თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება №2/20668-24
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/20668-24
330211924009836349
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2025 წლის 2 მაისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სხდომის მდივანი – ნინო ართილაყვა
განმცხადებელი – ზურაბ ლოლუა
წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი
მოთხოვნა –სს „გრაალი 92“-ის აქციათა სავალდებულო მიყიდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. განმცხადებლის მოთხოვნა:
სს „გრაალი 92“-ის აქციათა 4.99118%-ის სავალდებულო მიყიდვა.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2024 წლის 18 აგვისტოს ზურაბ ლოლუამ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს „გრაალი 92“-ის აქციათა 4.99118%-ის სავალდებულო მიყიდვის შესახებ;
2.2. განმცხადებელი არის სს „გრაალი 92“-ის აქციათა 95.00882%-ის მესაკუთრე;
2.3. დანარჩენი 174 აქციონერის საკუთრებაშია აქციათა 4.99118%;
2.4. სს „გრაალი 92“-ის აქციათა რეესტრის მწარმოებელი პირია სს ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“;
2.5. აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე ზურაბ ლოლუას განცხადება 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე;
2.6. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N002281725 დასკვნით, 2024 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, სს „გრაალი 92“-ის 100 %-ანი წილის – 207486 ცალი აქციის – საბაზრო ღირებულება შესაძლებელია განისაზღვროს საორიენტაციოდ 19949639 ლარით, შესაბამისად, ერთი აქციის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 95.15 ლარს;
2.7. 2025 წლის 2 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმცხადებელმა მოითხოვა აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად გასაზღვრულ იყო 2025 წლის 16 მაისი, 18:00 საათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– განცხადება;
– სს „გრაალი 92“-ის აქციონერთა რეესტრი (ტ.1,ს.ფ-ები:10-17);
– პუბლიკაცია აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე (ტ. 1, ს.ფ.23);
– ექსპერტის დასკვნა (ტ. 2, ს.ფ.-ები:245-254);
– განმცხადებლის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ აქციონერს აქციების შეძენის შედეგად საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმების არანაკლებ 95 პროცენტისა, ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები. ამავე კანონის 225-ე მუხლის მე-3 პუნქტით, მყიდველი სასამართლოსთვის მიმართვამდე არაუგვიანეს 1 თვისა აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აქციათა გამოსყიდვის მიზეზების/პირობების და პროცედურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30914 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო დაადგენს აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, მას გამოაქვს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასი და თარიღი (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დრო), რომლის მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან უნდა მოხდეს მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა (გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი). სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენისას უნდა გაითვალისწინოს: ა) ამ აქციების ღირებულება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) საზოგადოების მიერ მომავალში მისაღები სავარაუდო შემოსავლები; გ) საზოგადოების აქტივები (მათ შორის, საწარმოს რეზერვები, საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, პერსპექტივები და საქმიანი კავშირები) და პასივები.
4.2. განსახილველ შემთხვევაში, აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურები შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნებთან და სს „გრაალი 92“-ის ერთი ცალი აქციის გამოსყიდვის სამართლიან ფასად საქმეზე ჩატარებული ექსპერტის დასკვნისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო განსაზღვრავს 95 ლარსა და 15 თეთრს, ხოლო გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად – 2025 წლის 16 მაისის 18:00 საათს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 249-ე, 257-ე, 30914, 30915 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზურაბ ლოლუას (პ.ნ.01010000842) განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს და მას, როგორც სს „გრაალი 92“-ის (ს.ნ.208145782) აქციების 95.008820%-ის მესაკუთრეს, ნება დაერთოს გამოისყიდოს სს „გრაალი 92“-ის (ს.ნ.208145782) დარჩენილი 4.99118% აქციები სს „გრაალი 92“-ის (ს.ნ.208145782) დანარჩენ აქციონერთაგან.
2. სს „გრაალი 92“-ის (ს.ნ.208145782) ერთი ცალი აქციის გამოსყიდვის ფასად განისაზღვროს 96 ლარი და 15 თეთრი.
3. აქციათა გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2025 წლის 16 მაისი, 18:00 საათი.
4. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი