გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2025 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
მოსამართლე ქეთევან კურცხალია
მოვალე – შპს „სახალხო აფთიაქი“
მოთხოვნა – გაკოტრება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გვანცა გოგიას განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ და
გამოარკვია:
2025 წლის 28 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გვანცა გოგიამ, რომელმაც მოითხოვა შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „სახალხო აფთიაქის“ (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგ. №2/4-3860, ს/კ 202230157, იურიდიული მისამართი: თბილისი, ფეიქრების ქ.№12, რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ კანონის 43-ე მუხილის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხსენიებული, როგორც მოვალე), კრედიტორი, გვანცა გოგია (პ/ნ 01027057727), აფიქსირებს, რომ კომპანია იმყოფება გადახდისუუნარობის მდგომარეობაში, ირღვევა დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპანიის მიმართ უნდა გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
განმცხადებელი განმარტავს, რომ 2022 წლის 20 იანვრის სასამართლოს განჩინების საფუძველზე (საქმის ნომერი №2/418-22) შპს „სახალხო აფთიაქის“ (ს/კ 202230157) (შემდგომში – მოვალე) მიმართ დაიწყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოება რეაბილიტაციის რეჟიმით.
აღნიშნულ საქმეში როგორც კომპანიის დასაქმებულს წარმოადგენს განმცხადებელი, სახელფასო ანაზღაურების დავალიანებიდან გამომდინარე კრედიტორს და მისი მოთხოვნა კორექტირებულ და საბოლოოდ დაზუსტებულ კრედიტორთა რეესტრში, რომელიც წარედგინა სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისს, სრული მოცულობით ასახულია 17860 ლარის ოდენობით, საიდანაც 1000 ლარი შეადგენს პრეფერენციულ მოთხოვნას. თუმცა, 2024 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში კომპანიამ განახორციელა პრეფერენციული მოთხოვნის დაკმაყოფილება (1000 ლარი, საიდანაც ანგარიშზე ჩამერიცხა 784 ლარი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის გამოკლებით და არაუზრუნველყოფილი მოთხოვნიდან 418.4 ლარი, საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის გამოკლებით). შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით კომპანიის დავალიანება ჩემს მიმართ შეადგენს 16 337 ლარს, რომელიც წარმოადგენს არაუზრუნველყოფილ მოთხოვნას.
2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მოვალის მიერ წარმოდგენილი და კრედიტორთა ხმათა უმრავლესობის მიერ მოწონებული შპს „სახალხო აფთიაქის“ რეაბილიტაციის გეგმა. აღნიშნული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოვალეს უნდა განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია და ამონაგები თანხები უნდა მიემართა ვალდებულებების გასასტუმრებლად, კანონით და რეაბილიტაციის გეგმით დადგენილი რიგითობის შესაბამისად. რაც ვერ განხორციელდა, დადგენილ ვადაში, გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის ქონებაზე ვრცელდებოდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. იმის მიუხედავად, რომ კანონი არ მიიჩნევს სსიპ – შემოსავლების სამსახურს უზრუნველყოფილ კრედიტორად და მეტიც, გეგმაში მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების 5 წლიანი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, გეგმის მოწონებისას საგადასახადო ორგანოს ხმებს არცკი ითვალისწინებს, სსიპ – შემოსავლების სამსახურმა უგულებელყო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპები და უარი განაცხადა ქონების გირავნობა/იპოთეკისგან გათავისუფლებაზე,. რაც, რეაბილიტაციის მმართველის მხრიდან, კრედიტორებთან შეთანხმებით, გასაჩივრდა როგორც საგადასახადო სისტემაში, ისე ორივე ინსტანციის სასამართლოში. თუმცა, წელიწადნახევრიანი დავის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მოვალის არგუმენტაცია კანონის მოთხოვნებთან დაკავშირებით და შედეგად, ვერ მოხერხდა ქონების გათავისუფლება შემოსავლების სამსახურის შეზღუდვებისგან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქონების რეალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო რეაბილიტაციის გეგმით დასახული მიზნების მისაღწევად, ვინაიდან, რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაწილით უნდა გასტუმრებულიყო სს – გეფას, რომელიც წარმოადგენდა სახალხო აფთიაქის ერთადერთ/ექსკლუზიურ მომწოდებელს, მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდგომ წარმოშობილი დავალიანება, რის შემდეგაც სს – გეფა იღებდა ვალდებულებას, გაეზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მარჟა 3-4%-ით, რაც საშუალებას მისცემდა კომპანიას, არათუ დაეფარა ყოველთვიური ზარალი, არამედ, გაუმჯობესებული მარჟის პირობებში, დამატებით აფთიაქების გახსნისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების გზით, გაეზარდა კომპანიის მომგებიანობა და აქედან მოზიდული თანხებიც მიემართა კრედიტორების დასაკმაყოფილებლად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოვალის საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომელიც შეეხებოდა როგორც რეფერენტული ფასის დადგენას, ისე მთლიანად კომპანიის საოპერაციო სისტემის ძირეულად შეცვლას.
რეფერენტული ფასების დადგენამ და ასეთი პროდუქციის ჩამონათვალის ყოველდღიურმა ზრდამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციიდან მოგების მიღება და მარჟის შენარჩუნება, ხოლო ფარმაცევტული პროდუქციის მიკვლევადობისა და საბითუმო რეალიზაციის კუთხით დანერგილმა რეგულაციებმა გარდაუვალი გახადა კომპანიის საოპერაციო სისტემის ცვლილება, რამაც გამოიწვია ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა (მათ შორის, მაგ., დღგ-ის ხარჯი თვის ჭრილში 1500 ლარიდან გაიზარდა 8000 ლარამდე) და კომპანიის ხელთ არსებული მცირე რესურსების პირობებში, შეუძლებელი გახდა იმ მიზნების მიღწევა, რაც რეაბილიტაციის გეგმით იყო გაწერილი. ამასთან, აღნიშნულმა სირთულეებმა მნიშვნელოვნად გააუარესა სააფთიაქო ქსელის ბრუნვა და კრედიტორების მოთხოვნით, იძულებული გახდა კომპანია, დაეხურა ზარალიანი აფთიაქები.
აღასანიშნავია, რომ გაკოტრების რეჟიმში გადასვლის საკითხი არაერთხელ იყო დაყენებული კრედიტორთა კრებებზეც, თუმცა, რადგან ამ რეჟიმში კომპანიის მყისიერად გადასვლა ნიშნავდა საოპერაციო საქმიანობის გაჩერებას, ხოლო აღნიშნული გამოიწვევდა საოპერაციო ზარალის მკვეთრ ზრდას (ვინაიდან, რეალიზაციის არარსებობის პირობებში ხარჯების ნაწილი (ხელფასები, იჯარა, კომუნალური გადასახადები და სხვა), ისევ დარჩებოდა გარკვეული დროის განმავლობაში (რადგან აფთიაქების დახურვა საკმაოდ დროში გაჭიანურებული და რთული პროცესია) და არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ხარჯები მნიშვნელოვნად დააზარალებდა კრედიტორებს, არ იქნა მხარდაჭერილი გაკოტრების რეჟიმში გადასვლის საკითხი და გადაწყდა, ზარალიანი აფთიაქების ეტაპობრივად დახურვა და ამ გზით ზარალისა და ხარჯების შემცირება/აღმოფხვრა, ამასთან, 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში, ვადის დარღვევით, თუმცა მაინც მოახდინა კომპანიამ ქონების უმეტესი ნაწილის რეალიზაცია და კრედიტორებზე თანხის განაწილება კანონის შესაბამისი პროპორციის დაცვით. კერძოდ, კომპანიამ შეძლო გაესტუმრებინა სასამართლოსა და რეაბილიტაციის ხარჯები, რეაბილიტაციის ზედამხედველის ანაზღაურება, რეჟიმის გახსნის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ასევე პრეფერენციული და საგადასახადო მოთხოვნების სრულად გადახდა და ბოლო რიგის მოთხოვნების არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნათა ნაწილობრივი დაკმაყოფილება, კანონით დადგენილი პროპორციით, ჯამში, დაახლოებით 2 მილიონამდე ლარის ოდენობით. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, კომპანიის საოპერაციო საქმიანობა მნიშვნელოვანწილად იმართებოდა კრედიტორებთან შეთანხმებით და მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად. ორ თვეში ერთხელ იმართებოდა კრედიტორთა კრებები და განიხილებოდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით, ბუღალტრულ მომსახურების გარდა არ გააჩნია საოპერაციო ხარჯი და არ გააჩნია რესურსი, თუნდაც ეს არაერთხელ შემცირებული ბუღალტრული მომსახურების ხარჯი გასწიოს. ასევე გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია ფუნქციონირებდა ფილიალებისა და ცალკე შპს-დ რეგისტრირებული აფთიაქების სახით, დღევანდელი მონაცემებით, არ არის წარმოდგენილი ფილიალების სახით და ფლობს 90% წილებს მხოლოდ ორ მოქმედ აფთიაქში, რომლებიც ბოლო ერთი წლის მანძილზე ზარალიანია და საკუთარი საოპერაციო საქმიანობის დაფინანსების უნარიც არ გააჩნიათ და 17 შპს-ში, რომლებიც, როგორც გადახდისუუნარობის (რეაბილიტაციის) რეჟიმის გახსნის მოთხოვნით 2022 წლის 12 იანვარს სასამართლოში წარდგენილ მოვალის განცხადებაშიცაა განმარტებული, სათანადო წესით რეგისტრაციის გარდა შემდგომ უფუნქციოა და არ განუხორციელებია არანაირი სამეწარმეო საქმიანობა. ასევე, კომპანიას გააჩნია ერთი უძრავი ქონება (მდებარე ქალაქი ზესტაფონში, ქუჩა დ. აღმაშენებელი, №o59 ა, არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, ფართი: 154.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №o32.10.34.376.01.503) და არ გააჩნია სხვა ლიკვიდური აქტივი. შესაბამისად, მე, როგორც შპს „სახალხო აფთიაქის“ კრედიტორი, და სხვა კრედიტორებიც ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ კომპანიას არ გააჩნია რეაბილიტაციის უნარი და ფაქტობრივად გაკოტრების რეჟიმშია. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 24 თებერვალს, კომპანიის ერთერთმა უმსხვილესმა კრედიტორმა, სს სინერჯი კაპიტალმა (მოთხოვნა 3 640 780 ლარი, ხმათა 35%) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით, რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის მოტივით. ასევე 2025 წლის 5 მარტს, შპს „ნოვატორ ფარმამ“, კიდევ ერთმა უმსხვილესმა კრედიტორმა (მოთხოვნა 2 444 626 ლარი, ხმათა 23.5%) წარადგინა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დაეთანხმა სს – სინერჯი კაპიტალის მოთხოვნას გაკოტრების რეჟიმის გახსნასთან დაკავშირებით. თუმცა, სს – სინერჯი კაპიტალის განცხადება არ იქნა წარმოებაში მიღებული, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ უარი უთხრა კრედიტორს ბაჟის გადავადებაზე, იმ საფუძვლით, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესაძლებლობას. კრედიტორი აპელირებდა იმაზე, რომ კომპანიას არ გააჩნია მინიმალური ხარჯებისთვის საკმარისი რესურსიც კი (ამ მომენტამდე არ გადაუხდია რეაბილიტაციის საქმის წარმოების ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი და რეაბილიტაციის ზედამხედველის ანაზღაურება) და აღნიშნულის მიზეზს, პირველ რიგში, წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპანიის მთელ ქონებაზე წარმოდგენილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, კრედიტორი ასევე მიუთითებდა, რომ არ ეთანხმებოდა აღნიშნულ განცხადებაზე ბაჟის გადახდის ვალდებულების არსებობას, ვინაიდან, განცხადება ეხებოდა არა ახალ გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყებას, არამედ უკვე არსებული რეჟმის ცვლილებას, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმის დარღვევას. მიუხედავად აღნიშნულისა, კრედიტორებთან შეთანხმებით, გაკოტრების რეჟიმის გახსნის პროცედურების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, უარი ეთქვა ზემოაღნიშნული განჩინების გასაჩივრებაზე კომპანიას და რადგან რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის 118-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენისას მოვალე სახელმწიფო ბაჟს არ იხდის, მოვალეს მიემართა შესაბამისი განცხადებით. თუმცა, სასამართლოს მიერ არც ეს განცხადება იქნა წარმოებაში მიღებული, იმ საფუძვლით, რომ მოვალე არ არის უფლებამოსილი, მიმართოს სასამართლოს, მაშინ, როცა არსებობს დამტკიცებული რეაბილიტაციის გეგმა და მხოლოდ კრედიტორს ანიჭებს კანონი ასეთ უფლებას. ხოლო უმსხვილესი კრედიტორები, რომლებიც აბსოლუტურად იზიარებენ პოზიციას კომპანიის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის აუცილებლობის თაობაზე, თავს იკავებენ შესაბამისი განცხადების წარდგენისგან, ვინაიდან, მათი მოთხოვნის შესაბამის ბაჟის თანხა საკმაოდ მძიმე ტვირთია მათთვის და ისედაც მოცულობითი მოთხოვნის არსებობის პირობებში, ერიდებიან დამატებით იხარჯების გაწევას, რომლის ამოღების მოლოდინიც საკმაოდ დაბალია. ამასთან, კრედიტორების მიერ დაფიქსირდა პოზიცია, რომ ამჟამინდელ რეაბილიტაციის მმართველს, ნიკოლოზ აბუთიძეს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება და გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შემდეგ დაინიშნოს შპს „სახალხო აფთიაქის“ გაკოტრების მმართველად. ვინაიდან, კრედიტორთა კრებას მიაჩნია, რომ პროცესისთვის და კრედიტორთა ინტერესებისთვისაც გაცილებით სასარგებლო იქნება უკვე არსებული მმართველის შენარჩუნება, მისი კვალიფიკაციიდან და საქმის გარემოებების დეტალური ცოდნიდან გამომდინარე. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2025 წლის 08 აპრილს გაიმართა კრედიტორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა კრედიტორთა 71,4% და ამ კრებაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კომპანიის ამჟამინდელ რეაბილიტაციის მმართვლს, ნიკოლოზ აბუთიძეს (პ.ნ 01002023923) გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგაც შეუნარჩუნდეს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს კანონითა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული მმართველობითი უფლებამოსილებები და შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების შემდეგ დაინიშნოს/არჩეულ იქნეს კომპანიის გაკოტრების მმართველად (იხ. თანდართული კრების ოქმი) ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც კომპანიის ერთ-ერთი კრედიტორი, კომპანიის მდგომარეობისა და კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, სახალხო აფთიაქის გაკოტრების რეჟიმში გადაყვანის აუცილებლობას და მოგმართავთ წინამდებარე განცხადებით, კომპანიის მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამასთან, ვეთანხმები, კრედიტორების მოთხოვნას ამჟამინდელი რეაბილიტაციის მმართველისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებისა და გაკოტრების მმართველად დარჩენის შესახებ და ვთვლი, რომ პროცესისთვის და კრედიტორთა ინტერესებისთვისაც გაცილებით სასარგებლო იქნება უკვე არსებული მმართველის შენარჩუნება. წინამდებარე განცხადებით, შპს „სახალხო აფთიაქის“ (კომპანია, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგ. №2/4-3860, ს/კ 202230157, იურიდიული მისამართი: თბილისი, ფეიქრების ქ.№12, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №73, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის 43-ე მუხილის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხსენიებული, როგორც მოვალე) კრედიტორი გვანცა გოგია (პ/ნ 01027057727) წარმოგიდგენთ წინამდებარე განცხადებას თანდართული დოკუმენტაციით და მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ წარმოებაში წინამდებარე განცხადება, შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გახსნათ გაკოტრების რეჟიმი.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ გვანცა გოგიას განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „სახალხო აფთიაქის‘’ მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გვანცა გოგიას განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად.
2. შპს „სახალხო აფთიაქის“ (ს/ნ 202230157) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი.
3. შპს „სახალხო აფთიაქის“ (ს/ნ 202230157) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს რეაბილიტაციის მმართველი – ნიკოლოზ აბუთიძე (პ/ნ 01002023923), ტელ: 597734773).
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას, ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ქეთევან კურცხალია