საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2025
ძალაში შესვლა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №82
სარეგისტრაციო კოდი 010340010.22.026.017369 14
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 25/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბრძანება (1)
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინიტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს
თავდაცვის
მინისტრის
ბრძანება №82
2025 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 აპრილის №27 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე, მინისტრის ცალკეული დავალებებით.
3. დეპარტამენტი მოქმედებს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, კერძოდ, გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებსა და თემატურ მოთხოვნებს.
4. დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, პატივისა და ღირსების, კანონიერების, დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის, საჯაროობისა და თანასწორობის პრონციპების დაცვით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა
1. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად, რითაც უზრუნველყოფს შიდა აუდიტის ფუნქციის დამოუკიდებლობას.
2. დეპარტამენტის უფროსი, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, მინისტრს უდასტურებს შიდა აუდიტის ფუნქციის ორგანიზაციულ დამოუკიდებლობას. ასევე, აცნობებს მას ნებისმიერი ჩარევის შესახებ, რომელსაც შიდა აუდიტორები წააწყდებიან შიდა აუდიტის სამუშაოს და შედეგების მასშტაბთან, შესრულებასთან ან კომუნიკაციასთან დაკავშირებით.
3. დეპარტამენტი სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფებიდან ფუნქციურად დამოუკიდებელია.
4. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.
5. დეპარტამენტი და აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. დეპარტამენტის დამოუკიდებლობის და აუდიტორის ობიექტურობის შეზღუდვა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ შემდეგი შემთხვევებით: პირადი ინტერესთა კონფლიქტის არსებობით, მასშტაბის შეზღუდვით, სამინისტროს სისტემის ყველა ობიექტზე ყველა საქმიანობის, დოკუმენტაციასთან წვდომის, ადამიანური და მატერიალური რესურსების შეზღუდვით.
6. დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე, არ აქვს პირდაპირი ოპერაციული პასუხისმგებლობა ან უფლებამოსილება მათ მიერ განხილულ არცერთ საქმიანობაზე. არ მონაწილეობს სამინისტროს სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.
7. დეპარტამენტის მოსამსახურეებმა:
ა) უნდა გაამჟღავნონ დამოუკიდებლობის ან ობიექტურობის ფაქტობრივ თუ გარეგნულ დარღვევაზე ინფორმაცია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ (დარღვევის არსებობის შემთხვევაში), შესაბამის ხელმძღვანელ პირებთან;
ბ) უნდა აჩვენონ პროფესიული ობიექტურობა ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და გადაცემისას;
გ) უნდა განახორციელონ ყველა არსებული და შესაბამისი ფაქტისა და გარემოების დაბალანსებული შეფასება;
დ) მიიღონ საჭირო ზომები ინტერესთა კონფლიქტის, მიკერძოებისა და არასათანადო გავლენის თავიდან ასაცილებლად.
8. დეპარტამენტის მოსამსახურეებმა თავი უნდა შეიკავონ იმ კონკრეტული საქმიანობის შეფასებისგან, რომლებზეც ისინი ადრე იყვნენ პასუხისმგებელნი. ობიექტურობა დარღვეულად ითვლება, თუ შიდა აუდიტორი უზრუნველყოფს რწმუნებას ისეთი საქმიანობისთვის, რომელზეც პასუხისმგებელი იყო წინა 12 თვის განმავლობაში.
9. თუ მარწმუნებელი საქმიანობა ხდება იქ, სადაც ადრე საკონსულტაციო საქმიანობა ხორციელდებოდა, დეპარტამენტის უფროსმა უნდა დაადასტუროს, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი არ ზღუდავს ობიექტურობას და უნდა გამოყოს რესურსები, ისე რომ ინდივიდუალური ობიექტურობა მართული იყოს.
10. თუ დეპარტამენტის მოსამსახურეებმა საკონსულტაციო საქმიანობა უნდა განახორციელონ იმ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელზეც მათ ადრე ჰქონდათ პასუხისმგებლობა, მათ უნდა აცნობონ აღნიშნულის შესახებ მომთხოვნ მხარეს, სანამ თანხმობას განაცხადებენ პოტენციური ხელის შემშლელი მიზეზების მართვის მიზნით.
მუხლი 3🔗. ზედამხედველობა
სამინისტროს შიდა აუდიტის ფუნქციის დამკვიდრების, შენარჩუნებისა და უზრუნველყოფის მიზნით, მინისტრი:
ა) დეპარტემენტის უფროსთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად განიხილავს შიდა აუდიტის ფუნქციის შესაბამის უფლებამოსილებებს, როლს, პასუხისმგებლობებს, მარწმუნებელი ან/და საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებსა და საკითხებს;
ბ) უზრუნველყოფს, რომ დეპარტამენტის უფროსს ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა მასთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით;
გ) განიხილავს დეპარტამენტის უფროსთან და მინისტრის მოადგილეებთან სხვა თემებს, რომლებიც უნდა იყოს შეტანილი შიდა აუდიტის დებულებაში;
დ) მონაწილეობას იღებს დეპარტამენტის უფროსთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად გლობალური შიდა აუდიტის სტანდარტებში აღწერილი „არსებითი პირობების“ განხილვაში, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ შიდა აუდიტის ფუნქციას;
ე) ამტკიცებს რისკებზე დაფუძნებული შიდა აუდიტის გეგმას;
ვ) შიდა აუდიტის ფუნქციის განსახორციელებლად უზრუნველყოფს დეპარტამენტს შესაბამისი რესურსებით;
ზ) იღებს და განიხილავს ინფორმაციას დეპარტამენტის უფროსისგან შიდა აუდიტის ფუნქციის შესახებ, მათ შორის, აუდიტის გეგმის შესაბამისად მუშაობის შესახებ;
თ) ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის დანერგვას და ახორციელებს შედეგების ყოველწლიურ განხილვას;
ი) დეპარტამენტის უფროსთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად განიხილავს ინფორმაციას მოქმედების სფეროს ან რესურსების შეზღუდვის შესახებ შეუსაბამობის დასადგენად.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მიზანი და ამოცანები
1. დეპარტამენტის ძირითადი მიზანია გააძლიეროს სამინისტროს უნარი შექმნას, დაიცვას და შეინარჩუნოს ღირებულებები, სამინისტროს ხელმძღვანელობის დამოუკიდებელი, რისკებზე დაფუძნებული და ობიექტური რწმუნების, რჩევების, ხედვისა და წინდახედულების უზრუნველყოფით.
2. შიდა აუდიტის ფუნქცია სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აუმჯობესებს სამინისტროს:
ა) მიზნების წარმატებით მიღწევას;
ბ) მმართველობის, რისკების მართვისა და კონტროლის პროცესებს;
გ) გადაწყვეტილების მიღებასა და ზედამხედველობას;
დ) რეპუტაციასა და სანდოობას დაინტერესებულ მხარეებთან;
ე) საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უნარს.
3. დეპარტამენტის ამოცანაა სამინისტროს პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დადგენილი სტანდარტების დაცვის, რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების, ამოცანების შესრულებისა და სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევის შეფასება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების გაცემა და მინისტრის ინფორმირება სამინისტროს სისტემაში რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის საქმიანობის მასშტაბი და ძირითადი მიმართულებები
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს ყველა სფერო, მათ შორის სისტემაში მიმდინარე ყველა აქტივობა, აქტივები და პერსონალი.
2. დასახული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს პროცესებისა და სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სამინისტროზე;
დ) ოპერაციებისა და პროგრამების შედეგების შესაბამისობის შეფასება დადგენილ მიზნებთან და ამოცანებთან. ასევე, ოპერაციებისა და პროგრამების შეფასება ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, ეთიკურობისა და სამართლიანობის კუთხით;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის აქტივებისა და სხვა რესურსების ეკონომიურად შეძენის, ეფექტურად და მდგრადად გამოყენებისა და სათანადოდ დაცულობის შეფასება;
ზ) ინფორმაციის მთლიანობის, დაცულობისა და იმ საშუალებების სანდოობის შეფასება, რომლებიც გამოიყენება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, გაზომვის, ანალიზის, კლასიფიკაციისა და ანგარიშგებისთვის;
თ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
3. მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დეპარტამენტის მიერ.
4. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო საქმიანობა მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას, ტრენინგს, ფასილიტაციას.
5. საკონსულტაციო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს შიდა აუდიტის ინიციატივით, სამინისტროს ხელმძღვანელობის ან/და სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე.
6. დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.
7. საკონსულტაციო საქმიანობის გაწევამდე დეპარტამენტი უნდა შეთანხმდეს ობიექტთან მომსახურების მიზნებზე, მასშტაბზე, პასუხისმგებლობებზე და სხვა საკითხებზე, საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს, სამინისტროს სისტემაში რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე, შიდა აუდიტორული შემოწმებები;
ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად;
გ) ძირითადი მიმართულებებით დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროს სისტემიდან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით;
დ) დამოუკიდებლად განსაზღვროს რესურსების გამოყოფა, სიხშირის დადგენა, სუბიექტების შერჩევა, სამუშაოს მასშტაბი, ტექნიკების გამოყენება და კომუნიკაცია აუდიტის მიზნების მისაღწევად;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარების, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მის მოსამსახურეებს ჰქონდეთ შეუზღუდავი დაშვება სამინისტროს სისტემის ყველა ობიექტზე, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან (სამსახურებრივი მოწმობის საფუძველზე), საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების გარდა;
ვ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სამინისტროში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;
ზ) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
თ) შიდა აუდიტორული საქმიანობის განხორციელების მიზნით კონსულტაციებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს მთელ სისტემაზე.
3. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმებისა და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.
4. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტები, მათ შორის, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო, სამსახურებრივი და კომერციული საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. შიდა აუდიტორები პასუხისმგებელნი არიან ჩანაწერებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და დაცვაზე;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო;
ბ) მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო.
2. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველო უფლებამოსილია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ) მონიტორინგის ფარგლებში უზრუნველყოს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმების შესრულების სტატუსების დადასტურება, დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს შემოსული კორესპონდენცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს ხელმძღვანელობის მოთხოვნის საფუძველზე, გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მოულოდნელად წამოჭრილ საკითხებთან მიმართებაში, განახორციელოს წლიური გეგმით გაუთვალისწინებელი მარწმუნებელი საქმიანობა;
ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
გ) განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმების შესრულების პროგრესის დასადასტურებლად მონიტორინგის პროცესი, მიღებული შედეგები განიხილოს და აღრიცხოს დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
დ) გაანალიზოს შიდა აუდიტორული შემოწმებების ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები და დასკვნები, ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით;
ე) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის, გლობალური შიდა აუდიტის სტანდარტების, თემატური მოთხოვნებისა და ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ მომზადებული მეთოდოლოგიების შესაბამისად დეპარტამენტის დებულების, მეთოდოლოგიის, სამუშაო დოკუმენტებისა და არსებული პრაქტიკების პერიოდული გადახედვა და საჭიროების შესაბამისად განახლება;
ვ) მოიძიოს და შეისწავლოს ტენდენციები, საუკეთესო პრაქტიკები, სიახლეები, რისკები, ცვლილებები, რომლებსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეთ სამინისტროზე და შიდა აუდიტის პროფესიაზე. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი მეთოდოლოგიების გადახედვა/შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა;
ზ) შიდა აუდიტის ფუნქციის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პერიოდულად შეაფასოს დეპარტამენტში არსებული ტექნოლოგიები, უზრუნველყოს არსებულის გაუმჯობესების ან/და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების მოძიება და დანერგვა;
თ) შეიმუშაოს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა. დანერგოს და განავითაროს დეპარტამენტის სასწავლო რესურსები და შედეგების შეფასების მექანიზმები. იდენტიფიცირებული საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს კომპეტენციების ამაღლების სათანადო გეგმები და ღონისძიებები;
ი) შეიმუშაოს სამოტივაციო აქტივობები, რომლებიც დაეხმარება დეპარტამენტს შიდა აუდიტის ფუნქციის მიზნების ეფექტურად მიღწევაში;
კ) ხელი შეუწყოს სამმართველოებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
ლ) უზრუნველყოს დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის მიმდინარე და პერიოდული თვითშეფასება. ასევე, ხარისხის გარე შეფასების ფარგლებში მოამზადოს ექსპერტის/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, აღმოუჩინოს მათ სათანადო მხარდაჭერა შეფასების განხორციელების პერიოდში;
მ) განახორციელოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი, შეფასება, შედეგების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან საპასუხო ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით და დეპარტამენტის რისკის რეესტრის გადახედვა/განახლება სამინისტროს რისკის მართვის პოლიტიკის შესაბამისად;
ნ) უზრუნველყოს დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი და შესრულებული საქმიანობის ანალიზი და დეპარტამენტის უფროსს ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია პროგრესისა და გამოწვევების შესახებ;
ო) უზრუნველყოს სტრატეგიული და წლიური გეგმების, ასევე, პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადება;
პ) უზრუნველყოს დეპარტამენტში შექმნილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის საქმისწარმოების მეთოდოლოგიის შესაბამისად შენახვის კონტროლი;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს შემოსული კორესპონდენცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;
რ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
4. შიდა აუდიტის ფუნქციის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში, თუ რესურსები არასაკმარისი ან არასათანადოა, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია სტრატეგიული და წლიური გეგმებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უზრუნველყოს სამმართველოებში არსებული რესურსების ერთობლივი მონაწილეობა/გამოყენება (მათ შორის, აუდიტორული შემოწმებების განხორციელება), გადაამზადოს არსებული თანამშრომლები, მოითხოვოს ექსპერტი სამინისტროს სისტემიდან, როგორც „სტუმარი“ აუდიტორი, უზრუნველყოს რესურსების დამატება, შეიმუშაოს როტაციული აუდიტის პროგრამა, დაეყრდნოს სხვა მარწმუნებელს ან მოითხოვოს გარე სერვის პროვაიდერებთან შესყიდვის განხორციელება.
5. საკონსულტაციო საქმიანობას სამმართველოები ახორციელებენ დამოუკიდებლად ან ერთობლივად, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის უფროსი, სამმართველოებში არსებული კომპეტენციებისა და რესურსების გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სხვა მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) მართავს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;
დ) აძლევს მითითებებს და დავალებებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს, ეთიკაზე დაფუძნებული კულტურის წახალისებასა და ხელშეწყობას;
ზ) უზრუნველყოფს, რომ შიდა აუდიტორები შესაბამისობაში იყვნენ შიდა აუდიტის მარეგულირებელ საქართველოს კანონმდებლობასთან, გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან და თემატურ მოთხოვნებთან, მათ შორის ეთიკისა და პროფესიონალიზმის პრინციპებთან: პატიოსნება, ობიექტურობა, კომპეტენტურობა, სათანადო პროფესიონალური დამოკიდებულება და კონფიდენციალურობა;
თ) უზრუნველყოფს, რომ შიდა აუდიტორებმა გაიაზრონ, პატივი სცენ, წვლილი შეიტანონ და დააკმაყოფილონ სამინისტროს ლეგიტიმური და ეთიკური მოლოდინები;
ი) უზრუნველყოფს, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია თავისუფალი იყოს ყველა იმ პირობისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის შიდა აუდიტორებს, მიუკერძოებლად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, მათ შორის, აუდიტის შერჩევის, მასშტაბის, პროცედურების, სიხშირის, ვადებისა და კომუნიკაციის საკითხებთან მიმართებაში. თუ დეპარტამენტის უფროსი დაადგენს, რომ ობიექტურობა შესაძლოა ფაქტობრივად ან გარეგნულად დაირღვეს, დარღვევის დეტალების შესახებ აცნობებს მინისტრსა და შესაბამის მხარეებს;
კ) შეიმუშავებს და მინისტრს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს რისკებზე დაფუძნებულ შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს (წელიწადში მინიმუმ ერთხელ), რომლებიც ითვალისწინებენ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მოლოდინებს, საჭიროებებსა და მოთხოვნებს;
ლ) ინფორმაციას აწვდის მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს შიდა აუდიტის გეგმაზე რესურსების შეზღუდვიდან გამომდინარე არსებულ ან მოსალოდნელ გავლენებზე;
მ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შიდა აუდიტის გეგმების გადახედვასა და შეცვლას სამინისტროს სტრატეგიაში, რისკებში, ოპერაციებში, პროგრამებში, სისტემებსა და კონტროლში ცვლილებების საპასუხოდ. შიდა აუდიტის გეგმაში შუალედურ ცვლილებებს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს;
ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
ო) შიდა აუდიტის ფუნქციის წარმართვის მიზნით შეიმუშავებს მეთოდოლოგიას, ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და უზრუნველყოფს მის შესრულებას;
პ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ჟ) შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში დანაშაულის/გადაცდომის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს მინისტრს შემდგომი რეაგირების მიზნით;
რ) შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას საკუთარი მოსაზრებისა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარმოსადგენად;
ს) მინისტრს წარუდგენს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშსა და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას;
ტ) მინისტრს წარუდგენს შესაბამის მოხსენებას/ანგარიშს იმ შემთხვევაში, თუ აუდიტორული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ აუდიტის ობიექტებთან განხილვების მიუხედავად არ განხორციელდა გაცემული რეკომენდაციები და არ მოხდა რისკის სასურველ დონემდე შემცირება;
უ) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;
ფ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორული შემოწმების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგსა და რეკომენდაციების ან სამოქმედო გეგმის შესრულების დადასტურებას. შედეგების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მინისტრსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს;
ქ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტის საქმიანობას და განიხილავს სხვა შიდა და გარე აუდიტორულ და საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების მუშაობაზე დაყრდნობის შესაძლებლობას. თუ კოორდინაციის შესაბამისი დონის მიღწევა ვერ ხერხდება, საკითხს აცნობებს მინისტრის მოადგილეებს და საჭიროების შემთხვევაში – მინისტრს;
ღ) უზრუნველყოფს, რომ შიდა აუდიტის ფუნქციას, კოლექტიურად ჰქონდეს ან მიიღოს ცოდნა, უნარები და სხვა კომპეტენციები და კვალიფიკაცია, რომლებიც საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის, გლობალური შიდა აუდიტის სტანდარტების/თემატური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და შიდა აუდიტის მანდატის შესასრულებლად;
ყ) ახდენს იმ ტენდენციებისა და წამოჭრილი საკითხების იდენტიფიცირებას, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ სამინისტროზე და საჭიროების შემთხვევაში აცნობებს მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს;
შ) დეპარტამენტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით შეიმუშავებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ყველა ასპექტის შეფასებას;
ჩ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის რესურსების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ც) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ძ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
წ) უზრუნველყოფს კონტროლს დეპარტამენტის ამოცანებისა და კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულებაზე;
ჭ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ხ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს, ასევე, შიდა აუდიტის სფეროში არსებულ ახალ ტენდენციებსა და წარმატებულ პრაქტიკებს;
ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. უზრუნველყოფს სამინისტროში არსებული შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები ეწინააღმდეგება შიდა აუდიტის დებულებას ან გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებს/თემატურ მოთხოვნებს, საკითხის მოგვარების მიზნით აცნობებს მინისტრს.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მინისტრსა და მის მოადგილეებს შიდა აუდიტის ფუნქციის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, რომელიც შეფასდება ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის მეშვეობით.
5. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო იმავდროულად, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის ბრძანების საფუძველზე განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში;
ბ) გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა საქმიანობას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) მონაწილეობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავებაში;
ე) დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტის შესახებ;
ვ) ეცნობა დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათს ან/და ანგარიშს და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) უზრუნველყოფს ჩასატარებელი აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას და დასამტკიცებლად წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
ი) აკონტროლებს შიდა აუდიტორული შემოწმების მიმდინარეობის მდგომარეობას და მოახსენებს დეპარტამენტის უფროსს;
კ) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების წინასწარ განხილვას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშის პროექტს შიდა აუდიტის ობიექტისათვის წარსადგენად;
ლ) განიხილავს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
მ) უზრუნველყოფს საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას შემუშავებული პროცედურის შესაბამისად;
ნ) მონაწილეობს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და მისი გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში;
ო) მონაწილეობს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებაში;
პ) დეპარტამენტის უფროსთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
რ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
8. მარწმუნებელი მომსახურების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) აანალიზებს, ამზადებს და დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს ჩასატარებელი აუდიტისა და საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ;
ბ) მონაწილეობს სტრატეგიული და წლიური გეგმების, ასევე, პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადებაში;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული, შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებასა და რესურსების ეფექტურად განაწილებას;
დ) მართავს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას. ახორციელებს ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მოთხოვნების დაცვაზე, რესურსების კოორდინაციაზე, საქმიანობის დროულ, ხარისხიან და ეფექტურ შესრულებაზე;
ე) უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში მონაწილეობას დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
ვ) განიხილავს აუდიტორული შემოწმების ფარგლებში აუდიტის მიზნებს, მასშტაბს, ვადებსა და მეთოდებს;
ზ) ახორციელებს თანამშრომლებზე დავალებების განაწილებასა და შესრულების კონტროლს, საქმიანობის პროგრესის, მნიშვნელოვანი და საჭირო დეტალების გააზრების, დავალებების სწორად აღქმის, ინფორმაციის სიზუსტის/სანდოობის, მომზადებული დოკუმენტაციის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ თანამშრომელთან მიმართებაში აფასებს მიღწეულ შედეგებს და ახდენს კონსტრუქციულ უკუკავშირს საჭიროების შესაბამისად;
თ) უზრუნველყოფს სამმართველოს თანამშრომლების ხელმძღვანელობას, მხარდაჭერას, სწავლებას, მენტორობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა დაეხმაროს მათი ფუნქციის ეფექტურად, დროულად, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებაში;
ი) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის პოზიტიური, გუნდური, ეთიკური, ღირებული ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობითი სამუშაო გარემოს შექმნას, ინფორმაციის მუდმივ გაზიარებას, მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების/მოთხოვნების, ასევე, კონტროლის სისუსტეების იდენტიფიცირებასა და საკითხების გადაწყვეტას საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;
კ) განიხილავს ხარისხის შეფასების შედეგებს და წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის უფროსს მარწმუნებელი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
ლ) ხელს უწყობს თანამშრომლებს განგრძობად პროფესიულ განვითარებაში და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად;
მ) მონაწილეობს რისკების მართვაში და მათი შემცირების ღონისძიებების შემუშავებაში სამმართველოს კომპეტენციების ფარგლებში;
ნ) უზრუნველყოფს სამმართველოში არსებული აუდიტის დოკუმენტაციის/ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და უსაფრთხოებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
პ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
9. მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:
ა) მართავს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ახორციელებს ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მოთხოვნების დაცვაზე, რესურსების კოორდინაციაზე, საქმიანობის დროულ, ხარისხიან და ეფექტურ შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;
გ) ამზადებს და დეპარტამენტის უფროსს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს საკონსულტაციო საქმიანობის შესახებ;
დ) უზრუნველყოფს სტრატეგიული და წლიური გეგმების, ასევე, პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადებას;
ე) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული, შიდა აუდიტის წლიური გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებასა და რესურსების ეფექტურად განაწილებას;
ვ) ახორციელებს თანამშრომლებზე დავალებების განაწილებასა და შესრულების კონტროლს, საქმიანობის პროგრესის, მნიშვნელოვანი და საჭირო დეტალების გააზრების, დავალებების სწორად აღქმის, ინფორმაციის სიზუსტის/სანდოობის, მომზადებული დოკუმენტაციის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. თითოეულ თანამშრომელთან მიმართებაში აფასებს მიღწეულ შედეგებს და ახდენს კონსტრუქციულ უკუკავშირს საჭიროების შესაბამისად;
ზ) უზრუნველყოფს სამმართველოს თანამშრომლების ხელმძღვანელობას, მხარდაჭერას, სწავლებას, მენტორობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რათა დაეხმაროს მათი ფუნქციის ეფექტურად, დროულად, საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად განხორციელებაში;
თ) უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის პოზიტიური, გუნდური, ეთიკური, ღირებული ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობითი სამუშაო გარემოს შექმნას, ინფორმაციის მუდმივ გაზიარებას, მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების/მოთხოვნების, ასევე, კონტროლის სისუსტეების იდენტიფიცირებასა და საკითხების გადაწყვეტას საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;
ი) ხელს უწყობს თანამშრომლებს განგრძობად პროფესიულ განვითარებაში და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად;
კ) უზრუნველყოფს სამმართველოში არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის აღრიცხვას, შენახვასა და უსაფრთხოებას;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში, სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
მ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს.
10. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს საჭიროების გათვალისწინებით ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
11. აუდიტორულ შემოწმებებს (სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი), გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგსა და საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებენ სამმართველოების მოსამსახურეები (უფლებამოსილების ფარგლებში), დეპარტამენტის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
12. დეპარტამენტს აქვს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, რომელთა სამუშაო აღწერილობებს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი.
13. დეპარტამენტის მოსამსახურე პასუხისმგებელია დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაზე. მათ უნდა შეინარჩუნონ მიუკერძოებელი მენტალური დამოკიდებულება, რაც მათ საშუალებას მისცემთ ობიექტურად შეასრულონ აუდიტორული საქმიანობა ისე, რომ სჯეროდეთ თავიანთი სამუშაოს შედეგის, არ დაუშვან კომპრომისი ხარისხის დაზიანებაზე და არ დაუქვემდებარონ თავიანთი შეფასება აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით სხვებს, არც ფაქტობრივად და არც გარეგნულად.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ხარისხის უზრუნველყოფა და კომუნიკაცია
1. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება რისკის შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
2. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, რომელიც ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს და საკონსულტაციო საქმიანობის ჩამონათვალს.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს ამტკიცებს მინისტრი.
4. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
5. შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების შედეგად დეპარტამენტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს და უგზავნის შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რაც აისახება საბოლოო ანგარიშში.
6. შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილს და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას უგზავნის დეპარტამენტის უფროსს.
7. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაშვების შემთხვევაში, შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები შეთანხმებულად.
8. შიდა აუდიტორულ ანგარიშს ხელს აწერს აუდიტის ჯგუფის ყველა წევრი.
9. შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ დეპარტამენტის უფროსი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.
10. თუ შიდა აუდიტის დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.
11. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
12. საკონსულტაციო საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებასა და მონიტორინგს, დეპარტამენტი უზრუნველყოფს მეთოდოლოგიის შესაბამისად.
13. დეპარტამენტის უფროსი შეიმუშავებს, ნერგავს და ინარჩუნებს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ფუნქციის ყველა ასპექტს. პროგრამა მოიცავს შიდა აუდიტის ფუნქციის გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან/თემატურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარე და შიდა შეფასებებს, ასევე, ეფექტიანობის გაზომვას შიდა აუდიტის ფუნქციის მიზნების მიღწევისა და უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობის მიმართულებით პროგრესის შესაფასებლად. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროგრამა შეაფასებს შიდა აუდიტთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობასთან ან/და სხვა რეგულაციებთან შესაბამისობას. შეფასება უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტის ფუნქციის ნაკლოვანებების აღმოფხვრის გეგმებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
14. დეპარტამენტის უფროსი მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე, ხოლო მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმდინარე ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
15. დეპარტამენტის უფროსი ყოველწლიურ ანგარიშში მინისტრს წარუდგენს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ფუნქციის შესაბამისობას გლობალურ შიდა აუდიტის სტანდარტებთან/თემატურ მოთხოვნებთან და სამოქმედო გეგმას, შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით. ხარისხის გარე შეფასება ხორციელდება, სულ ცოტა, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ კვალიფიციური, დამოუკიდებელი შემფასებლის ან შემფასებელთა ჯგუფის მიერ. კვალიფიკაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე ერთ შემფასებელს, რომელსაც აქვს აქტიური სერტიფიცირებული შიდა აუდიტორის (CIA) სერტიფიკატი.
16. დეპარტამენტის უფროსი მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მნიშვნელოვანი რისკების გამოვლენასთან და კონტროლის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, თაღლითობის რისკებთან, მმართველობის საკითხებთან და მინისტრის ყურადღების ქვეშ არსებულ მნიშვნელოვან სფეროებთან მიმართებაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალონ სამინისტროს სტრატეგიული მიზნების მიღწევას. ასევე, წარუდგენს ანგარიშს იმ შემთხვევაში, თუ მენეჯმენტის პასუხი რისკზე, შიდა აუდიტის შეფასებით შეიძლება იყოს მიუღებელი ან მიღებულია რისკი, რომელიც სცილდება სამინისტროს რისკის მადას.
17. შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის უფროსი ასევე წარუდგენს ჰარმონიზაციის ცენტრს.
მუხლი 10🔗. საჯარო უწყებებთან თანამშრომლობა
1. დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.
3. დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის სუბიექტებთან კოორდინირებული და ადეკვატური შემოწმებების განსახორციელებლად, დუბლირების თავიდან აცილებისა და რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით და უფლება აქვს ინფორმაციის სახით მოითხოვოს მათი საქმიანობის წლიური ანგარიშები, სტრატეგიული და წლიური გეგმები, აუდიტორული შემოწმების და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშები.
4. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება
1. დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე, წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს – მინისტრი.