პუბლიკაციის თარიღი 30.05.2025
მოქმედების პერიოდი 30.05.2025 — 26.06.2025
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2025 წლის 29 მაისი
ქ. მცხეთა
„ მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 თებერვლის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250050.35.153.016421; 07.03.2018).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი
დანართი
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის „მცხეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი
1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიისთვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საკანონმდებლო აქტების პროექტებისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანოსათვის წარდგენა;
ე) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ზ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა;
კ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან წარსადგენად.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტი;
ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗. საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.