N საჩივარი N საქმის დასახელება წარდგენის თარიღი მომჩივანი დაბადების წელი საცხოვრებელი ადგილი მოქალაქეობა წარმომადგენელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მეხუთე სექციის გადაწყვეტილება
საქმე „ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ“
(საჩივრები N 59464/21 და 13079/22)
მუხ. 6 § 1 (სისხლის სამართლის) და მუხ. 6 § 3 (c) და (d) • სამართლიანი განხილვა • პირადად თავის დაცვა • მოწმეთა დაკითხვა • მოწმეთა დასწრების უზრუნველყოფა • პირველი ორი მომჩივნის საპროცესო უფლებებს ზიანი მიაყენა ხარვეზების ერთობლიობამ იმდენად, რამდენადაც ეს ძირს უთხრის მათ მიმართ საქმის წარმოების საერთო სამართლიანობას • ეროვნული სასამართლოების მიერ დაცვის მხარის მთავარი მოწმის მოსმენაზე უარის თქმის არასაკმარისი საფუძველი • არდამსწრე მოწმეების ჩვენებაზე დაყრდნობა, რომელთა ჩვენებასაც მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა, დაცვის მხარისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საკმარისი საპირწონე ფაქტორების გარეშე • არასაკმარისი საფუძველი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის მომჩივნების სასამართლო პროცესიდან სრული გამორიცხვისთვის • ვინაიდან მომჩივნები ესწრებოდნენ სასამართლო პროცესს დისტანციური კავშირის საშუალებით, პრინციპში, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მათი ქცევის სავარაუდო შემაფერხებელი ეფექტის შეზღუდვა და იმავდროულად მათი მოსმენისა და თვალყურის დევნების უფლების უზრუნველყოფით • სააპელაციო განხილვას გამოუსწორებია პროცესის ხარვეზები
მომზადებულია სამდივნოს მიერ. სასამართლოსთვის სავალდებულო არ არის.
სტრასბურგი
2024 წლის 29 აგვისტო
ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდება კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში. ის შეიძლება დაექვემდებაროს რედაქციულ შესწორებას.
საქმეზე „ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ“
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ პალატამ (მეხუთე სექცია) შემდეგი შემადგენლობით:
მატიას გუიომარი,თავმჯდომარე,კარლო რანზონი,მარტინშ მიტსი,მარია ელოსეგუი,კატერინა შიმაჩკოვა,მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,ფრანსუაზა ტულკენსი, საგანგებო მოსამართლე
და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე;
გაითვალისწინა რა:
საჩივრები (NN 59464/21 და 13079/22) საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც შეტანილია სასამართლოში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სამი მოქალაქის, ქ-ნ თამარ ხაჭაპურიძის, ბ-ნ კახაბერ ხაჩიძისა და ბ-ნ დავით ხაჩიძის (შემდგომში „მომჩივნები“) დანართში მითითებულ თარიღებში;
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის (შემდგომში „მთავრობა“) საჩივრების შეტყობინების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის, მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების და მე-8 მუხლის შესაბამისად და საჩივრების დანარჩენი ნაწილის მიუღებლად გამოცხადების შესახებ;
მხარეთა მოსაზრებები;
რომ ლადო ჭანტურია, მოსამართლე, რომელიც არჩეულ იქნა საქართველოსთან მიმართებით, ვერ იღებდა მონაწილეობას საქმის განხილვაში (28-ე წესი), პალატის თავმჯდომარემ, შესაბამისად, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებო მოსამართლედ დანიშნა ქ-ნი ფრანსუაზა ტულკენსი (29-ე წესი);
2024 წლის 9 ივლისის დახურული თათბირის შემდეგ,გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც იმავე დღეს იქნა მიღებული:
შესავალი
1. საქმე ეხება პირველ და მეორე მომჩივანთა სავარაუდო წარუმატებლობას, მათ წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში მოწმეების დასწრება მოეპოვებინათ იმავე პირობებით, რაც მათ წინააღმდეგ მოწმეებს, ეროვნული სასამართლოების მიერ არდამსწრე მოწმეების მტკიცებულებების გამოყენებას და ზემოაღნიშნული მომჩივნების პროცესიდან გაყვანას. ის ასევე ეხება მესამე მომჩივნის დაზიანებების შესახებ სისხლის სამართლის გამოძიების სავარაუდო არაეფექტურობას. პირველი და მეორე მომჩივანი დაეყრდნნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და 3 პუნქტს, ხოლო მესამე მომჩივანი დაეყრდნო კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებს.
ფაქტები
2. პირველი მომჩივანი არის ქალბატონი თამარ ხაჭაპურიძე, დაბადებული 1970 წელს; მეორე მომჩივანი არის ბ-ნი კახაბერ ხაჩიძე, დაბადებული 1969 წელს; მესამე მომჩივანი არის ბ-ნი დავით ხაჩიძე, დაბადებული 2003 წელს. პირველი და მეორე მომჩივანი მეუღლეები არიან, ხოლო მესამე მომჩივანი მათი ვაჟია. მათ წარმოადგენდა ბ-ნი ი. ბოიჩენკო, ადვოკატი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სტრასბურგში.
3. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან, ბ-ნი ბ. ძამაშვილი.
4. საქმის ფაქტობრივი გარემოებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი სახით:
2016 წლის 26 აგვისტოს ინციდენტი
5. 2016 წლის 26 აგვისტოს პოლიციაში შევიდა ორი განცხადება ბათუმთან ახლოს, გონიოს პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შესახებ. პირველი განცხადება წარადგინა პირველმა მომჩივანმა, რომელიც ჩიოდა, რომ მოსამართლე გ.მ.-მ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მას და მის შვილს (მესამე მომჩივანს) სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე განცხადება დაახლოებით ორმოცი წუთის შემდეგ შეიტანა გ.მ.-მ, რომელიც ჩიოდა, რომ ის იყო ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის დაზარალებული პირველი მომჩივნისა და მისი ოჯახის მხრიდან.
სისხლის სამართლის საქმის წარმოება პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ
სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება
6. სისხლის სამართლის გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ის თავდაპირველად ეფუძნებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლს („ცემა“ – იხ. პარაგრაფი 81 ქვემოთ), მაგრამ მოგვიანებით იმავე დღეს გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 „ა“ ნაწილში („მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან ან წინასწარ გამოძიებასთან დაკავშირებით“ – იქვე).
7. 2016 წლის 27 აგვისტოს, დილის საათებში, პირველი და მეორე მომჩივანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლით. 2016 წლის 28 აგვისტოს მეორე მომჩივანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ხოლო პირველი მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს 2016 წლის 21 სექტემბერს.
ხელისუფლების ორგანოების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები
8. ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ, 2016 წლის 26 და 27 აგვისტოს, საგამოძიებო ორგანოებმა გამოჰკითხეს მოწმეები, გარდა მესამე მომჩივნისა, რომლისთვისაც დაენიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა (იხ. პარაგრაფი 63 ქვემოთ).
9. გ.მ.-მ განაცხადა, რომ 2015 წელს მან განიხილა პირველი მომჩივნის ადმინისტრაციული საქმე და გამოიტანა მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მან სოციალურ ქსელებში მოსამართლეზე შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთება დაიწყო. რაც შეეხება პლაჟზე მომხდარ ინციდენტს, ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად შვებულებაში იმყოფებოდა, მათთან ერთად იყვნენ მეგობარი და მისი ოჯახი. გ.მ.-ის თანახმად, ინციდენტის დროს ის შვილებთან ერთად ზღვაში იმყოფებოდა, რომლებსაც დამოუკიდებლად ცურვა არ შეეძლოთ. პირველი მომჩივანი მიუახლოვდა მას, შეაფურთხა და დაიწყო შეურაცხყოფისა და მუქარის ყვირილი. ის ამბობდა, რომ ის არ იყო მოსამართლეობის ღირსი. მას მალევე შეუერთდნენ მეორე და მესამე მომჩივნები, რომლებმაც დაიწყეს მისი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ დაერტყათ. მას რამდენჯერმე დაარტყეს. ვ.ბ. (გ.მ.-ის მეგობარი) და სხვები იძულებულნი გახდნენ, ჩარეულიყვნენ მათ შესაკავებლად. გ.მ.-მ განაცხადა, რომ მეორე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ მათ საქმეზე გაანადგურა ოჯახი. შვილებისა და მეუღლის უსაფრთხოებისათვის გ.მ. იძულებული გახდა, დაეტოვებინა ტერიტორია. მ.კ.-მ (გ.მ.-ის ცოლი) და ვ.ბ.-მ მსგავსი ჩვენებები მისცეს.
10. პირველმა და მეორე მომჩივანმა გააპროტესტეს თავიანთი უდანაშაულობა და აცხადებდნენ, რომ გ.მ.-მ შეაგინა პირველ მომჩივანს, რამაც გამოიწვია ინციდენტი. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ არ დაურტყამთ მისთვის და არ დამუქრებიან გ.მ.-ს და, რომ გ.მ.-მ დაარტყა მესამე მომჩივანს და დააზიანა ის.
11. ექვსი თვითმხილველი, რომელთა ჩვენებები მოგვიანებით წაიკითხეს სასამართლო პროცესზე (იხ. პარაგრაფი 50 ქვემოთ), გამოჰკითხეს გამომძიებელმა. ამ ექვსიდან სამი საქართველოს მოქალაქე (თ.ა., ზ.ჭ. და ბ.ჭ.) არის, ერთი – სომხეთის (ლ.ა.) და ორი, ცოლ-ქმარი, რუსეთის მოქალაქე (ა.გ. და ლ.გ.). ბოლო სამი მოწმე თარჯიმნის დახმარებით გამოიკითხა; ყველამ განაცხადა, რომ საქართველოში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები არ შეიცავს მათ ტელეფონის ნომრებს; ოქმში რუსეთის ორი მოქალაქის შესახებ მოცემულია პირადი საიდენტიფიკაციო ნომრები და დეტალური მისამართები, ხოლო სომხეთის მოქალაქის შესახებ – ქალაქი და უბანი, სადაც მოწმე ცხოვრობდა. სამივე მოწმე გააფრთხილეს, რომ ისინი შეიძლება დაიბარონ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
12. ნ.გ.-მ, პარამედიკოსმა, და მ.მ.-მ, მაშველმა, ასევე მისცეს ჩვენებები (იხ. პარაგრაფები 48-49 ქვემოთ).
13. ჩვენება კიდევ ორმა მოწმემ მისცა. მოწმე დ.გ.-მ განაცხადა, რომ მან გაიგონა ხმაური და პლაჟზე ბუნგალოდან დაინახა მღელვარება. შემთხვევის ადგილს რომ მიუახლოვდა, ქალი და ბიჭი მამაკაცს შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმე ა.დ.-მ განაცხადა, რომ საუზმის შემდეგ პლაჟზე წავიდა და დაინახა, რომ ქალი ტოვებდა პლაჟს და რაღაცას ყვიროდა. მოგვიანებით მან შეიტყო ინციდენტის შესახებ. ეს ჩვენებები სასამართლო პროცესზე არ წაუკითხავთ. მომჩივნების მოთხოვნა ამ მოწმეების გამოცხადების და ჩვენების მიცემის იძულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა (იხ. პარაგრაფი 39 ქვემოთ).
14. 2016 წლის 26 აგვისტოს მ.კ.-მ საგამოძიებო ორგანოებს წარუდგინა მობილური ტელეფონით გაკეთებული ორი ვიდეოჩანაწერი. 2016 წლის 6 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ისინი მტკიცებულებად მიიღო.
15. საქმის მასალებში არსებულ პირველ ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია სამივე მომჩივანი და გ.მ., დგანან წყალში, ნაპირთან ახლოს. უკანა ფონზე წყალში რამდენიმე დამსვენებელი ჩანს. ჩანაწერი იწყება იმით, რომ მეორე მომჩივანი დგას გ.მ.-სთან ახლოს და აქტიურად უყვირის მას და ჟესტიკულირებს. პირველი და მესამე მომჩივანი ახლოს დგანან. მეორე მომჩივანი, როგორც ჩანს, გ.მ.-ის აგინებს. ერთი წამით ხედს ბლოკავს თვითმხილველი, რის შემდეგაც მოჩანს, რომ გ.მ. წაბორძიკდა წყალში. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, მესამე მომჩივანი, რომელიც იმ დროს ცამეტი წლის იყო, სწრაფ ბრალდებას უყენებს გ.მ.-ს, რომელიც ხელებს მაღლა წევს, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით. მესამე მომჩივანმა, როგორც ჩანს, დაარტყა გ.მ.-ს და შეაგინა მას. გ.მ.-ის მარჯვენა ხელის ერთდროული მოძრაობა იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მას შეეძლო დაერტყა მესამე მომჩივნისთვის სახის მარცხენა მხარეს. შემდეგ მეორე მომჩივანი იყვანს მესამე მომჩივანს და აშორებს მას გ.მ.-ისგან. პირველი მომჩივანი მაშინვე მოძრაობს გ.მ.-ის მიმართულებით, ხელის ქნევით, რის გამოც წყალს ასხამს მას და ამბობს რამდენიმე გაურკვეველ ფრაზას. მეორე მომჩივანს გაჰყავს ის მოშორებით, რომელიც ჩანს, რომ ცდილობს მის შეკავებას. მესამე მომჩივანი გათავისუფლდება და გ.მ.-ისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და მისთვის ბრალის წაყენების მცდელობისას ორი სხვა პირი აკავებს მას, რომელთაგან ერთი, როგორც ჩანს, გ.მ.-ის მეგობარი ვ.ბ. არის. როგორც ჩანს, გ.მ. იმ მომენტში მესამე მომჩივანს აგინებს. ვიდეო სრულდება ბავშვის ტირილით (როგორც ჩანს, პირველი და მეორე მომჩივნის ქალიშვილი) და გ.მ.-ის წყლიდან ამოსვლით, იმავდროულად კი, ორი პირი აქტიურად აკავებს მესამე მომჩივანს.
16. მეორე ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია პირველი მომჩივანი, რომელიც ზის შეზლონგზე, გარშემორტყმული მეორე და მესამე მომჩივნებითა და ორი მცირეწლოვანი ბავშვით. ის ყვირის: „დანით დავჭრი, თუ საშუალება მომეცემა, მარტივად“. ისმის მამაკაცის ხმა (ვ.ბ. ან გ.მ.), რომელიც ამბობს: „როგორც გინდა“. შემდეგ ის ამბობს „ნაბიჭვარი“. პირველი მომჩივანი მიმართავს პირს, რომელიც მას ვიდეოს უღებს (როგორც ჩანს, მ.კ.) და ამბობს, მათ შორის, რომ მას შეუძლია გააგრძელოს გადაღება.
საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში
17. 2016 წლის 28 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ (შემდგომში „პირველი ინსტანციის სასამართლო“), რომელიც სხდომაზე წარმოდგენილი იყო ერთი მოსამართლით, მომჩივანთა საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომის თარიღად 2016 წლის 18 ოქტომბერი ჩანიშნა. მხარეებს დაევალათ, ამ მოსმენამდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე გაეცვალათ ინფორმაცია ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი აპირებდნენ, დაჰყრდნობოდნენ სასამართლო პროცესზე. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, პირველი და მეორე მომჩივნის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა სიაშიმითითებული იყო მესამე მომჩივანი, როგორც დაცვის მხარის მოწმე.
18. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, 2016 წლის 18 ოქტომბერს, 1 ნოემბერსა და 30 ნოემბერს მომჩივნებისა და მათი ადვოკატების მონაწილეობით გაიმართა, სულ მცირე, სამი წინასასამართლო სხდომა. პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა მხარეთა მიერ წარდგენილი სხვადასხვა საჩივარი, მათ შორის, მტკიცებულებების მისაღებობასთან დაკავშირებით. 18 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის წინასასამართლო სხდომების შინაარსი ბოლომდე არ არის ნათელი. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელ თარიღში პირველმა და მეორე მომჩივნებმა წარადგინეს მოთხოვნა გარკვეული მასალის მტკიცებულებად მიღების შესახებ. საკითხი განხილულ იქნა 2016 წლის 30 ნოემბრის წინასასამართლო სხდომაზე (იხ. პარაგრაფი 19 ქვემოთ).
19. 2016 წლის 30 ნოემბრის წინასასამართლო სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა პირველი და მეორე მომჩივნის მოთხოვნა, მტკიცებულებად მიეღო მესამე მომჩივნის გამოკითხვის წერილობითი ჩანაწერი (დათარიღებული 2016 წლის 11 ოქტომბრით), რომელიც ჩაატარა ახალგაზრდების მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებულმა ადვოკატმა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომელიც დადგინდა, რომ წარდგენილი იყო საპროცესო ნორმების დარღვევით. კონკრეტულად, ოქმი შედგენილი იყო მოწმის მიმართ იმ პირის მიერ, რომელიც არ იყო პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ სამართალწარმოების მხარე. შესაბამისად, ჩანაწერი იყო მიუღებელი მტკიცებულება. იმ დღეს პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო, პროკურორის წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველი და მეორე მომჩივნის მიერ წარდგენილი სხვა მასალა (ძირითადად სამედიცინო დოკუმენტები და სხვადასხვა მედიამასალა).
20. იმავე დღეს – 2016 წლის 30 ნოემბერს – პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასრულა საქმის წარმოების წინასასამართლო ეტაპი და საქმის განხილვა ჩაინიშნა 2016 წლის 9 დეკემბერს. 2016 წლის 9 დეკემბრის საქმის ზეპირი მოსმენის შინაარსი და მასში მომჩივნების მონაწილეობის ხარისხი გაურკვეველია.
21. 2017 წელს მომჩივნებმა დატოვეს საქართველო და დასახლდნენ გაერთიანებულ სამეფოში (და შემდგომში მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი). გაურკვეველ თარიღში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი და მეორე მომჩივნის მოთხოვნა, სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიეღოთ დისტანციურად, ვიდეობმულის საშუალებით.
22. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სულ ჩატარდა ცამეტი სასამართლო სხდომა. 2016 წლის 9 დეკემბრის სხდომის გარდა (იხ. პარაგრაფი 20 ზემოთ), როგორც ჩანს, თორმეტი სასამართლო სხდომა ჩატარდა 2018 წელს, შემდეგ თარიღებში: 30 აპრილი; 10, 14 და 22 მაისი; 1, 12, 13 და 22 ივნისი; და 6, 13, 16 და 23 ივლისი. საქმის მასალები შეიცავს გარკვეულწილად შეზღუდულ ინფორმაციას ამ მოსმენებთან დაკავშირებით. პირველი და მეორე მომჩივანი მონაწილეობდნენ მოსმენებში ვიდეობმულის საშუალებით მათ გაყვანამდე, 2018 წლის 22 ივნისს (იხ. პარაგრაფები 31-35 ქვემოთ). სხდომას მათი ორი ადვოკატი პირადად ესწრებოდა.
23. პირველი ინსტანციის სასამართლო აფრთხილებდა მხარეებს ყოველი სხდომის დაწყებამდე, რომ მათ უნდა შეენარჩუნებინათ წესრიგი და დამორჩილებოდნენ მის მითითებებს და, რომ სასამართლოს უპატივცემულობა გამოიწვევდა სანქციებს.
24. 2018 წლის 10 მაისს მოისმინეს სამი გამომძიებელი და პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი და მეორე მომჩივნის მოთხოვნა მესამე მომჩივნის დაზიანებების შესახებ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების და მტკიცებულებად მიღების შესახებ (იხ. პარაგრაფი 63 ქვემოთ).
25. 2018 წლის 14 მაისს კიდევ ორმაგამომძიებელმა და ნ.გ.-მ მისცეს ჩვენება.
26.2018 წლის 1 ივნისს მოსმენილ იქნა მ.მ. და შეფასებულ იქნა ვიდეომტკიცებულებები.
27. იმავე დღეს პროკურორმა მოითხოვა, რომ გამოძიების ეტაპზე მიცემული ექვსი თვითმხილველის ჩვენება (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ) წაეკითხათ სასამართლო პროცესზე. პროკურორის თანახმად, მოწმეები ა.გ და ლ.გ. ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში, ხოლო მოწმე ლ.ა. ცხოვრობდა სომხეთში, ასე რომ, „მათ სასამართლოს წინაშე წარსადგენად [საჭირო იქნებოდა] უმართებულო ძალისხმევა“. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, აღინიშნა, რომ ბ.ჭ.-ის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, რომ თ.ა.-მ ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა და ვერ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და, რომ ზ.ჭ.-ის ადგილსამყოფელი, რომელმაც 2018 წლის 11 მაისს საზღვარი გადაკვეთა, უცნობი იყო.
28. მომჩივნები არ დაეთანხმნენ, ამტკიცებდნენ რა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, არაქართველი მოწმეები არ დაუბარებიათ, რომ წარმდგარიყვნენ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო, რომ ისინი დატოვებდნენ საქართველოს. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პროკურატურას არ მიუმართავს ყველა გონივრული ზომისთვის მათი ადგილსამყოფლის დასადგენად. დაეყრდნო რა, მათ შორის, საქმეს Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, ECHR 2011), პირველი და მეორე მომჩივანი ითხოვდნენ, რომ არ წაეკითხათ არდამსწრე მოწმეების ჩვენებები.
29. 2018 წლის 22 ივნისს პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა გამოძიების ეტაპზე მიცემული ექვსი თვითმხილველის ჩვენების წაკითხვის თაობაზე. მან დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლი (შემდგომში „სსსკ“ – იხ. პარაგრაფი 82 ქვემოთ) ითვალისწინებდა, რომ სამართალწარმოების მხარეს ჰქონდა უფლება და არა ვალდებულება, გამოიკითხოს მოწმე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. შემდეგ მან აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სასამართლო პროცესზე გამომძიებლისთვის მიცემული ან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული მოწმის ჩვენებების წაკითხვა რეგულირდება „სსსკ“-ის 243-ე მუხლით (იქვე). მიუთითა რა, რომ არდამსწრე მოწმეების ჩვენებები არ შეიძლება ყოფილიყო გამამტყუნებელი მსჯავრდების ერთადერთი საფუძველი და ციტირებდა რა საქმეს Al-Khawaja and Tahery (ციტირებული ზემოთ), პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ექვსი მოწმის ჩვენებების წაკითხვის პირობები დაკმაყოფილებული იყო. კონკრეტულად, მოწმეები ა.გ., ლ.გ. და ლ.ა. იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა ადგილსამყოფელი უცნობი იყო. ბ.ჭ.-ისა და ზ.ჭ.-ის ადგილსამყოფელი ასევე უცნობი იყო. რაც შეეხება თ.ა.-ს, სასამართლომ აღნიშნა, რომ მან ახლახან იმშობიარა და, რომ სასამართლო პროცესზე დასასწრებად 400 კილომეტრის გავლის შეუძლებლობის ახსნა-განმარტება გასაგები იყო. სასამართლომ დამატებითი დეტალების გარეშე დაასკვნა, რომ „არსებობდა პროცედურული გარანტიები მტკიცებულებების სამართლიანი და სათანადო შეფასებისთვის [და რომ] მსჯავრდება არ შეიძლება დაფუძნებულიყო ასეთ მტკიცებულებებზე“.
30. იმავე დღეს – 2018 წლის 22 ივნისს – გამოჰკითხეს გ.მ., მ.კ. და ვ.ბ.
31. გ.მ.-მ ჩვენება მისცა (ვიდეობმულით) პირველი ინსტანციის სასამართლოს როგორც დაზარალებულმა პირველი და მეორე მომჩივნის და მათი ადვოკატების თანდასწრებით. დაახლოებით ოცდაათი წუთის განმავლობაში მომჩივნების ადვოკატებმა მრავალი შეკითხვა დაუსვეს გ.მ.-ს მომხდართან დაკავშირებით. შემდეგ პირველმა მომჩივანმა დაუსვა კითხვები. ის გააფრთხილეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, როგორც ჩანს, რიგგარეშე საუბრისთვის და უთხრეს, რომ, თუ ის გააგრძელებდა ასეთ ქცევას, მას გაიყვანდნენ მოსმენიდან (რომელშიც ის მონაწილეობდა დისტანციურად). მას შემდეგ რაც მან დაასრულა კითხვების დასმა, მეორე მომჩივანმა დასვა კითხვები. პირველი მომჩივანი ჩაერია გაურკვეველი ფრაზით, ხოლო გ.მ. პასუხს სცემდა მეორე მომჩივნის შეკითხვას. ის მოსამართლემ გააფრთხილა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის და სხდომიდან გაყვანის რისკის შესახებ. ის კვლავ ჩაერია გაურკვეველი ფრაზით, როდესაც მეორე მომჩივანი კითხვას უსვამდა გ.მ.-ს. მოსამართლემ განაცხადა შემდეგი:
„ქალბატონო თამარ, თქვენ გაძევებული ბრძანდებით სასამართლო დარბაზიდან და შესაძლებელია დაგეკისროთ ფინანსური სანქციები სასამართლო დარბაზში წესრიგის დაუცველობის გამო. ქალბატონი თამარი გააძევეს ბრძანების დარღვევის გამო, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა. შესაბამისი გადაწყვეტილება გადმოგეცემათ და მოგეცემათ გასაჩივრების უფლება“.
შემდეგ მისი კავშირი გაწყდა. მას არ შეუტანია ცალკე საჩივარი მისი გაყვანის წინააღმდეგ.
32. მოსამართლემ სთხოვა მეორე მომჩივანს, გაეგრძელებინა კითხვების დასმა პირველი მომჩივნისგან (რომელიც აშკარად იმავე ოთახში იმყოფებოდა) იზოლირებულად, მისი გაყვანის გამო. მეორე მომჩივანმა დაიწყო კითხვის დასმა; ისმოდა, რომ პირველი მომჩივანი ერეოდა. მეორე მომჩივანი გააფრთხილეს, რომ ის ასევე მოიხსნებოდა მოსმენიდან, თუ პირველი მომჩივანი გააგრძელებდა ხელის შეშლას და, რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდებოდა მხოლოდ მათი ადვოკატების მონაწილეობით. მეორე მომჩივანმა უპასუხა, რომ მას ესმოდა გაფრთხილების შინაარსი და დაასრულა დაზარალებულისთვის კითხვების დასმა.
33. შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოუსმინა დაზარალებულის მეუღლეს, მ.კ.-ს. როდესაც მეორე მომჩივანმა დაიწყო მოწმისთვის კითხვების დასმა, მან წარმოთქვა ფრაზა, რომელშიც, ვინაობების დასახელების გარეშე, ახსენა „ქვეყნის წამყვანი ფიგურები“. მოსამართლემ შეაწყვეტინა და უთხრა, თავი შეეკავებინა პოლიტიკური განცხადებებისგან. მეორე მომჩივანმა წინადადება დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „თქვენ ყოველთვის, პირველი დღიდან, [და] ორი წლის განმავლობაში...“, რომელიც მოსამართლემ შეაწყვეტინა და შეახსენა, რომ არ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები სასამართლოში, რაზეც მეორე მომჩივანმა წარმოთქვა გაურკვეველი ფრაზა და მაშინვე გაყვანილ იქნა სხდომიდან.
34. ვ.ბ. მოისმინეს პირველი და მეორე მომჩივნის ადვოკატების მონაწილეობით, რომლებმაც მას კითხვები დაუსვეს.
35. როგორც ჩანს, მომჩივნების მიერ იმავე დღეს – 2018 წლის 22 ივნისს – გაკეთებული მოთხოვნა სხდომაზე დაშვების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის მიზეზები გაურკვეველი რჩება.
36. 2018 წლის 6 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ადვოკატებმა შეიტანეს მოთხოვნა მესამე მომჩივნის დისტანციური გამოკითხვის შესახებ, განაცხადეს რა, რომ ის მისცემდა ინფორმაციას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, მისი დაზიანების შესახებ და „ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თვითმხილველიც [იყო] ის ... 2016 წლის 26 აგვისტოს“. ამრიგად, მისი ჩვენება დაეხმარებოდათ სიმართლის დადგენაში.
37. მოსამართლემ იმავე დღეს უარყო მოთხოვნა. მან დაასაბუთა, რომ არასრულწლოვანი მოწმის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. შესაბამისად, მისი ვინაობა შეიძლება ეჭვქვეშ დაეყენებინა პროკურატურას. გარდა ამისა, მოწმე უნდა გაფრთხილებულიყო შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხოლო მისამართის არარსებობის შემთხვევაში, შეუძლებელი იყო ასეთი დოკუმენტის შედგენა ან მის მიერ ხელმოწერა. და ბოლოს, მოსამართლემ დაადგინა, რომ, ვინაიდან მოწმე არასრულწლოვანი იყო, მას შეეძლო ჩვენების მიცემა მხოლოდ კანონიერი მეურვეების თანდასწრებით. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი იყვნენ ბრალდებულები, მას ეს სასამართლოს მიერ დანიშნული კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით მოუწევდა. პირველი და მეორე მომჩივნის მანამდე წარდგენილი დოკუმენტის გათვალისწინებით, რომ მესამე მომჩივანი გადიოდა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და იდენტიფიცირებადი მისამართის არარსებობის გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუძლებელი იყო მისი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა მისთვის წარმომადგენლის დანიშვნით, მის დისტანციურად მოსასმენად.
38. გაურკვეველ დღეს ბრალდების მხარემ ა.დ. და დ.გ. ამოიღო თავის მოწმეთა სიიდან (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). შემდეგ დაცვის მხარემ მოითხოვა, მომჩივნების საქმესთან მათი შესაბამისობის განმარტების გარეშე, რომ ისინი დაცვის მოწმეებად დაებარებინათ. მოთხოვნა დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
39. 2018 წლის 16 ივლისის სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმეები ა.დ. და დ.გ. დათანხმდნენ, რომ გამოცხადდებოდნენ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. მათი გამოცხადების იძულების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი სასამართლოს წინაშე გამოუცხადებლობის მიზეზი არ იყო ნათელი, მათ უარი არ უთქვამთ გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე. მოსამართლის თანახმად, ეს დაცვის მხარეს არ გაუპროტესტებია. ამიტომ დაცვის მხარეს უნდა უზრუნველეყო მოწმეების დასწრება ან მათი არდასწრების მიზეზის ახსნა-განმარტება.
40. 2018 წლის 16 ივლისს პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა პირველი და მეორე მომჩივნის სარჩელი, შეტანილი მათი ადვოკატების მიერ, სასამართლო პროცესის გადადების შესახებ, რათა მესამე მომჩივანს შესძლებოდა პირადად გამოცხადება. განცხადება ეხებოდა მის საქართველოში გამგზავრების შესაძლებლობას 2018 წლის 10-დან 17 აგვისტომდე, სასკოლო არდადეგების პერიოდში, ან 2018 წლის 17 -დან 24 სექტემბრამდე. პროკურორმა გააპროტესტა. მან განაცხადა, რომ მომჩივნები ვალდებულნი იყვნენ, წარედგინათ საკუთარი მოწმეები. თუმცა, მათ ეს ვერ გააკეთეს მესამე მომჩივანთან დაკავშირებით. პროკურორი ამტკიცებდა, დამატებითი დეტალების მითითების გარეშე, რომ საგამოძიებო ორგანოები უშედეგოდ ცდილობდნენ, გამოეკითხათ მესამე მომჩივანი როგორც პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ საქმის ფარგლებში, ასევე ცალკე სისხლის სამართლის გამოძიების კონტექსტში, რომელიც გულისხმობს მესამე მომჩივნის დაზიანებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი იმ მოტივით, რომ მხარეთა ვალდებულება იყო, წარმოედგინათ ის მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც დაცვის მხარემ იცოდა და ამის შესაძლებლობა მანამდე ჰქონდა. გარანტიის არარსებობის პირობებში, რომ მოწმე რეალურად გამოცხადდებოდა კონკრეტულ პერიოდში, დადგინდა, რომ მოთხოვნა იყო წარდგენილი სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურების მიზნით.
41. იმავე დღეს პროკურორმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. პირველი და მეორე მომჩივნის ადვოკატებმა მოითხოვეს გადადება დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
42. 2018 წლის 23 ივლისს პირველი და მეორე მომჩივნის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს აღნიშნული მომჩივნების სახელით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
43. 2018 წლის 23 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. ორივე მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით („ხულიგნობა“ – იხ. პარაგრაფი 81 ქვემოთ). ბრალდების გადაკვალიფიცირებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მსგავს საქმეებში და განმარტა, რომ სასამართლოებს შეეძლოთ ბრალდების გადაკვალიფიცირება, თუ ამას საქმისწარმოება ამართლებდა. შემდეგ სასამართლომ განმარტა აღნიშნული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური ელემენტები.
44. პირველ და მეორე მომჩივანს მიესაჯა სისხლის სამართლის ჯარიმა 3000 ქართული ლარის (ლარი – დაახლოებით 1050 ევრო (ევრო)) და, შესაბამისად, 2500 ლარის (დაახლოებით 875 ევრო) ოდენობით. პირველი ინსტანციის სასამართლოს თანახმად, არ იყო აუცილებელი საპატიმრო სასჯელის შეფარდება, რადგან მომჩივნებს ჰყავდათ ორი არასრულწლოვანი შვილი და ჯარიმა საკმარისად ემსახურებოდა სასჯელის მიზანს.
45. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტები შემდეგნაირად შეაჯამა:
„2016 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 10:00 საათზე, თამარ ხაჭაპურიძე [პირველი მომჩივანი] და კახაბერ ხაჩიძე [მეორე მომჩივანი], როგორც პირთა ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით, თავიანთ არასრულწლოვან 13 წლის ვაჟთან ერთად, თავს დაესხნენ გ.მ.-ს გონიოს დასახლებაში, ბათუმთან, ზღვის პირას, როცა იქ დასასვენებლად იმყოფებოდა, და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას. იმავდროულად, კახაბერ ხაჩიძემ და მისმა 13 წლის ვაჟმა გ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადეს, ხოლო თამარ ხაჭაპურიძე მას მოკვლით ემუქრებოდა[.] [ასეთი ქცევით] მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარა უპატივცემულობა გამოავლინეს პლაჟზე შეკრებილი საზოგადოების მიმართ. მაშინ, როდესაც დამსვენებლები, რომლებიც შეესწრნენ ინციდენტს, ცდილობდნენ გ.მ.-ის დაცვას თავდასხმისგან, თამარ ხაჭაპურიძე მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას განაგრძობდა, ხოლო კახაბერ ხაჩიძე 13 წლის ვაჟთან ერთად – ფიზიკურ ძალადობას, გ.მ. იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა სანაპირო ოჯახის წევრებთან ერთად“.
46. ვერდიქტის გამოტანისას პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო დაზარალებულისა და ინციდენტის მოწმეების ჩვენებებს, ასევე ვიდეომასალას. დაზარალებულის განცხადება შემდეგნაირად იყო აღწერილი:
„დაზარალებულის [გ.მ.] მოწმის ჩვენების თანახმად, თამარ ხაჭაპურიძე [პირველი მომჩივანი] სოციალურ მედიაში შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა მას შემდეგ, რაც მან 2015 წელს განიხილა მისი საქმე, [თუმცა] არასოდეს უპასუხებია [მის განცხადებებზე].
2016 წლის 26 აგვისტოს, დილით ის იმყოფებოდა პლაჟზე ... გონიოს დასახლებაში მეუღლესთან, ორ არასრულწლოვან შვილთან და მეგობრის არასრულწლოვან შვილებთან ერთად. შვილებთან ერთად ზღვაში ყოფნისას თამარ ხაჭაპურიძემ გადააფურთხა და დაიწყო ხმამაღლა გინება და მუქარა [.] მისი ქმარი [მეორე მომჩივანი] და მისი არასრულწლოვანი ვაჟი [მესამე მომჩივანი] ასევე შევიდნენ ზღვაში. კახაბერ ხაჩიძემ მის მიმართ გინება და მუქარა დაიწყო, ხოლო მათმა არასრულწლოვანმა შვილმა დარტყმა სცადა. ეს გაიგონეს და დაინახეს მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა დამსვენებლებმა, რომელთაგან ზოგიერთი ჩხუბში ჩაერია და თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი ვაჟის შეკავება და გაყვანა სცადა. იმის გამო, რომ ის თავის ორ არასრულწლოვან შვილს წყალში ახლდა [და] ერთ-ერთი მათგანი ვერ ცურავდა, [გ.მ.] მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და შეეცადა თავის არიდებას და შვილების სასტუმროში წაყვანას. მას არც ფიზიკურად და არც სიტყვიერად შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. [მის წინააღმდეგ] თავდასხმა გაგრძელდა ნაპირზე[:] კახაბერ ხაჩიძე აგინებდა [და] უჯიკებდა მას, ხოლო [პირველი და მეორე მომჩივნის] არასრულწლოვანმა შვილმა თამარ ხაჭაპურიძის წახალისებით მოახერხა და, მიუხედავად იქ შეკრებილი ხალხის მცდელობისა, რომ შეეკავებინათ, 10-15 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე დაარტყა [გ.მ.-ს] [და] ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა პლაჟი და დაბრუნებულიყო სასტუმროში [თავის და მეგობრის ოჯახთან ერთად]...“
47. ანალოგიურად იყო ჩამოყალიბებული გ.მ.-ის მეუღლისა (მ.კ.) და მეგობრის (ვ.ბ.) ჩვენებები. გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად, მ.კ.-მ განმარტა, რომ მომჩივნები აგინებდნენ გ.მ.-ს, მიუთითებდნენ მის მოსამართლის თანამდებობაზე და ბრალს სდებდნენ მათი ოჯახის დანგრევაში. მან ასევე განაცხადა, რომ სამივე მომჩივანმა სცადა ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მისი ქმრისთვის, მესამე მომჩივანი კი განსაკუთრებით აგრესიული იყო, წაქეზებული დედის მიერ. ინციდენტის დასასრულებლად იქ შეკრებილი ხალხი ჩაერია. პირველი მომჩივანი დაემუქრა მის ქმარს „დაჭრით“. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ვ.ბ.-ის თანახმად, იმ დროისთვის, როცა ის სანაპიროზე მივიდა, გ.მ. უკვე წყალში იყო და მამაკაცი და ბავშვი მის დარტყმას ცდილობდნენ. ეს რომ დაინახა, მაშინვე მისკენ გაიქცა დასახმარებლად. შემდგომი მოვლენები აღწერილი იყო ვ.ბ.-ის მიერ ანალოგიურად, როგორც გ.მ.-ისა და მ.კ.-ის მიერ.
48. ინციდენტის ადგილზე გამოძახებული პარამედიკოსის, ნ.გ.-ის მოწმის ჩვენება შემდეგნაირად იყო აღწერილი: „...ბავშვს ტუჩი მცირედით ჰქონდა გახეული. ქალბატონმა [პირველმა მომჩივანმა] ითხოვა, რომ გ.მ.-ის მიერ მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და, რომ ბავშვს მუშტი მოხვდა [ინციდენტის] გაშველების დროს, ასახული ყოფილიყო [დასკვნაში]“.
49. მაშველის, მ.მ.-ის მიერ მიცემული მოწმის ჩვენება ასე იყო აღწერილი: „მოწმე მ.მ.-მ განაცხადა, რომ ... 2016 წლის 26 აგვისტოს მან ... გაიგონა ხმაური და ჩხუბის ხმები და დაინახა ნაპირზე შეკრებილი ხალხი[. მან] გაიგონა მისთვის უცნობი ქალის მიერ წარმოთქმული მუქარის სიტყვები, რომელიც ამბობდა [„]დაგჭრი[“]. ...“
50. პირველი ინსტანციის სასამართლო ასევე დაეყრდნო ექვს წინასასამართლო ჩვენებას, რომელიც წაკითხულ იქნა სასამართლო პროცესზე (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). ჩვენებები შემდეგნაირად იქნა შეჯამებული გადაწყვეტილებაში:
„2016 წლის 26 აგვისტოს ა.გ.-ის წინასასამართლო ჩვენებიდან, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, დადგინდა, რომ ... ზღვაში ცურვისას ა.გ.-მ დაინახა ნაპირზე შეკრებილი ხალხი და მიხვდა, რომ იქ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ამიტომ ნაპირისკენ გაცურა და დაინახა ქალი, მამაკაცი და დაახლოებით 15 წლის ბიჭი, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ[.] თუმცა, რადგან ენა არ იცოდა, არ ესმოდა [რას ამბობდნენ]. ისინი წყალში უყვიროდნენ ახალგაზრდა მამაკაცს და ცდილობდნენ მის ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნული მამაკაცი მათთან ჩხუბში არ შედიოდა და მათგან მოშორებას ცდილობდა. ინციდენტი დაახლოებით თხუთმეტ წუთს გაგრძელდა და ნაპირზე შეკრებილმა ხალხმა მოახერხა მისი შეჩერება“.
2016 წლის 26 აგვისტოს ლ.გ.-ის წინასასამართლო ჩვენებიდან, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, დადგინდა, რომ ... ზღვაში ცურვისას მან ხმაური გაიგონა [მაგრამ] ვერ გაიგო, რა ხდებოდა, რადგან ენა არ იცოდა [მაგრამ რადგან] ნაპირზე შეკრებილი ხალხი დაინახა, აშკარა იყო, რომ მათ შორის ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როდესაც ის წყლიდან გამოვიდა, დაინახა დაახლოებით თოთხმეტი-თექვსმეტი წლის ბიჭი, რომელსაც შორტები ეცვა, ხელებს უქნევდა ზღვაში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მისგან მოშორებას. ინციდენტის დროს ქალი და ახალგაზრდა ბიჭი აქტიურობდნენ, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცისკენ გაემართნენ და მასზე თავდასხმას ცდილობდნენ. მამაკაცი, რომელსაც თავს დაესხნენ, მშვიდად იყო და არ რეაგირებდა. ინციდენტი დაახლოებით თხუთმეტ წუთს გაგრძელდა და ნაპირზე შეკრებილმა ხალხმა მოახერხა მისი შეჩერება.
2016 წლის 26 აგვისტოს თ.ა.-ის წინასასამართლო ჩვენებიდან, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, დადგინდა, რომ ... მან დაინახა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალი, რომელიც ზღვის სანაპიროზე იდგა და ხმამაღლა აგინებდა ზღვაში მყოფ მამაკაცს. მათ შორის, გაიგონა რამდენიმე ქართული [ფრაზა] „დაგჭრი“ [და] „არ გაცოცხლებ“. იქ იყო დაახლოებით თხუთმეტი წლის ბიჭი, რომელიც ძალიან აგრესიულად იქცეოდა, აგინებდა მამაკაცს და ცდილობდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მან გააკეთა კიდეც, რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. ინციდენტში ასევე მონაწილეობდა [კიდევ ერთი] მამაკაცი, რომელიც [როგორც მოწმე ფიქრობდა] იყო ქალის მეუღლე, რომელიც ასევე ემუქრებოდა [ზღვაში მყოფ მამაკაცს]. მამაკაცს, რომელსაც თავს ესხმოდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია რომელიმე [პირისთვის], პირიქით, ის მშვიდად იყო და არ რეაგირებდა. ინციდენტი დაახლოებით თხუთმეტ წუთს გაგრძელდა და ნაპირზე შეკრებილმა ხალხმა მოახერხა მისი შეჩერება.
2016 წლის 26 აგვისტოს ლ.ა.-ის წინასასამართლო ჩვენების თანახმად, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, ... მან [იხილა] ზღვის სანაპიროზე მდგარი ქალი, რომელიც ხმამაღლა უყვიროდა ზღვაში მდგარ მამაკაცს და გამოხატავდა აგრესიას[.] ამ დროს მისმა თანმხლებმა მამაკაცმა წყალში მყოფს ხელი დაარტყა. ამის გამო [მოწმემ] არაკომფორტულად იგრძნო თავი და სხვა ადგილზე გადავიდა.
2016 წლის 27 აგვისტოს ბ.ჭ.-ის წინასასამართლო ჩვენებიდან, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, დადგინდა, რომ ... ის შეესწრო ... თამარ ხაჭაპურიძის, მისი მეუღლისა და ვაჟის მხრიდან გ.მ.-ის მიმართ ძალადობრივ ქცევას, რომლის დროსაც ეს პირები აგრესიულად მოქმედებდნენ, აგინებდნენ და შეურაცხყოფდნენ [გ.მ.-ს] და ცდილობდნენ მის ფიზიკურ შეურაცხყოფას. ინციდენტი დაახლოებით თხუთმეტ წუთს გაგრძელდა და ხმაურის გამო იქ შეკრებილმა ადამიანებმა მოახერხეს მისი შეჩერება.
2016 წლის 26 აგვისტოს ზ.ჭ.-ის წინასასამართლო ჩვენებიდან, [რომელიც წაკითხულ იქნა] სასამართლო პროცესის დროს, დადგინდა, რომ ... ის შეესწრო ძალადობას, რომელიც მიმართული იყო გ.მ.-ის მიმართ, რამაც დამსვენებლებს შორის აურზაური გამოიწვია, ხოლო როდესაც ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ გ.მ. დამძიმებულ გუნებაზე იყო და მას შეურაცხყოფას აყენებდნენ“.
51. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, დამატებითი დეტალების მითითების გარეშე, რომ საქმის გამომძიებლებმა მისცეს ამომწურავი ინფორმაცია მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
52. შემდეგ აღწერილი იყო მ.კ.-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერების შინაარსი, სადაც ნათქვამია შემდეგი:
„პირველი ჩანაწერიდან ჩანს, რომ ზღვიდან ამოსვლისას [გ.მ.-ს] ხვდება კახაბერ ხაჩიძე, [რომელიც] ხელების ქნევით იწყებს მასთან ჩხუბს. ამ დროს კახაბერ ხაჩიძის მეუღლე, თამარ ხაჭაპურიძე და მათი არასრულწლოვანი ვაჟი წყალში შერბიან. [ჩანაწერში] ნაჩვენებია სამივე პირი, რომლებიც ხელებს აქნევენ, რათა დაარტყან [გ.მ.-ს]; ისმის გინება და მუქარა. ხალხი ზღვაში შერბის გ.მ.-ის დასაცავად და ცდილობენ თამარ ხაჭაპურიძის და, უპირველეს ყოვლისა კი, მისი არასრულწლოვანი ვაჟის შეკავებას. მეორე ჩანაწერში ჩანს, რომ თამარ ხაჭაპურიძე შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებს გ.მ.-ის მისამართით და დანით დაჭრით ემუქრება. იქ შეკრებილი ხალხი მას დამშვიდებას სთხოვს“.
53. რაც შეეხება საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი:
„...სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თვითმხილველთა მიერ მიცემულ ჩვენებებს, რადგან ისინი ხასიათდებიან ინფორმაციული ღირებულებით, საქმის გარემოებებთან დაკავშირებით, და წარმოადგენენ მტკიცებულებათა მნიშვნელოვან წყაროს. სასამართლო ითვალისწინებს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც არ არიან დაინტერესებული საქმის შედეგით და აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, თუ რა ნახეს და აღიქვეს რეალურად. სწორედ [ერთი მხრივ] თვითმხილველებისა და დაზარალებულის მიერ აღქმული ფაქტების და [მეორე მხრივ] საზოგადოების დამკვიდრებული ადათ-წესების შერწყმით დგინდება საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის ხარისხი [და] ფასდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ხარისხი.
54. დაბოლოს, პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა პირველი და მეორე მომჩივნის არგუმენტი მესამე მომჩივნის დაზიანების შესახებ და პირველი მომჩივნის განცხადება, რომ ის, რაც მან გ.მ.-ს უთხრა (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ) იყო მისი ემოციური რეაქცია მისი ვაჟის დაზიანებაზე. სასამართლომ დაადგინე შემდეგი:
„სასამართლო შეფასების გარეშე არ დატოვებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც ნათქვამია, რომ დავით ხაჩიძეს ქვედა ტუჩზე აღენიშნება 0.8 x 0.7 სანტიმეტრის ნაჭდევი... და მსგავსი, წაგრძელებული ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილში... და დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თამარ ხაჭაპურიძის მიერ წარმოთქმული გ.მ.-ის სიცოცხლის მოსპობის მუქარა იყო დედის რეაქცია გ.მ.-ს მიერ მისი ვაჟის დაზიანებაზე[.] სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალით, რომელიც შეესაბამება დაკითხული მოწმეების მიერ მიცემულ ინფორმაციას, დადგინდა, რომ სწორედ გ.მ. იყო თავდასხმის სამიზნე... [სამმა] პირმა, მათ შორის, [ბრალდებულის] არასრულწლოვანმა ვაჟმა, სცადა მასზე სამი მხრიდან თავდასხმა. თამარ ხაჭაპურიძის ქმედება არავითარი დედობრივი ინსტინქტით არ აიხსნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ბრალდებულმა და მათმა 13 წლის ვაჟმა განახორციელეს ძალადობრივი ქმედება და თავდასხმა გ.მ.-ს მიმართ. ნებისმიერს, მათ შორის, გ.მ.-ს, ჰქონდა უფლება, დაეცვა თავი უკანონო თავდასხმისგან და მოეგერიებინა თავდამსხმელები, მაგრამ ყველა თვითმხილველმა განმარტა, რომ გ.მ. მხოლოდ გარიდებას ცდილობდა და არავისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა. მათი ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები ასევე ადასტურებს, რომ ინციდენტის შემსწრე პირები, მათ შორის, ვ.ბ., ცდილობდნენ თამარ ხაჭაპურიძის არასრულწლოვანი ვაჟის ძალით შეკავებას. ეს გარემოებები სრულიად უარყოფს დაცვის მხარის ვერსიას, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული და მათი არასრულწლოვანი ვაჟი დაესხა თავს გ.მ.-ს და უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი ძალადობისა და ძალადობის მუქარის გამოყენებით, რაც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების მიმართ“.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
55. 2018 წლის 20 და 21 აგვისტოს პირველმა და მეორე მომჩივანმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მათ განაცხადეს, მათ შორის: (ა) რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება მათი მსჯავრდებისთვის; (ბ) რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შეცდომა დაუშვა ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და დანაშაულის ელემენტების შეფასებისას; (გ) რომ ინციდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა გ.მ.-სა და მათ 13 წლის ვაჟს შორის, დაიწყო იმის გამო, რომ გ.მ.-მ შეაგინა პირველ მომჩივანს; (დ) რომ, რაც პირველმა მომჩივანმა თქვა არ იყო მუქარა, არამედ იყო ემოციური რეაქცია მისი ვაჟის ტუჩის სისხლდენის დანახვაზე; (ე) რომ მესამე მომჩივნის დაზიანება და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სათანადოდ არ იქნა განხილული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომელიც დაკავშირებული იყო გ.მ.-ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასთან; (ვ) რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება მეორე მომჩივნის ბრალეულობის დასადასტურებლად როგორც მუქარასთან, ისე ძალადობრივ ქცევასთან დაკავშირებით; (ზ) რომ მათი მსჯავრდება ეფუძნებოდა არდამსწრე მოწმეების (მომჩივანთა თანახმად, ერთადერთი ნეიტრალური მოწმეების) ჩვენებებს, რომელთა ჩვენებები მიღებულ იქნა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმეების დაკითხვის პროცედურისა და კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევით; (თ) რომ პროკურატურამ არ ამოწურა ყველა შესაძლო ძალისხმევა არდამსწრე მოწმეების ადგილსამყოფლის დასადგენად; (ი) რომ მომჩივნებმა ვერ შეძლეს საკუთარი მოწმეების გამოძახება, რომლებიც წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს საქმის გარემოებების დასადგენად (მესამე მომჩივანი, რომელიც დაშავდა და შეურაცხყოფა მიაყენა ინციდენტის დროს, აგრეთვე, ა.დ. და დ.გ., რომლებიც თვითმხილველები იყვნენ); (კ) რომ მ.მ.-ისა და ნ.გ.-ის მიერ მიცემული ჩვენებები არასწორად იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებაში; (ლ) რომ ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა საეჭვო იყო; და (მ) რომ პირველმა და მეორე მომჩივანმა ვერ მიიღეს ეფექტურად მონაწილეობა სამართალწარმოებაში, სასამართლო პროცესიდან მათი დაუსაბუთებელი მოხსნის გამო. სააპელაციო საჩივარში ასევე ნათქვამია, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა მოვლენების შემდეგი თანმიმდევრობა: პირველმა მომჩივანმა გადააფურთხა „ზღვაში, რაც [არ წარმოადგენდა] მუქარის ქცევას, რასაც მოჰყვა [გ.მ.-ის] გინება, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანთან [ვაჟთან] დაპირისპირება და არასრულწლოვანისთვის სხეულის დაზიანება“. ამას, მომჩივანთა თანახმად, მოჰყვა პირველი მომჩივნის დედობრივი, ემოციური რეაქცია (იხ. პარაგრაფი 16 ზემოთ) მისი ვაჟის სახეზე სისხლის დანახვის გამო. მომჩივნები ითხოვდნენ, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე დასწრების უფლებას, მოწმეების – გ.მ.-ის, მ.კ.-ისა და ვ.ბ.-ის – ხელახლა გამოკითხვასა და არდამსწრე მოწმეების გამოძახებას და მათი თანდასწრებით გამოკითხვას.
56. 2018 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის შემდეგ, რომელსაც მომჩივნები ესწრებოდნენ ვიდეობმულის საშუალებით. მან შეაჯამა, მათ შორის, მომჩივნების არგუმენტები, მაგრამ განაცხადა, რომ ის სრულად ტოვებდა ძალაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს. გადაწყვეტილება ხელახლა ასახავდა მოწმის ჩვენებებს და ვიდეომასალის აღწერას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან (იხ. პარაგრაფები 46-52 ზემოთ). შემდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა, პირველი და მეორე მომჩივნისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრების შესახებ. რაც შეეხება ამ უკანასკნელის საჩივარს კონვენციის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო დაეყრდნო არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს, სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ განსახილველი ჩვენებები შეესაბამებოდა „დაზარალებულისა და თვითმხილველების“ მიერ მიცემულ სხვა ჩვენებებს. აღნიშნა რა, რომ დაცვის მხარეს მიეცა მტკიცებულებების წარმოდგენის შეუზღუდავი შესაძლებლობა, სასამართლომ განაცხადა, რომ არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს დაეყრდნნენ „სხვა მტკიცებულებებთან ერთად“ და, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია „სსსკ“-ის 243-ე მუხლი მათი შეფასებისას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ პირველი და მეორე მომჩივნის საქციელი დადასტურებული იყო საქმის მასალებში არსებული ვიდეოჩანაწერებით და შეფასებული იყო საქმის განხილვის პროცესში.
57. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს, რომ საქმის ფაქტებმა, გონივრულ ეჭვს მიღმა, ცხადყო, რომ ორი მომჩივანი მოქმედებდა როგორც ჯგუფი და, რომ მათმა ქცევამ გ.მ.-ის მიმართ უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი პლაჟზე და შეაწუხა იქ მყოფი დამსვენებლები. არ იყო მკაფიო პასუხი მომჩივნების არგუმენტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მესამე მომჩივანს არ მისცა ჩვენების მიცემის უფლება.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
58. 2018 წლის 8 და 11 დეკემბერს მომჩივნებმა შეიტანეს საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ. მათ გაიმეორეს თავიანთი მანამდელი პრეტენზიები (იხ. პარაგრაფი 55 ზემოთ).
59. 2021 წლის 7 ივნისს უზენაესმა სასამართლომ უარყო საჩივარი სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ. მომჩივნების არგუმენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არდამსწრე მოწმეებს, სასამართლოს განაცხადა შემდეგი:
„საქმეში არსებული მტკიცებულებებს (მათ შორის, დაზარალებულის [და] მოწმეების [მ.კ., ვ.ბ., მ.მ.] ჩვენებები, მოწმეთა [ლ.ა., ა.გ., ბ.ჭ., ლ.გ. და თ.ა] გამოკითხვის წერილობითი ჩანაწერები, [და] ვიდეოჩანაწერები) მივყავართ [დასკვნამდე], რომ თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მიერ ხულიგნობის ჩადენა დადგინდა გონივრულ ეჭვს მიღმა.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სასამართლო სხდომაზე არდამსწრე მოწმეების ჩვენებების წაკითხვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „სსსკ“-ის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოწმის დაკითხვის წერილობითი ჩანაწერები შეიძლება წაკითხულ იქნეს სასამართლო სხდომაზე, თუ მოწმე არ არის საქართველოში და ჩვენება მიღებულია „სსსკ“-ით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. მოცემულ ვითარებაში, საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ მოწმეები ([ა.გ., ლ.გ., ლ.ა., ბ.ჭ., თ.ა., ზ.ჭ.]) დაკითხეს [ამ] პროცედურის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოს აქვს ვალდებულება, გამოიყენოს გონივრული ძალისხმევა, რათა უზრუნველყოს ასეთი მოწმეების გამოცხადება სასამართლო სხდომაზე და უზრუნველყოს მათი დაკითხვა; თუმცა, მოწმის არდასწრების საფუძვლიანი მიზეზის არარსებობამ აპრიორი არ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლო პროცესის უსამართლობა (იხ. საქმე [Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, §§ 105-107 და 113, ECHR 2015]). სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, [იმ ფაქტს], რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე წაიკითხეს მოწმეთა დაკითხვის წერილობითი ჩანაწერები და, რომ დაცვის მხარეს ჰქონდა მათი გასაჩივრების შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, რომ აღნიშნული მტკიცებულება – მოწმის დაკითხვის წერილობითი ჩანაწერები – არ იყო არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძისთვის. [მათ] მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, გარდა დაზარალებულისა და მასთან დაახლოებული პირების მიერ მიცემული ჩვენებებისა, ადასტურებს ნეიტრალური მოწმე [მ.მ.] და საქმის მასალებში არსებული ვიდეოჩანაწერები.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლო პროცესზე წაკითხული მოწმეთა დაკითხვის წერილობითი ჩანაწერები შეესაბამება ერთმანეთს და სასამართლო პროცესის დროს შეფასებულ [სხვა] მტკიცებულებებს, მათ შორის, დაზარალებულის [და] მოწმეების [მ.კ., ვ.ბ., მ.მ.] ჩვენებებსა და ვიდეოჩანაწერებს“.
60. უზენაესმა სასამართლომ ასევე პასუხი გასცა, მათ შორის, მომჩივნების არგუმენტებს სასამართლო სხდომის დროს სასამართლო დარბაზიდან მათი გაყვანის თაობაზე, განაცხადა რა შემდეგი:
„სასამართლო ასევე ვერ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის რიგ სხდომებზე არდასწრებამ გამოიწვია შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დარღვევა. სასამართლო ითვალისწინებს, ერთი მხრივ, პროცესის მხარეთა მოვალეობას, შეინარჩუნონ წესრიგი სასამართლო სხდომაზე და სასამართლოს შესაძლებლობას, მიიღოს „სსსკ“-ის 85-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები, თუ არსებობს ამის შესაბამისი საფუძველი და, მეორე მხრივ, მოვალეობას, უზრუნველყოს დაცვის უფლება მაშინაც კი, თუ ბრალდებული სხდომიდან გაყვანილია.
წინამდებარე საქმეში, 2018 წლის 22 ივნისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე (რომელზეც თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე დისტანციურად მონაწილეობდნენ), 14:53:10 საათზე მოსამართლემ თამარ ხაჭაპურიძე გააფრთხილა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ თამარ ხაჭაპურიძემ, მიუხედავად რამდენიმე გაფრთხილებისა, განაგრძო სხდომის ჩაშლა და მოწმის დაკითხვის შეფერხება, მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა 14:54:29 საათზე „სსსკ“-ის 85-ე მუხლის შესაბამისად (დისტანციური მონაწილეობა).
მოსამართლემ ასევე გააფრთხილა კახაბერ ხაჩიძე [საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო] (14:54:41 საათზე), რადგან თამარ ხაჭაპურიძე, სასამართლო დარბაზიდან გაძევების მიუხედავად, კვლავ აფერხებდა და ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებას [მისი კომპიუტერიდან]. 15:58:40 საათზე მოსამართლემ კვლავ გააფრთხილა კახაბერ ხაჩიძე, ხოლო 15:59:00 საათზე გაათავისუფლა სხდომიდან (დისტანციური მონაწილეობა), რადგან მას ამისთვის ხელი არ შეუშლია.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულის გაყვანის შემდეგ, დაცვის მხარის ადვოკატებს [ს.კ. და პ.დ.] ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ [მოწმეების] დაკითხვაში და კითხვები დაესვათ მათთვის. შესაბამისად, ბრალდებულის ინტერესებს მათივე არჩეული ადვოკატები იცავდნენ. გარდა ამისა, არ დადგინდა, რომ მათი გაყვანის შემდეგ [მომჩივნებს] შეეზღუდათ ადვოკატებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს არ მოუთხოვია, მაგალითად, სხდომის შეჩერება ბრალდებულთან კონსულტაციისთვის). ამასთან, კახაბერ ხაჩიძის თანდასწრებით შეფასდა საქმის ფარგლებში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით“.
61. რაც შეეხება მომჩივნების არგუმენტს, რომ ვიდეოჩანაწერი არ იყო მოპოვებული შესაბამისი პროცედურის დაცვით, სასამართლომ განაცხადა შემდეგი:
„სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ვიდეოჩანაწერის მოპოვების უკანონობასთან დაკავშირებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ [შესაბამისი] ვიდეოჩანაწერი მოპოვებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, [„სსსკ“-ით დადგენილი] პროცედურის შესაბამისად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს შეეძლო შეეფასებინა ჩანაწერი და დაენიშნა ექსპერტიზა „სსსკ“-ით დადგენილი წესით, თუ მათ [სურდათ] სადავო გაეხადათ ჩანაწერის გარემოებების უტყუარობა.“
62. უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა მომჩივნების საჩივარი ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მესამე მომჩივნის ჩვენების მიცემის უფლებაზე უარის შესახებ.
მესამე მომჩივნის დაზიანებების სისხლის სამართლის გამოძიება
63. სისხლის სამართლის გამოძიებას, რომელიც დაიწყო 2016 წლის 26 აგვისტოს იმავე დღის ინციდენტთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 6-14 ზემოთ), როგორც ჩანს, ასევე დაევალა მესამე მომჩივანზე აღმოჩენილი დაზიანებების გამოძიება. იმავე დღეს ხელისუფლების ორგანოებმა შექმნეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც შედიოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული გამომძიებელი, და დანიშნა მესამე მომჩივნის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.
64. ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიკითხნენ პირველი და მეორე მომჩივანი და რამდენიმე მოწმე (იხ. პარაგრაფები 6-14 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ მესამე მომჩივანიც იმყოფებოდა იმ დღეს პოლიციის განყოფილებაში, ის არ დაუკითხავთ. ამის მიზეზი გაურკვეველი რჩება.
65. 2016 წლის 14 სექტემბერს მიღებულ იქნა სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა მესამე მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით. მასში აღნიშნული იყო, რომ მესამე მომჩივანს ჰქონდა ნაჭდევი ზომით 0.8 x 0.7 სმ ქვედა ტუჩზე და მსგავსი წაგრძელებული ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილში. დაზიანებები შეფასდა, როგორც მსუბუქი და დადგინდა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოუწვევია.
66. 2016 წლის 26 აგვისტოს ინციდენტზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაიყო 2016 წლის 11 ოქტომბერს. საქმე, რომელიც ეხება ბრალდებას პირველი და მეორე მომჩივნის გ.მ.-ზე სავარაუდო თავდასხმის ფაქტს, გადაეცა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ხოლო მესამე მომჩივნის დაზიანებების გამოძიება ცალკე გაგრძელდა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აკრძალულ ქმედებებთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 81 ქვემოთ).
67. 2016 წლის 3 ნოემბერს საგამოძიებო ორგანოები დაუკავშირდნენ პირველ მომჩივანს, როგორც მესამე მომჩივნის კანონიერ მეურვეს, თხოვნით, რომ მესამე მომჩივანი დასწრებოდა დაკითხვას 2016 წლის 5 ნოემბერს. პირველმა მომჩივანმა განაცხადა, რომ ის ვერ შეძლებდა თავისი ვაჟის თანხლებას არასამუშაო დღეებში და მოითხოვა ოფიციალურად დაბადება დაკითხვაზე სამუშაო დღეებში.
68. 2016 წლის 7 ნოემბერს საგამოძიებო ორგანოებმა დაიბარეს პირველი მომჩივანი და მოსთხოვეს, თან ხლებოდა თავის ვაჟს დაკითხვაზე 2016 წლის 12 ნოემბერს.
69. 2016 წლის 7 ნოემბერს პირველმა მომჩივანმა დაურეკა საგამოძიებო ორგანოებს და აცნობა მათ, რომ მისი ვაჟი ავად იყო და დაკითხვაზე ვერ გამოცხადდებოდა.
70. 2017 წლის 25 იანვარს საგამოძიებო ორგანოებმა გაუგზავნეს დამატებითი უწყება მესამე მომჩივნის დაკითხვის მიზნით და მოსთხოვეს პირველ მომჩივანს თან ხლებოდა მას 2017 წლის 27 იანვარს.
71. 2017 წლის 27 იანვარს მესამე მომჩივანი გამოცხადდა დაკითხვაზე ადვოკატის და სოციალური მუშაკის თანხლებით. მან თქვა, რომ ის ჩვენების მიცემას ვერ შეძლებდა, რადგან რეაბილიტაციას გადიოდა და თავს კარგად არ გრძნობდა. მესამე მომჩივანმა მოითხოვა მისი დაკითხვის გადადება.
72. 2017 წლის ივლისში მესამე მომჩივანმა დატოვა საქართველო.
73. საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 16 ნოემბერს მესამე მომჩივანმა ადვოკატის დახმარებით მოითხოვა მისთვის დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭება. 2017 წლის 18 ნოემბერს საჩივარი არ დაკმაყოფილდა როგორც დაუსაბუთებელი. ადვოკატის მიმართვა ზემდგომი პროკურორისადმი არ ეხებოდა იმ ფაქტს, რომ მესამე მომჩივანს ჩვენება არ მიუცია და არც ითხოვდა, რომ უფლება მიეცათ, დისტანციურად გაეკეთებინა ეს. მასში აღნიშნული იყო, რომ მესამე მომჩივანი გადიოდა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას 2016 წლის 26 აგვისტოს ინციდენტისა და იმ დღეს მიღებული დაზიანებების გათვალისწინებით. მისი თქმით, არსებობდა საკმარისი საფუძველი, 2016 წლის 14 სექტემბრის ოქმის დასკვნების საფუძველზე (იხ. პარაგრაფი 65 ზემოთ), მისთვის დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭებისთვის. საჩივარი არ დაკმაყოფილდა 2017 წლის 27 დეკემბერს როგორც დაუსაბუთებელი.
74. 2018 წლის 3 ივლისს მესამე მომჩივნის ადვოკატმა შეიტანა კიდევ ერთი განცხადება დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. მან აღნიშნა, რომ მესამე მომჩივნის მშობლები დისტანციურად იღებდნენ მონაწილეობას მათ სასამართლო პროცესში და, რომ „ასეთი კომუნიკაცია ასევე შესაძლებელი [იყო მესამე მომჩივანთან] მიმართებითაც“. 2018 წლის 5 ივლისს პროკურორმა უპასუხა, რომ საჩივარში არ გამოვლენილა რაიმე ახალი ელემენტი მსგავსი საჩივრის 2017 წლის 18 ნოემბერსა და 27 დეკემბერს უარყოფის შემდეგ.
75. 2018 წლის 23 ივლისს მესამე მომჩივნის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის საფუძველზე, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს მესამე მომჩივნის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა გაუვიდოდა. ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა 2018 წლის ოქტომბერში. სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ გავრცელებულა.
76. 2018 წლის 7 აგვისტოს მესამე მომჩივნის ადვოკატმა შეიტანა ახალი სარჩელი დაზარალებულის პროცედურულ სტატუსთან დაკავშირებით. მან მიუთითა მესამე მომჩივნის დაკითხვის წერილობით ჩანაწერზე (დათარიღებული 2016 წლის 11 ოქტომბრით), რომელიც ჩაატარა ახალგაზრდების მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებულმა ადვოკატმა (იხ. პარაგრაფი 19 ზემოთ), როგორც ახალი ფაქტობრივი ელემენტი, რომელიც, მისი თქმით, დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭებას იმსახურებს. 2018 წლის 31 დეკემბერს ადვოკატს შეატყობინეს, რომ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებები ამ საკითხზე კვლავ ძალაში იყო და საჩივარი არ დაკმაყოფილდა როგორც დაუსაბუთებელი.
77. 2018 წლის სექტემბერში მესამე მომჩივნის ადვოკატი დაინტერესდა მიმდინარე გამოძიების პროგრესით. მას უთხრეს, რომ მესამე მომჩივანს არ გააჩნდა შესაბამისი პროცედურული სტატუსი ასეთი ინფორმაციის მისაღებად.
78. დაზარალებულის სტატუსის შესახებ მოთხოვნები ხელახლა იქნა წარდგენილი 2020 და 2021 წლებში. 2021 წლის 7 ივლისის მოთხოვნაში აღნიშნულია მესამე მომჩივნის მზადყოფნა, დისტანციურად მისცეს ჩვენება და მტკიცება, რომ ხელისუფლებამ არ გაურკვევია ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ის „ყოველთვის“ გამოხატავდა თანამშრომლობის სურვილს. ყველა საჩივარი უარყოფილ იქნა იმ მოტივით, რომ გამოძიების დროს შეგროვებული მტკიცებულებები არ იძლეოდა მესამე მომჩივნისთვის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. 2021 წლის 27 ივლისს მესამე მომჩივანმა აღძრა სამართალწარმოება პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვა დაზარალებულის სტატუსი. მან გაიმეორა 2021 წლის 7 ივლისის მოთხოვნის შინაარსი.
79. 2021 წლის 27 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ მესამე მომჩივანი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის დაზარალებული. ამით სასამართლომ მიუთითა, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მესამე მომჩივანთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ცალკე სამართალწარმოებაზე მისი მშობლების წინააღმდეგ და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე, ინციდენტში მესამე მომჩივნის როლის შესახებ (იხ. პარაგრაფი 54 ზემოთ). სასამართლოსთვის აღნიშნული მასალა არ ამართლებს გადაწყვეტილებას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისას პროკურატურის მოქმედების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ.
80. სასამართლოსთვის ხელმისაწვდომი უკანასკნელი ინფორმაციის მიღების მომენტში სისხლის სამართლის გამოძიება მესამე მომჩივნის დაზიანებებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.
შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო
81. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებები შესაბამის დროს ითვალისწინებდა შემდეგს:
მუხლი 125. ცემა🔗
„1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“
მუხლი 239. ხულიგნობა🔗
„1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
...
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
...“
მუხლი 365. მუქარა ან ძალადობა სამართალწარმოების განხორციელებასთან, გამოძიებასთან ან დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით🔗
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
...
5. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე...“
82. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები შესაბამის დროს ითვალისწინებდა შემდეგს:
მუხლი 85. პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის🔗
„...
2. პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას; ამასთანავე, აღნიშნული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.
...
5. პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმის განხილვის დასრულებამდე. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების უფლება. გაძევებული პირი სხდომაზე დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სასამართლო დააკმაყოფილებს ამ პირის საჩივარს სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების უკანონოდ ცნობისა და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.
...“
მუხლი 113. გამოკითხვის წესი🔗
„1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია...“
მუხლი 114. გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი🔗
„1. გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების მხარის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ:
...
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;
...“
მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს🔗
„...
3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც დასაკითხად ვერ გამოცხადდება სასამართლოში ამ კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის გამო. ამ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება, თუ იგი პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება.
მუხლი 243. გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა, მოწმის დისტანციური დაკითხვა🔗
„1. თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
...
3. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
კანონმდებლობა
საჩივრების გაერთიანება
83. საჩივრების მსგავსი შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ განიხილოს ისინი გაერთიანებულად ერთ გადაწყვეტილებაში.
კონვენციის 6-ე მუხლის სავარაუდო დარღვევა
84. პირველი და მეორე მომჩივანი ჩიოდნენ: (i) რომ მათ ვერ შეძლეს მოწმეების დასწრების მოპოვება მათი სახელით იმავე პირობებში, რომელშიც იყვნენ მათ წინააღმდეგ მოწმეები; (ii) რომ მათი მსჯავრდება ეფუძნებოდა, მეტწილად, არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს; და (iii) რომ სასამართლო პროცესიდან მათი გარიცხვა შეუთავსებელი იყო კონვენციით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიებთან. ისინი დაეყრდნნენ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტებს, რომლებიც შემდეგნაირად იკითხება:
„1. „ყოველი ადამიანი მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით ... სასამართლოს მიერ...“
...
3. ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
...
(c) დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით ხაზინის ხარჯზე, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
(d) თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები, და, გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში;
...“
მისაღებობა
85. მთავრობამ განაცხადა, რომ ვინაიდან პირველ და მეორე მომჩივანს, მათი პროცესიდან გაძევების გამო, არ შეუტანიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ცალკე საჩივარი, მათ არ ამოუწურავთ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები ამ მიმართებით თავიანთ საჩივართან დაკავშირებით.
86. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ ვინაიდან საქმე გადაეცა სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოს განსახილველად, მათ ამოწურეს დაცვის შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებები.
87. იმეორებს რა, რომ დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობა არ შეიძლება დადგინდეს მომჩივნის წინააღმდეგ – თუ, მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ კანონით დადგენილი ფორმების შეუსრულებლობისა, კომპეტენტურმა ორგანომ მაინც განიხილა სარჩელის არსი (იხ. საქმე Vladimir Romanov v. Russia, no. 41461/02, § 52, 2008 წლის 24 ივლისი) – სასამართლო ადგენს, რომ მომჩივნებმა შესაძლებლობა მისცეს ეროვნულ ორგანოებს, გამოესწორებინათ დარღვევა.
88. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს საჩივარი არ შეიძლება გამოცხადდეს დაუშვებლად დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოუწურაობის გამო.
89. გარდა ამისა, პირველი და მეორე მომჩივნის საჩივრები კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე არ არის აშკარად დაუსაბუთებელი კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მნიშვნელობის ფარგლებში. არც მიუღებელია ნებისმიერი სხვა საფუძვლით. აქედან გამომდინარე, საჩივრები უნდა გამოცხადდეს მისაღებად.
არსებითი მხარე
90. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები უნდა განიხილებოდეს როგორც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განსაკუთრებული ასპექტები. სასამართლო, შესაბამისად, სათითაოდ განიხილავს პირველი და მეორე მომჩივნის საჩივრების სამივე ასპექტს (იხ. პარაგრაფი 84 ზემოთ) ერთად აღებული ამ ორი დებულების ფარგლებში (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Schatschaschwili v. Germany [GC], no. 9154/10, § 100, ECHR 2015, და საქმე Idalov v. Russia [GC], no. 5826/03, § 169, 2012 წლის 22 მაისი). შემდეგ ის გააგრძელებს სისხლის სამართლის პროცესის საერთო სამართლიანობაზე მათი გავლენის შეფასებით (იხ. საქმე Khavshabova v. Georgia, No. 26134/19, §§ 28 და 56, 2023 წლის 29 ივნისი).
პირველი და მეორე მომჩივნის სავარაუდო უუნარობა, მოეპოვებინათ მოწმეების დასწრება მათი სახელით იმავე პირობებში, როგორც მათ წინააღმდეგ მოწმეებისა
მხარეთა არგუმენტები
პირველი და მეორე მომჩივანი
91. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მესამე მომჩივნის მოსმენაზე და პროცესზე მოწმეების ა.დ.-ისა და დ.გ.-ის გამოცხადების იძულებაზე უარით (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ), ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მოწმეების მათი სახელით დასწრება იმავე პირობებში, როგორც მათ წინააღმდეგ მოწმეებისა. მათ განაცხადეს, რომ მესამე მომჩივნის მოწმის ჩვენება გადამწყვეტი იქნებოდა მათ საქმეში სიმართლის დასადგენად, ორი მიზეზის გამო: დაადასტურებდა, რომ პირველი მომჩივანი არ გულისხმობდა იმას, რაც მან უთხრა გ.მ.-ს (რაც ეროვნულმა სასამართლოებმა განმარტეს, როგორც მუქარა), რადგან ეს იყო უბრალო ემოციური რეაქცია მისი შვილის სისხლდენის დანახვაზე; და ის ბრალდებას მოუხსნიდა მეორე მომჩივანს, რადგან დაადასტურებდა, რომ ის არ მონაწილეობდა ჩხუბში, მაგრამ ცდილობდა პირველი და მესამე მომჩივნის დამშვიდებას. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მტკიცებულებები ამ კუთხით აქარწყლებდა პროკურატურის ვერსიას, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მოსამართლემ დაასახელა ფორმალური მიზეზები მესამე მომჩივნის მიერ დისტანციურად ჩვენების მიცემაზე უარისთვის. ასევე უარყოფილ იქნა დაცვის მხარის ალტერნატიული წინადადება სასამართლო პროცესის მხოლოდ ოცდასამი დღით გადადების შესახებ, რათა ის პირადად გამოცხადებულიყო.
92. გარდა ამისა, მოწმეებთან ა.დ.-სა და დ.გ.-სთან დაკავშირებით მომჩივნებმა განაცხადეს, რომ პროკურორის გადაწყვეტილებამ მათი მოწმეთა სიიდან ამოღების შესახებ, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწვდიდნენ ინფორმაციას, რომელსაც შეეძლო გამამართლებელ გადაწყვეტილებამდე მიყვანა. მათ განაცხადეს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამართლებრივი დებულებები, რომ სასამართლოს შეეძლო მოწმეების გამოცხადების იძულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა გამოცხადებაზე მათი ცალსახა უარი. ეს არ გამოსწორებულა სააპელაციო ეტაპზე, რადგან მათი მოთხოვნა ამ მოწმეების დაკითხვის თაობაზე უარყოფილ იქნა.
მთავრობა
93. მთავრობამ განაცხადა, რომ მესამე მომჩივანი დაცვის მხარის მოწმის სტატუსით მიიღეს 2016 წლის 30 ნოემბრიდან. თუმცა, დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო მისი დასწრება სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება მის დისტანციურ შემოწმებას, მათ განაცხადეს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საკმარისი საფუძველი წარმოადგინა თავისი დასკვნის დასასაბუთებლად, რომ ეს არ იყო მართლმსაჯულების სათანადო განხორციელების ან მესამე მომჩივნის ინტერესებში, რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე მომჩივნის მოწმედ გამოძახების მოთხოვნა არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რადგან ინციდენტის ყველა შესაძლო ვერსია სრულად იყო გამჟღავნებული ეროვნული სასამართლოებისთვის და ყველა შესაბამისი მტკიცებულება, მათ შორის, ვიდეომასალა, უკვე შეფასებული იყო.
94. რაც შეეხება მოწმეებს ა.დ.-სა და დ.გ.-ს, პირველი ინსტანციის მოსამართლემ დაადგინა, რომ არცერთ მათგანს არ უთქვამს უარი სასამართლოში გამოცხადებაზე, რათა დაწყებულიყო მათი გამოცხადების იძულების პროცედურა. გარდა ამისა, მათი წინასასამართლო განცხადებების გათვალისწინებით, მათი შემოწმება, მთავრობის აზრით, გავლენას არ მოახდენდა სამართალწარმოების შედეგსა და სამართლიანობაზე.
სასამართლოს შეფასება
ზოგადი პრინციპები
95. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებათა დასაშვებობა, უპირველესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით რეგულირების საკითხია და სასამართლოს ამოცანაა, არა გადაწყვეტილების გამოტანა, იქნა თუ არა მოწმეთა ჩვენებები სწორად მიღებული მტკიცებულებად, არამედ დადგენა, იყო თუ არა საქმის წარმოება მთლიანობაში, მათ შორის, მტკიცებულებების მოპოვების კუთხით, სამართლიანი (იხ., სხვა წყაროებს შორის, საქმე Van Mechelen and Others v. the Netherlands, 1997 წლის 23 აპრილი, § 50, ანგარიშები 1997‑III, და საქმე Perna v. Italy [GC], no. 48898/99, § 29, ECHR 2003‑V). კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(d) პუნქტი არ მოითხოვს ბრალდებულის სახელით ყველა მოწმის დასწრებასა და დაკითხვას; ამ დებულების არსებითი მიზანი, როგორც ეს სიტყვებით „იმავე პირობებში“ არის მითითებული, არის ამ საკითხში „მხარეთა სრული თანასწორობის“ უზრუნველყოფა (იხ. საქმე Engel and Others v. the Netherlands, 1976 წლის 8 ივნისი, § 91, Series A no. 22; საქმე Vidal v. Belgium, 1992 წლის 22 აპრილი, § 33, Series A no. 235‑B; და საქმე Murtazaliyeva v. Russia [GC], no. 36658/05, § 139, 2018 წლის 18 დეკემბერი).
96. საქმეში Murtazaliyeva (ციტირებული ზემოთ, § 158) სასამართლომ ჩამოაყალიბა შემდეგი სამმხრივი ტესტი შესაფასებლად, დაცულია თუ არა დაცვის მხარის მოწმის გამოძახების უფლება მე-6 მუხლის მე-3(d) პუნქტის შესაბამისად: (1) იყო თუ არა მოთხოვნა მოწმის დაკითხვის შესახებ საკმარისად დასაბუთებული და შეესაბამებოდა თუ არა ბრალდების საგანს; (2) განიხილეს თუ არა ეროვნულმა სასამართლოებმა ამ ჩვენების შესაბამისობა და დაადგინეს თუ არა საკმარისი მიზეზები სასამართლო პროცესზე მოწმის არდაკითხვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; და (3) გამოუთხარა თუ არა ძირი ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებამ, არ დაეკითხათ მოწმე, საქმის წარმოების საერთო სამართლიანობას.
97. პირველ ელემენტთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელია იმის შემოწმება, შეეძლო თუ არა მოწმეთა ჩვენებას გავლენის მოხდენა სამართალწარმოების შედეგზე, თუ გონივრულად იყო მოსალოდნელი დაცვის მხარის პოზიციის გაძლიერება. დაცვის მხარის შუამდგომლობების დასაბუთების „საკმარისობა“, მოწმეების მოსმენასთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება მოცემული საქმის გარემოებების შეფასებაზე, მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოქმედ დებულებებზე, სამართალწარმოების სტადიასა და პროგრესზე, მხარეთა მიერ გატარებულ მსჯელობასა და სტრატეგიებზე და მათ პროცედურულ ქცევაზე (იქვე, §§ 160-61).
98. რაც შეეხება ტესტის მეორე ელემენტს, სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად ჩვენების შესაბამისობა და დაცვის მხარის მიერ საქმის გარემოებებში მოყვანილი მიზეზების საკმარისობა განსაზღვრავს მოწმის დასწრებისა და დაკითხვის უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ ეროვნული სასამართლოების შეფასების ფარგლებს და დეტალიზაციის დონეს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერი და წონიანია დაცვის მხარის არგუმენტები, მით უფრო მჭიდრო უნდა იყოს შემოწმება და მით უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ეროვნული სასამართლოების დასაბუთება, თუ ისინი უარს ამბობენ დაცვის მხარის მოთხოვნაზე, დაკითხონ მოწმე (იქვე, § 166).
99. რაც შეეხება საერთო სამართლიანობის შეფასებას, როგორც ტესტის მესამე ელემენტი, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი განხილვის მოთხოვნებთან საქმის შესაბამისობა შემოწმებული უნდა იქნეს თითოეულ საქმეში სამართალწარმოების მთლიანობაში განვითარების გათვალისწინებით და არა ერთი კონკრეტული ასპექტის ან ერთი კონკრეტული ინციდენტის იზოლირებული განხილვის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტესტის პირველი ორი საფეხურის დასკვნები, ზოგადად, მტკიცედ მიუთითებს იმაზე, იყო თუ არა სამართალწარმოება სამართლიანი, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ, რა თქმა უნდა, გამონაკლის საქმეებში, სამართლიანობის მოსაზრებებმა შეიძლება საპირისპირო დასკვნა გამოიწვიოს (იქვე, §§ 167-68).
აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
100. უპირველეს ყოვლისა, რამდენადაც მოწმეებს ა.დ.-სა და დ.გ.-ს ეხება, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მიეცათ მათთვის ჩვენების მიცემის უფლება (იხ. პარაგრაფი 38 ზემოთ), მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, არ ეიძულებინა ისინი, გამოცხადებულიყვნენ მას შემდეგ, რაც მოწმეები არ გამოცხადდნენ (იხ. პარაგრაფი 39 ზემოთ). თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მომჩივნებმა ვერ ახსნეს, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ ორი მოწმის გამოცხადება. გარდა ამისა, მათი წინასასამართლო ჩვენებების შინაარსი, როგორც ჩანს, არ ავლენს რაიმე დამატებით ღირებულებას მათი დასწრებისთვის (იხ. პარაგრაფი 13 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ ეიძულებინა აღნიშნული მოწმეების გამოცხადება, ძირი არ გამოუთხრია საქმის წარმოების სამართლიანობისთვის.
101. რაც შეეხება მომჩივნების საჩივარს, რომ მათ ვერ მოიპოვეს მესამე მომჩივნის მოწმის სახით დასწრება მათ საქმეზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დაუშვა მესამე მომჩივნის დისტანციურად გამოკითხვა და არც სასამართლო პროცესი გადადო სამ კვირაზე ცოტა მეტი ხნით, რათა უფლება მიეცა მისთვის, პირადად გამოცხადებულიყო. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს მთავრობის არგუმენტს, რომ მესამე მომჩივნის ჩვენებას არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ აღძრულ საქმის წარმოებაში სიმართლის დასადგენად, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა (იხ. პარაგრაფი 15 ზემოთ). შესაფასებლად, დაცული იყო თუ არა დაცვის მხარის მიერ მოწმის გამოძახების უფლება მე-6 მუხლის მე-3(d) პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ჯერ განიხილავს, იყო თუ არა მოწმის დაკითხვის მოთხოვნა საკმარისად დასაბუთებული და შეესაბამებოდა თუ არა ბრალდების საგანს.
102. ამასთან დაკავშირებით, მართალია, რომ მესამე მომჩივნის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე მოსმენის მოთხოვნას, განსხვავებით პირველი და მეორე მომჩივნის წარდგინებებისა, არ ახლდა დეტალური მიზეზები (შეადარეთ პარაგრაფები 36და 91 ზემოთ). თუმცა, და მიუხედავად იმისა, რომ მესამე მომჩივნის მონაწილეობა ინციდენტში მართლაც იყო აღბეჭდილი საქმის მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერში, ის იყო დაცვის მხარის მთავარი მოწმე და მისი მოსმენის მოთხოვნა არ იყო აპრიორი შემაშფოთებელი. უფრო სწორედ, როგორც პირველი და მეორე მომჩივნის მონაწილეობით ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, მისი ჩვენების შესაბამისობა, საქმის კონკრეტულ გარემოებებში, გარკვეულწილად აშკარა იყო (იხ. საქმე Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, § 161).
103. ამ ფონზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ განიხილეს მესამე მომჩივნის ჩვენების შესაბამისობა. პირიქით, მისი მოსმენის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროცედურული საფუძვლით.
104. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, პირველ რიგში, რომ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს მოწმეების დისტანციურად მოსმენის შესაძლებლობას (შეადარეთ და შეუპირისპირეთ საქმე Bátěk and Others v. the Czech Republic, no. 54146/09, § 61, 2017 წლის 12 იანვარი). პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროცედურა ვერ იქნებოდა გამოყენებული მესამე მომჩივნის მიმართ. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა ვერ მიაწოდეს მისი იდენტიფიცირებადი მისამართი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისი ვინაობა შეიძლებოდა ეჭვქვეშ დამდგარიყო. ვერც დოკუმენტი გადასცეს მას, რომელიც გააფრთხილებდა შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ. ასევე აღინიშნა, რომ სპეციალური კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნა იყო საჭირო იმის გამო, რომ მოწმე არასრულწლოვანი იყო, მაგრამ ასეთი დანიშვნა დისტანციურად ვერ მოხდებოდა (იხ. პარაგრაფი 37 ზემოთ).
105. რაც შეეხება სასამართლო განხილვის გადადების მოთხოვნას, რათა უფლება მისცემოდა მესამე მომჩივანს, პირადად გამოცხადებულიყო, მომჩივნების გაკრიტიკებაა შესაძლებელი იმის გამო, რომ ეს მოთხოვნა საკმაოდ დაგვიანებით წარმოადგინეს სამართალწარმოებისას. კერძოდ, მაშინ, როცა მესამე მომჩივანი დაცვის მოწმედ იყო დანიშნული 2016 წლის ოქტომბრიდან (იხ. პარაგრაფები 17და 20 ზემოთ), პირველი და მეორე მომჩივნის განცხადება, მისი დაკითხვის შესახებ წარდგენილ იქნა 2018 წლის ივლისში, ერთ-ერთ დასკვნით სხდომაზე (იხ. პარაგრაფები 22და 36 ზემოთ). თუმცა, მოსმენის გადადების მოთხოვნა იყო დასაბუთებული და არ ითხოვდა ხანგრძლივ გადადებას (იხ. პარაგრაფი 40 ზემოთ). ასეთ გარემოებებში და მესამე მომჩივნის ჩვენების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულმა სასამართლომ საკმარისად ვერ დაასაბუთა გადაწყვეტილება მისთვის გამოცხადების შესაძლებლობის არმიცემის შესახებ.
106. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა პირველი და მეორე მომჩივნის საჩივრები ამ კუთხით უპასუხოდ დატოვეს.
არდამსწრე მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობა
მხარეთა არგუმენტები
107. პირველი და მეორე მომჩივანი აცხადებდნენ, რომ ერთადერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდნენ ეროვნული სასამართლოები, იყო სასამართლო პროცესზე წაკითხული არდამსწრე მოწმეების ჩვენებები. ამასთან დაკავშირებით, მათ განაცხადეს, რომ დაირღვა ჩვენების მიცემის ეროვნული პროცედურა – მოწმეები არ ყოფილან გამოძახებული მაგისტრატი მოსამართლის წინაშე – და, რომ ამ მოწმეების გამოძახებაზე უარის თქმის გონივრული საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არ უნდა გამოეყენებინათ მომჩივნების მსჯავრდებისთვის.
108. მთავრობა ამტკიცებდა, რომ (ა) არსებობდა საპატიო მიზეზები ექვსი არდამსწრე მოწმის გამოუცხადებლობისთვის; (ბ) შესაბამისი ჩვენებები არ იყო ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება მსჯავრდებისთვის; და (გ) არსებობდა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, ვინაიდან მომჩივნები წარმოდგენილნი იყვნენ მათი არჩეული ადვოკატით; ჰქონდათ შეუზღუდავი შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაესვათ არდამსწრე მოწმეების სანდოობის საკითხი; ხოლო ამ უკანასკნელთა ჩვენება დადასტურდა სხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით და მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე ჯვარედინად დაკითხა.
სასამართლოს შეფასება
ზოგადი პრინციპები
109. ზოგადი პრინციპები საჩივრებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება არდამსწრე მოწმეების დაკითხვას და სასამართლოს მიერ ამ მოწმეების მიცემული ჩვენებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ საქმეში Schatschaschwili (ციტირებული ზემოთ, §§ 100-131) და საქმე Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ([GC], nos. 26766/05 და 22228/06, §§ 118‑47, ECHR 2011; ასევე იხ. საქმე Seton v. the United Kingdom, no. 55287/10, §§ 57‑59, 2016 წლის 31 მარტი).
110. მიუთითებს რა საქმეზე Faysal Pamuk v. Turkey (no. 430/13, §§ 45-49, 2022 წლის 18 იანვარი) ეს პრინციპები შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად: ისინი ადგენს სამმხრივ ტესტს, რომლის მიხედვითაც სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს (i) არსებობდა თუ არა საფუძვლიანი მიზეზი სასამართლო პროცესზე არდამსწრე მოწმის არგამოცხადებისთვის; (ii) იყო თუ არა არდამსწრე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი მომჩივნის მსჯავრდებისთვის, ან ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი წონა ამ კუთხით; და (iii) არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები იმ დამაბრკოლებელი გარემოებების კომპენსაციისთვის, რომლების წინაშეც აღმოჩნდა დაცვის მხარე არდამსწრე მოწმის ჩვენებებთან მიმართებით. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ყველა საჩივრის შემთხვევაში, ბრალდებულის შესაძლებლობის არქონა, დაკითხოს მოწმე, უნდა შეფასდეს იმ ზეგავლენის გათვალისწინებით, რომელიც მას ჰქონდა მისი საქმის წარმოების საერთო სამართლიანობაზე (იხ. საქმე Šmajgl v. Slovenia, no. 29187/10, § 61, 2016 წლის 4 ოქტომბერი). სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ იგივე პრინციპები იქნება გამოყენებული სასამართლო პროცესის დროს მოწმის დაკითხვასთან მიმართებით, მისი შესაბამისი მოდალობების ჩათვლით (იხ. საქმე Chernika v. Ukraine, no. 53791/11, § 46, 2020 წლის 12 მარტი; საქმე Ürek and Ürek v. Turkey, no. 74845/12, § 49, 2019 წლის 30 ივლისი; საქმე Cherpion v. Belgium (dec.), no. 47158/11, §§ 35-41, 2017 წლის 9 მაისი).
111. სასამართლო იმეორებს, რომ მე-6 მუხლის მე-3(d) პუნქტი ამყარებს პრინციპს, რომ ბრალდებულის მსჯავრდებამდე მის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება ჩვეულებრივ უნდა იქნეს წარმოდგენილი მისი თანდასწრებით საჯარო სხდომაზე შეჯიბრებითობის მიზნით. ამ პრინციპის გამონაკლისები შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა არღვევდეს დაცვის უფლებებს, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს, რომ ბრალდებულს უნდა მიეცეს შესაბამისი და სათანადო შესაძლებლობა, გააპროტესტოს და დაკითხოს მის წინააღმდეგ არსებული მოწმე, როცა ეს მოწმე აძლევს ჩვენებას ან სამართალწარმოების გვიან ეტაპზე (იხ. საქმე Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 103, და საქმე Lucà v. Italy, no. 33354/96, § 39, ECHR 2001‑II).
112. გარკვეულ გარემოებებში შესაძლოა საჭირო გახდეს, რომ სასამართლომ გამოიყენოს სისხლის სამართლის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. თუ ბრალდებულს ექნებოდა საკმარისი და შესაბამისი შესაძლებლობა, გაესაჩივრებინა ასეთი ჩვენებები მათი მიღების დროს ან სამართალწარმოების გვიან ეტაპზე, მათი გამოყენება არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და მე-3(d) პუნქტის გარანტიებს (იხ. საქმე Berhani v. Albania, no. 847/05, § 51, 2010 წლის 27 მაისი, მასში შემდგომი მითითებებით). ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ მოწმისგან მიღებული ჩვენება იმ პირობებში, როდესაც დაცვის უფლებები ვერ იქნება უზრუნველყოფილი იმ მოცულობით, როგორც ამას ჩვეულებრივ მოითხოვს კონვენცია, უნდა, შესაბამისად, განხილული იქნეს უკიდურესი სიფრთხილით (იხ. საქმე Visser v. the Netherlands, no. 26668/95, § 44, 2002 წლის 14 თებერვალი და საქმე S.N. v. Sweden, no. 34209/96, § 53, ECHR 2002-V). თუმცა მართალია, ასეთი მტკიცებულებების დაშვება ავტომატურად არ გამოიწვევს მე-6 მუხლის დარღვევას, სასამართლომ უნდა დაუქვემდებაროს საქმის წარმოება ყველაზე საფუძვლიან შემოწმებას, როდესაც მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ ან გადამწყვეტად არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს, ან როდესაც ასეთ ჩვენებებს მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა (იხ. საქმე Al-Khawaja and Tahery, ციტირებული ზემოთ, §§ 118-47). თითოეულ შემთხვევაში საკითხავია, არსებობს თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის, ზომები, რომლებიც იძლევა ამ მტკიცებულებების სანდოობის სამართლიანად და სათანადოდ შეფასების საშუალებას. აღნიშნულის შედეგად მსჯავრდება დაეფუძნება ასეთ მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკმარისად სანდოა, საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (იქვე, § 147).
ამ პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმის გარემოებების მიმართ
113. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მომჩივნის მსჯავრდებისას, გარდა ინციდენტის ამსახველი ორი ვიდეოჩანაწერისა (იხ. პარაგრაფები 15-16 და 52 ზემოთ), ეროვნული სასამართლოები დაეყრდნნენ ექვსი არდამსწრე მოწმისა და ნ.გ.-ის, (იხ. პარაგრაფი 48 ზემოთ), მ.მ.-ის (იხ. პარაგრაფი 49 ზემოთ), დაზარალებულისა (იხ. პარაგრაფები 9 და 46 ზემოთ) და მისი ცოლის და მისი მეგობრის (იხ. პარაგრაფები 9 და 47 ზემოთ) ჩვენებებს.
114. ექვსი არდამსწრე მოწმე და ისინი, ვინც ჩვენება მისცა სასამართლო პროცესზე (იხ. წინა პარაგრაფი), იყვნენ ინციდენტის თვითმხილველები, რომელშიც მონაწილეობდნენ მომჩივნები.
(a) არსებობდა თუ არა საპატიო მიზეზი ექვსი არდამსწრე მოწმის სასამართლო პროცესზე არგამოცხადებისთვის
115. კითხვასთან დაკავშირებით, არსებობდა თუ არა საპატიო მიზეზი სასამართლო პროცესზე ექვსი არდამსწრე მოწმის არგამოცხადებისთვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული მიზეზი სამ არაქართველ მოწმესთან მიმართებით იყო, რომ ისინი ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, ორი მოწმის ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, ხოლო ერთს არგამოცხადების საპატიო მიზეზი ჰქონდა, რადგან მან ცოტა ხნის წინ იმშობიარა და სასამართლოდან 400 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. სასამართლო ამ არგუმენტებს განიხილავს ქვემოთ.
საზღვარგარეთ მცხოვრები სამი არდამსწრე მოწმე
116. რას შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ არაქართველ მოწმეს, სასამართლო იმეორებს, რომ საზღვარგარეთ გამგზავრება თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის მიზეზს შესაბამისი მოწმის სასამართლო პროცესზე არდასწრების გასამართლებლად (იხ. საქმე Seton, ციტირებული ზემოთ, § 61; საქმე Paić v. Croatia, no. 47082/12, § 38, 2016 წლის 29 მარტი; და საქმე Al Alo v. Slovakia, no. 32084/19, §§ 48-52, 2022 წლის 10 თებერვალი). როგორც აუცილებელია საქმეებში, რომლებიც ეხება ბრალდების მხარის მოწმეების არდასწრებას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, გაატარეს თუ არა შესაბამისმა ორგანოებმა ყველა გონივრული ძალისხმევა მოწმეების დასწრების უზრუნველსაყოფად (იხ. საქმე Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 120).
117. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო ფაქტი, რომ აღნიშნული მოწმეები არ ცხოვრობდნენ საქართველოში, როგორც საკმარისი საფუძველი მათი ჩვენებების წასაკითხად, საქმის მასალებიდან არ არის ნათელი, თუ რა კონკრეტული ზომები მიიღეს ადგილობრივმა ხელისუფლების ორგანოებმა სამართალწარმოების დროს მოწმეების დასწრების უზრუნველსაყოფად. მართალია, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ორი მოწმის დეტალური მისამართი იქნა ჩაწერილი, მაგრამ არ არსებობს რაიმე მითითება, რომ მათთან დაკავშირების მცდელობა ყოფილა. გაურკვეველი მიზეზების გამო, სომხეთში მცხოვრები მოწმის ზუსტი მისამართი არ იქნა მიღებული (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). არცერთი ამ სამი პირის სატელეფონო ან ელექტრონული ფოსტის დეტალები არ იქნა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ მათი განცხადებები ცხადი იყო საქართველოდან მათი წასვლის გარდაუვალობის შესახებ.
118. ამ ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნავს რა, რომ ეროვნულმა ხელისუფლების ორგანოებმა გამოტოვეს გარკვეული აშკარა ნაბიჯები და არც კი უცდიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ მოწმესთან დაკავშირება, სასამართლო ადგენს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა არ მიმართეს გონივრულ ძალისხმევას არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ამ მოწმეების დასწრების უზრუნველსაყოფად. ამ საფუძველზე, პრაქტიკაში ასეთი გამოცხადების პერსპექტივაზე სპეკულირების გარეშე, თუკი აღნიშნულ მოწმეებს გამოიძახებდნენ, სასამართლო ასკვნის, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ უხელმძღვანელიათ საზღვარგარეთ მცხოვრები სამი მოწმის არდასწრების საპატიო მიზეზებით.
დანარჩენი არდამსწრე მოწმეები
119. რაც შეეხება დანარჩენ სამ მოწმეს, სასამართლოს შეუძლია მიიღოს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა ვეღარ შეძლეს მოწმეების ბ.ჭ.-ისა და ზ.ჭ.-ის ადგილსამყოფლის დადგენა. თუმცა, მაშინ, როცა პირველი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ მოწმე თ.ა. (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ) ცხოვრობდა სასამართლოდან დაახლოებით 400 კილომეტრის მოშორებით, მხოლოდ ეს მიზეზი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაამართლოს მისი არმოსმენა სასამართლო პროცესზე. რადგან მან იმშობიარა სასამართლო პროცესამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლების ორგანოებს შეეძლოთ გაერკვიათ მისი დისტანციურად მოსმენის შესაძლებლობა, რაც ცალსახად გათვალისწინებულია კანონით (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ). არ ყოფილა მოცემული ამ შესაძლებლობის არგარკვევის მიზეზი.
120. ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ მოწმე თ.ა.-სთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლო მოქმედებდა მისის არდასწრების საპატიო მიზეზის გარეშე.
(B) იყო თუ არა არდამსწრე მოწმეების ჩვენებები ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი პირველი და მეორე მომჩივნის მსჯავრდებისათვის
121. სასამართლო ვერ ხედავს საფუძველს, რომ არ დაეთანხმოს უზენაესი სასამართლოს დასკვნას, რომ ექვსი არდამსწრე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენდა ერთადერთ მტკიცებულებას პირველი და მეორე მომჩივნის წინააღმდეგ (იხ. პარაგრაფები 59და 113 ზემოთ).
122. თუმცა, და მიუხედავად მომჩივნების მსჯავრდებისთვის სხვა მტკიცებულებების ხელმისაწვდომობისა, სასამართლო ითვალისწინებს ფაქტს, რომ არდამსწრე მოწმეების ჩვენებები იქნა რეპროდუცირებული და მათ ცალსახად დაეყრდნნენ მომჩივნების გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებში. განსახილველი ჩვენებები ავსებდა ინციდენტთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების შინაარსს, განსაკუთრებით მეორე მომჩივნის ქცევასთან მიმართებით (შეადარეთ პუნქტები 15-16და 50 ზემოთ, კერძოდ, თ.ა.-ისა და ლ.ა.-ის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით). ამასთან დაკავშირებით და არდამსწრე მოწმეების მიერ ინციდენტის შესახებ დეტალური მონათხრობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ჩვენებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მომჩივნების წინააღმდეგ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების განმარტებაზე.
123. ამრიგად, იმის აღიარებაც კი, რომ არდამსწრე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არც ერთადერთი იყო და არც გადამწყვეტი, საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებების არსებობის გათვალისწინებით, მათ უდავოდ მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა და, შესაბამისად, მათ დაშვებას შესაძლოა დიდი დაბრკოლება შეექმნა დაცვის მხარისთვის (იხ. საქმე Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 116).
არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები იმ ხარვეზების კომპენსაციისთვის, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა დაცვის მხარე
124. სასამართლო იმეორებს, რომ საპირწონე ფაქტორების რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი ჩაითვალოს სამართლიანად, დამოკიდებულია არდამსწრე მოწმის ჩვენების წონაზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია ეს მტკიცებულება, მით მეტი წონა უნდა ჰქონდეს საპირწონე ფაქტორებს, რათა მთლიანობაში სამართალწარმოება სამართლიანად ჩაითვალოს (იხ. საქმე Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 116; ასევე იხ. საქმე Chernika, ციტირებული ზემოთ, § 66, და საქმე Faysal Pamuk, ციტირებული ზემოთ, § 63). მოცემულ საქმეში არდამსწრე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების მნიშვნელობიდან გამომდინარე (იხ. პარაგრაფები 122-123 ზემოთ), საჭირო იყო მნიშვნელოვანი საპირწონე ფაქტორები საქმის სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ შემდეგი ელემენტები მიიჩნია შესაბამისად ამ კონტექსტში: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიდგომა განსახილველი ჩვენებების მიმართ; დამატებითი, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა და ძალა; და სასამართლო პროცესზე მოწმეების ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობის არარსებობის კომპენსაციის მიზნით მიღებული საპროცესო ზომები (იხ. საქმე Schatschaschwili, ციტირებული ზემოთ, § 145).
125. რაც შეეხება ეროვნული სასამართლოების მიდგომას შეუმოწმებელ ჩვენებებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქმეზე Al-Khawaja and Tahery (ციტირებული ზემოთ), რომ არდამსწრე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არ შეიძლება იყოს მსჯავრდების ერთადერთი საფუძველი (იხ. პარაგრაფი 29 ზემოთ). გარდა ამისა, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა აღნიშნეს საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებების არსებობა და მომჩივნების შესაძლებლობა, გააპროტესტონ შეუმოწმებელი ჩვენებების უტყუარობა (იხ. პარაგრაფები 56 და 59 ზემოთ). მიუხედავად ამისა, ეროვნული სასამართლოების შესაბამისი გადაწყვეტილებები არ მიუთითებს იმაზე, რომ ეს სასამართლოები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს (შეადარეთ, მაგ., საქმე Al-Khawaja and Tahery, § 157; საქმე Faysal Pamuk, § 72; და საქმე Khavshabova, § 52, ყველა ციტირებული ზემოთ).
126. რაც შეეხება დამატებითი, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და ძალას, სასამართლო არ ტოვებს მხედველობიდან იმ ფაქტს, რომ ეროვნული სასამართლოები ასევე დაეყრდნნენ ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა ინციდენტის ორი ვიდეოჩანაწერი (იხ. პარაგრაფი 113 ზემოთ). ის ასევე ითვალისწინებს ფაქტს, რომ სადავო ჩვენებების შინაარსი დადასტურებული იყო დაზარალებულის, მისი მეუღლისა და მისი მეგობრის ჩვენებით. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადების გათვალისწინებით, ნეიტრალური თვითმხილველის მტკიცებულებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფი 53 ზემოთ), აგრეთვე, სასამართლოს ზემორე დასკვნის გათვალისწინებით, მომჩივნების მსჯავრდებისთვის არდამსწრე მოწმეების მიერ მიცემულს ჩვენებების მნიშვნელობასთან დაკავშირებით (იხ. პარაგრაფები 122-123 ზემოთ), სისხლის სამართლის საქმის მასალებში სხვა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა, როგორც დაცვის მხარის პოტენციური საპირწონე ფაქტორისა ზიანის ასანაზღაურებლად, რომლის წინაშეც აღმოჩნდა დაცვის მხარე, უნდა იქნეს განხილული სიფრთხილით.
127. სასამართლო ასევე ითვალისწინებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ მომჩივნები იყვნენ სათანადოდ წარმოდგენილნი და ჰქონდათ შესაძლებლობა ეროვნული სამართალწარმოებისას მიეწოდებინათ მოვლენების საკუთარი ვერსია და ეჭვი შეეტანათ არდამსწრე მოწმეების სანდოობაში. მან არაერთხელ დაადგინა, რომ არდამსწრე მოწმეების ჩვენებების გასაჩივრებისა და უარყოფის ასეთი შესაძლებლობა, თავის თავად, არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად საპირწონე ფაქტორად დაცვის მხარისათვის მათი არდასწრების შედეგად წარმოქმნილი ზიანის ასანაზღაურებლად (იხ. საქმე Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia, no. 4570/07, § 49, 2012 წლის 10 ივლისი; საქმე Riahi v. Belgium, no. 65400/10, § 41, 2016 წლის 14 ივნისი; და საქმე Chernika, ციტირებული ზემოთ, § 68).
128. რაც შეეხება მომჩივნებისთვის რაიმე გარანტიის ხელმისაწვდომობას პროცესის წინასასამართლო ეტაპზე, სასამართლო იმეორებს, რომ „მთლიანობაში“ სასამართლო პროცესის სამართლიანობის განსაზღვრისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დადგენა იმისა, შეეძლოთ თუ არა ხელისუფლების ორგანოებს ევარაუდათ, როდესაც მოწმეები დაიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რომ მოწმეებს არ მოუსმენდნენ სასამართლო პროცესზე, თუ საგამოძიებო ორგანოებმა გონივრულად მიიჩნიეს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმე არ დაიკითხებოდა, აუცილებელია, რომ დაცვის მხარეს მიეცეს მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა გამოძიების ეტაპზე (იხ. საქმე Schatschaschwili, §§ 156-57, და საქმე Khavshabova § 54, ორივე ციტირებული ზემოთ).
129. ამასთან დაკავშირებით და რამდენადაც მომჩივნების საჩივარი ეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ სამ მოწმეს (იხ. პარაგრაფები 116-118 ზემოთ), სასამართლო აღნიშნავს, რომ აშკარა იყო, რომ ისინი ტურისტები იყვნენ საქართველოში და ჩვენების მიცემის შემდეგ მალე დატოვებდნენ ქვეყანას (იხ. პარაგრაფი 11 ზემოთ). საპროცესო კანონმდებლობა – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (იხ. პარაგრაფი 82 ზემოთ) – ითვალისწინებდა მათი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოცხადების შესაძლებლობას. ნორმალურ გარემოებებში, სასამართლო განიხილავდა ასეთ პროცედურას, რათა უზრუნველეყო ძლიერი პროცედურული გარანტიები ბრალდებულისთვის, რომელსაც არ შეუძლია მოწმეების დაკითხვა ფაქტობრივი სასამართლო პროცესის დროს (იხ. საქმე Khavshabova, ციტირებული ზემოთ, § 53). თუმცა, არ ყოფილა წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ იქნა გამოყენებული ეს პროცედურული გარანტია სამ მოწმესთან მიმართებით. მოიქცნენ რა ისე, როგორც მოიქცნენ, საგამოძიებო ორგანოებმა მიიღეს მოსალოდნელი რისკი, რაც შემდგომში განხორციელდა, რომ ბრალდებული ვერ შეძლებდა კითხვების დასმას შესაბამისი მოწმეებისთვის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. საქმე Khavshabova, ციტირებული ზემოთ, § 54). რაც შეეხება თ.ა.-ს, არც მისი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის ზემოაღნიშნული შესაძლებლობა და არც მისი დისტანციურად მოსმენის შესაძლებლობა არ იქნა გამოკვლეული (იხ. პარაგრაფები 119-120 ზემოთ).
130. ასეთ ვითარებაში, სხვა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების ხელმისაწვდომობა – მათ შორის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ვიდეოჩანაწერები, რომლებიც იძლევა ჩხუბის განვითარების დაკვირვების საშუალებას – წინამდებარე საქმის კონკრეტულ გარემოებებში არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის საპირწონე ფაქტორად, გამოსახულებების განმარტების გაურკვევლობის გათვალისწინებით.
131. შესაბამისად, არ არსებობდა საკმარისი საპირწონე ფაქტორები იმ ხარვეზების კომპენსაციისთვის, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა დაცვის მხარე.
პირველი და მეორე მომჩივნის გამორიცხვა სასამართლო სხდომიდან
მხარეთა არგუმენტები
132. მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ არ უგულებელუყვიათ სასამართლო დარბაზში სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტები და, რომ მათი ქცევა არ იყო ისეთი, რომ გაემართლებინა მათი გაძევება და სასამართლო პროცესის გაგრძელება მათი დასწრების გარეშე. ამრიგად, მათ ჩამოერთვათ უფლება, დაეკითხათ ბრალდების მხარის მოწმეები – გ.მ., მ.კ. და ვ.ბ. – და მათ ვერ შეძლეს თავიანთი დასკვნითი ჩვენების მიწოდება პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის.
133. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების სასამართლო პროცესიდან გარიცხვა სრულად შეესაბამებოდა საქმის სამართლიანი განხილვის გარანტიებს, ვინაიდან (ა) მათი ძირგამომთხრელი ქცევა გაგრძელდა მთელი სამართალწარმოების განმავლობაში და არ შემოიფარგლებოდა დაზარალებულისა და მისი მეუღლის დაკითხვით; (ბ) მათ მიეცათ მრავალი გაფრთხილება და შეეძლოთ განეჭვრიტათ თავიანთი ძირგამომთხრელი ქცევის შედეგები; (გ) მათ კანონიერ წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში; (დ) მოწმეთა უმრავლესობა დაკითხული იყო მათ გაძევებამდე; და (ე) მათ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სააპელაციო სასამართლოში სამართალწარმოებაში.
სასამართლოს შეფასება
ზოგადი პრინციპები
134. მე-6 მუხლი, წაკითხული მთლიანობაში, უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებას, ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში, რომელიც, მათ შორის, მოიცავს არა მხოლოდ მის დასწრების უფლებას, არამედ სასამართლო პროცესის მოსმენისა და თვალყურის დევნების უფლებას (იხ. საქმე Murtazaliyeva, ციტირებული ზემოთ, § 91). ასეთი უფლებები ნაგულისხმევია შეჯიბრებითი პროცედურის ცნებაში და, პრინციპში, ასევე შეიძლება გამომდინარეობდეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის (c), (d) და (e) ქვეპუნქტებში მოცემული გარანტიებიდან; „დაიცვას თავი პირადად“, „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს“ და „ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია, გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა“ (იხ. საქმე Stanford v. the United Kingdom, 1994 წლის 23 თებერვალი, § 26, Series A no. 282‑A).
135. სასამართლომ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ღირსება, წესრიგი და წესიერება იყოს დაცული სასამართლო დარბაზში, როგორც სასამართლო წარმოების დამახასიათებელი ნიშნები. ბრალდებულის მიერ სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტების უხეში უგულებელყოფა არ შეიძლება და არც უნდა იქნეს მოთმენილი (Idalov, ციტირებული ზემოთ, § 176). თუმცა, თუ მომჩივნის ქცევა შეიძლება იყოს ისეთი ხასიათის, რომ გაამართლოს მისი გაძევება და მის დაუსწრებლად სასამართლო პროცესის გაგრძელება, თავმჯდომარე მოსამართლეს ევალება, დაადგინოს, რომ მომჩივანს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა სასამართლო დარბაზიდან მისი გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებამდე, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ქცევას (იქვე, § 177). გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, შეეძლო თუ არა მომჩივნის ადვოკატს დაცვის უფლებების გამოყენება მომჩივნის არდასწრების შემთხვევაში (იხ. საქმე Suslov and Batikyan v. Ukraine, nos. 56540/14 და 57252/14, § 137, 2022 წლის 6 ოქტომბერი, და საქმე Marguš v. Croatia [GC], no. 4455/10, § 90, ECHR 2014 (ამონარიდები)).
(ii) აღნიშნული პრინციპების გამოყენება წინამდებარე საქმეში
136. უბრუნდება რა წინამდებარე საქმის გარემოებებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მომჩივანი, ორივე გარიცხეს სასამართლო დარბაზიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. იმ დროს ისინი დისტანციურად იღებდნენ მონაწილეობას სამართალწარმოებაში.
137. რაც შეეხება პირველ მომჩივანს, ის ცალსახად იქნა გაფრთხილებული, რომ რიგგარეშედ არ ესაუბრა დაზარალებულის დაკითხვის დროს, ვიდრე მას გარიცხავდნენ. მისი გარიცხვის შემდეგ, მან განაგრძო საქმის წარმოებაში ჩარევა, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ის იმავე ოთახში იმყოფებოდა, რომელშიც მეორე მომჩივანი, რომელიც სიტყვით გამოდიოდა იმ მომენტში (იხ. პარაგრაფები 31-32 ზემოთ). სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი მომჩივნის საქციელი შეიძლება ყოფილიყო ისეთი, რომ გაემართლებინა მისი გაძევება და სასამართლო პროცესის გაგრძელება მის დაუსწრებლად. გარდა ამისა, მისთვის მიცემული წინასწარი გაფრთხილებების გათვალისწინებით, მას შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა ქცევის გაგრძელების შედეგები, ვიდრე მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას მისი სასამართლო დარბაზიდან გაძევების შესახებ.
138. რაც შეეხება მეორე მომჩივნის საქმისწარმოებიდან გარიცხვას, მას მოსამართლემ ორჯერ მიუთითა, არ გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები ზოგადი მოსაზრების გამოხატვისას და მოწმისთვის კითხვის დასმამდე. თუმცა, ეს იყო რეაქცია დაუმთავრებელ ფრაზებზე და პირდაპირ არ ჩანს, რის თქმას აპირებდა მეორე მომჩივანი და იყო თუ არა განცხადება, რომლის გაკეთებასაც აპირებდა, „პოლიტიკური“ იმ გაგებით, რომ არ იყო დაკავშირებული მის წინააღმდეგ აღძრულ სამართალწარმოებასთან. თავმჯდომარე მოსამართლის მოვალეობა იყო, დაედგინა, რომ მეორე მომჩივნის ქცევა მართლაც შემაფერხებელი იყო და, უფრო მეტიც, რომ მას შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა გაგრძელების შედეგები, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო დარბაზიდან მისი გაძევების შესახებ (იხ. საქმე Jones v. the United Kingdom (dec.), no. 30900/02, 2003 წლის 9 სექტემბერი). თუმცა, სასამართლოს ხელთ არსებული მასალა არ მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ ან გასცა გაფრთხილება, სადაც განმარტა რა ტიპის განცხადებებისგან უნდა შეიკავოს თავი ბრალდებულმა, ან განიხილა ნაკლებად რადიკალური ზომების მიღება.
139. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, მომჩივნებს არ მიეცათ უფლება, ხელახლა შეერთებოდნენ დანარჩენ სასამართლო პროცესს (იხ. მოვლენების ფაქტობრივი აღწერა პარაგრაფებში 35-42 ზემოთ). სასამართლოს არ შეუძლია, არ შენიშნოს, რომ მათი დასწრება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა დისტანციური კავშირის საშუალებით. ამიტომ, პრინციპში, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მათი ქცევის სავარაუდო შემაფერხებელი ეფექტის შეზღუდვა და ამავე დროს მათთვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, თვალყური ედევნებინათ სამართალწარმოებისთვის, მაგალითად, მათი ხმის „დახშობით“ და, სულ მცირე, მათი ადვოკატების მეშვეობით.
140. ასეთ გარემოებებში, სასამართლოს არ შეუძლია, დაასკვნას, თუნდაც განიხილოს როგორც მომჩივნების ხელის შემშლელი ტენდენციები სასამართლო პროცესის დროს, ასევე ის ფაქტი, რომ მათ ინტერესებს წარმოადგენდნენ მათი არჩეული ადვოკატები, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისი საფუძველი დაასახელა მომჩივნების სრული გარიცხვისთვის დარჩენილი სასამართლო პროცესიდან.
141. რაც შეეხება სააპელაციო წარმოებას, მომჩივნები ესწრებოდნენ სხდომას დისტანციურად და შეძლეს თავიანთი საქმის წარდგენა სასამართლოში. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, განეხილა სასამართლო პროცესზე მიღებული მტკიცებულებები, მან არ დააკმაყოფილა საჩივარი მომჩივნების დაუსწრებლად მიღებული მტკიცებულებების განხილვის შესახებ. ასეთ გარემოებებში სააპელაციო განხილვამ ვერ გამოასწორა სასამართლო პროცესის ხარვეზები.
პროცესის საერთო სამართლიანობა
142. სასამართლო იმეორებს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებში, როგორიც წინამდებარეა, მისი უპირველესი საზრუნავია სისხლის სამართლის საქმის წარმოების საერთო სამართლიანობის შეფასება. საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა განიხილებოდეს თითოეულ შემთხვევაში საქმის წარმოების განვითარების გათვალისწინებით „მთლიანად“ და არა ერთი კონკრეტული ასპექტის ან ერთი კონკრეტული ინციდენტის იზოლირებული განხილვის საფუძველზე (იხ. საქმე Ibrahim and Others v. the United Kingdom [GC], nos. 50541/08, 50571/08, 50573/08 და 40351/09, §§ 250-251, 2016 წლის 13 სექტემბერი). ამრიგად, მან შეიძლება დაადგინოს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა, თუ სამართალწარმოება, აღებული მთლიანობაში, არ აკმაყოფილებდა საქმის სამართლიანი განხილვის მოთხოვნებს, მაშინაც კი, თუ თითოეული პროცედურული ხარვეზი, ცალკე აღებული, არ დაარწმუნებდა მას, რომ სამართალწარმოება იყო „უსამართლო“ (იხ. საქმე Barberà, Messegué and Jabardo v. Spain, 1988 წლის 6 დეკემბერი, § 89, Series A no. 146; საქმე Mirilashvili v. Russia, no. 6293/04, § 165, 2008 წლის 11 დეკემბერი; და საქმე Miracle Europe Kft v. Hungary, no. 57774/13, § 46, 2016 წლის 12 იანვარი).
143. პირველი ორი მომჩივნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების საერთო სამართლიანობის შეფასებისას ზემოთ გამოვლინდა შემდეგი ხარვეზები: ეროვნულმა სასამართლოებმა არ დაასახელეს საკმარისი საფუძველი მესამე მომჩივნისთვის, როგორც დაცვის მხარის მოწმის მოსმენაზე უარის თქმის გამო; ისინი დაეყრდნნენ არდამსწრე მოწმეების ჩვენებებს, საკმარისი საპირწონე ფაქტორების უზრუნველყოფის გარეშე იმ ზიანის კომპენსაციისთვის, რომლის წინაშეც აღმოჩნდა დაცვის მხარე; და მათ არ დაასახელეს საკმარისი მიზეზები პირველი და მეორე მომჩივნის სრული გარიცხვისთვის დანარჩენი სასამართლო პროცესიდან 2018 წლის 22 ივნისს. სწორედ ამ ხარვეზების ერთობლიობაა, რომელსაც, მიუხედავად სისხლის სამართლის საქმის მასალის მრავალი მტკიცებულების ხელმისაწვდომობისა, მიჰყავს სასამართლო დასკვნამდე, რომ პირველი და მეორე მომჩივნის პროცედურული უფლებები დაზარალდა იმდენად, რომ ძირი გამოუთხარა საქმის წარმოების საერთო სამართლიანობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და 3(c) და (d) პუნქტების დარღვევას.
კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების სავარაუდო დარღვევა
144. მესამე მომჩივანი (საჩივარი N 13079/22) ჩიოდა, რომ მისთვის მიყენებული დაზიანების სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტური იყო. ის დაეყრდნო კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებს.
მხარეთა არგუმენტები
145. მთავრობამ განაცხადა, რომ მესამე მომჩივნის საჩივარი, რომელიც ეხებოდა 2016 წლის 26 აგვისტოს მისთვის მიყენებული დაზიანებების სისხლის სამართლის გამოძიების არაეფექტურობას, წარდგენილი იყო ვადაგადაცილებით, რადგან მან სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა საკითხის ეროვნულ დონეზე განხილვას და სასამართლოში საჩივრის შეტანას. კერძოდ, მას არ უთანამშრომლია შესაბამის ორგანოებთან დაზიანებების შესახებ ჩვენების მიცემით. გარდა ამისა, მან კარგად იცოდა, როგორც მან მიუთითა 2018 წლის 23 ივლისს ხელისუფლების ორგანოებისადმი მოთხოვნაში, რომ გამოძიება ხანდაზმული გახდებოდა 2018 წლის 26 აგვისტოს. შესაბამისად, მომჩივანს უნდა სცოდნოდა გამოძიების არაეფექტურობის შესახებ იმ დღეს. ალტერნატიულად, მთავრობა ამტკიცებდა, რომ საჩივარი ratione materiae შეუთავსებელი იყო განსახილველი კონვენციის დებულებებთან, რადგან მომჩივნის მიმართ განხორციელებულ მოპყრობას არ მიაღწია სიმძიმის მინიმალური დონისთვის ორიდან რომელიმე დებულების შესაბამისად. მათ ასევე განაცხადეს, რომ მესამე მომჩივანმა ვერ ამოწურა დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებები თავის საჩივართან დაკავშირებით, რადგან მან ვერ შეიტანა საჩივარი გ.მ.-ის წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
146. მესამე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება მოიცავდა მის ფიზიკურ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ კითხვებს და, შესაბამისად, იყო გამოსაყენებლად ყველაზე შესაფერისი საშუალება. გულმოდგინებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან განაგრძო სამართალწარმოება, მან განაცხადა, რომ თავისი ადვოკატების მეშვეობით მოიკვლია გამოძიების პროგრესი სხვადასხვა დროს 2016-2021 წლებში და შესთავაზა მისი დისტანციურად დაკითხვა. მისი ბოლო მცდელობა იყო 2021 წელს, მას შემდეგ რაც ის 18 წლის გახდა. ის ამტკიცებდა, რომ საჩივარი შეტანილ იქნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც უარყოფდა მის მოთხოვნას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დაზარალებულის პროცედურული სტატუსის მინიჭების შესახებ. მესამე მომჩივანმა ასევე განაცხადა, დაეყრდნო რა საქმეს Bouyid v. Belgium ([GC], No. 23380/09, ECHR 2015), რომ მიყენებული დაზიანება – მისი იმდროინდელი ასაკის გათვალისწინებით – წარმოადგენდა მოპყრობას, რომელმაც მიაღწია სიმძიმის მინიმალურ დონეს კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად.
სასამართლოს შეფასება
147. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ითვალისწინებს ფაქტს, რომ დაზიანებები – ნაჭდევი ქვედა ტუჩსა და ბარძაყზე – მიაყენეს მესამე მომჩივანს, როდესაც ის ცამეტი წლის იყო. სასამართლომ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება არასრულწლოვანთა მოწყვლადობაზე კონვენციის მე-3 მუხლის კონტექსტში (იხ. საქმე Bouyid, ციტირებული ზემოთ, § 109). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მოსაზრებამ, როგორც ჩანს, აიძულა ხელისუფლების ორგანოები, გადაეწყვიტათ საქმის გამოძიება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში სპეციალიზებული გამომძიებლის მონაწილეობით (იხ. პარაგრაფი 63 ზემოთ). თუმცა, კითხვა, წარმოადგინა თუ არა მომჩივანმა prima facie მტკიცებულება იმისა, რომ ის დაექვემდებარა მოპყრობას, რომელმაც მიაღწია კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ სიმძიმის დონეს, შეიძლება დარჩეს ღია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საჩივარი დაუშვებელია სხვა საფუძვლებით. ამრიგად, სასამართლო ეყრდნობა ვარაუდს, რომ მესამე მომჩივანმა წამოაყენა ასეთი სადავო პრეტენზია აღნიშნული დებულებების შესაბამისად და, რომ ხელისუფლების ორგანოები ვალდებული იყვნენ, ჩაეტარებინათ მისთვის მიყენებული დაზიანებების ეფექტური გამოძიება.
148. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ორგანოებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება ინციდენტზე (იხ. პარაგრაფი 63 ზემოთ), დანიშნეს მესამე მომჩივნის დაზიანებების საექსპერტო კვლევა ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ (იქვე) და დაუყოვნებლად მოიპოვეს მტკიცებულებათა დიდი ნაწილი (იხ. პარაგრაფი 64 ზემოთ). მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ორგანოებს არ უცდია მესამე მომჩივნის დაკითხვა გამოძიების დაწყებიდან დაახლოებით ორი თვისა და ერთი კვირის განმავლობაში (იხ. პარაგრაფები 63-67 ზემოთ), მესამე მომჩივანმა ვერ ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა მიმართა მას ჩვენების მისაღებად.
149. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებმა სამჯერ სცადეს მესამე მომჩივნის დაკითხვა. ყველა ეს მცდელობა ჩაიშალა მისი მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობის გამო (იხ. პარაგრაფები 67-71 ზემოთ). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წლის იანვარში ეს იყო მესამე მომჩივანი, რომელმაც მოითხოვა დაკითხვის გადადება და არ შეუთავაზებია ჩვენების მიცემის ალტერნატიული დრო. ამის შემდეგ სამივე მომჩივანმა დატოვა ქვეყანა 2017 წლის ივლისში. საქმის მასალებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინციდენტიდან თითქმის ორი წელი გავიდა, ხოლო ჩვენების მიცემაზე მესამე მომჩივნის უარიდან – წელიწადნახევარი, რომ მან, საკმაოდ ბუნდოვნად, წამოაყენა დისტანციურად დაკითხვის შესაძლებლობა (იხ. პარაგრაფი 74 ზემოთ). ასეთ გარემოებებში, თავად ის ფაქტი, რომ საქმის წარმოება შეიძლება ამასობაში ხანდაზმული გამხდარიყო (იხ. პარაგრაფი 75 ზემოთ), დიდწილად განპირობებული იქნებოდა მომჩივნის ართანამშრომლობით გამოძიების გადამწყვეტ, საწყის პერიოდში.
150. სასამართლო აღნიშნავს, რომ ინციდენტიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მესამე მომჩივანი ჩიოდა ხელისუფლების ორგანოების წარუმატებლობაზე, გაერკვიათ მისი დაკითხვის შესაძლებლობა. თუმცა, სასამართლოს არ შეუძლია უგულებელყოს ის ფაქტი, რომ მესამე მომჩივანმა უხეშად არასწორად წარმოადგინა მისი თანამშრომლობის ნაკლებობა იმის მტკიცებით, რომ ის „ყოველთვის“ გამოთქვამდა დაკითხვისთვის მზადყოფნას (იხ. პარაგრაფი 78 ზემოთ). ამ მიმართებით, მისი აშკარა სურვილი, დაეკითხათ მისი მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 105 ზემოთ) შეუსაბამოა დასასკვნელად, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა, დახმარებოდა გამოძიებას მის წინააღმდეგ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით – ცალკე საკითხი – მაგრამ ვერ შეძლო შესაბამისი თანამშრომლობა.
151. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლო ითვალისწინებს ფაქტს, რომ მესამე მომჩივნის სიფრთხილე საგამოძიებო პროცესთან დაკავშირებით განხილულ იქნა ეროვნული სასამართლოს მიერ. ამ უკანასკნელმა, განიხილა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ხელმისაწვდომია მასთან მიმართებით, მათ შორის, ინციდენტის ვიდეოჩანაწერი, დაასკვნა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულება, რომელიც ამართლებდა დასკვნას, რომ ის იყო სისხლის სამართლის დანაშაულის დაზარალებული (იხ. პარაგრაფი 79 ზემოთ).
152. ზემოაღნიშნულის ფონზე, მართალია, არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი მიმდინარე გამოძიებაზე, ეს თავის თავად არ იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს მოპასუხე მთავრობის პროცედურული ვალდებულებების დარღვევა.
153. ამრიგად, სასამართლო ადგენს, რომ მესამე მომჩივნის პრეტენზიები კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების შესაბამისად, აშკარად დაუსაბუთებელია. ამიტომ ისინი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(a) და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
კონვენციის 41-ე მუხლის გამოყენება
154. კონვენციის 41-ე მუხლი ითვალისწინებს შემდეგს:
„თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს.“
ზიანი
155. პირველმა და მეორე მომჩივანმა მოითხოვეს 86,826 ევრო მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით და თითოეულმა – 100,000 ევრო, არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით.
156. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნების მოთხოვნა მატერიალურ ზიანთან დაკავშირებით შეუსაბამო იყო, ხოლო არამატერიალურ ზიანთან დაკავშირებით – გადაჭარბებული.
157. სასამართლო ვერ ადგენს რაიმე მიზეზობრივ კავშირს დადგენილ დარღვევასა და სავარაუდო მატერიალურ ზიანს შორის; აქედან გამომდინარე, ის არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. თუმცა, ეყრდნობა რა სამართლიანობის პრინციპს, აკუთვნებს პირველ და მეორე მომჩივანს 1 000 ევროს მორალურ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს.
ხარჯები და დანახარჯები
158. პირველმა და მეორე მომჩივანმა მოითხოვეს 4000 ევრო სასამართლოს წინაშე წარმოშობილი ხარჯებისა და დანახარჯებისათვის.
159. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივანთა მოთხოვნა ხარჯებთან და დანახარჯებთან მიმართებით გადაჭარბებული იყო. მთავრობამ შესთავაზა სასამართლოს ან უარეყო ეს მოთხოვნები, ან, ალტერნატივის სახით, მიეკუთვნებინა ნაკლები, გონივრული თანხა.
160. სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მომჩივანს უფლება აქვს, მიიღოს ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმდენად, რამდენადაც დადასტურდება, რომ ეს ხარჯები რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული და არის გონივრული, რაოდენობასთან მიმართებით. წინამდებარე საქმეში, აფასებს რა არსებული ინფორმაციის საფუძველზე და იღებს რა გადაწყვეტილებას სამართლიან საფუძველზე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მიანიჭოს პირველ და მეორე მომჩივანს 3000 ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივნებს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით.
ამ მოტივით, სასამართლო ერთსულოვნად
აცხადებს საჩივარს N 59464/21 მისაღებად, ხოლო საჩივარს N 13079/22 – დაუშვებლად;
ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი და 3(c) და (d) პუნქტების დარღვევას;
ადგენს,(a) რომ მოპასუხე სახელმწიფო ვალდებულია, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში გადაუხადოს მომჩივნებს შემდეგი თანხები, რომლებიც უნდა დაკონვერტირდეს მოპასუხე სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს არსებული კურსით:
(i) 1 000 (ათასი) ევრო პირველ და მეორე მომჩივანს, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შესაძლოა დაეკისროს მომჩივანს, მორალურ ზიანთან დაკავშირებით;
(ii) 3 000 (სამიათასი) ევრო, დამატებული ნებისმიერი გადასახადი, რაც შესაძლოა, დაეკისროს მომჩივანს ხარჯებთან და დანახარჯებთან დაკავშირებით;
(b) რომ ზემოხსენებული სამთვიანი ვადის ამოწურვიდან თანხების სრულად გადახდამდე, ზემოთ აღნიშნულ გადასახდელ თანხას დაერიცხება მარტივი პროცენტი იმ განაკვეთით, რომელიც შეესაბამება საჯარიმო პერიოდში მოქმედ ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრულ სასესხო განაკვეთს, რომელსაც დაემატება სამი საპროცენტო პუნქტი;
4. უარყოფს მომჩივნების მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების დანარჩენ ნაწილში.
შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობათ 2024 წლის 29 აგვისტოს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე წესის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
ვიქტორ სოლოვეიჩიკი მატიას გუიომარი
სექციის განმწესრიგებელი თავმჯდომარე
დანართი
საქმეების სია:
N
საჩივარი N
საქმის დასახელება
წარდგენის თარიღი
მომჩივანი
დაბადების წელი
საცხოვრებელი ადგილი
მოქალაქეობა
წარმომადგენელი
1.
59464/21
ხაჭაპურიძე და ხაჩიძე
საქართველოს წინააღმდეგ
04.12.2021
თამარ ხაჭაპურიძე
1970
გაერთიანებული სამეფო
საქართველო
კახაბერ ხაჩიძე
1969
გაერთიანებული სამეფო
საქართველო
ბ-ნი ი. ბოიჩენკო
2.
13079/22
ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ
10.03.2022
დავით ხაჩიძე
2003
გაერთიანებული სამეფო
საქართველო
ბ-ნი ი. ბოიჩენკო