“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციის ტიპიური დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.834
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №714
2006 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 32-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №671 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №92, მუხლი 1047) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. ინსპექციის საქმიანობის სფერო
ინსპექცია საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, დადგენილი წესით ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გადასახადის გადამხდელთა, მათ შორის, უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულების საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას, საგადასახადო საჩივრების განხილვას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს“.
ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, უზრუნველყოფს შესაბამისი რეესტრების წარმოებას“.
გ) მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ“ ქვეპუნქტი:
,,თ) ახორციელებს ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და საქველმოქმედო ორგანიზაციის რეესტრის წარმოებას“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო იურიდიული პირების (ფონდი, კავშირი), ფილიალების (წარმომადგენლობების) სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია საგადასახადო ინსპექციებმა განახორციელონ 2006 წლის 1 სექტემბრიდან და, შესაბამისად, დებულების სათანადო ნორმები ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
მინისტრის პირველი
მოადგილე ლ. გოცირიძე