საქართველოს საზღვაო კონცეფციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.09.1990
გამომცემი ორგანო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
ნომერი №436
სარეგისტრაციო კოდი 000000280.02(0).00.000000 3
გამოქვეყნების წყარო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.09.1990 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საზღვაო კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №436
1990 წლის 3 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საზღვაო კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ მისი 1990 წლის 2 აპრილის № 145 დადგენილებით მოწონებული საქართველოს საზღვაო კონცეფციის პროექტი გამოქვეყნდა პრესაში საჯაროდ განსახილველად.
საჯარო განხილვის შედეგად შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს საზღვაო კონცეფცია და მიღებულ იქნეს იგი ამ მიმართულებით სამთავრობო პოლიტიკის განხორციელების საფუძვლად.
შავი ზღვისა და საქართველოს ზღვისპირა რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემისადმი მიდგომა სრულად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საზღვაო კონცეფციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებსა და მოთხოვნებს.
2. საქართველოს საზღვაო კონცეფციით გათვალისწინებული საზღვაო სამეურნეო კომპლექსის მართვის სისტემის ჩამოყალიბებამდე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 19 თებერვლის № 104 განკარგულებით შექმნილი რესპუბლიკური საკოორდინაციო კომისია გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო საზღვაო პროგრამის შემმუშავებელ მუდმივმოქმედ კომისიად.
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო პროგრამის შემმუშავებელი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში დამატებით იქნენ შეყვანილი: გ. გაბუნია - ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტის“ განყოფილების გამგე, თ. კირთაძე - რესპუბლიკური სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი, ნ. მელიქაძე - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ა. ჯავახიშვილი - ზომამცირე გემების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი.
საქართველოს საზღვაო კონცეფცია
მიწა, მისი წიაღისეული, შინა და ტერიტორიული წყლები, მცენარეული საფარი და სხვა ბუნებრივი რესურსები საქართველოს ეროვნული სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის რაციონალური ათვისების სამეურნეო სისტემა ქმნის სახელწმიფო სუვერენიტეტის დამკვიდრების სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს. საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მიღწევის გზაზე სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს შავი ზღვა - რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის დამოუკიდებელი განვითარების თვალსაზრისით სადღეისოდ პრაქტიკულად ხელუხლებელი რეზერვი.
ზღვისპირა მდებარეობა ყველა ქვეყნისათვის წარმოადგენს მისი განვითარების ხელშემწყობ პირობას და შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. საქართველოს მდებარეობის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იცვლებოდა როგორც გლობალური, ისე რეგიონალური პოლიტიკური და სამეურნეო ვითარების შეცვლასთან ერთად. ამჟამად საქართველოს, როგორც საზღვაო სახელმწიფოს, რეალური შესაძლებლობა ექმნება სრულუფლებიანად ისარგებლოს შავი ზღვისა და მსოფლიო ოკეანის სარესურსო პოტენციალით. ამრიგად, რომ გავარკვიოთ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ქართველი ხალხისათვის ზღვის ინტენსიურ გამოყენებას, საჭიროა ჯეროვნად შევისწავლოთ და შევაფასოთ მისი გეოპოლიტიკური, სარესურსო და სამეურნეო პოტენციალი. ამასთან, საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობისათვის.
I. შავი ზღვის სარესურსო და გეოპოლიტიკური პოტენციალი
1. შავი ზღვისა და საქართველოს ზღვისპირა მხარის სადღეისოდ ცნობილი ბუნებრივი რესურსებია: ბიორესურსები ზღვის 160-მილიან ეკონომიკურ ზონაში, მათ შორის, თევზის რესურსები, ფსკერზე დალექილი წიაღისეული, სასმელი წყლის რესურსები, მინერალური და თერმული წყლები, მაგნეტიტური ქვიშა და სამკურნალო ტალახი, ნავთობი, ტორფი, ინერტული მასალები, ზღვის ენერგია და სხვა.
2. საქართველოს ზღვისპირეთს გააჩნია მნიშვნელოვანი ისტორიული და ბუნებრივი ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები.
3. შავი ზღვის მეშვეობით საქართველოს შეუძლია ისარგებლოს მსოფლიო ოკეანის ყველა სიმდიდრით და ამით რეალურად გააფართოოს თავისი სამეურნეო და პოლიტიკური აქტიურობის არეალი.
4. ზღვისპირა მდებარეობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის საქართველოს პირდაპირი სამეურნეო და კულტურული ურთიერთობების გასაფართოებლად როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებთან, ისე ევროპის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც შავ ზღვასთან დაკავშირებული არიან სამდინარო-სანაოსნო არტერიებით.
5. საქართველოს საწარმოო-ეკონომიკური კავშირები ქვეყნის ევროპული ნაწილის რესპუბლიკებთან ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით უნდა განხორციელდეს მისი მაღალი გამტარუნარიანობისა და ფუნქციონირების სტაბილური პირობების გამო.
6. შავი ზღვის სატრანსპორტო-სავაჭრო მომსახურების არეალი გავრცელდება ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთ შუა აღმოსავლეთის ქვეყნებზეც, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს დაამყაროს მათთან საერთაშორისო სამეურნეო ურთიერთობა და შეასრულოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო-საშუამავლო ფუნცია.
II. საქართველოს ზღვისპირეთის მეურნეობის განვითარების პერსპექტივა
1. საქართველოს სამეურნეო-კულტურული კავშირების გაფართოება და მისი საერთაშორისო-სატრანზიტო პოტენციალის სრული რეალიზაცია დაკავშირებულია საქართველოს საზღვაო ფლოტის, როგორც რესპუბლიკის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის, შემადგენელი საბაზო დარგის ჩამოყალიბებასთან. შესაბამისად სავარაუდო ტვირთის თავისებურებათა გათვალისწინებით საჭიროა ფლოტის სტრუქტურის სრულყოფა, სამგზავრო ფლოტის შექმნა.
2. საზღვაო-სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობის ზრდა მოითხოვს შესაბამისი საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას, რკინიგზისა და საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გადიდებას, არსებული ნავსადგურების რეკონსტრუქციას და ახალი ნავსადგურების მშენებლობას, სანაპირო ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებას.
საზღვაო-სამეურნეო კომპლექსის ფარგლებში უნდა შეიქმნას ტექნიკური ფლოტით აღჭურვილი სპეციალიზებული საზღვაო-სამშენებლო სამსახური, რომელიც შეასრულებს ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობისა და რემონტის, ნავსადგურის აკვატორიისა და მისასვლელი სანაოსნო არხების გაწმენდა-გაღრმავების, ფსკერული ნალექების მოპოვება-გადაზიდვის სამუშაოებს.
3. საქართველოს ზღვისპირეთში მრეწველობის განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა გემთშემკეთებელი (სატრანსპორტო და თევზმჭერი გემები) და გემთამშენებელი (მცირე წყალწყვის ჩქაროსნული სამგზავრო თბომავლები) საწარმოო კომპლექსის ჩამოყალიბება.
4. საქართველოს ზღვისპირეთში იქმნება შესაძლებლობა გაიზარდოს მრეწველობის იმ დარგების წილი, რომლებიც ზღვით შემოზიდულ ნედლეულს გადაამუშავებენ, აგრეთვე აწარმოებენ საექსპორტო პროდუქციას.
5. პერსპექტიულია თევზჭერის, განსაკუთებით საოკეანო თევზჭერის, თევზსაჭერი ფერმების (აკვაკულტურის) და თევზის გადასამუშავებელი მრეწველობის შემდგომი განვითარება. ამ პროდუქციამ მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს რესპუბლიკის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაში (განსაკუთრებით ცხოველური ცილების მწვავე ნაკლებობის პირობებში).
6. საქართველოს ზღვისპირეთის ტურიზმისა და რეკრეაციული მეურნეობის მაღალ რენტაბელობას განაპირობებს კომერციული ტურიზმის განვითარება, ხოლო მის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს საქართველოსათვის სპეცფიკური და ახალი დარგების შექმნა (ეკოლოგიური ტურიზმის, სპელეოტურიზმი, ეთნოგრაფიული ტურიზმი და სხვა). იგი გახდება მთლიანად რესპუბლიკის ტურიზმისა და რეკრეაციის ერთიანი სისტემის ორგანული ნაწილი, რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი და არა მისი განმსაზღვრელი დარგი.
7. საქართველოს ზღვისპირა ზოლის სამეურნეო მნიშვნელობის ზრდა დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე რეგიონის სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. სპეციალიზაციის ტრადიციული დარგების თვისებრივი სრულყოფისა და ახალი ქვედარგების განვითარების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს სასარგებლო კავშირი მსოფლიო მეურნეობასთან, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის სურსათისა და მაღალი სამომხმარებლო ღირებულების მქონე სხვა საქონლით უზრუნველყოფაში.
III. შავი ზღვის პოტენციალის რეალიზაციის პირობები
1. შავ ზღვაზე და საქართველოს ზღვისპირა მხარეში ამჟამად მძიმე ეკოლოგიური ვითარებაა. საზღვაო მეურნეობის განვითარების აუცილებელი პირობა უნდა გახდეს ბუნებრივი სისტემების მდგომარეობის ეკოლოგიური გაუმჯობესება და წონასწორობის შენარჩუნება როგორც აკვატორიაში, ისე სანაპირო ტერიტორიაზე.
ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს კოორდინირებულ საქმიანობას და მკაცრ საკანონმდებლო შეზღუდვებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით.
შავი და ხმელთაშუა ზღვების ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება საერთაშორისო პრობლემაა და საქართველო უნდა მონაწილეობდეს შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში.
2. შავი ზღვის რეგიონის მეურნეობის განვითარება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საფუძველზე. მსხვილ ქალაქებში, კურორტებზე, სხვა დასახლებულ პუნქტებსა და მდინარეთა შესართავების ზონებში გადაუდებელია ეფექტიან გამწმენდ ნაგებობათა ქსელის შექმნა და მათი ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა.
ზღვის სამეურნეო პოტენციალის რეალიზაციის აუცილებელი პირობაა სანაპირო ზოლის რღვევის პროცესის თავიდან აცილება და ნაპირდაცვითი სამუშაოების წარმოება. უნდა გაღრმავდეს კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები პალიასტომის ეკოსისტემის შესწავლისათვის.
3. სუვერენული საზღვაო სახელმწიფოს სტატუსი მოითხოვს საზღვაო მეურნეობის რეგულირებას საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად საქართველომ უნდა აღიაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მიღებული ამ სფეროს ყველა დოკუმენტი და უზრუნველყოს მათი შესრულება სახელმწიფოებრივ დონეზე.
საერთაშორისო საზღვაო საქმიანობის აქტივიზაციის პირობებში აუცილებელია საქართველოს საკონსულო სამსახურის ქსელის შექმნა.
4. სუვერენული სტატუსის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფომ საკუთარ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სტაბილურობა, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა. ამრიგად, რესპუბლიკის საჯარისო ფორმირებათა ფარგლებში უნდა შეიქმნას ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების ქვედანაყოფები.
5. საზღვაო მეურნეობის განვითარება სათანადო კვალიფიკაციის შრომით რესურსებს მოითხოვს. უნდა შეიქმნას საშუალო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების შესაბამისი სამეცნიერო კადრებით უზრუნველყოფის სისტემა. უნდა დამუშავდეს რეგიონის დემოგრაფიული განვითარების პროგრამა.
6. საქართველოში უნდა გაძლიერდეს ზღვასთან დაკავშირებული პრობლემების მეცნიერული კვლევა და გაფართოვდეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა.
IV. შავიზღვისპირეთის განვითარების ორგანიზაციულ-ეკონომიკური საფუძვლები
1. საქართველოს ზღვისპირეთს აქვს საკმაოდ განვითარებული მეურნეობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის ტერიტორიული დანაწილების არსებულ სისტემაში (სუბტროპიკული მეურნეობა, ტურისტულ-რეკრეაციული მეურნეობა და სხვა). ამავე დროს იგი არ წარმოადგენს ერთიან სამეურნეო-ტერიტორიულ კომპლექსს, აქ მხოლოდ ტერიტორიულად არის თავმოყრილი სხვადასხვა უწყებისადმი დაქვემდებარებული სამეურნეო ობიექტები.
ზღვის პოტენციალის რაციონალური ათვისებისათვის აუცილებელია ჩამოყალიბდეს ერთიანი საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსი, რომლის ეკონომიკური ეფექტიანობა უზრუნველყოფს მის საკუთარ გაფართოებულ კვლავწარმოებას რესპუბლიკის მთლიან ეკონომიკურ სისტემაში.
რესპუბლიკის სახალხო მეურნეობაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა დიდი მოცულობის კაპიტალურ დაბანდებათა შესაძლებლობას. ამიტომ საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსის ჩამოყალიბება და მისი განვითარება უნდა მოხდეს საზღვაო მეურნეობის ძირითადი დარგების შემოსავლის საფუძველზე. წინასწარი ექსპერტული შეფასებით კომპლექსის წარმოქმნისა და განვითარების ეკონომიკური საფუძველი უნდა გახდეს საზღვაო ტრანსპორტი. სოციალური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული, ეკოლოგიური და სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს როგორც ბიუჯეტის, ისე საწარმოთა წილობრივი მონაწილეობის ხარჯზე. საჭიროა განისაზღვროს ამ პროგრამაში უცხოური კაპიტალის მოზიდვის და გამოყენების ფორმები, რომლებიც მისაღებია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებიათვის.
2. ზღვისპირეთის სამეურნეო კომპლექსის ერთიანი და კოორდიირებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია საზღვაო-სამეურნეო კომპლექსის მართვის სისტემის შექმნა.
3. ზღვისპირეთის პოტენციალის ათვისებამ და შესაბამისად ერთიანი საზღვაო-სამეურნეო ტერიტორიული კომპლექსის შექმნან ხელი უნდა შეუწყოს მიმდებარე რეგიონის ინსტენსიურ განვითარებას, დასავლეთ საქართველოს საშუალო და მცირე ქალაქების სამეურნეო აქტიურობას, არარაციონალური მიგრაციული პროცესების შემცირებასა და დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. ეს, თავის მხრივ, გამაწონასწორებელ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს განსახლების ერთიანი სისტემის ტერიტორიულ ორგანიზაციაზე.
* * *
შავი ზღვის პოტენციალის რაციონალური გამოყენებისა და მისი საიმედო ეკოლოგიური დაცვის განსახორციელებლად უნდა დამუშავდეს შესაბამის ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც იქნება საქართველოს განვითარების ერთიანი სტრატეგიული გეგმის ორგანული ნაწილი.