გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/10418-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე N 330216925011391949

საქმე N2/10418-25

 

ა ნ ჩ ი ნ ე ბა

საქართველოს სახელით

 

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა

 და  გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე

 

 2025 წლის  10 ივნისი

 ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია

განმცხადებელი – სსიპ – შემოსავლების სამსახური  

წარმომადგენელი – შოთა ფანცულაია

მოვალე –  შპს ,,იაფა ბათუმი‘’

წარმომადგენელი  ოთარ ხუციშვილი

მოთხოვნა – გაკოტრება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ –  შემოსავლების სამსახურის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და

გამოარკვია:

2025 წლის 14 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,,იაფა ბათუმის‘’ წარმომადგენელმა ოთარ ხუციშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს ,,იაფა ბათუმის‘’ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს ,,იაფა ბათუმი‘’ დაფუძნდა 2019 წლის 8 იანვარს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციით ვაჭრობა. კომპანიას ბიზნესპრობლემები შეექმნა კოვიდპანდემიის პირობებში, რასაც დაემატა პანდემიის შემდეგ წარმოშობილი კრიზისი და დავა შემოსავლების სამსახურთან. ამ უკანასკნელმა კომპანიას დააკისრა დიდი მოცულობის თანხა, რომლის გადახდის შესაძლებლობაც კომპანიას არ გააჩნდა. განცხადების წარმოდგენის მდგომარეობით,  ზემოხსენებული თანხა - 368 262.64 ლარის ოდენობით, შემოსავლების სამსახურს მითითებული აქვს, როგორც აღიარებული ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულებიდან ძირ თანხას წარმოადგენს 177 039.51 ლარი, ჯარიმას 88 884.5 ლარი  და საურავს 102 338.63 ლარი.

ამასთან, განმცხადებელი დამატებით აღნიშნავდა, რომ კომპანიას გააჩნია დავალიანება მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიმართ 368 262.64 ლარის ოდენობით. კომპანიას არ აქვს სასამართლო დავები, მესამე პირების მიმართ არ გააჩნია დებიტორული მოთხოვნები, ამ ეტაპისთვის კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი, კომპანიას არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიას არ დაუდია ხელშეკრულებები, სასამართლოში არ მიმდინარეობს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება, არ ფლობს წილებს, არ გააჩნია მოძრავი ქონება (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალება) და კომპანიის სალაროში, ისევე როგორც საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა.

გარდა ამისა, განმცხადებელი განმარტავდა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კომპანიის დამფუძნებლის და დირექტორის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კომპანიის დირექტორისათვის კი ნათელია, რომ არსებულ სიტუაციაში უმოქმედობა და გაკოტრების პროცესის არდაწყება დაკავშირებულია სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით, განმცხადებელს წარმოდგენილ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე. აღნიშნული განჩინება გამოქვეყნდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) 2025 წლის 16 აპრილს.

2025 წლის 23 აპრილს, შპს ,,იაფა ბათუმის‘’ წარმომადგენელმა სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, შპს ,,იაფა ბათუმს‘’ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ამავე განჩინებით განიმარტა, რომ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების, აგრეთვე იმ პირების მიერ, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64).   ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2025 წლის 24 აპრილს.

2025 წლის 23 მაისს, სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც  სსიპ – შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა შპს ,,იაფა ბათუმის‘’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

აღნიშნული განცხადების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს ,,იაფა ბათუმს‘’  2025 წლის 24 აპრილის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 368 266,96 ლარის ოდენობით. დავალიანება წარმოშობილია თავდაპირველად საგადასახადო დეკლარაციების საფუძველზე, ხოლო დავალიანების ძირითადი ნაწილი კი საგადასახადო შემოწმების შედეგად.

შპს ,,იაფა ბათუმის‘’ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია 2022 წლის 18 მარტს. 2024 წლის 29 ივლისს კი გამოიცა N024-1624 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. გარდა ამისა, 2024 წლის 31 დეკემბერს გავრცელებულია საინკასო დავალება გადასახადის გადამხდელის ანგარიშებზე.

ამასთან, თავდაპირველი დავალიანება წარმოიშვა 2022 წლის თებერვლის თვის დღგ-ს დეკლარაციით, რომლითაც დარიცხულ იქნა 988 ლარი ბიუჯეტის მიმართ გადასახდელად, რაც გახდა გირავნობის წარმოშობის საფუძველი. ძირითადი დავალიანება კი დარიცხულია აუდიტის აქტით, რომელიც დაიწყო 21.07.2021 წლის ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 31 მარტს შედგა აუდიტის საგადასახადო შემოწმების აქტი. 2022 წლის 12 აპრილს გადასახადის  გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონული N056-13 საგადასახადო მოთხოვნა.

აუდიტის აქტის მიხედვით გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენდა 20-25%-ს. შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილია სააღრიცხვო პროგრამა, ასევე სმფ-ის რაოდენობრივი აღრიცხვის რეპორტები, რომლის მიხედვითაც ფიქსირდება სალაროს ანგარიშზე მზარდი ნაშთი, აღნიშნულთან დაკავშირებით შემოწმების მსვლელობისას ჩატარდა ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით შედგენილი ოქმის მიხედვით, ფულადი სახსრები სალაროში ნულის ტოლი აღმოჩნდა, ხოლო პროგრამული მონაცემების მიხედვით დღის ნაშთმა შეადგინა 744 951 ლარი. საიდანაც 729 341.19 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად, ხოლო 15 609 ლარი ხელფასად 2022 წლის  თებერვლის თვეში.

გადამხდელს აღნიშნულ საფუძველზე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაერიცხა ბიუჯეტის მიმართ გადასახდელად 3 902 ლარი (ხელფასის სახით 19 511 ლარი) და ჯარიმა. 2019, 2020 და 2021 წლების გაუნაწილებელი მოგება, წლის ბოლოსათვის სალაროში არსებული ნაშთის გათვალისწინებით, ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა მოგების განაწილებად. გაცემულ დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადში დაერიცხა 38 385 ლარი (ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდი 767 728 ლარი) და ჯარიმა. ზემოთ აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში დაერიცხა 135 480 ლარი (განაწილებული მოგება 903 208 ლარი) და ჯარიმა. გადამხდელის საკონტროლო სალარო აპარატის ბრუნვას ჯამში შეადგენს 6 097 450 ლარი, საიდანაც შემოწმების დაწყებიდან დღემდე ჯამში სალაროს ბრუნვა შეადგენს 692 417 ლარს.

ასევე, საწარმოს დამფუძნებელს და დირექტორს ვუგარ გუმბატოვს აუდიტის შემოწმების შედეგად დივიდენდად და ხელფასის სახით ჩათვლილი აქვს ჯამში 744 951 ლარი. მისი დირექტორობის პერიოდში აუდიტის შემოწმების დაწყებიდან ერთ თვეში მის დაქვემდებარებაში მომუშავე პირზე ანარ ტალიბოვზე გადაწერილი აქვს ზედნადებით ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ SPRINTER 2011 წლიანი.

ამასთან, შემოწმების დაწყებიდან დღემდე საწარმოს სასაქონლო ზედნადებით მიღებული აქვს ჯამში 25 487 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობები და 05.08.2021 წლის შემდგომ, საწარმოდან სასაქონლო ზედნადებით სხვადასხვა საწარმოებზე და ფიზიკურ პირებზე გადაწერილია ჯამში 276 067 ლარის საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც განხორციელდა ანარ ტალიბოვზე გადაფორმებული ავტომობილით. როგორც ზემოთ აღინიშნა, საწარმოს მიმართ აუდიტის შემოწმების დაწყებიდან დაახლოებით 1 თვეში - 2021 წლის 05 აგვისტოს შპს „იაფა ბათუმ“-ში მომუშავე პირზე ანარ ტალიბოვზე მიწოდებულია ზედნადებით ავტოსატრანსპორტო საშუალება MERCEDES-BENZ SPRINTER 2011-წლიანი 17 000 ლარად.

ამდენად, განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.  საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა, მოპასუხეების - ვუგარ გუმბატოვის  და ანარ ტალიბოვის  შპს ,,იაფა ბათუმის‘’ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

შპს ,,იაფა ბათუმის‘’  დავალიანების უზრუნველსაყოფად ვუგარ გუმბატოვის  და ანარ ტალიბოვის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ,,იაფა ბათუმის‘’ მიერ განხორციელებული ქმედებები მიზნად ისახავს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ კრედიტორისთვის ზიანის მომტან ქმედებას და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველმყოფი ღონისძიებების თავიდან არიდებას.

შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,იაფა ბათუმის‘’ მიმართ დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, განმცხადებელ სსიპ –შემოსავლების სამსახურს დაუდგინდა ხარვეზი და მის გამოსასწორებლად განესაზღვრა გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ( http://www.ecourt.ge/) გამოქვეყნდა 2025 წლის 29 მაისს.

2025 წლის 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ –შემოსავლების სამსახურის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შპს ,,იაფა ბათუმის‘’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის განცხადება ცნობილ იქნეს დასაშვებად;

2. შპს ,,იაფა ბათუმის ‘’ (ს/ნ 434174403) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი;

3. შპს ,,იაფა ბათუმის‘’ (ს/ნ 434174403) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი - ნატო პაპიაშვილი (პ/ნ 14001002293), ტელ: 577 300 625), რომელიც შერჩეულ იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლის საფუძველზე.

4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება  გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.

6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.

7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით მისი შესრულების ნაწილში.

8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.

9.  გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას;

10.    გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;

ბ) აწარმოოს დავები;

გ) განახორციელოს შეცილება;

დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;

ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;

ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;

თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

11.    გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.

13.    განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის  გახსნის  თაობაზე  განჩინების გამოტანის შესახებ).

14.    განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                     დემეტრე ჯინჯოლია