ქალაქ თბილისის ფარგლებში არსებული „დიდი დიღმის“ საცხოვრებელი რაიონის შემდგომი ათვისების შეწყვეტის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სოფელ დიღმისათვის დაბრუნებისა და უახლოეს პერიოდში ქალაქის განვითარების შესახებ
მიღების თარიღი 12.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №494
სარეგისტრაციო კოდი 000000140.02(0).000.000000 1
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის ფარგლებში არსებული „დიდი დიღმის“ საცხოვრებელი რაიონის შემდგომი ათვისების შეწყვეტის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სოფელ დიღმისათვის დაბრუნებისა და უახლოეს პერიოდში ქალაქის განვითარების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №494
1990 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის ფარგლებში არსებული „დიდი დიღმის“ საცხოვრებელი რაიონის შემდგომი ათვისების შეწყვეტის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სოფელ დიღმისათვის დაბრუნებისა და უახლოეს პერიოდში ქალაქის განვითარების შესახებ
მიღებულ იქნეს ძირითადად სოფელ დიღმის მოსახლეობის მოთხოვნით „დიდი დიღმის“ საცხოვრებელი რაიონის ათვისების შეწყვეტისა და ტერიტორიის სოფლისათვის დაბრუნების საკითხის შესასწავლად საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 4 ოქტომბრის № 820 განკარგულებით შექმნილი კომისიის წინადადება, რომლის გათვალისწინებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. აიკრძალოს ქალაქ თბილისის მოსახლეობის მექანიკური ზრდა.
2. შეწყდეს ქალაქ თბილისის საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის დანიშნულებით ახალი ტერიტორიების ათვისება.
ბინათმშენებლობა განხორციელდეს მხოლოდ ფონიჭალის, ლოჭინის, ზღვისუბნის, რადიოსადგურისა და სოფტექნიკის ტერიტორიაზე, ვაშლიჯვრის, ბაბისხევის, დელისის, წყაროთუბნის, მუხიანის ფერდობებზე და მცირესართულიანი განაშენიანების სარეკონსტრუქციო უბნებში.
3. დავალოთ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს, თბილისის მთავარ არქიტექტურულ-დაგეგმარებით სამმართველოს და ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტს“ უზრუნველყონ ქალაქმშენებლობის დროებითი კომპრომისული პროგრამით გათვალისწინებული მშენებლობანი საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციით.
4. დამთავრდეს „დიდი დიღმის“ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მიკრორაიონების მშენებლობა და განლაგდეს შიგნით ყველა აუცილებელი მომსახურების ობიექტი.
5. შეწყდეს „დიდი დიღმის“ შემდგომი განაშენიანება და დაუბრუნდეს მცხეთის რაიონის სოფელ დიღომს ქალაქ თბილისის საბინაო და სამოქალაქო მშენებლობისათვის საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1979 წლის 26 აპრილის № 272 დადგენილებით გამოყოფილი 1050 ჰექტარი მიწის ფართობიდან 782,45 ჰექტარი, მათ შორის: სახნავი - 336,14 ჰექტარი, სათიბ-საძოვარი - 176,32 ჰექტარი, საკარმიდამო მიწები - 81,84 ჰექტარი, ტყე-ბუჩქნარი ქარსაფარების ჩათვლით - 61,45 ჰექტარი და სხვა მიწები - 126,70ჰექტარი.
6. კომისიის დასკვნის თანახმად განისაზღვროს გადასაცემი ტერიტორიის შემდეგი საზღვრები:
სამხრეთ-დასავლეთით საზღვარი გასდევს წყალგამყოფი ქედის თხემს, რომელიც ესაზღვრება სოფელ ლისს და გადაკვეთს თბილისის და ლისის საზღვარს. სოფლის საზღვარი ზემოაღნიშნულ ქედს გასდევს აღმოსავლეთის მიმართულებით, აკეთებს რკალს ჩრდილო-აღმოსავლეთით და მისი „დოსააფის“ ტერიტორიამდე, ჩაჰყვება სარაჯიშვილის ქუჩას აღმოსავლეთის მიმართულებით ძველ ხიდამდე, ხიდიდან გაივლის მდინარე დიღმურას და უერთდება საქართველოს სამხედრო გზას. აქედან საზღვარი გაივლის სამხედრო გზაზე „დიდი დიღმის“ შესახვევამდე, შემდეგ გაივლის დასავლეთ საქართველოს პროსპექტს მესამე მიკრორაიონის ბოლომდე, შემოუვლის მესამე, მეოთხე და მეექვსე მიკრორაიონებს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ტერიტორიების ჩათვლით, და უერთდება აღმოსავლეთით მუხათგვერდის სასაფლაოზე მიმავალ გზას, გასდევს გზას აღმოსავლეთის მიმართულებით ზურგოვანის დასახლების შესახვევამდე და შემდეგ მიჰყვება მცხეთის რაიონის სასწავლო-საცდელი მეურნეობის მიწების საზღვარს, რკინიგზის გასხვისების ზოლამდე.
7. ზემოაღნიშნულ საზღვრებში არ აშენდეს გეგმით გათვალისწინებული არც ერთი ობიექტი, მათ შორის, ტრავმატოლოგიის ცენტრი, ხოლო სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის საწარმოო ბაზისა და საქართველოს ყრუთა საზოგადოების № 1 სასწავლო საწარმოს ობიექტების მშენებლობის საკითხი გახდეს მსჯელობის საგანი.
8. დაევალოთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს და მცხეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან ერთად გამოუყონ არსებული წესის შესაბამისად საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო და კლინიკურ-ექსპერიმენტული ცენტრის ასაშენებლად 8 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მიწებიდან გლდან-დიდი დიღმის ახლად აშენებული მაგისტრალის მარჯვენა მხარეს, მათი სათანადო კომპენსაციით.
9. დაევალოთ საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, საპროექტო ინსტიტუტს „საქქალაქმშენსახპროექტს“ უმოკლეს ვადაში შეადგინონ პროექტი საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინსიტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო და კლინიკურ-ექსპერიმენტული ცენტრის ასაშენებლად ახლად გამოყოფილ ტერიტორიაზე.
10. დაევალოთ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომს, მცხეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს, თბილისის მთავარ არქიტექტურულ დაგეგმარებით სამმართველოს და ინსტიტუტ „საქმიწსახპროექტს“ ერთი თვის ვადაში დაადგინონ გადაცემული ტერიტორიის საზღვრები, ადგილზე გამიჯნონ სათანადო ნიშნებით და მოახდინონ მიღება-ჩაბარება სათანადო აქტით, რომლის საფუძველზე დაამუშაონ შესაბამისი წინადადებანი ადრე მიღებულ დადგენილებებში სათანადო ცვლილებათა შესატანად.
11. დაევალოს საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს (ამხ. მგელაძე), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს (ამხ. ჩიკვილაძე), საქართველოს სსრ სახარქიტექტურას (ამხ. მირიანაშვილი), მცხეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს, დიღმის სასოფლო საბჭოსა და საბჭოთა მეურნეობის დირექციას განიხილონ სოფელ დიღმის მკვიდრთათვის საკარმიდამო მიწის ფონდის გამოყოფის საკითხი, დასაბრუნებელი მიწებიდან „დიდი დიღმის“ მშენებლობისათვის ადრე გათვალისწინებული ტერიტორიების აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი მშენებლობის მოპირდაპირე მხარეს, და წარმოუდგინონ მასალები არსებული წესით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს.
12. დაევალოთ საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს, მცხეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს, დიღმის საბჭოთა მეურნეობის დირექციას თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან ერთად განიხილონ სოფელ დიღმისათვის ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომისათვის დასაბრუნებელ ტერიტორიაზე დაგეგმარების პროექტის, საპროექტო-საძიებო და საპროექტო-ტექნიკური დოკუმენტაციის დასამუშავებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი.
13. შეწყდეს სოფელ დიღმის მექანიკური ზრდა, აიკრძალოს არამკვიდრი მოსახლეობის ამ სოფელში ჩაწერა, ბინისა და მიწის მიღების აღრიცხვაზე აყვანა.
14. თბილისის ის საწარმო-დაწესებულებები, რომლებიც შემდგომში მოექცევიან სოფელ დიღმის საზღვრებში, ადმინისტრაციულად კვლავაც ქალაქ თბილისს დაექვემდებარებიან.
15. „დიდი დიღმის“ რთული ჰიდროგეოლოგიური პირობების გამო შესწავლილ იქნეს საკითხი, თუ რა ღონისძიებათა გატარებაა საჭირო სოფელ დიღმისათვის დასაბრუნებელი მიწების მორწყვასთან დაკავშირებით, არსებული განაშენიანების უსაფრთხოებისა და მდგრადობისათვის. ამ პრობლემის შესწავლამდე აიკრძალოს აღნიშნული ტერიტორიების მორწყვა.
16. დაისვას „დიდ დიღომში“ სსრ კავშირის თავდაცვის მრეწველობის სამინისტროს ავტომატიკისა და ჰიდრავლიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობის შეწყვეტის საკითხი, ხოლო მშენებარე შენობა-ნაგებობანი გამოყენებულ იქნეს სხვა დანიშნულებით.
17. ნება დაერთოს ქალაქ თბილისის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას თბილისის საწარმო-დაწესებულებებში შრომითი მოწყობისათვის, თბილისში ჩაწერისა და ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანის გარეშე.
18. ქალაქ თბილისისათვის საჭირო ტერიტორიების დეფიციტი ლიკვიდირებულ იქნეს მისთვის უშუალოდ არასაჭირო საწარმო-დაწესებულებათა და სამხედრო ობიექტების სხვა რეგიონებში გატანით, როგორც ეს გათვალისწინებულია ქალაქის გენერალური გეგმით და სხვა სათანადო დადგენილებებით.
ქალაქში არსებულ დაწესებულებათა ტერიტორიები გამოყენებულ იქნეს მაქსიმალურად, მათი განაშენიანების სიმჭიდრობისა და სართულიანობის გაზრდით.
19. მიზანშეწონილად ჩაითვალოს ქალაქ თბილისის შემდგომი კომპლექსური განვითარების კონცეფციის დამუშავებისას შეფასდეს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობანი აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, ქალაქ მარნეულში თბილისის ქალაქ-თანამგზავრის შექმნის შესაძლებლობის მოსინჯვით, სათანადო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
ქალაქ თბილისის განვითარების კონცეფცია და პროექტები დამუშავდეს კონკურსის საფუძველზე, მათი ფართო საზოგადოებრივი განხილვით.
20. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გამოყოს სათანადო სახსრები ქალაქის ახალი გენერალური დაგეგმარების პროექტების დასამუშავებლად.
21. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტმა შეასრულოს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის შეკვეთით ქალაქის ტერიტორიების ეკონომიკური შეფასების, ქალაქის ეკოლოგიური ზონირებისა და ეკოლოგიური პასპორტის შექმნის, ქალაქის ბუნების დაცვის კომპლექსური პროგრამის სამუშაოები.
22. რესპუბლიკური გაერთიანება „საქკურორტის“ კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის შეკვეთით შეისწავლოს ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე საკურორტო რესურსები და წარმოადგინოს წინადადებანი ქალაქის მოსახლეობის გასაჯანსაღებლად.
23. დაევალოს საქართველოს სსრ სახარქიტექტურას შექმნას საქართველოს არქიტექტურის კავშირთან თბილისისა და მისი აგლომერაციის კომპლექსური განვითარების პროგრამების შემსწავლელ მეცნიერ-სპეციალისტთა მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი ჯგუფი.
24. ქალაქ თბილისის შემოგარენში არსებულ ყველა სოფელს მაქსიმალურად მიეცეს შემდგომი განვითარების საშუალება, ჩამორთმეული საკარმიდამო ფონდისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაბრუნებით. დაევალოთ საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოს, საქართველოს სსრ სახარქიტექტურას წარმოადგინონ შესაბამისი რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებთან ერთად შეთანხმებული წინადადებანი არსებული წესით.
25. დაევალოთ საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სსრ სახარქიტექტურას, საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს წარმოადგინონ წინადადება ამ დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით შესაბამის დადგენილებებში ცვლილებათა შესატანად.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე