საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების გამოყენების წესების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 08.03.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000137 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 3, 29/03/1991
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.03.1991 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების გამოყენების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №146
1991 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების გამოყენების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს:
1. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების გამოყენების თანდართული წესები.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 15 აპრილის № 267 დადგენილება „საქართველოს სსრ სახელმწიფო გერბის დებულების გამოყენების წესების დამტკიცების თაობაზე“.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს რესპუბლიკის პრესაში.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
თ. სიგუა
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი
გ. ბერიძე
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების გამოყენების წესები
1. შენობებზე, სხდომათა დარბაზებში, ბეჭდებსა და დოკუმენტების ბლანკებზე, ოფიციალურ გამოცემებზე და საქართველოს რესპუბლიკის ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთებზე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს, რომლებიც აღნიშნულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1990 წლის 29 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ დებულებაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ.
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შეუძლია გაითვალისწინოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულების სავალდებულო რეპროდუქციების სხვა შემთხვევებიც.
2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გარდა, რომლებიც აღნიშნულია 1-ლ პუნქტში, საქართველოს სახელმწიფო გერბიანი ბეჭდებით შეუძლიათ სარგებლობა დაწესებულებებს, საწარმოებს, ორგანიზაციებს, რომელთაც ეს უფლება მინიჭებული აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და ამ წესებით.
3. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს სხდომათა დარბაზებში, აგრეთვე სასამართლოებს – სასამართლო სხდომათა დარბაზებში და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებს – დაბადებისა და ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის შენობებში.
4. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბიანი ბეჭდის რეპროდუცირება, მისი ზომების მიუხედავად, ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მის აღწერილობას, რომელიც მოცემულია დებულებაში საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ.
5. პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო გერბის შესახებ დებულებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნებისა და ამ წესების დაცვისათვის ეკისრებათ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო გერბის გამოსახულებით სარგებლობის უფლება.
6. საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო გერბის შესახებ დებულებისა და ამ წესების ზუსტად შესრულებას თვალყურს ადევნებენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოები.