აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/172
2025 წლის 13 მაისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2024 წლის 11 ნოემბრის N01/2287 განცხადება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში –დეპარტამენტი) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი მიწისქვეშა გასასვლელი.
საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა, საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე, ამიტომ ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო.
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საქართველოს მოქალაქის ელნარ ბაირამოვის (პ/ნ 28001102165) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8096 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.07.08.084) ნაწილის 2651 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8096 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.07.08.084) მესაკუთრეა ელნარ ბაირამოვი (პ/ნ 28001102165).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელნარ ბაირამოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8096 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.07.08.084) ნაწილი 2651 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის 8 აპრილის სხდომის ოქმის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ელნარ ბაირამოვის (პ/ნ 28001102165) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8096 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.07.08.084) ნაწილზე 2651 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი