📋

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 30.05.2025
მოქმედების პერიოდი 30.05.2025 — 07.07.2025
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №208
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
30.05.2025
07.07.2025
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №208 2025 წლის 29 მაისი ქ. რუსთავი ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“  შექმნისა და მისი დებულების დამტკიცდების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​​1 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო”. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს” შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2017 წლის  11 აგვისტოს №207 დადგენილება. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე დანართი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს” (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. ბ) თემატური მოკვლევის ჩატარება მუნიციპალიტეტის საჭიროებების მიხედვით და შესაბამისი რეკომენდაციების/მიგნებების განსაზღვრა; გ) ქალთა და ბავშვთა საჭიროებების საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების კვლევა, შესწავლა, რეაგირება და მასზე დაყრდნობით, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება; დ) არსებული სახელმწიფო, მუნიციპალური პროგრამების და სერვისების შესახებ, ინფორმაციის პერიოდულად გავრცელება, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ე) ქალებისა და ბავშვების უფლებების შესახებ ინტეგრირებული საგანმანათლებლო სესიების ჩატარება სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში; ვ) საკრებულოს და  მერიის განხორციელებული აქტივობების (საუკეთესო პრაქტიკის) შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა მასმედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით; ზ) საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაგზავნა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მათი ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით. თ) საბჭოს საქმიანობის ანგარიშის მომზადება და საკრებულოსთვის წარდგენა წელიწადში ერთხელ. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა შესაბამისი უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; ბ) საჭიროების მიხედვით დაგეგმოს და უზრუნველყოს შესაბამისი თემატური სემინარების და ტრენინგების ორგანიზება, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ ფორმატში. გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) და არაუმეტეს 21 (ოცდაერთი) წევრის ოდენობით. 2. საბჭო შედგება: საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს თავმჯდომარის მდივნის და წევრებისაგან. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან: საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ყველა კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციიებიდან თითო წარმომადგენელი,  საკრებულოს აპარატიდან ერთი წარმომადგენელი; ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები (არა უმეტეს 5 წარმომადგენლისა) და მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე; გ) საბჭოს წევრები ასევე შეიძლება იყვნენ: კერძო სექტორის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. საბჭოს წევრების შერჩევის წესი 1. საბჭოს თავმჯდომარედ განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე; 2. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით. 3. საბჭოს წევრის კანდიდატურას ფრაქციის შემადგენლობიდან წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 4. საბჭოს წევრის კანდიდატურებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. მუხლი 5🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი 1.   საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, იწვევს სხდომას (3 თვეში ერთხელ მაინც), ადგენს საბჭოს დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. საბჭოს  სხდომა მოიწვევა საჭიროების მიხედვით, საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის წერილობითი მიმართვის საფუძვლზე. 2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 5. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და  რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება წარდგენილი იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახის  წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 6🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს  საქმიანობის   ორგანიზაციულ-ტექნიკურ  უზრუნველყოფას  ახორციელებს ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.