განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტავიის რეჟიმის გახსნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტავიის
რეჟიმის გახსნის შესახებ
საქმე №2/14073-25 / 330210325011534615
2025 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი
განმცხადებელი – შპს „შატო მერე“ (ს/კ: 431171581)
გენერალური დირექტორი – გიორგი პირადაშვილი
წარმომადგენელი – გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა – რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა
განხილვის ფორმა –ზეპირი მოსმენის გარეშე
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „შატო მერეს“ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2025 წლის 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „შატო მერეს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი პირადაშვილმა შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნისა და შპს „შატო მერეს“ მართვაში მისი დირექტორის დატოვების მოთხოვნით.
ვინაიდან განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვდა შპს „შატო მერეს“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას შესაბამისად, სასამართლომ შეამოწმა განცხადების და წარმოდგენილ ინფორმაციის შესაბამისობას „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან (გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით) და მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდნენ საწარმოს ფინანსური მდგომარეობის, მისი აქტივებისა და პასივების სრულყოფილ სურათს.
კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი ცნობა მოვალის საბანკო ანგარიშების და მათზე განთავსებულ თანხებთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ინფორმაცია მოვალის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ ან/და სოლიდარული პასუხისმგებლობის პარტნიორად რეგისტრაციის შესახებ; ასევე, არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მოვალის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელს უნდა დაესაბუთებინა, რომ არსებობდა რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა და უნდა წარმოედგინა მოწოდებული ინფორმაციის სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაცია.
ზემოთ დასახელებული გარემოებების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „შატო მერეს“ განცხადებზე დადგენილი იქნა ხარვეზი, რომლითაც განმცხადებელ შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.
განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) 2025 წლის 28 მაისს.
2025 წლის 2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა შპს „შატო მერეს“ წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ. განმცხადებელმა წარმოადგინა 29/05/2025 წელს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) 29/05/2025 წლის 11:36:12 მდგომარეობით უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშები სს „ლიბერთი ბანკში“, სს „საქართველოს ბანკში“, სს „პროკრედიტ ბანკში“, სს „თიბისი ბანკში“, სს „ხალიკ ბანკი საქართველოში“. განმცხადებელმა ხარვეზის შევსების განცხადებასთან ერთად წარმოადგინა ინფორმაცია თითოეულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებთან დაკავშირებით; სასამართლოში წარმოდგენილია ინფორმაცია სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან N 119726 30/მაისი, 2025 წ., რაც იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა უძრავი ქონება არის რეგისტრირებული მოვალე შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) სახელზე. აღნიშნული ინფორმაციით შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) სახელზე რეგისტრირებულია ორი უძრავი ქონება ს/კოდებით: 53.08.42.159 და 53.08.42.050. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30/ მაისი/2025 წლის N119549 ინფორმაციით დასტურდება, რომ შპს „შატო მერე“ (ს/ნ: 431171581) არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. მოვალის ფინანსური მდგომარეობის, კერძოდ კი მისი აქტივების შესახებ ინფორმაციას იძლევა განმცხადებლის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოში სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი 30/05/2025 წლის გაცემული N362488215428574 ცნობა, რომლის თანახმადაც შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) სახელზე ირიცხება სატრანსპორტო საშუალება (სანომრე ნიშნით: TT358IT, მარკა, მოდელი - “EAGLE. EG6158KFO4 72V”). რაც შეეხება რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის დასაბუთებას, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საწარმოს გადარჩენა რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნით ობიექტურად რეალისტურია; ამ მხრივ საკუთარ პოზიციის გასამყარებლად უთითებს შპს „შატო მერეს“ ინფრასტრუქტურაზე, სასასტუმრე ბიზნესში გარკვეული დროის პერიოდში საქმიანობის გამოცდილებაზე, საზოგადოებაში შპს „შატო მერეს“ სასტუმროს ცნობადობაზე; განმცხადებელი აღნიშნავს, რომ შპს „შატო მერეს“ რეაბილიტაცია რეალურად მიღწევადი იქნება, თუ მოხდება საწარმოს ვალდებულებების განწილვადება, მათ შესასრულებლად გონივრული გრაფიკის შედგენა და ზოგიერთი აქტივის რეალიზება. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს სპეციალისტის შეფასება არსებული ფინანსური ვალდებულებების და აქტივების პირობებში რეაბილიტაციის გზით საწარმოს გადარჩენის შესახებ. ხარვეზის შევსების განცხადებასთან ერთად სასამართლოში წარმოდგენილია მოწოდებული ინფორმაციის სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაცია.
სასამართლომ განიხილა შპს „შატო მერეს“ განცხადება, ასევე განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, წარმოდგენილი ინფორმაციები, მიაჩნია, რომ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის და მოვალის მართვაში დატოვების შესახებ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და შპს „შატო მერეს“ მიმართ უნდა გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი შემდეგ გარემოებათა გამო:
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.
ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.
,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს - საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის გზით.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ის ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარმომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარმიღებული თანხმობა.
კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე შპს „შატო მერეს“ განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადავოობის საკითხი და სასამართლომ შპს „შატო მერეს“ განცხადება უნდა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;
მოცემულ შემთხვევაში როგორც განცხადებიდან და წარმოდგენილი ინფორმაციებით დასტურდება შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) ფინანსური ვალდებულებების ჯამი 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით საბანკო ვალდებულებების, მომსახურების და მიმწოდებლების წინაშე არსებული ვალდებულებების, თანამშრომლების წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებისა და საბიუჯეტო ვალდებულებების ჯამი შეადგენს 8 292 125 ლარს, ხოლო შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) აქტივების ჯამს, რაც მოიცავს უძრავ და მოძრავ ქონებას, ძირითად საშუალებებს, ნაშთებს სალაროსა და საბანკო ანგარიშებზე, 2025 წლის 1 მაისის მდგომარეობით შეადგეს 4 525 102 ლარს,
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად - სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.
საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, არსებული ფინანსური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მიხედვით არ დასტურდება ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ხოლო ამავე მუხლის ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
როგორც განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) მიმართ 2024 წლის დეკემბრიდან წარმოიშვა საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო დავალიანების გრაფიკის გათვალისწინებით, 2025 წლის 15 მაისის საანგარიშო მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება შეადგენს 12 131.82 ლარს. საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად შპს „შატო მერეს“ მთელს ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
შპს „შატო მერეს“ 22.05.2025 წლის განცხადებიდან, ასევე ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებიდან და სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციებიდან ირკვევა, რომ შპს „შატო მერეს“ გარდა საბიუჯეტო დავალიანებისა, აქვს მომსახურებისა და მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი საფინანსო ვალდებულებები სხვადასხვა პირთა მიმართ, მათ შორის არის როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორები (სს „პროკრედიტ ბანკი“ და სს „თიბისი ლიზინგი“), ასევე არაუზრუნველყოფილი კრედიტორები. სს „პროკრედიტ ბანკის“ მოთხოვნით დაწყებულია აღსრულების პროცესი. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ არ არსებობს აღსრულების შედეგად მოთხოვნილი თანხის - 5 919 921 ლარის გადახდის რესურსი, რის გამოც მოსალოდნელია უზრუნველყოფის საგნის შპს „შატო მერეს“ უძრავი ქონებების, მათ შორის სასტუმროს შენობა-ნაგებობის აუქციონზე რეალიზაციის მოლოდინი.
შპს „შატო მერეს“ სახელფასო დავალიანება გააჩნია საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რაც წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად 01.05.2025 წლის მდგომარეობით შეადგენს 547 989.47 ლარს. შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) დებიტორული დავალიანება კი 01.05.2025 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 547 ლარს.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს. საქმეზე დართული მტკიცებულებების შესწავლისა და ერთობლივი ანალიზით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეებისა და ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები, სახეზეა ლიკვიდობის დეფიციტი, განცხადების სასამართლოში წარმოდგენამდე 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება და ერთ-ერთი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. რეაბილიტაციის რეჟიმი გულისხმობს მოვალის გადარჩენის გზით კრედიტორთა დაკმაყოფილების საუკეთესო გზას. შესაბამისად, გადახდისუუნარობის რეჟიმის გახსნის შედეგად რეაბილიტაცია მოვალისა და კრედიტორებისათვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.
სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „შატო მერე“ (ს/ნ: 431171581) რეგისტრირებულია 2014 წლის 23 ივნისიდან, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასასტუმრო ბიზნესი, წლების განმავლობაში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ფუნქციონირებს შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) საკუთრებაში არსებული 65-ნომრიანი სასტუმრო „შატო მერე“ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღმოჩნდა საწარმო ფინანსური პრობლემების წინაშე, არსებული და ვადამოსული ვალდებულებების შესრულების გაძნელების/შეუსრულებლობის გამო. სასასტუმრო ბიზნესში საქმიანობის არსებულ გამოცდილებაზე, სასტუმროს ინფრასტრუქტურა, ფინანსური ვალდებულებების გრაფიკით გადანაწილებასა და ზოგიერთი აქტივის რეალიზაციით განმცხადებელს გააჩნია შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) გადახდისუუნარობის კრიზისიდან გამოსვლის და რეაბილიტაციის მიღწევის რეალური ხედვები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძვლები.
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.
ამავე კანონის 69.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს. ამავე კანონის 74.1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის ზედამხედველს ნიშნავს სასამართლო მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს მოვალის, კერძოდ, მისი გენერალური დირექტორის გიორგი პირადაშვილის (პ/ნ: 01024010964) მართვაში დატოვებას, რადგან იგი წლების განმავლობაში არის საწარმოს გენერალური დირექტორი, აქვს დიდი გამოცდილება სასტუმროს მართვის, როგორც განცხადებაშია აღნიშნული აქვს ასევე ღვინის და ეკოტურიზმის გამოცდილება, პირადი კონტაქტები ტურისტულ კომპანიებთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალე უნდა დარჩეს მართვაში და დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი, ხოლო მისი დირექტორი დარჩეს კომპანიის მართვაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი,მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 56-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) გენერალური დირეტორის გიორგი პირადაშვილის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.
2. შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.
3. შპს „შატო მერეს“ (ს/ნ: 431171581) გენერალური დირექტორი, გიორგი პირადაშვილი (პ/ნ: 01024010964) დარჩეს მართვაში.
4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ნინო ქოჩიაშვილი (პ/ნ01017057187; ტელ.:557710102; ელ.ფოსტა: nkochiashvili@newvision.ge), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.
5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:
ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;
ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.
7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი
ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;
ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;
ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;
ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;
გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;
ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;
თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.
8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით.
9. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.
10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.
12. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად; ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით; გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე; დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს; ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას; ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით; თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერ საკითხზე; ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
13. გაუქმდეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე გამოყენებული იძულებითი აღსრულების ღონისძიება და საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაწესებული შეზღუდვები.
14. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
15. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი