რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დაცვის მდგომარეობის შემოწმების შედეგებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №627
1990 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონში მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დაცვის მდგომარეობის შემოწმების შედეგებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საქართველოს სსრ სახაგრომრეწვის, საქართველოს სსრ პროკურატურის, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მათი რაიონული სამსახურების მიერ გამოვლენილია მიწის კანონმდებლობის დარღვევის 19659 შემთხვევა, რომელიც მოიცავს 6038 ჰექტარი ფართობის უკანონოდ გადაცემას, დაკავებისა და მიტაცებას. აქედან: ორგანიზაცია-დაწესებულებათა მიერ – 3885 ჰექტარი, ხოლო მოქალაქეთა მიერ – 2153 ჰექტარი. გატარებულ ღონისძიებათა შედეგად ლიკვიდირებულია 17720 დარღვევა და ძირითად მიწათმოსარგებლეებს დაუბრუნდათ 5741 ჰექტარი მიწა.
ზოგიერთი რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომები, აგროსამრეწველო გაერთიანებები, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების ხელმძღვანელები, საქალაქო, სადაბო და სასოფლო საბჭოების აღმასკომები შეგნებულად არღვევენ მიწის კანონმდებლობის მოთხოვნებს, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესებსა და საპასპორტო რეჟიმს. რაიონული და საქალაქო მაკონტროლებელი და ადმინისტრაციული ორგანოები ხშირად არ იჩენენ პრინციპულობას, დროულად არ ავლენენ დარღვევებს და არ ატარებენ პრაქტიკულ ღონისძიებებს დარღვევათა სალიკვიდაციოდ.
მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დაცვის კომისიის დავალებით შექმნილმა ჯგუფებმა, რომლებშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სსრ სახაგრომრეწვის, საქართველოს სსრ პროკურატურის, საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახმშენის, საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროს, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაიაღმასკომებთან ჩამოყალიბებულმა კომისიებმა რესპუბლიკის უმეტეს რაიონებში შეამოწმეს მიწათსარგებლობაში, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში, მოქალაქეთა ბინებში ჩაწეროს საქმეში არსებული მდგომარეობა და გამოავლინოს უხეში დარღვევისა და დანაშაულებრივი ქმედების მრავალი ფაქტი.
რესპუბლიკური კომისიის მიერ დამტკიცებული კალენდარული გეგმის შესაბამისად მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების, აგრეთვე საპასპორტო რეჟიმის დაცვის შემოწმება გრძელდება.
გორის რაიონში კანონის უხეში დარღვევით გაცემული და მიტაცებული აღმოჩნდა 148 ჰექტარი საზოგადოებრივი მიწა, რომლის უმეტეს ნაწილზე აშენებულია საცხოვრებელი სახლები.
ზნაურის რაიონში ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის უკანონოდ გამოყოფილი და მიტაცებულია 68,07 ჰექტარი საზოგადოებრივი მიწა. 690 პირი ზედმეტად ფლობს 94 ჰექტარ ჩამონაჭერ მიწას.
ყვარლის რაიონში უკანონოდ გამოყოფილი და მიტაცებული აღმოჩნდა კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სატყეო მეურნეობის კუთვნილი 35,19 ჰექტარი მიწა.
გარდაბნის რაიონში კანონის დარღვევით გაცემულია 31 ჰექტარი საზოგადოებრივი დანიშნულების მიწა, 314 ოჯახს მიტაცებული აღმოაჩნდა 92 ჰექტარი.
ოზურგეთის რაიონში ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის გაცემული და მიტაცებულია 45,97 ჰექტარი საზოგადოებრივი დანიშნულების მიწა. 23 მოქალაქე უკანონოდ სარგებლობს ნაყიდ სახლთან არსებული 4,30 ჰექტარი საკარმიდამო მიწით.
ქარელის რაიონში მიტაცებული და უკანონოდ გაცემულია 34,42 ჰექტარი საზოგადოებრივი მიწა. უპროექტოდ და პროექტის დარღვევით აშენებულია 306 სახლი. 10 ოჯახი კანონის დარღვევით არის ჩაწერილი.
მარნეულის რაიონში კანონის დარღვევით გამოყოფილი და მიტაცებულია 62,34 ჰექტარი მიწა, სადაც 286 ოჯახს აშენებული აქვს საცხოვრებელი სახლები.
ცხინვალის რაიონის ვანათის მეცხოველეობის კომპლექსში დამეწყრილი ოჯახების დასასახლებლად გათვალისწინებული ფართობის ნაცვლად კანონის დარღვევით სხვა ადგილას გამოყვეს 3 ჰექტარი სახნავი, 6 ოჯახი არასწორად ამავე სოფელში ჩაასახლეს, ხოლო ცხინვალში მცხოვრებ 9 ოჯახს აქვე უკანონოდ გამოუყვეს სამოსახლო მიწის ნაკვეთები.
მიწათსარგებლობის წესების დარღვევის მრავალი ფაქტია გამოვლენილი მცხეთის რაიონშიც. შემოწმების მასალები 2 წელზე მეტია, რაც გადაეცა რაიონს, მაგრამ პრაქტიკულად ძალზე ცოტა რამ არის გაკეთებული.
მიწის კანონმდებლობისა და საპროტესტო რეჟიმის უხეში დარღვევის მრავალი ფაქტი გამოავლინა საქართველოს სსრ პროკურატურის მიერ აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში ჩატარებულმა შემოწმებამ. მასალები განსახილველად და სათანადო ზომების მისაღებად გადაეცა აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს.
მიწის კანონმდებლობის დაცვისათვის არასაკმარის ღონისძიებებს ახორციელებენ აფხაზეთის ასსრ და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონები, რომლებიც ანგარიშებსაც კი არ ადგენენ ჩატარებულ ღონისძიებათა შესახებ, ასევე არასაკმარისად მუშაობენ ახალქალაქის, ბოგდანოვკის, ბოლნისის, გურჯაანისა და სხვა რაიონები.
მიწის კანონმდებლობის, ბინათმშენებლობის წესების, საპასპორტო რეჟიმის დაცვაში არსებული უხეში დარღვევები, სახელმწიფო მიწების უკანონოდ გამოყოფის, დატაცების, თვითნებური ბინათმშენებლობის მრავალრიცხოვანი ფაქტები, საამისოდ მოწოდებული რაიონული ორგანოების იმ საკითხისადმი ფორმალურ-ბიუროკრატიული დამოკიდებულება საფუძველს აძლევს საზოგადოებრიობის ერთ ნაწილს ეჭვი შეიტანოს სახელმწიფო ორგანოების ღონისძიებათა ქმედითობაში, მკაცრი დისციპლინის დამყარებასა და დარღვევათა ლიკვიდაციის შესაძლებლობაში.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
1. მოხსენებითი ბარათი „საქართველოს სს რესპუბლიკაში მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დაცვის შემოწმების შედეგების შესახებ“ დაეგზავნოთ აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოებს, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებს, რესპუბლიკის სამინისტროებს, სახელმწიფო კომიტეტებს და დაევალოთ მათ:
– განახორციელონ გადაუდებელი ღონისძიებანი, იმის გათვალისწინებით, რომ სამი თვის ვადაში დაუბრუნონ მეურნეობებს უკანონოდ გაცემული, მიტაცებული და სარგებლობაში ზედმეტად არსებული მიწები, უნებართვოდ და უპროექტოდ აშენებულ შენობა-ნაგებობათა საკითხის გადასაწყვეტად მტკიცედ იხელმძღვანელონ საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად, ამასთან, საგამომძიებლო ორგანოთა წინაშე დასვან საკითხი მიწათსარგებლობის კანონის დამრღვევთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით;
– განიხილონ იმ სასოფლო საბჭოების აღმასკომების ყოფილ და ახლანდელ თავმჯდომარეთა, მეურნეობებისა და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დანაშაულებრივი მოქმედებით ხელი შეუწყეს მოქალაქეებს უკანონოდ დაეკავებინათ მიწის ნაკვეთები, უნებართვოდ და უპროექტოდ ან უკანონოდ მიცემული პროექტებით აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები, და გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება, ამ საქმეში მტკიცე სახელმწიფოებრივი წესრიგის დასამყარებლად.
2. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ:
– მიწათსარგებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის კანონმდებლობის უხეში დარღვევებისა და მუშაობაში არსებული სხვა ნაკლოვანებებისათვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან გარდაბნის რაიაღმასკომის თავმჯდომარეები ამხ. შ. დაშდამიროვი და ამხ. ტ. ველიევი, მარნეულის რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ზ. იმანოვა, აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე ამხ. ზ. გოგოლაძე, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიაღმასკომების ყოფილი თავმჯდომარეები ამხ. მ. კოკორაშვილი, ა. გავაშელიშვილი, ა. კაპანაძე, ყვარლის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე ამხ. ი. ლომიძე, ხოლო მარნეულის რაიონისა და ქ. მარნეულის სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომების თავმჯდომარეები ამხ. მ. გრიგორიანი და ამხ. ი. ხალილოვი აღარ მუშაობენ დაკავებულ თანამდებობებზე;
– სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული გარდაბნის, მარნეულის, ლაგოდეხის, ყვარლის, ცხინვალისა და სხვა რაიონების 14 მეურნეობის ხელმძღვანელი და სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე, სამუშაოდან მოიხსნა და სკკპ რიგებიდან გაირიცხა – 3, სამუშაოდან დათხოვნილია – 66, სასტიკი საყვედური გამოეცხადა – 25-ს, საყვედური – 64 კაცს;
– საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მიწის კანონმდებლობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დაცვის რესპუბლიკურმა კომისიამ 1990 წლის 4 ივლისს გამართულ სხდომაზე კანონმდებლობის დარღვევებისათვის საქართველოს სსრ პროკურატურას გამოსაძიებლად გადასცეს გორისა და ზნაურის რაიონების მეურნეობების 15 ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელის საქმე;
– გარდაბნის, მარნეულის, ყვარლის, ლაგოდეხის რაიაღმასკომებმა, სამართალდამცავმა ორგანოებმა გაატარეს გამოვლენილ დარღვევათა სალიკვიდაციო ღონისძიებანი, რის შედეგადაც უკანონოდ გაცემული და მიტაცებული მიწების დიდი ნაწილი დაუბრუნდა შესაბამის მეურნეობებს, კერძოდ, გარდაბნის რაიონში – 99 ჰექტარი, მარნეულის რაიონში – 59 ჰექტარი, ყვარლის რაიონში – 91 ჰექტარი, ლაგოდეხის რაიონში – 3,0 ჰექტარი. გამოვლენილ დარღვევათა სალიკვიდაციოდ მუშაობა გრძელდება.
3. მიწების უკანონოდ გამოყოფის, მიტაცების, ზედმეტი მიწის ნაკვეთების თვითნებურად სარგებლობის, უნებართვო და უპროექტო საცხოვრებელი სახლების მშენებლობის, საპასპორტო რეჟიმის დარღვევის, სახლების თვითნებურად ყიდვა-გაყიდვის ფაქტების დაშვებისა და გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად ჯეროვანი ღონისძიებების გაუტარებლობისათვის გორის, ქარელის, ოზურგეთის, გარდაბნის რაიაღმასკომების თავმჯდომარეებს ამხ. ჯავახიშვილს, ამხ. ხანიშვილს, ამხ. ჟღენტს, ამხ. მოსიძეს, ყვარლის რაიაღმასკომის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად ამავე რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარეს ამხ. ა. გავაშელიშვილს მიეთითოთ.
4. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა მიწების უკანონოდ გამოყოფის, მიტაცების, თვითნებური სარგებლობის დაშვებისა და მსგავს დარღვევათა აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებების გაუტარებლობისათვის განიხილოს ცხინვალისა და ზნაურის რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომების ყოფილი და ახლანდელი თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის, ხოლო საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის კოლეგიამ ანალოგიური დარღვევებისათვის გორის, ქარელის, ზნაურისა და ოზურგეთის აგროსამრეწველო გაერთიანებათა ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხი.
5. დაევალოთ ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს გარდაბნის, მარნეულისა და კასპის რაიაღმასკომებს საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უზრუნველყონ რკინიგზის გასხვისების ზოლებში უკანონოდ, არსებული წესდების უხეში დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლების დადგენილი წესით აღება.
6. საქართველოს სსრ პროკურატურამ 1990 წლის IV კვარტალში შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით ზედამხედველობის წესით გადაამოწმოს რესპუბლიკის ძირითად რაიონებსა და ქალაქებში ადგილობრივი ხელმძღვანელი ორგანოების მიერ მიწათსარგებლობის კანონმდებლობის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობისა და საპასპორტო რეჟიმის უხეშ დარღვევათა სალიკვიდაციოდ გატარებული პრაქტიკული ღონისძიებანი და შედეგებზე ინფორმაცია წარმოუდგინონ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს.
7. საქსახარქიტექტურამ, რესპუბლიკის ქალაქებისა და რაიონების სახალხო დეპუტატთა საბჭოების აღმასკომებმა მკაცრი კონტროლი გაუწიონ მოქალაქეებისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პროექტების გაცემას, პროექტის დარღვევასა და უპროექტო თვითნებურ ბინათმშენებლობას, რეაგირების გარეშე არ დატოვონ დარღვევის არც ერთი ფაქტი და დამნაშავენი დასაჯონ მკაცრად, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად მასალები გადასცენ საგამომძიებლო ორგანოებს.
8. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაავალოს რაიონების (ქალაქების) შესაბამის სამსახურებს, რომ გააძლიერონ კონტროლი სოფლად და ქალაქად მიწების დატაცების და თვითნებური ბინათმშენებლობის ფაქტების აღსაკვეთად, ამასთან, დაწესებულ ვადაში უზრუნველყონ მათთვის გადაცემული საქმეების დამთავრება.
– მილიციის რაიონულმა განყოფილებებმა შესაბამისი რაიაღმასკომისა და საზოგადოებრივ წარმომადგენელთა მონაწილეობით ოპერატიულად მოიყვანონ სისრულეში სასამართლოს განაჩენები მიტაცებულ მიწებზე აშენებულ შენობა-ნაგებობათა დანგრევის შესახებ.
9. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს მიწის კანონმდებლობის და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის წესების დამრღვევთა საქმეების სახალხო სასამართლოში დროულად განხილვა, კონტროლი გაუწიონ მიღებულ გადაწყვეტილებათა დაწესებულ ვადებში შესრულებას.
10. დაწესდეს, რომ მოქალაქეთა შორის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ყიდვა-გაყიდვის ყველა საკითხი განხილულ იქნეს სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო საბჭოების აღმასკომების მიერ, რის შემდეგაც მას გააფორმებენ სახელმწიფო ნოტარიუსები არსებული წესის შესაბამისად.
11. საქართველოს სსრ სახმშენმა 1990-1991 წლებში მისი დაქვემდებარების ორგანიზაციების მიერ გამომუშავებული კარიერების რეკულტივაციის სამუშაოები დაგეგმოს 1981-1988 წლების გეგმის შეუსრულებელი ნაწილის – 653 ჰექტარის მიმატებით, უზრუნველყოს გეგმისა და დანაკლისი გეგმის აუცილებელი შესრულება და რეკულტივირებული ფართობების მიწათმოსარგებლეებისათვის ჩაბარება. შედეგები მოახსენოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990 წლის დამლევამდე.
12. ამ დადგენილების შინაარსი გამოქვეყნდეს პრესაში, გადაიცეს ტელევიზიითა და რადიოთი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილე ა. პაიჭაძე