 წლის ბოლოსათვის პირველი წლის შედეგების გათვალისწინებით. 2. საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტმა აქტიური მეთოდური დახმარება გაუწიოს სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე    ო. ქვილითაია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი               ზ. მახარაძე დანართი რეკომენდაციები საქართველოს სსრ მოსახლეობის სახელმწიფი პროგრამის შემუშავების შესახებ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მისი გარდამავალი ეტაპის უახლოეს ორ წელიწადში, ეკონომიკაში ღრმა სტრუქტურული ცვლილებანი გამოიწვევს მუშაკთა მნიშვნელოვან გამოთავისუფლებას და რეალურ უმუშევრობას. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მწვავე ნეგატიური შედეგები, რესპუბლიკაში სოციალური დაძაბულობის გამძაფრება, აუცილებელია, ამთავითვე იქნეს შემუშავებული მოსახლეობის დასაქმების სახელწმიფო პროგრამა. პროგრამა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი დასაქმების სფეროში სახელწმიფო პოლიტიკის რეალიზაციისათვის. მან უნდა განსაზღვროს შრომის ბაზარზე დასაქმების პროცესების რეგულირების ამოცანები და მისი გადაწყვეტის გზები მოსახლეობის მოთხოვნილებისა და სამუშაო ადგილების ბალანსირების უზრუნველსაყოფად. ამ პრობლემის გადასაწყვეტად და მთავარი მიზნის განსახორციელებლად, რომელიც  ისახავს შრომითი რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, შრომისუნარიანთა მაქსიმალურ დასაქმებასა და მოქალაქეთა სოციალურ დაცულობას, დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიებათა კომპლექსი შემდეგი ძირითადი მიმართულებით: - დასაქმების მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წინა პერიოდში; - მოსახლეობის პროფესიული დასაქმების პერსპექტივები; - შრომის ბაზარი და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის განვითარების ამოცანები; - კადრების მომზადებისა და გადამზადების ფორმებისა და მეთოდების გაუმჯობესების ამოცანები; - მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება; - სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობის დასაქმების პრობლემები. 1. დასაქმების მდგომარეობა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის წინა პერიოდში 1989 წლის შრომითი რესურსების საბალანსო მონაცემებით რესპუბლიკის შრომითი რესურსები 1988 წელთან შედარებით გაიზარდა 18 ათასი კაცით და შეადგინა 3202 ათასი კაცი. სახალხო მეურნეობაში დასაქმებული იყო 2711 ათასი შრომისუნარიანი. მათ შორის: სახელწმიფო სექტორში - 2222 ათასი კაცი, კოლმეურნეობებში - 218 ათასი, კოოპერატივებში (შემთავსებელთა ჩაუთვლელად) – 56,6 ათასი, დამხმარე მეურნეობაში - 209 ათასი, ინდივიდუალურ შრომით საქმიანობაში ჩართული იყო 5 ათასი კაცი, წარმოებიდან მოწყვეტით სწავლობდა - 215,5 ათასი კაცი. შრომისუნარიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან საზოგადოებრივ წარმოებაში არ იყო ჩაბმული 275,2 ათასი კაცი. დროებით უმუშევართა რაოდენობა (სამუშაო ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, სამუშაოს სეზონურობის გამო, III ჯგუფის ინვალიდები და სხვა) 1989 წელს შეადენდა 125,5 ათას კაცს. მათგან 65 ათასი კაცი, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს, საერთაშორისო კლასიფიკაციის შესაბამისად შეიძლება მიეკუთვნონ უმუშევართა კატეგორიას. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წელს სახალხო მეურნეობაში გამოთავისუფლდა 131 ათასი კაცი, 1990 წელს გამოთავისუფლებულთა რიცხვი 50 ათასზე მეტი კაცითაა ნავარაუდევი, მიმდინარე წლის ბოლოს უმუშევართა რიცხვი 80-90 ათას კაცს მიაღწევს. 1991 წელს სახალხო მეურნეობის სტრუქტურული ცვლილებების, აგრეთვე წამგებიანი და დაბალრენტაბელური საწარმოების ლიკვიდაციის ან პროფილის შეცვლის შედეგად მოსალოდნელია კიდევ 100-110 ათასი კაცის გამოთავისუფლება. თუ გავითვალისწინებთ შრომითი რესურსების საშუალო წლიურ ბუნებრივ მატებას (დაახლოებით 13 ათასი კაცი), უმუშევართა სავარაუდო რიცხვი 1991 წლისათვის გაიზრდება 150-160 ათას კაცამდე (ნედლეულის და მასალების შეფერხებებით გამოწვეული გამოთავისუფლების შემთხვევაში კი უმუშევართა რიცხვმა შესაძლებელია სულ მცირე 200-250 ათას კაცს მიაღწიოს). საბაზრო ურთიერთობების ფორმირების კვალობაზე, შრომის ნაყოფიერების და წარმოების ეფექტიანობის მკვეთრი ზრდის პირობებში წარმოება თანდათან გამოათავისუფლებს მთელ „ჭარბ მუშახელს“ და მუშაკთა რაოდენობა შრომის ბაზრის ეგრეთ წოდებული კონტინგენტი, 500 ათას კაცს გადააჭარბებს. აქედან 300 ათასი კაცი (კადრების დენადობის შედეგად ერთი საწარმოდან მეორეში გადამსვლელი) ძირითადად თვითონვე ეწყობა, დანარჩენის შრომითი მოწყობა კი უშუალოდ დასაქმების სამსახურის საზრუნავი იქნება. თუ მათი ერთი ნაწილი ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე იქნებიან დასაქმებული, მეორე დიდი ნაწილი - ეს ის კატეგორიაა, რომლებიც აუცილებელ სოციალურ დაცვას საჭიროებენ. მათგან 60 ათასამდე კაცს მოუწევს სახალხო მეურნეობის პერსპექტიულ მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიის (სპეციალობის) შეცვლა, არანაკლებ 20 ათასი კაცისა და დადგენილი წესის შესაბამისად მიიღებს დახმარებას უმუშევრობისათვის. (აღნიშნული მონაცემები, ბუნებრივია, სავარაუდო გაანგარიშებების შედეგია, რომელსაც რამდენადმე დააზუსტებს ქალაქებსა და რაიონებში კონკრეტული მონაცემების საფუძველზე შედგენილი დასაქმების პროგრამები). განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის შრომაშეზღუდული მოსახლეობის კატეგორია, რომელთა შრომითი მოწყობა დღეისათვისაც ძალზე გაძნელებულია: ბავშვიანი ქალები, შრომის ასაკში შესული ახალგაზრდობა, წინა საპენსიო და საპენსიო ასაკის მოსახლეობა, დასაქმების მოსურნე ინვალიდები, შრომა-გასწორების დაწესებულებებიდან დაბრუნებულები და სხვა. მდგომარეობას ართულებს ზოგიერთი სასოფლო მეურნეობის რაიონში შექმნილი შრომითი რესურსების სიჭარბე. ასეთ რეგიონებს ძირითადად მიეკუთვნებიან ქვემო ქართლის, მესხეთ-ჯავახეთისა და აჭარის მთიანი ზონის რაიონები. საერთოდ რესპუბლიკის სოფლის რაიონებში ძალზე დიდია საზოგადოებრივ სექტორში ჩაუბმელი, შრომითი რესურსების წილი, იგი საშუალოდ 20-30 პროცენტს აღწევს. სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის საწარმოთა დაუინტერესებლობამ ბოლო 25 წლის მანძილზე თითქმის შეუცვლელად დატოვა კადრების პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურა,  რის გამოც სახალხო მეურნეობაში დასაქმებულთა 70 პროცენტი ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული, ხოლო მათი ნახევარი ხელით შრომასთან. თუ გავითვალისწინებთ  იმას, რომ საბაზრო ეკონომიკა ამ მდგომარეობას არ შეიგუებს, - ამ სფეროდანაც შესამჩნევი რაოდენობის მუშაკთა გამოთავისუფლებაა მოსალოდნელი. გამოთავისუფლებელ მუშაკთა რიცხვს გარკვეულად გაზრდის სამხედრო მრეწველობის კონვერსიასთან დაკავშირებული ცვლილებანი და ასევე ეროვნებათაშორის ურთიერთობათა გამწვავების შედეგად წარმოქმნილი მიგრაციული პროცესები. 2. მოსახლეობის პროფესიული დასაქმების პესპექტივები საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, სამუშაო ადგილების განვითარება უნდა განხორციელდეს იმ დარგებსა და საწარმოებში, რომლის პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება, ასევე მატერიალური წარმოების დარგებში სამუშაო ადგილების შემცირების კვალდაკვალ არასაწარმოო სფეროში, კერძოდ, მოსახლეობის მომსახურებაში სამუშაო ადგილების ზრდის ხარჯზე. ამასთან ერთად განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ დასაქმების მიზანდასახული პოლიტიკის განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების განვითარება უნდა მოხდეს არა მარტო საინვესტიციო პოლიტიკის გატარებით, არამედ საწარმოთა შეღავათების (კრედიტები, გადასახადები) პრაქტიკის დანერგვის საფუძველზე. პროფესიული დასაქმების ფორმირების აქტიური პოლიტიკა მოითხოვს ურთერთდაკავშირებული კომპლექსური ღონისძიებების გატარებას საინვესტიციო, ტექნიკური და სოციალური პოლიტიკის სფეროში, პროფესიული და ზოგადი განათლების მოდერნიზაციის, მუშაკთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნის გათვალისწინებით. მოსახლეობის დასაქმების უზრუნველსაყოფად რადიკალურად უნდა შეიცვალოს საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ძირითად მიმართულებად უნდა იქცეს მრეწველობის დეცენტრალიზაცია სოფლის რაიონებისა და მცირე ქალაქების სასარგებლოდ. უნდა შეიქმნას მცირე საწარმოთა ინდუსტრია, რომელიც შეძლებს სწრაფი რეაგირება მოახდინოს ღრმა სტრუქტურული ცვლილებების შედეგებთან. ამ მიზნით სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა დასაქმების რაიონული (საქალაქო) პროგრამების შედგენისას უნდა გაითვალისწინონ ღონისძიებანი მეწარმეობის განვითარებისათვის, კოოპერატივების, საარენდო საწარმოების, ინდივიდუალურ-შრომითი საქმიანობის, გლეხური (ფერმერული) მეურნეობის გაფართოებისათვის. ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს სოფლის რაიონებისა და მცირე ქალაქების საწარმოო პოტენციალის გაზრდისა და მოსახლეობის ლტოლვის შემცირება დიდი ქალაქებისაკენ. ამ საქმიანობის წარმართვისათვის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები, წარმოების ნარჩენები და კუთხისათვის დამახასიათებელი ტრადიციული ხელსაქმეობანი. დასაქმების გაფართოების საშუალებად ისახება მოსახლეობის სერვისის გაუმჯობესების სფერო. მსხვილ სამრეწველო ცენტრებში უნდა მიიღოს განვითარება ცალკეული საამქროების, მისი დანადგარების არენდით გაცემის პრაქტიკამ, მოქნილი ტექნოლოგიების, მოდერნიზებული საწარმოების გავრცელებამ და საერთოდ არსებული საწარმოთა პოტენციალის სრულად გამოყენებამ უნდა უზრუნველყოს შრომითი რესურსების დიდი რაოდენობით ეფექტური გადანაწილება. დიდ მნიშვნელობას იძენს დაუსაქმებელი მოსახლეობის დროებითი დასაქმებისათვის საზოგადოებრივი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის ორგანიზაცია, რომელსაც ახორციელებენ სახალხო დეპუტატთა საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომები დასაქმების სახელმწიფო სამსახურების მონაწილეობით. იგი ძირითადად გამოიყენება დაუსაქმებელი მოსახლეობის სოციალურად ნაკლებად დაცული ნაწილისათვის. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი სამუშაოების ორგანიზება ხელსაყრელია როგორც დაუსაქმებელი მოსახლეობის მხარდასაჭერად, ასევე აღმასკომების ადგილობრივი კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად და მშრომელთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ზემოაღნიშნული ღონისძიებანი, რომლებიც არ მოითხოვენ დიდ დანახარჯებს, ერთის მხრივ ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში დასაქმების სიმწვავეს მნიშვნელოვნად მოხსნიან, მეორეს მხრივ სასოფლო რაიონებისა და მცირე ქალაქების სოციალურ-კულტურულ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის რეალურ საშუალებადაც იქცევიან. 3. შრომის ბაზარი და დასაქმების სახელწმიფო სამსახურის განვითარების ამოცანები მოქალაქის უფლება იყოს თავისი მწარმოებლური და შემოქმედებითი შესაძლებლობების განმგებელი, განმტკიცებულია კანონით „საკუთრების შესახებ“, რაც გამორიცხავს მოქალაქის ყოველგვარ ადმინისტრაციულ იძულებას შრომისადმი ან შრომითი რესურსების გეგმიან გადანაწილებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი, ოჯახური მდგომარეობისა თუ სხვადასხვა მიზეზით წარმოებიდან გამოთავისუფლების გამო ქმნის მოსახლეობის დროებით უმუშევართა კატეგორიას და ეძებს სამუშაოს, რომლის რეალიზება ხდება შრომის ბაზარზე. შრომის ბაზარს აქვს ორი ძირითადი მიმართულება რეგიონალური (რაიონი, ქალაქი, რესპუბლიკა) და სტრუქტურული (ღია, საშინაო, საგარეო და ფიქსირებული). ღია შრომის ბაზარზე ხვდებიან ის მოქალაქეები, რომლებიც უკეთესი შრომის პირობების, ხელფასისა თუ სხვა მიზეზებით კადრების დენადობის სახით ერთი წარმოებიდან მეორეში გადადიან. ძირითადად ახალ სამუშაო ადგილზე ეწყობიან საკუთარი ინიციატივით ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების საშუალებით. საშინაო შრომითი გადაადგილება თვით საწარმოს შიგნით ხდება: საამქროებში, ძირითად თუ დამხმარე წარმოებებში, რაც საერთო სტატისტიკაში ნაკლებად ხვდება. საგარეო შრომის ბაზარს ამჟამად რესპუბლიკაში (საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტების სახით, ან პირიქით) ძალზე უმნიშვნელო ადგილი უკავია, მაგრამ მომავალში, საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში მან შეიძლება ფართო მასშტაბი მიიღოს. დაფიქსირებულია დროებით უმუშევართა ის კატეგორია, რომელიც შრომის ბაზარზე ხვდება დასაქმების სამსახურების მეშვეობით, მათი აღრიცხვა ხდება ამ სამსახურებში და განსაკუთრებულ სოციალურ დაცულობას საჭიროებს. ამჟამად რესპუბლიკაში შრომითი მოწყობის ორგანოების მეშვეობით წელიწადში ათასამდე კაცი ეწყობა სამუშაოდ, საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების დროს კი შესაძლოა 300 ათას კაცს გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ თუ ამჟამად ეს პროცესები მოკლებულია სახელმწიფოს მხრივ რეგულირებას, საკუთრების ახალი ფორმების ამოქმედების, ეკონომიკური სტრუქტურების თანმიმდევრული განსახელმწიფოებრიობის ბაზაზე შეიქმნება შრომის ბაზრის რეალური ფუნქციონირების პირობები. ამ პროცესების რეგულირებისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭებათ დასაქმების სახელმწიფო სამსახურებს, რომლებსაც მაქსიმალურად უნდა გადაეცეს შრომის ბაზართან დაკავშირებული ყველა ფუნქცია. გარდა დროებით უმუშევართათვის სამუშაო ადგილების მოძებნისა, დასაქმების სახელწმიფო სამსახურებმა უნდა განახორციელონ შრომითი რესურსების მოძრაობის რეგულირება, მოთხოვნილება და სამუშაო ძალაზე დაკმაყოფილება, პროფორიენტაციული მუშაობის ორგანიზაცია, კადრების მომზადება და გადამზადება, საზოგადოებრივი ანაზღაურებადი სამუშაოს ორგანიზაცია, უმუშევრობისათვის დახმარების გაცემა და სხვა. ამ მიზნით დასაქმების სახელმწიფო სამსახურები ქმნიან საინფორმაციო ბანკებს დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობისა და სტრუქტურის შესახებ, აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას და აკეთებენ პროგნოზირებას დასაქმებისა და შრომის ბაზრის მდგომარეობის თაობაზე, ვაკანტურ და შესაქმნელ სამუშაო ადგილებზე, განსაზღვრავენ დაუსაქმებელი მოსახლეობის პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოთხოვნილებას, მონაწილეობენ დასაქმების რეგიონალური და რესპუბლიკური პროგრამების შედგენასა და რეალიზაციაში. ასეთ პირობებში შრომის ბაზარი წარმოგვიდგება, როგორც მუდმივი პროცესი სახელწმიფოს მიერ სამუშაო ძალის რეზერვის მომზადებისათვის. ასეთ დროს წარმოებიდან გამოთავისუფლებული მუშაკები სტიქიურად კი არ ხვდებიან შრომის ბაზარზე, არამედ გადაეცემიან ისინი სპეციალური სახელწმიფო სამსახურების შემდგომი გადანაწილებისათვის. ამ ფუნქციის შესრულებისათვის კი შრომითი მოწყობის დღევანდელი სამსახურები მათი საშტატო შემადგენლობით, კვალიფიკაციითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ცხადია, მზად არ არიან. აღსანიშნავია, რომ ყოველ 100 ათას მცხოვრებზე განვითარებულ ქვეყნებში დასაქმების სამსახურების 13-18 მუშაკი მოდის (ინგლის-საფრანგეთში - 21, ავსტრალიაში - 30, შვეციაში - 63), საქართველოში კი 4,4,-ია. თუ მის რაოდენობას ამ სახელწმიფოების მაჩვენებლების მინიმალურ დონემდე (13 მუშაკი, როგორც კავშირისათვის არის გათვალისწინებული) გავზრდით, მაშინ, იგი ახლანდელი 242 მუშაკის ნაცვლად მიაღწევს 720-ს. ამჟამად საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელწმიფო კომიტეტში მზადდება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების პროექტი „საქართველოს სსრ დასაქმების სახელწმიფო სამსახურის შექმნის შესახებ“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელწმიფო პოლიტიკის გატარება მოსახლეობის დასაქმების სფეროში რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 4. კადრების მომზადებისა და გადამზადების ფორმებისა და მეთოდების გაუმჯობესების ამოცანები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი პრობლემა, რომელიც სრულიად ახლებულ მიდგომას საჭიროებს, ეს არის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით შრომის ბაზარზე მოხვედრილი მოსახლეობის პროფესიული დასაქმების პრობლემა. იმ დაფიქსირებულ დროებით უმუშევარი მოსახლეობის კონტიგენტიდან, განსაკუთრებით გამოთავისუფლებულ მუშაკთა შორის, მიახლოებითი პროგნოზირებით 60-70 პროცენტი გადამზადებას დაექვემდებარება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამჟამად რესპუბლიკაში, როცა 65 ათასამდე დროებითი უმუშევარია, ამავე დროს 20 ათასამდე ვაკანტური სამუშაო ადგილია და დაუსაქმებელთაგან პროფესიული შეუთავსებლობის გამო რეალურად მხოლოდ 5 პროცენტი თუ დასაქმება აღნიშნულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე. დანარჩენი, სახალხო მეურნეობის მოთხოვნათა შესაბამისად, აუცილებელ გადამზადებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკა საკადრო პოტენციალს ფლობს, სახალხო მეურნეობაში დასაქმებულია 1800 ათასზე მეტი კვალიფიციური მუშა, 620 ათასი უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების დიპლომიანი სპეციალისტი; ყოველწლიურად 250 ათასი მუშა, 137 ათასი ხელმძღვანელი და სპეციალისტი გადის კადრების უწყვეტ პროფესიული და ეკონომიკური სწავლების სისტემაში მომზადებას, კადრების პროფესიული მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების არსებული სისტემა კრიზისული მდგომარეობის წინაშეა. მუშათა დიდ ნაწილს, მათი ვიწყო სპეციალიზებული მომზადების გამო, არ შეუძლიათ მოემსახურონ რთულ ტექნიკას, აითვისონ ახალი ტექნოლოგიური პროცესები. ამასთან, კადრების წარმოებაში მომზადების სისტემის სუსტი სახელმწიფოებრივი რეგულირება არ უზრუნველყოფს მუშაობისა და სპეციალისტების საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის დონის მიღებას. რესპუბლიკის 166 პროფტექნიკური სასწავლებელი ყოველწლიურად 36 ათას კურსდამთავრებულ მუშას უშვებს, რომელთაგან დანიშნულების ადგილზე მხოლოდ 40 პროცენტი თუ აღწევს და მათი დიდი ნაწილი კვლავ გადამზადებას საჭიროებს; უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სასწავლებლებიდან ყოველწლიურად გამოშვებული 29 ათასი სპეციალისტიდან მესამედზე მეტი უმუშევართა რიგებს ემატებიან. შექმნილი მდგომარეობა გარდაუვალს ხდის განხილულ იქნეს საკითხი იმის შესახებ, რომ (როგორც ეს საკავშირო შრომის და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის დასაქმების პროგრამის პროექტშია გათვალისწინებული) რესპუბლიკაში შეიქმნას კადრების მომზადების სახელწმიფო კომიტეტი, რომელიც რესპუბლიკაში არსებული ყველა სასწავლო ბაზის საფუძველზე შექმნის კადრების მომზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთიან სახელმწიფო სისტემას და კოორდინაციას გაუწევს კადრების მიზნობრივი მომზადების დაგეგმვის, მისი განაწილების, პროფტექგანათლების სისტემის განვითარების, გამოთავისუფლებული მუშაკებისა და დაუსაქმებელი მოსახლეობის გადამზადების, წარმოებაში კადრების მომზადების, სასწავლო ბაზებში პედაგოგიური კადრების ხარისხობრივი გაუმჯობესებისა და სხვა საკითხებს. დასაქმების რესპუბლიკური სამსახური და კადრების მომზადების სახელმწიფო კომიტეტი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დანაყოფების მოთხოვნილებების, დასაქმების მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების საფუძველზე -0 ,განსაზღვრავენ დაუსაქმებელი მოსახლეობიდან მოსამზადებელი და გადასამზადებელი კონტინგენტის რაოდენობას. მათი პროფესიული სწავლების მიმართულებას, სასწავლო დაწესებულებების ნუსხას. რეგიონალური დასაქმების სამსახურები განსაზღვრავენ სამოსწავლო ადგილების რაოდენობას და აფორმებენ ხელშეკრულებას შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან. სწავლება განხორციელდება დასაქმების სახელმწიფო ფონდის სახსრებით, რომელიც შეიცავს როგორც სწავლებისათვის, ისე სტიპენდიისათვის საჭირო ხარჯებს. ამ პრობლემათა გადაწყვეტის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ იგი უნდა განხორციელდეს გადაუდებლად, მაქსიმალურად მოკლე დროში, რამდენადაც მან წინ უნდა გაუსწროს საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლასთან დაკავშირებით დასაქმების სფეროში მოსალოდნელ მწვავე შედეგებს. 5. მოსახლეობის პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება როგორც ქვეყანაში, ისე რესპუბლიკაში შრომისადმი განვითარებულმა არასათანადო დამოუკიდებლობამ გამოიწვია ადამიანის ფაქტორის, მისი აქტივობის შეუფასებლობა, რაც ძირითადად გამოწვეულია მოსახლეობაში პრაქტიკული პროფორიენტაციული მუშაობის უგულებელყოფით. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით ქვეყნის მეცნიერთა შეფასებით მარტო მოქალაქეთა სწორი პროფორიენტირებით შესაძლებელია შრომის ნაყოფიერება 10-20 პროცენტით ამაღლდეს, 1,5-2 პროცენტით შემცირდეს კადრების დენადობა, გაიზარდოს შრომისუნარიანობის ასაკი 8-12 პროცენტით. ამასთან მკვეთრად შემცირდეს ქვეყანაში კადრების გადამზადებაზე გაწეული ხარჯები წელიწადში დაახლოებით 5 მილიარდი მანეთით. ამდენად, პროფორიენტაციული მუშაობის განვითარების პრობლემა უნდა იქცეს რესპუბლიკის დასაქმების პროგრამის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად. პროფორიენტაციული მომსახურება უნდა გაეწიოს როგორც  მოსწავლე ახალგაზრდობას, ისე დაუსაქმებელ შრომისუნარიან მოსახლეობას, გამოთავისუფლებულ მუშაკებს, ინვალიდებს, პენსიონერებს. ამჟამად საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი საკავშირო შრომის სახელმწიფო კომიტეტის თბილისის ახალგაზრდობის პროფორიენტაციის საქალაქო ცენტრის ბაზაზე (რომელიც მიმდინარე წლის ივლისიდან რესპუბლიკის დაქვემდებარებაში გადმოვიდა) ამუშავებს წინადადებებს პროფორიენტირებული სამსახურის რესპუბლიკური სისტემის შესაქმნელად. ამ სამსახურმა, დასაქმების სამსახურებთან მჭიდრო კავშირში, სამეცნიერო-მეთოდურ მუშაობასთან ერთად უნდა განახორციელონ კონკრეტული მასობრივი პროფორიენტირებული ღონისძიებები თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიის, გამოთვლითი ტექნიკის, პროფდიაგნოსტიკური საშუალებებისა და სპეციალური პროგრამების ფართოდ გამოყენებით. 6. სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობის დასაქმების პრობლემები საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის პირობები, როცა წარმოების ეფექტიანობის ამაღლების საფუძველს საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში მაღალკვალიფიციური მუშაკების შრომა განსაზღვრავს, კიდევ უფრო ამძიმებს იმ დაუსაქმებელი სოციალურად ნაკლებად დაცული მოსახლეობის მდგომარეობას, რომელთა (საზოგადოებრივი წარმოებისათვის ისედაც არასასურველი კონტინგენტი) დაბალი კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე გარკვეული შეღავათების გარეშე პრაქტიკულად უსახსროდ ტოვებს. ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებიან ქალები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვების დედები (60-70 ათასამდე კაცი), ახლად შრომის ასაკში შესული ახალგაზრდობა (30 ათასი კაცი), წინა საპენსიო და საპენსიო ასაკის მოსახლეობა (35-40 ათასი), ინვალიდები (25 ათასი) და შრომაგასწორების კოლონიებიდან დაბრუნებულები (3 ათასამდე კაცი). ასეთი კატეგორიის მოსახლეობის დასაქმების რეგულირებისათვის აუცილებელია სპეციალური ღონისძიებების გატარება, რომლემაც ფართო ასახვა უნდა ჰპოვოს დასაქმების სახელწმიფო პროგრამაში. საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, კოოპერატივების მუშა-მოსამსახურეთა საშტატო განრიგებში უნდა დაწესდეს კვოტები მათი აუცილებელი დასაქმებისათვის. შემოღებულ უნდა იქნეს საწარმოთა სტიმულირების ღონისძიებები საფინანსო-საკრედიტო და საგადასახადო შეღავათების სახით. გათავისუფლდნენ ან შეუმცირდეთ გადასახდელები შრომითი რესურსებისათვის და მოგებასთან დაკავშირებით. ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით უფლება უნდა მიეცეთ რეგიონალური დასაქმების სამსახურებს პერიოდულად შეადგინონ ნუსხა იმ კონკრეტული სამუშაო ადგილებისა, რომლებზეც უნდა განხორციელდეს დასაქმება მხოლოდ ამ კატეგორიის მოქალაქეებისა. მათთვის სამუშაო ადგილების შექმნისათვის წილობრივი მონაწილეობა უნდა მიიღონ დასაქმების სამსახურებმა დასაქმების სახელწმიფო ფონდის სახსრების გამოყენებით. მოქალაქეთა სურვილის მიხედვით ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოებრივი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ქალთა, ბავშვიანი დედების დასაქმების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის სპეციფიკური პირობები, რომლებიც განპირობებულია მათი საოჯახო საზრუნავის გამო. ფართოდ იქნეს გამოყენებული დღის რეჟიმის სამუშაოები, მუშაობა მოქნილი სამუშაო გრაფიკებით, სამუშაოს შინ შესრულებით, სამუშაო ადგილების შერჩევა მათი საცხოვრებელი ბინების სიახლოვეს და სხვა. მიზანშეწონილია დასაქმების სახელწმიფო სამსახურებთან შეიქმნას სპეციალური სასწავლო დაწესებულებები ქალთა პროფესიული მომზადებისათვის შინ მუშაობისა და ინდივიდუალურ-შრომითი საქმიანობისათვის. სპეციალური პროგრამის მომზადებას მოითხოვს ახალგაზრდობის დასაქმების საკითხები, შრომის ბაზარზე მათი შემდგომი კონკურენტუნარიანობის ამაღლება (მათი პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრით) და სახალხო მეურნეობისათვის საჭირო პერსპექტიული პროფესიების შესაბამისი მომზადება. აღნიშნულ პროგრამაში უნდა განისაზღვროს შრომით (ალტერნატიული) სამსახურის შრომავალდებულთა დასაქმების სფერო. გარდა ამისა, რომ პენსიონერები დასაქმებისათვის მხარდაჭერას საჭიროებენ, წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის ყოველმხრივ გამართლებულია მათი დიდი პროფესიული გამოცდილების, მაღალი კვალიფიკაციის გამოყენება მათი ფიზიკური უნარ-შესაძლებლობების შესაბამისად. ასევე იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებზეც დაბალი ანაზღაურების გამო არ არის დიდი მოთხოვნილება. მიზანშეწონილია იმ საწარმოთა წახალისება, რომლებიც სპეციალიზებულ საამქროებს, უბნებს, სარეწებს ქმნიან ამ კატეგორიის მუშაკთა დასაქმებისათვის. ინვალიდების დასაქმებით ასეთ სპეციალიზებულ საამქროებში და უბნებში, ასევე ინდივიდუალური საქმიანობით, ერთის მხრივ ხორციელდება მათი აქტიურ ცხოვრებაში ჩაბმა, უმჯობესდება მატერიალური პირობები, მეორეს მხრივ, მათთვის სწორად შერჩეული სამუშაო გარკვეულად სამკურნალო, სარეაბილიტაციო საშუალებაცაა. ინვალიდებს პატენტი ინდივიდუალური შრომითი საქმიანობისათვის უნდა მიეცეთ უფასოდ. იმ კოოპერატივებს, ვინც ინვალიდებს მიიღებენ, თითოეული მუშაკისათვის დაწესებული გადასახადი შეუმცირდეს 50 პროცენტით. ის საწარმოები, რომლებიც არ ღებულობენ ინვალიდებს მათთვის დაწესებული სამუშაო ადგილების ჯავშნის ფარგლებში, იხდიან გადასახადს ერთი მუშაკის საშუალო წლიური ხელფასის ოდენობით დასაქმების ფონდის სასარგებლოდ. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და დასაქმების სამსახურებისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შრომა-გასწორების დაწესებულებებიდან დაბრუნებული პირების ისედაც გაძნელებული შრომითი მოწყობა. საჭირო იქნება გაუქმდეს ან რამდენადმე შერბილდეს ის შეზღუდვები, რომლებიც ნასამართლევ პირებს ეხება (ჩაწერის, ბინათსარგებლობის, რიგ სამუშაო ადგილებზე მიუღებლობის საკითხებში). შრომის ბაზართან დაკავშირებულ მოქალაქეთა დასაქმების რეგულირების საქმეში განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოს მოსახლეობის დასაქმების კანონის მიღებას, რომელიც წარმოადგენს მოქალაქეთა დასაქმების ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის განმსაზღვრელ უმთავრეს დოკუმენტს. იგი შეიცავს სახელმწიფო გარანტიებს ახალ ეკონომიკურ პირობებში მოქალაქეთა შრომის უფლების რეალიზაციის საქმეში და სახელწმიფო პოლიტიკის უმთავრეს პრინციპებს დასაქმების სფეროში. აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მომზადდა საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში ამჟამად წარდგენილია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში შემდგომი სახალხო განხილვისათვის გამოსაქვეყნებლად იმ ვარაუდით, რომ საბოლოოდ გადამუშავებული ვარიანტი დასამტკიცებლად წარედგინოს საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უახლოეს სესიას. * * * ზემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები, მისი ძირითადი მიმართულებანი საფუძვლად უნდა დაედოს დასაქმების საქალაქო (რაიონული) პროგრამების შემუშავებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რეგიონში მოსალოდნელი უმუშევრობის მწვავე სოციალური შედეგების თავიდან აცილება. თანდართული ცხრილები შეიცავენ მხოლოდ აუცილებელ კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც დასაქმების საკითხებთანაა დაკავშირებული. მისი 1-დან მე-8 პუნქტის ჩათვლით შეივსება საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 29 დეკემბრის №645 დადგენილების შესაბამისად შრომითი რესურსების უკეთ გამოყენების მიზნობრივი პროგრამის შემუშავებისათვის წარმოებული გაანგარიშებებიდან (შრომით რესურსებსა და სამუშაო ადგილებს შორის სხვაობის (პუნქტი 8) გამოყენებისას განმარტება მიეცეს მიზეზებს: რამდენი სამუშაო ადგილია დაუკომპლექტებელი და იმავე დროს რამდენია აღრიცხვაზე, რომელიც სამუშაოს ეძებს); დანარჩენი პუნქტები შეივსება პროგნოზული გაანგარიშებების საფუძველზე მხოლოდ 1991 წლისათვის. ციფრობრივ მონაცემებს თან უნდა ახლდეს ფართო ტექსტობრივი განმარტებები, რომლებიც სრულად ასახავენ დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მთელ სისტემას: არსებული და მოსალოდნელი გამოთავისუფლებული მუშაკებისა და დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობის წარმოქმნის მიზეზებს (კონკრეტულად, რომელი არარენტაბელური საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად რამდენი სამუშაო ადგილი გაუქმდება და სხვა), რა პერსპექტიული ღონისძიებები ისახება დაუსაქმებელთა შრომითი მოწყობისათვის და მათი სოციალური გარანტიებისათვის ყველა კონკრეტული გზებისა და საშუალებების ჩვენებით, განსაკუთრებით დაუსაქმებელთა იმ კატეგორიის თაობაზე, რომლებიც სოციალურ დაცვას საჭიროებენ; რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება ადგილობრივი ძალებით (არსებული საწარმოების, ორგნაიზაციების პოტენციალი მაქსიმალური გამოყენებით, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების, სარეწების, ტრადიციული საქმიანობის გამოყენებით), რამდენი სამუშაო ადგილის შექმნაში იქნება საჭირო რესპუბლიკური ორგანოების დახმარება (რა დარგებში, რა მიმართულებებით); რა სასწავლო ბაზები იქნება გამოყენებული დაუსაქმებელთა პროფესიული გადამზადებისათვის, როგორც რეგიონებში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ასევე სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც ფართოდ იქნება გამოყენებული დასაქმების რესპუბლიკურ სახელმწიფო პროგრამაში. დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ძირითადი მაჩვენებლები დასახელება ფაქტიური 1989 მოსალოდნელი 1990 1991 1. მოსახლეობა 2. მოსახლეობის ბუნებრივი მატება 3. შრომითი რესურსები სულ                             აქედან ქალი მათ შორის: შრომისუნარიანი მოსახლეობა შრომისუნარიან ასაკში                                                   სულ                                                               ქალი მომუშავე პენსიონერები                  სულ                                                               ქალი 16 წლამდე ასაკის მომუშავე მოზარდები 4. შრომითი რესურსების განაწილება მეურნეობაში: ა) დასაქმებულთა რიცხოვნობა                                                             სულ                                                            ქალი მათ შორის: - სახელმწიფო საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში                                                            სულ                                                            ქალი - კოლმეურნეობებში                     სულ                                                            ქალი - გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობებში                                                            სულ                                                            ქალი - კოოპერატივებში (შეთავსების გარეშე)                                                            სულ                                                            ქალი დასახელება ფაქტიური 1989 მოსალოდნელი 1990 1991 - ინდივიდუალურ შრომით საქმიანობაში                                                  სულ                                                  ქალი - პირად დამხმარე მეურნეობაში (სოფლის მეურნეობის გარდა)                         სულ                                                              ქალი ბ) მოსწავლეები 16 წლის ასაკს ზევით, რომლებიც წარმოებისაგან მოწყვეტით სწავლობენ                                         სულ                                                              ქალი გ) რელიგიურ საკულტო დაწესებულებებში                                                               სულ დ) საოჯახო მეურნეობაში დასაქმებული (ბავშვების, მოხუცების მომვლებები)    სულ                                                                 ქალი 5. დასაქმების დონე (შრომითი რესურსების მიმართ) 6. სახალხო მეურნეობაში დასაქმებულთა განაწილება დარგების მიხედვით: ა) მატერიალური წარმოების სფეროში - მრეწველობაში                                სულ                                                              ქალი - მშენებლობაში                                სულ                                                              ქალი - სოფლის მეურნეობაში                 სულ                                                              ქალი - სატყეო მეურენეობაში                  სულ                                                              ქალი - ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (საწარმოო დარგების მომსახურება)                                                               სულ                                                               ქალი - საინფორმაციო-გამოთვლითი დაწესებულებებში                            სულ                                                              ქალი ვაჭრობისა , საზ, კვებისა, მატერიალურ- ტექნიკურ  მომარაგებასა, გასაღებასადა დამზადებაში სულ ქალი მატერიალური წარმოების სხვა დარგებში სულ ქალი ბ) არასაწარმოო სფეროში: - სახალხო განათლებაში, კულტურასა და ხელოვნებაში                                       სულ                                                              ქალი - სამეცნიერო დაწესებულებებში სულ ქალი - ჯანმრთელობის, ფიზკულტურის და სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებებში                           სულ                                                              ქალი - ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (მოსახლეობის მომსახურების ნაწილში)  სულ                                                               ქალი - საბინაო კომუნალურ მეურნეობასა  და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურებაში                                 სულ                                                           ქალი საკრედიტო და სახელმწიფო დაზღვევის დაწესებულებებში                           სულ                                                              ქალი - სახელმწიფო მმართველობის აპარატში  სულ                                                               ქალი 7. სამუშაო ადგილების რაოდენობა (გეგმიური რიცხოვნობა) სულ მათ შორის: მრეწველობაში მშენებლობაში სოფლის მეურნეობაში სხვა დანარჩენ დარგებში კოოპერატივებში 8. შრომით რესურსებსა და სამუშაო ადგილებს შორის სხვაობა (+ - ) 9. საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლის დროს მოსალოდნელი გამოთავისუფლებული მუშაკების რაოდენობა                                                                                              სულ                                                                           ქალი მათ შორის: - შტატების შემცირების გამო                                                                          სულ ნედლეულისა, მასალების, ენერგიის მოუწოდებლობის                          სულ                                                                   ქალი არარენტაბელური საწარმოებსი ლიკვიდაციის შედეგად                          სულ                                                               ქალი -  სოფლის მეურნეობაში საარენდო, საიჯარო, გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობებზე გადასვლასთან დაკავშირებით              სულ                                                                       ქალი 10. დაუსაქმებელი შრომითი რესურსების რაოდენობა (პუნქტი 8 + პუნქტი 9)        სულ                                                                        ქალი დასახელება ფაქტიური 1989 მოსალოდნელი 1990 1991 ა) დასაქმებიდან             სულ                                                             ქალი                 მათ შორის: - ვაკანტურ სამუშაო ადგილებზე სულ                                                             ქალი - ახლადშექმნილ სამუშაო ადგილებზე სულ ქალი - ცვლიანობის კოეფიციენტის გაზრდის შედეგად                                             სულ                                                              ქალი შემცირებული სამუშაო დის  (კვირის) რეჟიმის დანერგვით სულ ქალი - შინ მუშაობის რეჟიმის გაფართოებით                                                              სულ                                                              ქალი - საზოგადოებრივ ანაზღაურებად სამუშაოებზე                                                              სულ                                                            ქალი - გაიგზავნება პროფესიული მომზადების, გადამზადების სასწავლო ბაზებში       სულ                                                                      ქალი ბ) დარჩება დასაქმების გარეშე                                                                       სულ                                                                       ქალი მათ შორის: - ბავშვიანი (12 წლამდე) ქალები - ახალგაზრდები (16-28 წლის) - შრომაგასწორების დაწესებულებებიდან დაბრუნებულები