📋

შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #1
პუბლიკაციის თარიღი 27.06.2025
მოქმედების პერიოდი 27.06.2025 — 11.12.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №83
კონსოლიდირებული ვერსიები (6)
25.06.2025
27.06.2025
11.12.2025
18.12.2025
30.01.2026
02.03.2026
შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის  მინისტრის  ბრძანება №83 2025 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი შერჩევის საბჭოს სახეების, შემადგენლობის, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ თავდაცვის კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს „შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. შერჩევის საბჭოს სახეები, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევის საბჭოების (შემდგომ – შერჩევის საბჭო) სახეებს, შემადგენლობას, ფუნქციებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურასა და მათი საქმიანობის წესს. 2. შერჩევის საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს (დასკვნებს) სამინისტროს სისტემაში სამხედრო პერსონალის მართვის საკითხებზე. მუხლი 2. შერჩევის საბჭოს საქმიანობის პრინციპები შერჩევის საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა (შემდგომ – მინისტრი) და საქართველოს თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) მეთაურის სამართლებრივი აქტებით, ამ წესითა და საქმიანობას წარმართავს სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების პრინციპებზე დაყრდნობით. მუხლი 3. შერჩევის საბჭოს ფუნქცია და უფლებამოსილება 1. შერჩევის საბჭო პერსონალის შერჩევას ახორციელებს სამხედრო პერსონალის მართვის ფარგლებში განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.       2. შერჩევის საბჭოს ფუნქციაა: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დასანიშნად შერჩევა, რომელთა ნუსხა განისაზღვრება ამ წესით; ბ) სამხედრო მოსამსახურის კვალიფიკაციის მისაღებად/ასამაღლებლად ქვეყნის შიგნით/ფარგლებს გარეთ სასწავლებლად (გრძელვადიანი – ერთ თვეზე მეტი ვადით სწავლება) წარსაგზავნად შერჩევა; გ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურებისთვის შერჩევა; დ) სამინისტროს სისტემაში პერსონალის შენარჩუნების ან სხვა სპეციალური მიზნით შერჩევა; ე) უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილების მიღება საჩივარზე, რომლითაც დაინტერესებულმა პირმა სადავო გახადა საბჭოს გადაწყვეტილება ან/და სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების შედეგები. 3. შერჩევის საბჭო კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) გაეცნოს და დეტალურად განიხილოს შესარჩევ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეები; ბ) შეარჩიოს შესაბამის კანდიდატებს შორის საუკეთესო და განახორციელოს კანდიდატების პრიორიტეტიზაცია სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად; გ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კონსულტაციებზე მოიწვიოს სამხედრო მოსამსახურეები და შესაბამისი სპეციალისტები; დ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სისტემის სუბიექტიდან ან მისი ქვედანაყოფიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და მასალები, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურის სპეციალური შეფასება; ე) წოდებრივი დაწინაურების შერჩევის დროს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ; ვ) ბათილად ცნოს/ძალადაკარგულად გამოაცხადოს/არარად აღიაროს შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება, ცვლილება შეიტანოს მასში ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება სხდომის ოქმში. მუხლი 4. შერჩევის საბჭოს სახეები 1. შერჩევის საბჭოს სახეებია: ა) შერჩევის უმაღლესი საბჭო; ბ) უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო; გ) უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო; დ) სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭო. 2. თითოეულ შერჩევის საბჭოში (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) ერთდროულად შეიძლება შეიქმნას რამდენიმე მოქმედი შემადგენლობა. მუხლი 5. შერჩევის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. შერჩევის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) თავდაცვის ძალების მეთაური – შერჩევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; ბ) შერჩევის უმაღლესი საბჭოს თანათავმჯდომარე – მინისტრის პირველი მოადგილე; გ) შერჩევის უმაღლესი საბჭოს წევრები: გ.ა) მინისტრის ყველა მოადგილე; გ.ბ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი; გ.გ) თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები; დ) ამ პუნქტის: დ.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რომელიმე წევრის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს წევრად განისაზღვროს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; დ.ბ) „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე წევრის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს წევრად განისაზღვროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ – გენერალური შტაბი) J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი. 2. შერჩევის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ერთ-ერთი თავმჯდომარე და 6 (ექვსი)  წევრი. 3.  შერჩევის უმაღლესი საბჭო განიხილავს: ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში შემდეგი თანამდებობებისათვის: ა.ა) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი/მეთაური და მოადგილე და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/მოადგილე; ა.ბ) სარდალი და სარდლის მოადგილე; ა.გ) სარდლობის შტაბის უფროსი; ა.დ) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი; ა.ე) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი; ა.ვ) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე – შტაბის უფროსი; ა.ზ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური; ა.თ) ბრიგადის/ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის); ა.ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამხედრო თანამდებობები; ა.კ)  თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი; ა.ლ) სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი; ა.მ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე; ა.ნ)  სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე; ა.ო) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დეპარტამენტის უფროსი (სამხედრო); ბ) თავდაცვის უმაღლეს პროგრამაზე წარსაგზავნი იმ კანდიდატების შერჩევის საკითხებს, რომლებიც დანიშნული არიან შემდეგ თანამდებობებზე და აკმაყოფილებენ ოფიცრების სამხედრო განათლების კონცეფციის მოთხოვნებს: ბ.ა) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსი/მეთაური ან მოადგილე; ბ.ბ) გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი/მოადგილე; ბ.გ) სარდალი და სარდლის მოადგილე; ბ.დ) სარდლობის შტაბის უფროსი; ბ.ე) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი; ბ.ვ) ბრიგადის/ცენტრის მეთაური/უფროსი; ბ.ზ) სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი, რექტორის მოადგილე, დირექტორი, სკოლის მეთაური, აკადემიის მეთაური, ცენტრის მეთაური/უფროსი, კოლეჯის მეთაური); ბ.თ) სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი; ბ.ი)  სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი/დირექტორის მოადგილე; ბ.კ) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე; ბ.ლ) სსიპ – თავდაცვის მოხალისის დეპარტამენტის უფროსი (სამხედრო); ბ.მ) მთავარი სამმართველოს უფროსი/მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე/სამმართველოს უფროსი/სამმართველოს უფროსის მოადგილე; ბ.ნ) სარდლობის/ეროვნული გვარდიის სამსახურის უფროსი; გ)  ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე დანიშვნის პოტენციალის მქონე სამხედრო მოსამსახურის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანდიდატების შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის შესაძლებლობას; დ)  ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამაზე (IV დონე) წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს; ე) პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებს; ვ) შერჩევის  საბჭოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ამ წესის შესაბამისად. 4. თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფის უფროსის/მეთაურის/სარდლის და გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანამდებობაზე, ასევე შერჩევის უმაღლესი საბჭოს ქვემდებარე პოლკოვნიკის და უმაღლეს ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიებით გათვალისწინებულ თანამდებობაზე კანდიდატების განხილვისას პრიორიტეტი ენიჭებათ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ თავდაცვის უმაღლესი პროგრამა (ომის კოლეჯი). მუხლი  6. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. 2. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი/მოადგილე. 3. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ან/და ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანამდებობებზე დანიშნული პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე პირები. 4. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო განიხილავს შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში: ა) პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის, გარდა: ა.ა) შერჩევის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას დაქვემდებარებული თანამდებობებისა; ა.ბ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დოქტრინების განვითარების ცენტრის საზღვარგარეთ უმაღლეს სამეთაურო პროგრამაზე ჩარიცხული უფროსი ოფიცრების ჯგუფის უფროსი ოფიცრის თანამდებობისა; ბ) ცენტრის/ბაზის მეთაური/უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის), გარდა: ბ.ა) თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის გადაადგილების ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის უფროსისა; ბ.ბ) თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა; ბ.გ) თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა; ბ.დ) თავდაცვის ძალების ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა; ბ.ე) თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა; ბ.ვ) თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შტაბის G-3-ის სამსახურის მართვის ცენტრის უფროსისა; ბ.ზ) თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო გადაზიდვების და გადაადგილების საკოორდინაციო ცენტრის უფროსისა; გ) სკოლის უფროსი/მეთაური (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის); დ) ბატალიონის მეთაური; ე) ესკადრილიის მეთაური/მოადგილე; ვ) შტაბის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკის საშტატო კატეგორიის); ზ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური; თ) თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურის მოადგილე; ი) ბრიგადის მეთაურის მოადგილე; კ) სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო  ლიცეუმის დირექტორის მოადგილე; ლ) სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონალური ცენტრების განყოფილების უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორია); მ) ბატალიონის მეთაურის მოადგილე; ნ) იმ სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი დაწინაურების საკითხებს, რომლებიც წოდებრივად მიეკუთვნებიან უფროსი ოფიცრების შემადგენლობას ან/და უნდა დაწინაურდნენ უფროს ოფიცრებად, გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებისა; ო) უფროსი ოფიცრების საზღვარგარეთ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხებს; პ) იმ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად წარმოდგენილია სამხედრო მოსამსახურე უფროსი ოფიცრების შემადგენლობიდან; ჟ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობის  შეფასების გასაჩივრების საკითხებს. 5. უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საკითხს განიხილავს შერჩევის უმაღლესი საბჭო. მუხლი 7. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. 2. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრებიან ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ არანაკლებ ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.       3. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე ან/და წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები. 4. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭო განიხილავს: ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში შემდეგი თანამდებობებისთვის: ა.ა) შტაბის უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორიის);     ა.ბ) სკოლის მეთაური/სკოლის უფროსი (მაიორის საშტატო კატეგორიის); ბ) მორიგი წოდების მინიჭების და სასწავლებლად წარგზავნის საკითხებს იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას; გ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის  შეფასების გასაჩივრების საკითხებს. 5. უმცროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში საკითხს განიხილავს უფროსი ოფიცრების საბჭო. მუხლი 8. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების საბჭო შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან. 2. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარედ, 6 თვის ვადით, განისაზღვრება მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე პირი, რომელსაც უკავია არანაკლებ მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. 3. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს წევრებად განისაზღვრებიან მთავარი სერჟანტის ან/და მასტერ-სერჟანტის სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებსაც უკავიათ მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობა. 4. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭო განიხილავს: ა) თანამდებობაზე შერჩევის საკითხებს სამინისტროს სისტემაში მთავარი სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობისათვის; ბ) შერჩევის საკითხებს მასტერ-სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობებისათვის; გ) მასტერ-სერჟანტის და მთავარი სერჟანტის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების საკითხებს; დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლად წარგზავნის (გარდა მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამისა (IV დონე)) საკითხებს იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შემადგენლობას; ე) სერჟანტების/კაპრალების შემადგენლობის  შეფასების გასაჩივრების საკითხებს; ვ) საქართველოში არსებულ მასტერ-სერჟანტის სამხედრო განათლების პროგრამაზე (IV დონე) წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევის საკითხს. 5. სერჟანტების/კაპრალების/რიგითების შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, საკითხს განიხილავს უფროსი ოფიცრების საბჭო. მუხლი 9. შერჩევის  საბჭოს თავმჯდომარის, წევრის და მდივნის უფლებამოსილება 1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამხედრო მოსამსახურეთა შერჩევის პროცესს; ბ) აკონტროლებს შერჩევის საბჭოს მიერ ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის, შერჩევის კრიტერიუმების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვას; გ) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია შერჩევის საბჭოს სხდომაზე გასაუბრების მიზნით, მოიწვიოს შესარჩევი კანდიდატი; დ) ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ; ე) შერჩევის საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. 2. შერჩევის საბჭოს წევრი: ა) მონაწილეობს სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების განხილვის პროცესში; ბ) წარადგენს წინადადებას სპეციალური შეფასების ჩატარებასთან დაკავშირებით; გ) იღებს გადაწყვეტილებას თავის ხელთ არსებულ მასალებზე დაყრდნობით; დ)  ვალდებულია გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდეს განსაზღვრულ დროსა და ადგილზე შერჩევის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის; ე)  ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ. 3. შერჩევის საბჭოს მდივანი: ა) ახდენს შერჩევის საბჭოს განსახილველი მასალების კლასიფიცირებას; ბ) ანაწილებს მასალებს შერჩევის საბჭოს წევრებს შორის; გ) ახორციელებს საორგანიზაციო ფუნქციებს; დ) ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ; ე) აჯამებს შერჩევის საბჭოს წევრების მიერ დაწერილ ქულებს და წარუდგენს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს; ვ) ადგენს შერჩევის საბჭოს სხდომის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. მუხლი 10. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისათვის/წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია: ა) შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის დასაბუთებული პირადი განცხადება/პატაკი; ბ) ამ წესის მოთხოვნებისა და პროცედურების უხეში დარღვევა; გ) სხვა შემთხვევა, როდესაც შეუძლებელია შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის/წევრის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება; დ) ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა.           2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შერჩევის საბჭოს (გარდა, შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის და შერჩევის საბჭოს ახალი თავმჯდომარის/წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თავდაცვის ძალების მეთაური ამ წესით განსაზღვრული წესით. მუხლი 11. შერჩევის საბჭოს უფლებაუნარიანობა 1. შერჩევის საბჭო (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, თუ მას ესწრება შერჩევის  საბჭოს თავმჯდომარე და არანაკლებ 5 წევრი. 2. შერჩევის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო შერჩევის სხვა საბჭოების გადაწყვეტილებას თავდაცვის ძალების მეთაური. 3. მინისტრის მიერ შერჩევის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ინიშნება შერჩევის საბჭოს ახალი სხდომა, რომელიც ხელახლა განიხილავს აღნიშნულ საკითხს. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების განმეორებით დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საკითხის შემდგომი განხილვა წყდება. 4. თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ შერჩევის საბჭოების გადაწყვეტილების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ინიშნება შერჩევის საბჭოს სხდომა სხვა შემადგენლობით, რომელიც ხელახლა განიხილავს იმავე საკითხს. არსებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. 5. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგივე საკითხს განიხილავს საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი შერჩევის საბჭო ან არსებობს ასეთი შერჩევის  საბჭოს განსხვავებული გადაწყვეტილება. მუხლი 12. საბჭოს საქმიანობის დაგეგმვა 1. შერჩევის პროცესის დაგეგმვას და შერჩევის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი. 2. გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი: ა) უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატების მონაცემების აღრიცხვა-შენახვასა და შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარის/წევრების შერჩევას იმ მოსამსახურეთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იმავდროულად, გავლილი აქვთ შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ტრენინგი; ბ) უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის სარეზერვო კანდიდატურას შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს, ხოლო წარდგენილი კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში – წარუდგენს სხვა კანდიდატს; გ) შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი და უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისა) თავმჯდომარის/თავმჯდომარის სარეზერვო და წევრების კანდიდატურებს შესათანხმებლად წარუდგენს თავდაცვის ძალების მეთაურს; დ) უზრუნველყოფს შერჩევის საბჭოს (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებისაგან შესაბამისი თანხმობის მიღებას, შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარებას; ე) ახორციელებს, შერჩევის საბჭოს ქვემდებარე ვაკანსიის წარმოქმნიდან ერთი თვის ვადაში, შესაბამისი ქვედანაყოფიდან წარმოდგენილი კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ან თუ ქვედანაყოფს არ ჰყავდა შესაბამისი კანდიდატი (ვერ წარმოადგინა ამ ვადაში ან წარმოდგენილი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნას), ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანდიდატის მოძიებას და შერჩევის საბჭოსთვის განსახილველად წარდგენას; ვ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატების სპეციალურ და ფსიქოლოგიურ შემოწმებას შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩართულობით, აგრეთვე შედეგების შერჩევის  საბჭოს შემადგენლობისთვის გაცნობას; ზ) ნიშნავს ყველა დონის შერჩევის საბჭოს მდივანს, რომელიც არ მონაწილეობს განხილვაში და არ სარგებლობს ხმის უფლებით. იგი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების ამსახველი შემაჯამებელი ოქმის მომზადებას; თ) შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებსა და შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესარჩევ კანდიდატებს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე აცნობებს შერჩევის პროცესის ჩატარების ზუსტ დროსა და ადგილს; ი) შერჩევის  საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებს შერჩევაში მონაწილე კანდიდატთა პირად საქმეებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და განსახილველ საკითხებს წარუდგენს შერჩევის საბჭოს სხდომის დღეს; კ) სხდომის დაწყებამდე შერჩევის საბჭოს წევრებს უტარებს ინსტრუქტაჟს შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, აგრეთვე შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს/წევრებს წერილობით აფრთხილებს შერჩევის საბჭოს შემადგენლობის და განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ; ლ) სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ შემოწმების შედეგების გათვალისწინებით ან შერჩევის საბჭოს მიერ დადგენილი პროცედურების დარღვევით გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმართავს შერჩევის უმაღლეს საბჭოს სხვა შერჩევის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით; მ) სამხედრო მოსამსახურეთა შეფასების გასაჩივრების საკითხის განხილვის დროს შერჩევის საბჭოს სხდომაზე გამოიძახებს შეფასებულ სამხედრო მოსამსახურეს, შემფასებელსა და უფროს შემფასებელს, მოიძიებს ყველა საჭირო მასალას, დოკუმენტაციას და წარადგენს შერჩევის  საბჭოს წინაშე; ნ) ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 13. შერჩევის საბჭოს სხდომის თავმჯდომარის/წევრების შერჩევის პროცესი 1. შერჩევის საბჭოს სხდომისათვის თავმჯდომარის და წევრების (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი და უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოს თავმჯდომარისა) კანდიდატურები შეირჩევა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემების საფუძველზე, სხვადასხვა ქვედანაყოფების წევრთაგან, კანდიდატის მონაცემების დოლურიდან შემთხვევითი ამოღების გზით. აღნიშნულ პროცესს წარმართავს გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი, ხოლო მონიტორინგს უწევს სამინისტროს გენერალური ინსპექციის წამომადგენელი. 2. შერჩეული კანდიდატები შესათანხმებლად წარედგინება თავდაცვის ძალების მეთაურს. წარდგენილი კანდიდატის/კანდიდატების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი წარადგენს სხვა კანდიდატს/კანდიდატებს. მუხლი 14. შერჩევის საბჭოს სხდომის ზოგადი პროცედურები 1. შერჩევის საბჭოს სხდომას ხსნის და დღის წესრიგის პროექტს შერჩევის საბჭოს წევრებს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე. 2. შერჩევის საბჭოს მდივანი შერჩევის საბჭოს წევრებს აცნობს და ურიგებს სათანადო მასალებს შერჩევის საბჭოს პროცედურებისა და შესარჩევი კანდიდატების შესახებ. 3.  მასალების მიღების შემდეგ შერჩევის საბჭოს თითოეული წევრი ინდივიდუალურად განიხილავს კანდიდატებს და აფასებს მათ ამ წესის შესაბამისად. 4. შერჩევის საბჭოს წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 5. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე სხდომას დასრულებულად აცხადებს. 6. შერჩევის საბჭოს სხდომას (გარდა შერჩევის უმაღლესი საბჭოსი) დამკვირვებლის სტატუსით ესწრება სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, რომელსაც შესარჩევი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა შერჩევის პროცესის ჩატარებამდე 7 (შვიდი) სამუშაო დღით ადრე. მუხლი 15. შერჩევის მეთოდი 1. კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება: ა) ქულების მინიჭებით; ბ) ღია ან ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით. 2. კანდიდატების შერჩევა ქულების მინიჭებით ხორციელდება თანამდებობაზე შერჩევის და სასწავლებლად წარგზავნის (გარდა, უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა) დროს. 3.  წოდებრივი დაწინაურებისას კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. 4. უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსებზე წარსაგზავნად შერჩევა ერთი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში ხორციელდება ღია კენჭისყრის საფუძველზე, ხოლო ერთზე მეტი კანდიდატის არსებობის შემთხვევაში – ფარული კენჭისყრის საფუძველზე. მუხლი 16. კანდიდატთა შერჩევა ქულების მინიჭებით 1. შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, განსახილველი საკითხის თემატიკიდან და შინაარსიდან გამომდინარე, შერჩევის პროცესის დაწყების წინ, შერჩევის ყოველი კრიტერიუმისათვის, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხმათა უმრავლესობით, განსაზღვრავენ ქულათა კოეფიციენტს (წონას) „0“-დან „3“-ის ჩათვლით, რომელიც ფიქსირდება №1 დანართის კოეფიციენტის გრაფაში. კრიტერიუმებისათვის, რომელსაც შერჩევის საბჭო თითოეულ კონკრეტულ საკითხზე მიიჩნევს უფრო მეტად მნიშვნელოვნად, განისაზღვრება უფრო მაღალი ქულა. 2. კონკრეტული კრიტერიუმისათვის „1“-დან „3“-ის ჩათვლით კოეფიციენტის (წონის) მინიჭების შემთხვევაში თითოეული კანდიდატისათვის შერჩევის საბჭოს წევრის მიერ ამ კრიტერიუმებზე მინიჭებული ქულა (№1 დანართის ქულის გრაფა), შედეგების შეჯამებამდე გამრავლდება შერჩევის საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კოეფიციენტზე (წონაზე). კრიტერიუმისათვის „0“ კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატების შეფასება არ განხორციელდება. 3. შერჩევის საბჭოს მიერ კანდიდატის საბოლოო შეფასების გამოსაყვანად, იკრიბება თითოეული წევრის დაჯამებული ქულა და იყოფა ქულათა მიმნიჭებელ შერჩევის საბჭოს წევრთა რაოდენობაზე. ქულობრივი მეთოდით შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც მიიღებს უმაღლეს ქულას. 4. შერჩევის საბჭოს წევრის მიერ მკვეთრად განსხვავებული ქულის (სამი და მეტი ქულის სხვაობა) დაფიქსირების შემთხვევაში, შერჩევის საბჭოს წევრი ვალდებულია, შერჩევის საბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე, დაასაბუთოს განსხვავებული ქულის მინიჭების მიზეზი, რომელსაც შერჩევის საბჭოს მდივანი ასახავს შემაჯამებელ ოქმში. 5. შერჩევის საბჭოს წევრს შეუძლია სხდომის ფარგლებში, ქულების დაჯამების პროცესის დაწყებამდე შეასწოროს/შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და ხელმოწერით დაადასტუროს ცვლილება №1 დანართის შენიშვნის გრაფაში. 6. შერჩევის საბჭოს წევრების მიერ გაკეთებულ შეფასებებს აჯამებს, საბოლოო ფორმაში ასახავს (№2 დანართი) და შერჩევის საბჭოს თავმჯდომარეს წარუდგენს სხდომის მდივანი. 7. შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შერჩევის საბჭოს წევრებს გააცნობს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 17. კანდიდატთა შერჩევა ღია ან ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით 1. შერჩევის საბჭოს წევრები იხილავენ თითოეული შესარჩევი კანდიდატის შესახებ მასალებს და ხმების უბრალო უმრავლესობით ავლენენ შერჩეულ კანდიდატს/კანდიდატებს, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე. 2. ფარული კენჭისყრისას, შერჩევის საბჭოს წევრი ავსებს №3 დანართით დადგენილ ფორმას, ხოლო სხდომის მდივანს შედეგები გადააქვს №4 დანართით განსაზღვრულ ფორმაში და ადგენს პრიორიტეტულ სიას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე. 3. უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსზე შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ქულის მქონე კანდიდატს, ხოლო წოდებრივი დაწინაურებისას – კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება ხმათა უმრავლესობით, რაც ფიქსირდება შემაჯამებელ ოქმში. მუხლი 18. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება  1. განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, შერჩევის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: ა) თანამდებობაზე/სასწავლებლად შესარჩევ კანდიდატებს (გარდა უცხო ენის შემსწავლელი სასწავლო კურსებისა) შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის (ძირითადი და ალტერნატიული კანდიდატები) ან არასაკმარისი ქულათა რაოდენობის გამო კანდიდატთა შეურჩევლობის შესახებ; ბ) სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივ დაწინაურებაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება; გ)  უცხო ენის შემსწავლელ სასწავლო კურსებზე შესარჩევ კანდიდატებს შორის ერთი ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევის ან  შეურჩევლობის შესახებ; დ) შესარჩევ კანდიდატთა პრიორიტეტული სიის შედგენა, რომლის მიხედვითაც მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება კონკრეტული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა ან/და სასწავლებლად წარგზავნა, თუ ისინი იმ მომენტისათვის დააკმაყოფილებენ კონკრეტული მიზნისათვის სხვა აუცილებელ მოთხოვნებს და შერჩევის პროცესიდან არ არის გასული 18 (თვრამეტი) თვე, ხოლო თუ ამ პერიოდში ჩატარებულია სხვა შერჩევის პროცესი, გადაწყვეტილება პირის თანამდებობაზე დანიშვნის ან პირის სასწავლებლად წარგზავნის შესახებ მიიღება ახალი პრიორიტეტული სიის მიხედვით; ე)  სამინისტროს სისტემაში პერსონალის შენარჩუნების ან სხვა სპეციალური მიზნით შერჩევის შესახებ; ვ) შეფასების შედეგებთან დაკავშირებით განსახილველი საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ზ) შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების, ძალადაკარგულად გამოცხადების, ბათილად ცნობის, არარად აღიარების, ან/და საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ ამ წესითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში. 2. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შერჩევის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით,  გარდა ქულობრივი მეთოდით შეფასებისას. 3. ქვედანაყოფში განხორციელებული რეორგანიზაციის ან/და საშტატო ოპტიმიზაციის დროს (შტატების შემცირება), სამხედრო მოსამსახურის იგივე ან იდენტურ შერჩევის საბჭოს ქვემდებარე თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება შერჩევის საბჭოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნიდან არ არის გასული 2 წელზე მეტი. მუხლი 19.  შერჩევის საბჭოს შემაჯამებელი ოქმი 1. შერჩევის პროცესის შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში. 2. შემაჯამებელ ოქმში აისახება:   ა) შერჩევის საბჭოს სახე და ოქმის ნომერი; ბ) სხდომის ჩატარების თარიღი და ადგილი; გ) შერჩევის საბჭოს შემადგენლობა; დ) დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები; ე) განსახილველი საკითხების შესაბამისად გამოყენებული შერჩევის მეთოდი; ვ) განხილული კანდიდატები; ზ) შერჩევის შედეგები; თ) შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება; ი) შერჩევის საბჭოს წევრის მიერ განსხვავებული ქულის მინიჭების მიზეზი. 3. შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს შერჩევის საბჭოს თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და მდივანი. 4. შემაჯამებელ ოქმს თან ერთვის შევსებული №1 დანართი და №2 დანართი ან №3 დანართი და №4 დანართი. 5. შემაჯამებელ ოქმს (საოქმო გადაწყვეტილებას) ამტკიცებენ ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები. მუხლი 20. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 2. შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს სასწავლებლად კანდიდატთა წარდგენის პროცედურას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეჩერება საფრთხეს არ უქმნის შერჩეული კანდიდატის სასწავლებლად წარგზავნას. 3. შერჩევის შედეგების გასაჩივრება ხდება მხოლოდ განხილული კანდიდატ(ებ)ის მიერ არგუმენტირებული საჩივრით შერჩევის უმაღლეს საბჭოში ან უფროსი ოფიცრების შერჩევის საბჭოში ამ წესის შესაბამისად. 4. საჩივარი ერთი თვის ვადაში განიხილება შესაბამისი შერჩევის საბჭოს მიერ. მუხლი 21. დამატებითი დებულებები შერჩევის საბჭო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული, ცენტრალური დაწინაურების პროცესის იმპლემენტაციის გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად განახორციელებს დასაწინაურებელ კანდიდატთა შერჩევას და პრიორიტეტული სიის შედგენას, ქულათა მინიჭების პრინციპით.