ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 04.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/7/1807
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.017020
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 11/06/2025
2,474 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 05.03.2025 ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 23.12.2022 ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 16.06.2022 გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 07.06.2024 გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 25.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/7/1807  2025 წლის 4 ივნისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა : ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე ; ევა გოცირიძე – წევრი ; გიორგი თევდორაშვილი – წევრი , მომხსენებელი მოსამართლე ; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი . სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე . საქმის დასახელება : ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . დავის საგანი : ა ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით ; ბ ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით . I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1807) მომართა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ბარიშ ინანმა . №1807 კონსტიტუციური სარჩელი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2024 წლის 15 იანვარს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს . 2. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი , 31-ე მუხლი , 31​1 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტი . 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია , ესე იგი უკანონო ან /და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა , ქონების შეძენა , ფლობა , კონვერსია , გადაცემა ან სხვა მოქმედება ) მისი უკანონო ან /და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან /და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით , აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების , წარმოშობის წყაროს , ადგილმდებარეობის , განთავსების , მოძრაობის , მასზე საკუთრების ან /და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე . ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილი განსაზღვრავს ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელი ქონების ცნებას . კერძოდ , „ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება , აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი , აქციები (წილი ), რომლის /რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს , მისი ოჯახის წევრს , ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით “. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტი იცავს ადამიანის თავისუფლებას , ხოლო 31-ე მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს .“ 5. №1807 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ მოსარჩელე ბარიშ ინანს , 2022 წლის პირველი დეკემბრის დადგენილებით , ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე -3 ნაწილის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში . ბრალდების შესახებ დადგენილებიდან იკვეთება , რომ მოსარჩელეს საქართველოს პროკურატურა ედავება დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემას , რითაც შესაძლებელი გახდა არალეგალურად მიღებული შემოსავლის კანონიერად გამოყენება . თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის №1/195-23 განაჩენით , მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში . 6. მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ტრანსნაციონალური ბუნების ორგანიზებული დანაშაულია და საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად , განიმარტება , როგორც დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონებისათვის ლეგალური სახის მიცემა . შესაბამისად , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს წინასწარი , პრედიკატი დანაშაულის არსებობას , რომლის შედეგადაც ხდება არალეგალური ქონების მოპოვება და შემდგომი ლეგალიზაცია . 7. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საერთო სასამართლოთა წინააღმდეგობრივ პრაქტიკაზე და აღნიშნავს , რომ პირს , სადავო რეგულაციის ფარგლებში , პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მაშინაც , როდესაც არ დასტურდება სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა , კერძოდ კი , პირის მიერ პრედიკატი დანაშაულის ჩადენა . ნორმის ამგვარი განმარტება , მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , მის წინააღმდეგ მიმდინარე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მაგალითზეც დასტურდება – ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ იკვეთება ის პრედიკატი დანაშაული , რომლის შედეგადაც , მოსარჩელემ , სავარაუდოდ , დაუსაბუთებელი ქონება მიიღო . ამავდროულად , თბილისის საქალაქო სასამართლომ , მიღებული განაჩენით , მოსარჩელე მიიჩნია დამნაშავედ სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში , პრედიკატ დანაშაულზე მითითების გარეშე . 8. ამდენად , მოსარჩელეს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას , პრედიკატი დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში . მისი განმარტებით , გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით , ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანის თავისუფლების დაცულობის უფლება , ვინაიდან იგი უშვებს პირის თავისუფლების აღკვეთას იმ ქმედებისთვის , რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მიზნებისთვის (ვერ აკმაყოფილებს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის კრიტერიუმებს ). 9. მოსარჩელე მხარე ამავდროულად მიუთითებს , რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმიდან ცხადად გამომდინარეობს , რომ ის ითვალისწინებს , უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე , მტკიცების ტვირთის დაცვის მხარეზე გადატანას . კერძოდ , ბრალდებულია ვალდებული , ამტკიცოს , რომ მის საკუთრებაში არსებული ქონება კანონიერი საშუალებებით არის მოპოვებული . წინააღმდეგ შემთხვევაში , იგი მიიჩნევა დაუსაბუთებელ ქონებად , რაც გამოიწვევს პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაში , სიტყვები „დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა “, ასევე მიუთითებს იმაზე , რომ კრიმინალიზებულია ქმედება , რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ ისეთი ქონების ფლობას , რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია . ამდენად , მოსარჩელეს , საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი , რომლითაც დაუსაბუთებელი ქონების არსებობის /არარსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დაცვის მხარეს . 10. მოსარჩელე მხარე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე . II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს “. ამავე კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად . 2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას , პრედიკატული დანაშაულის არარსებობის შემთხვევაში . 3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , „პასუხისმგებლობის დამდგენმა ნორმამ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ამა თუ იმ ქმედების არასწორად კრიმინალიზების , აგრეთვე არასათანადო (აშკარად არაპროპორციული ) სასჯელის განსაზღვრის გამო . ამავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკით , ისიც ნათლად არის დადგენილი , რომ , როგორც წესი , სისხლის სამართლის კანონით ამა თუ იმ ქმედების განხორციელების , კონკრეტული ქცევის აკრძალვა (დისპოზიცია ) და სანქცია განსხვავებულ კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-18). შესაბამისად , აუცილებელია , მოსარჩელე მხარემ სწორად წარმოაჩინოს კონკრეტული ქცევის აკრძალვითა და სანქციით გამოწვეული შეზღუდვის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან . 4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის დისპოზიცია შესაძლებელია , ზღუდავდეს იმ მატერიალურ უფლებას , რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-19). მაგალითად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მარიხუანას მოხმარების სისხლის სამართლის დანაშაულად /ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადება , ვინაიდან მიიჩნია , რომ ამგვარი ქმედების განხორციელების შესაძლებლობა დაცულია საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით (საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლი ), ხოლო მისი მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება ამ უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას წარმოადგენს (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). გარდა ამისა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ , შეკრების უფლებასთან მიმართებით , არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა , რომელიც აწესებდა პასუხისმგებლობას სასამართლო შენობიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისათვის (მანიფესტაციისათვის ) (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის “, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია “, საქართველოს მოქალაქეები − ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა , საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი , საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). ამდენად , პასუხისმგებლობის დამდგენი სადავო ნორმის დისპოზიციის საფუძველზე , ამა თუ იმ უფლების შეზღუდვის დადგენისათვის , უნდა წარმოჩნდეს , რომ სადავო ნორმა კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის ცალკეული უფლებით დაცული რომელიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობას . 5. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაცია განსაზღვრავს როგორც ცალკეული დანაშაულის შემადგენლობას , აგრეთვე ამავე დანაშაულისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომას . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით , საკანონმდებლო ორგანოს მიერ , სისხლის სამართლის წესით , დასჯადად არის გამოცხადებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება ). აღსანიშნავია , რომ სადავო ნორმის დისპოზიციით აკრძალული ქმედება ეკონომიკური , ქონებრივი ხასიათისაა . სადავო ნორმა არ აწესებს სასჯელს ისეთი ქმედების განხორციელებისათვის , რომელიც , პოტენციურად , შესაძლოა , კავშირში იყოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების რეალიზებასთან . შესაბამისად , ნათელია , რომ სადავო ნორმის დისპოზიცია არ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას . 6. ამავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით , კონკრეტული სანქციის /სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლით , რომლის მე -2 პუნქტი გამორიცხავს სახელმწიფო ხელისუფლების მიერ „არაადამიანური ან დამამცირებელი “ სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას . როგორც წესი , სწორედ საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლი განსაზღვრავს , საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის , სასჯელის /სანქციის დაწესების სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს და ადგენს მის სიმკაცრესთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს . შესაბამისად , სადავო ნორმით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ღონისძიების სასჯელად გამოყენებას არ გააჩნია თავისთავადი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლთან . 7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ბუნებრივია , თავისუფლების შეზღუდვისა და თავისუფლების აღკვეთის სასჯელები , გვერდითი ეფექტის სახით , შესაძლოა , ზემოქმედებას ახდენდეს საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლით გარანტირებული უფლებით სარგებლობაზე , რამდენადაც თავისუფლების აღკვეთის სასჯელის შეფარდება გულისხმობს ადამიანისათვის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვას , სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებას გარკვეული ვადით და შესაბამისი შეზღუდვების დადგენას , რაც გამომდინარეობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის თავისებურებიდან . მაგალითისთვის , პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებულ პირს ეზღუდება გადაადგილება , კონტაქტი გარესამყაროსთან , მათ შორის , ოჯახის წევრებთან , წვდომა გარკვეული ტიპის , სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ საგნებზე და ა . შ ., თუმცა , აღნიშნული a priori არ ხდის სადავო ღონისძიებას საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლთან შეფასებადს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26). 8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვას და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის მე -13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . 9. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის მე -2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტთან მიმართებით . მხარის განმარტებით , არაკონსტიტუციურია სადავო დებულებების ის ნორმატიული შინაარსი , რომელიც ბრალდებულს აკისრებს ქონების კანონიერი წარმომავლობის მტკიცების ტვირთს . 10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად , არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს . აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ადგენს საპროცესო გარანტიას , რომლის თანახმადაც , სისხლის სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს . მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი რეგულაცია , თავისი შინაარსით , წარმოადგენს დანაშაულის შემადგენლობის დამდგენ მატერიალურ ნორმას . იგი ადგენს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას და , ამავდროულად , განმარტავს დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ერთ -ერთ კომპონენტს  – დაუსაბუთებელი ქონების ცნებას . სადავო რეგულაციის საფუძველზე , დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის კრიმინალიზაცია , თავისი არსით , მატერიალური რეგულირებაა და არა საპროცესო წესი . ამასთან , მოსარჩელის მიერ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან ნათლად იკვეთება , რომ მისთვის პრობლემურია ისეთი ქმედების კრიმინალიზება , რომელიც გულისხმობს ბრალდებულის მიერ იმგვარი ქონების ფლობას , რომლის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც მას არ გააჩნია . უფრო მეტიც , სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება მთლიანად შეეხება იმის მტკიცებას , რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის საფუძველზე , ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელი უნდა იყოს პრედიკატი დანაშაულის არსებობა , სასამართლო კი პირს პასუხისმგებლობას მაშინაც აკისრებს , როდესაც არ დასტურდება პრედიკატი დანაშაულის არსებობა . მაშასადამე , მოსარჩელის არგუმენტაციიდან ცხადი ხდება , რომ პირის მიერ ქონების კანონიერი წარმომავლობის ფაქტის დადასტურება საერთოდ არ უნდა იყოს აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება და იგი სადავო ნორმის საფუძველზე , არ უნდა ისჯებოდეს იმის გამო , რომ ვერ წარმოადგინა ქონების კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები . მოსარჩელის პოზიციით , ხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე , პირის დასჯა და შემოსავლის დაუსაბუთებელ ქონებად კვალიფიცირება კონსტიტუციური იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ დადგინდება , რომ აღნიშნული ქონება უკანონოდ , დანაშაულის შედეგად არის მოპოვებული და არა მაშინ , როდესაც პირმა მის საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობა ვერ დაადასტურა . შესაბამისად , მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მიემართება დანაშაულის დამდგენი მატერიალური ნორმის დისპოზიციას - დანაშაულის შემადგენლობას და მის ცალკეულ ელემენტს . ამგვარ არგუმენტაციას შეიძლება მიმართება ჰქონდეს კონსტიტუციის იმ დებულებასთან , რომლის განხორციელების თავისუფლებაც კონკრეტული კონსტიტუციური ნორმით არის განმტკიცებული და რომლის რეალიზებასაც მოჰყვება პასუხისმგებლობა . შესაბამისად , სადავო ნორმას საერთოდ არ აქვს შემხებლობა , სისხლის სამართალწარმოებისას , მტკიცების ტვირთვის განაწილების საკითხთან . შესაბამისად , მოცემულ შემთხვევაში , დასაბუთებული არ არის შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე -6 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის . 11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1807 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 31​1 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტითა და 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები . III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის „ე “ ქვეპუნქტის , 21-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 27​1 მუხლის მე -2 პუნქტის , 31-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​1 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 31​2 მუხლის მე -8 პუნქტის , 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 31​5 მუხლის პირველი , მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 31​6 მუხლის მე -2 პუნქტის , 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა “ ქვეპუნქტის , 43-ე მუხლის საფუძველზე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს : 1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1807 კონსტიტუციური სარჩელი („ბარიშ ინანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება . 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “. კოლეგიის შემადგენლობა : ვასილ როინიშვილი ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე