📋

ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 09.06.2025
მოქმედების პერიოდი 09.06.2025 — 07.08.2025
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
09.06.2025
07.08.2025
ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2025 წლის 5 ივნისი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1 ​1 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევან გამრეკელი დანართი ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი,“ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს საქმიანობის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს ხაშურის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებს და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობას. შეიმუშავებს წინადადებებს ადგილზე მათი უფლებების დარღვევის გამოვლენის და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. მუხლი 3🔗. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;  ბ) განახორციელოს ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად; გ) ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით და მათი უფლებების დაცვის მიზნით განიხილოს მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები; მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები; დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ე) უზრუნველყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტის პროექტების ექსპერტიზა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად და ამ უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები; მონაწილეობა მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ და უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში; თ) გამოითხოვოს და მიიღოს ქალთა და ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი) განიხილოს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები; კ) ქალთა და ბავშვთა საკითხების შესწავლის და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვეევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით; ლ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან; მ) ითანამშრომლოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოში არსებულ ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მუნიციპალურ საბჭოებთან; ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. 2. საბჭო: ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობისა და საბჭოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ; ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. 3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადენილი წესით, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები და 21-ზე მეტი. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს თავმჯდომარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლების, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სხვა წევრებისაგან. ასევე, საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი განცხადებით მიმართვის საფუძველზე. 4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელიც არის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე. 5. საბჭოს სხდომაზე ცალკეული საკითხის განხილვისას, საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები. 6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია: ა) სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, გამოაცხადა გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად; დ) გარდაიცვალა; ე) გაუვიდა უფლებამოსილების ვადა; ვ) უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე; ზ) შეწყვიტა საჯარო სამსახურის სისტემაში საქმიანობა. მუხლი 5🔗. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს მორიგ სხდომას სამ თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. 3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 4. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. 5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ახორციელებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 6. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 7. საბჭოს სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებიდან არანაკლებ 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად. 8. საბჭო ამზადებს წინადადებებს და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე. 9. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობითი ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს, საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს. 10. საბჭო  გადაწყვეტილებას  იღებს ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. 11. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 12. დაუშვებელია საბჭოს წევრის მიერ ხმის მიცემისაგან თავის შეკავება. 13. საბჭოს წევრის მიერ გამოხატული უარყოფითი პოზიცია უნდა იყოს დასაბუთებული, რაც უნდა დაერთოს სხდომის ოქმს. 14. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 15. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 16. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები. მუხლი 6🔗. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და საბჭოს მდივანი.