სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების პრივატიზების საწყისი ეტაპის ორგანიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 12.09.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №723
სარეგისტრაციო კოდი 000020020.0.00.000200
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1991
2,133 სიტყვა · ~11 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების პრივატიზების საწყისი ეტაპის ორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №723 1991 წლის 12 სექტემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების პრივატიზების საწყისი ეტაპის ორგანიზაციის შესახებ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესის ორგანიზებულად წარმართვის გამოცდილების შეძენის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. მოეწყოს პრივატიზების საწყისი ეტაპის ფარგლებში სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების აუქციონზე საცდელი გაყიდვები. 2. სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების აუქციონზე გაყიდვის ორგანიზაციისა და გამოცდილების დაგროვების და განზოგადების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: თენგიზ ღავთაძე    –           საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის                                              კანცელარიის მმართველის პირველი მოადგილე (კომისიის                                              თავმჯდომარე); ამირან ხეცურიანი         –  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის                                              ეკონომიკური რეფორმისა და ადგილობრივი კომისიის                                              თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის                                              თავმჯდომარის მოადგილე); დავით აბაშიძე                  – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის                                                 წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (პასუხისმგებელი                                                 (მდივანი); ამირან გაბისონია               – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და                                                 ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი; მერაბ გველესიანი              – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა                                                 სამინისტროსთან არსებული ეკონომიკისა და ფინანსების                                                 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების განყოფილების                                                 გამგე; აკაკი გონგლაძე                        – ქალაქ თბილისის საბინაო მეურნეობის სამმართველოს                                                      უფროსის მოადგილე; გიორგი კალანდაძე                  – საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური                                                      დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრის მოადგილე; ტარიელ კულულაშვილი        – საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის                                                        პირველი მოადგილე; ნოდარ მოსულიშვილი             – საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის                                                         პირველი მოადგილე; ნოდარ ტყეშელაშვილი              – საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და                                                          ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ამირან ფრუიძე                            – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო                                                           სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; ნოდარ ჯავახიშვილი                  – საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის                                                            თავმჯდომარის მოადგილე; გურამ ჯაფარიძე                           – საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის                                                             მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 3. უფლება მიეცეთ სააქციო საზოგადოება „კავკასიის ბირჟასა“ და სააქციო საზოგადოება „თბილისის უნივერსალურ ბირჟას“, ამ ეტაპზე ჩაატარონ სახელმწიფო ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების გაყიდვის აუქციონი. 4. აღნიშნულმა კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან, ქალაქ თბილისის მერიასა და ბირჟებთან ერთად შეარჩიოს გასაყიდი ობიექტები და აუქციონის მოწყობამდე 5 დღით ადრე განსაზღვროს ცალკეული ობიექტების გაყიდვის პირობები. 5. დამტკიცდეს დროებითი დებულება, გასაყიდი სახელმწიფო საწარმოების ქონების შეფასების შესახებ. 6. დამტკიცდეს დროებითი დებულება სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით საცდელი გაყიდვის შესახებ. 7. გაიხსნას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალური ანგარიში ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში, სადაც ჩაირიცხება სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული ამონაგები მართვის შესაბამისი ზემდგომი რგოლების ბალანსიდან საბალანსო შეფასების თანხის ჩამოწეროთ. 8. პრივატიზებით ამოღებული სახსრების ხარჯვა განხორციელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალური განკარგულებით. მიზანშეწონილად ჩაითვალოს აღნიშნული სახსრების ძირითადი ნაწილის წარმართვა მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                        ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                             ა. ლანდია დროებითი დებულება გასაყიდი სახელმწიფო საწარმოების ქონების შეფასების შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1.1. დროებითი დებულება გასაყიდი სახელმწიფო საწარმოების ქონების შეფასების შესახებ ადგენს სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების (შემდგომში „საწარმოები“) ქონების საწყისი ღირებულების შეფასების წესს მისი აუქციონზე გაყიდვისას. 1.2. დროებითი დებულება ითვალისწინებს საწარმოს მთელი ქონების, აგრეთვე მის მიერ იჯარით აღებული ან მისთვის უვადო სარგებლობისათვის გადაცემული ქონების ღირებულების შეფასებას. 1.3. საწარმოს ქონების შეფასება ხდება ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით, რასაც ადგენენ ინვენტარიზაციის შედეგების, რეალურად ჩამოყალიბებული ფასების, აგრეთვე ქონების ღირებულებაზე ზემოქმედების ფაქტორთა გათვალისწინებით. 2. ქონების შეფასების ჩატარების ორგანიზაცია 2.1. საწარმოს ქონების გაყიდვის ორგანიზაცია ეკისრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კომისიას მინისტრთა კაბინეტის მიერ აუქციონების ორგანიზაციისათვის უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად. ისინი ქმნიან საწარმოს ქონების შემფასებელ კომისიას. 2.2. შემფასებელი კომისია ატარებს საწარმოს ინვენტარიზაციას და ახდენს ქონების შეფასებას. 3. ძირითადი და საბრუნავი სახსრების შეფასება 3.1. შესაფასებელ ქონებად ჩაითვლება: ძირითადი საშუალებანი: შენობა-ნაგებობანი, გადამცემი მოწყობილობა, გამოთვლითი ტექნიკა, საზომი, მანქანები და მოწყობილობები, მარეგულირებელი ხელსაწყოები, სატრანსპორტო საშუალებანი, ინსტრუმენტები, საწარმოო და სამეურნეო ინვენტარი, მუშა და პროდუქტიული პირუტყვი, მრავალწლიანი ნარგავები, სხვა საშუალებანი. საფინანსო აქტივები: სალაროსა და ბანკების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები, ანაბრები და სხვა ფინანსური დაბანდებანი საწარმოს ბალანსის მიხედვით, დებიტორული დავალიანებები. საბრუნავი საშუალებანი: საწარმოო მარაგები, დაუმთავრებელი წარმოება, მომავალი პერიოდის ხარჯები, მზა პროდუქცია, საქონელი, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნები, სხვა ფასეულობანი. დაუმთავრებელი მშენებლობა. საიჯარო საწარმოს წევრების მიერ სახელმწიფო ქონების გამოსყიდვისას მის შემადგენლობაში შეიტანება როგორც იჯარით გადაცემული ქონება, ისე გამქირავებლის სახსრებიდან და ბიუჯეტიდან ასიგნების ხარჯზე იჯარით მუშაობის მანძილზე შექმნილი ქონება. 3.2. შეფასებას ექვემდებარება ძირითადი საშუალებები, რომლებიც ირიცხება საწარმოს ბალანსზე მათი ტექნიკური მდგომარეობის, ე.ი. ფიზიკური ცვეთის ხარისხის მიუხედავად, როგორც მოქმედი (კაპიტალურ რემონტსა და მოდერნიზაციაში დროებით არსებულის ჩათვლით), ისე სხვა საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის იჯარით გაცემული კონსერვაციაში, თადარიგსა და რეზერვში არსებული დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობა. 3.3. გასაყიდი ძირითადი საშუალებების ღირებულების შეფასება ხორციელდება ეტაპობრივად, თანამიმდევრულად უნდა განისაზღვროს: ა) ძირითადი საშუალებების პირვანდელი (აღდგენითი) ღირებულება; ბ) ძირითადი საშუალებების ნარჩენი ღირებულება; გ) ძირითად საშუალებათა შეფასებითი ღირებულება, რომელიც არ უნდა იყოს ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლები. 3.4. ძირითად საშუალებათა აღდგენის ღირებულება, რომელსაც ახლავს ფასების ახალი პრეისკურანტი, განისაზღვრება ამ პრეისკურანტის საფუძველზე. თუ მოძველებულ მოწყობილობას ახალი პრეისკურანტები ცალკეული სახეობების მიხედვით არ ახლავს, მათი აღდგენის ღირებულება განისაზღვრება იმ ანალოგიურ თანამედროვე მოწყობილობასთან შედარების გზით, რომელთა აღდგენის ღირებულება განსაზღვრულია ამ ძირითადი საშუალებების პირვანდელი ღირებულების ფასთა ცვლილების გამსხვილებულ კოეფიციენტზე გამრავლების გზით. 1984 წლამდე აშენებული და საექსპლუატაციოდ გადაცემული საწარმოების შენობა-ნაგებობათა საბალანსო ღირებულება გადაიანგარიშება 1984 წლის ფასების დონეზე სახმშენის 1983 წლის 11 მაისის №94 დადგენილებით დამტკიცებული ინდექსებით და 1991 წლის დონეზე სახმშენის 1990 წლის 6 სექტემბრის №14-დ წერილით დადგენილი ინდექსებით. მშენებარე ობიექტები გადაიანგარიშება ანალოგიური წესით. 3.5. ძირითად საშუალებათა მორალური ცვეთის გასათვალისწინებლად მათი პირვანდელი ღირებულება ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დაზუსტდეს მოწყობილობის მორალური ცვეთის მაჩვენებლით, რომელიც განისაზღვრება როგორც შესაფასებელი მოწყობილობის (მათ შორის, იმპორტულის) მუშაობის ტექნიკურ-საწარმოო მაჩვენებლების ან კონსტრუქციული პარამეტრების (წარმადობა, ენერგოტევადობა და ა.შ. ) შეფარდება თანამდეროვე ანალოგიური დანიშნულების მოწყობილობის იგივე მაჩვენებელთან. 3.6. ძირითად საშუალებათა ღირებულების შეფასების ბაზას წარმოადგენს მათი ნარჩენი ღირებულება, რომლის განსაზღვრისათვის საბალანსო (აღდგენის) ღირებულება უნდა შევამციროთ თანხის ოდენობით, თავის მხრივ ცვეთის თანხის ოდენობა განისაზღვრება ძირითადი საშუალებების სრული აღდგენის ამორტიზაციის ნორმებიდან და მათი ექსპლუატაციის ვადებიდან გამომდინარე. კომისიის გადაწყვეტილებით ცვეთის დონე შეიძლება დაზუსტდეს ძირითადი ფონდების პირვანდელი სამომხმარებლო თვისებების და კარგვის კვალობაზე: ცვეთის ხარისხსი შეიძლება კორექტირებულ იქნეს მოცემულ დროში მანქანებისა და მოწყობილობების გამოყენების ხარისხის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში კორექტირების კოეფიციენტი შეიძლება განისაზღვროს ფაქტობრივი და დაგეგმილი ცვლიანობის მაჩვენებლების ურთიერთშეფარდების საფუძველზე. 3.7. შემფასებელი კომისიის წინადადებით, სახელმწიფო ქონების განმკარგულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გამოსასყიდი ქონების შეფასება შეიძლება მოხდეს გამსხვილებული მეთოდით ქონების ჯგუფების მიხედვით, მათი ცალკეულ სახეობათა შეფასების თავისებურებათა გათვალისწინებით (ეფექტიანი, ახალი და იმპორტული მოწყობილობა, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დეფიციტური მარაგები და ქონების სხვა სახეობა). 3.8. იმ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ღირებულების საწყისი შეფასება, რომლებიც წარმოადგენენ საბრუნავ სახსრებს, აგრეთვე, მცირეფასიან და სწრაფცვეთად საგნებს, ხდება მოქმედ საცალო ფასებში. მათი ღირებულება ფასეულობათა ცალკეული სახეობების მიხედვით დაზუსტდება ახალი ფასების გათვალისწინებით. 3.9. ძირითად და საბრუნავ საშუალებათა საბოლოო შეფასებათა ღირებულების განსაზღვრისას დამატებით (ცვეთის გათვალისწინებით აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის შემდეგ) უნდა იქნეს გათვალისწინებული: საწარმოს ფინანსური მდგომარეობა, მოთხოვნა წარმოებულ პროდუქციაზე (მომსახურების გაწევაზე), წარმოების რენტაბელობა, საწარმოს განვითარებისა და მისი ეკონომიკური მაჩვენებლების შეცვლის პერსპექტივები, საწარმოს ადგილმდებარეობა და სხვა ფაქტორები. საწარმოთა ქონების საბოლოო შეფასებითი ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემოსავლის კაპიტალიზაციის წესი. 3.10. ნაწილი საპრივატიზაციო ქონების საცალო ფასების არარსებობის შემთხვევაში, მისი ღირებულება უნდა შეფასდეს საბითუმო ფასებით. გამადიდებელი კოეფიციენტების გამოყენებით, რომელსაც განსაზღვრავს შემფასებელი კომისია. გადაწყვეტილებას შეფასებითი ღირებულების დაზუსტების შესახებ კომისია იღებს მხოლოდ ერთსულოვნად. კომისიის წევრთა შორის წარმოშობილი უთანხმოება წყდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კომისიასთან კონსულტაციის საფუძველზე. 3.11. ქონების შეფასებითი ღირებულება მცირდება საკრედიტო დავალიანების თანხის, აგრეთვე საბანკო კრედიტების ოდენობით, თუ ბანკი თანახმაა ქონების შესყიდვისას ეს ვალდებულებანი გადასცეს კანონიერ მემკვიდრეს. 4. ქონების შეფასების შედეგების გაფორმება 4.1. კომისია ადგენს ძირითად და საბრუნავ საშუალებათა დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულების შეფასების აქტებს, რომლებშიც აისახება ინვენტარიზაციისა და შეფასების შედეგები (დანართები №№1, 2, 3, 4, 5). აღნიშნულ აქტებს თან ერთვის გადაცემის თარიღისათვის საბუღალტრო ბალანსი, ინვენტარიზაციის შედეგების საბუთები. 4.2. აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონების შეფასებითი ღირებულება წარმოადგენს საწყის ფასს. დროებითი დებულება სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით საცდელი გაყიდვის შესახებ კარი I. ზოგადი დებულებანი 1. „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად დროებითი დებულება „სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით საცდელი გაყიდვის შესახებ“ განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით გაყიდვის (შემდგომში „აუქციონის“) ჩატარების ძირითად წესებს, ასევე გამყიდველების, მყიდველებისა და აუქციონის სხვა მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. 2. აუქციონით შეიძლება გაიყიდოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები (გაერთიანებები), ორგანიზაციები, საამქროები, საწარმოთა სხვა ქვედანაყოფები, აგრეთვე საწარმოო და არასაწარმოო ფასეულობათა ერთიანი ქონებრივი კომპლექსები. 3. აუქციონებზე სახელმწიფო ქონების გამყიდველი არის სახელმწიფო ქონების მართვის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც მინიჭებული აქვს გამყიდველის ფუნქციების უშუალოდ ან შუამავლის საშუალებით შესრულება და მოქმედებს პრივატიზების შესახებ რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ამ დებულების მიხედვით აუქციონზე მყიდველებად მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს ან მოქალაქეთა გაერთიანებებს, არასახელმწიფო იურიდიულ პირებს, უცხოელ ფიზიკურ იურიდიულ პირებს, აგრეთვე თვით საწარმოთა მუშაკებს, შრომით კოლექტივს. 5. აუქციონში მონაწილე პირთა მონაცემები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, მყიდველის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე არ დაიშვება. კარი II. აუქციონის მომზადება 6. აუქციონის ორგანიზატორი შეიძლება იყოს სახელმწიფო ქონების მართვის უფლებამოსილი ორგანო ან შუამავალი. 7. იმ შემთხვევაში, როცა გამყიდველი აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: - სახელმწიფო საკუთრების ობიექტის ან ქონების ცალკეული სახის საწყისი ფასი; - აუქციონის ჩატარების ვადები; - აუქციონზე გასაყიდი ობიექტების შესახებ შუამავლისათვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და აუქციონის მონაწილეთათვის ამ ინფორმაციის მიწოდების წესი; - შუამავლისათვის ავანსის და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; - ურთიერთვალდებულებანი, ხელშეკრულების დარღვევის პირობები და მხარეთა ქონებრივი პასუხისმგებლობა; - სხვა პირობები გამყიდველის შეხედულებისამებრ. 8. საინფორმაციო ცნობებს აუქციონზე გასაყიდად შეთავაზებული სახელმწიფო ქონების შესახებ ადგენს აუქციონის ორგანიზატორი და აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არაუგვიანეს სამი კალენდარული დღისა აუქციონის ჩატარების თარიღის გამოცხადებამდე. 9. საინფორმაციო ცნობებში აუქციონზე გასაყიდი სახელმწიფო ქონების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: - ობიექტისა და იმ ორგანიზაციის სახელწოდება და ადგილმდებარეობა, რომელსაც აქვს მისი სამეურნეო მართვის უფლება; - გამოსაშვები პროდუქციის (მომსახურების) მოცულობა და ძირითადი ნომენკლატურა, დასაქმებულთა რაოდენობა და შემადგენლობა; - საწარმოს აქტივებისა და პასივების ნუსხა; - აუქციონის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი; - გადახდის წესი, განვადების პირობები, თუ იგი გათვალისწინებულია გამყიდველის მიერ; - მონაცემები დაკავებული შენობის ან მიწის ნაკვეთის შესახებ და ობიექტის მესაკუთრის მიერ მათი სარგებლობისა და განკარგვის პირობები; - ბეს თანხა და იმ ანგარიშის აუცილებელი რეკვიზიტები, რომელზეც ის უნდა გადაირიცხოს; - მისამართი და აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების საბოლოო ვადა; - ობიექტის გაცნობის თარიღი, დრო და წესი; - ტელეფონი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან დასაზუსტებლად. კარი III. აუქციონში მყიდველთა მონაწილეობის პირობები 10. აუქციონის ორგანიზატორი ამზადებს აუქციონში მონაწილეთა ბილეთებს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: - ნომერს, რომლითაც მყიდველი მონაწილეობს საჯარო ვაჭრობის პროცესში; - ობიექტის (ობიექტთა) დასახელებას, რომელთა საჯარო ვაჭრობაშიც მყიდველი იღებს მონაწილეობას; - აუქციონის ჩატარების პირობებს. 11.აუქციონის მონაწილის ბილეთის მისაღებად მყიდველი აუქციონის ორგანიზატორთან წარადგენს განაცხადს მონაწილეობაზე და ცნობას სათანადო ანგარიშსწორების სახით თანხის შეტანის (ჩარიცხვის) შესახებ. 12. ბე შეიტანება აუქციონის ორგანიზატორის ანგარიშზე. მისი ოდენობა შეადგენს სახელწმიფო საკუთრების ობიექტის საწყისი ღირებულების 10 პროცენტს, მაგრამ სულ ცოტა ერთი ათას მანეთს. 13. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 24 საათით ადრე აუქციონების დაწყებამდე. 14. მყიდველი აუქციონის მონაწილის სტატუსს იღებს მონაწილის ბილეთის მიღების მომენტიდან. 15. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს: - პირადად ან ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს აუქციონში; - უფასოდ მიიღოს აუქციონის ორგანიზატორის საინფორმაციო მასალა, რომელიც შეიცავს აუქციონზე გასატანი სახელწმიფო ქონების მონაცემებს და აუცილებელი ტექნიკური  დოკუმენტაციის პირებს; - დაათვალიეროს სახელმწიფო საკუთრების ობიექტი; - მიმართოს სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს მისი, როგორც აუქციონის მონაწილის, უფლებათა შელახვის შემთხვევაში. 16. იმ პირებისათვის, რომლებიც არ არინ აუქციონის მონაწილენი, გაიყიდება აუქციონზე შესასვლელი ბილეთები. შესასვლელი ბილეთების ფასს ადგენს აუქციონის ორგანიზატორი. კარი IV. აუქციონის ჩატარების წესი 17. აუქციონს ატარებს აუქციონისტი, რომელსაც ნიშნავს აუქციონის ორგანიზატორი. 18. აუქციონისტი აცხადებს სახელმწიფო საკუთრების ობიექტს და მისი გაყიდვის პირობებს, აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება ობიექტის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი. 19. თუ აუქციონის მიმდინარეობისას სახელმწიფო საკუთრების ობიექტს საწყისი ფასის გამოცხადებიდან 3-10 წუთის განმავლობაში არ გამოჩნდება ამ ობიექტის შესყიდვის მსურველი, საჯარო ვაჭრობა ამ ობიექტზე წყდება. სახელმწიფო საკუთრების ობიექტი შეიძლება განმეორებით იქნეს აუქციონზე გატანილი იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ამ დებულების III კარით გათვალისწინებული პირობები. 20. საჯარო ვაჭრობის მსვლელობისას აუქციონის მონაწილენი (ან ნდობით აღჭურვილი პირნი) ნომრიანი მონაწილის ბილეთის აუქციონისტისაკენ აწევით ასახლებენ თავიანთ ფასს. 21. აუქციონისტი საბოლოო ფასის სამჯერადი გამოცხადების შემდეგ ჩაქუჩის დარტყმის თანადროულად ობიექტს აცხადებს ნაყიდად იმ პირის მიერ, ვინც საბოლოო ფასი დაასახელა. 22. აუქციონის მონაწილემ, რომელმაც საჯარო ვაჭრობის მსვლელობისას სახელმწიფო საკუთრების ობიექტის საბოლოო ფასი შესთავაზა, აღნიშნული ობიექტის საჯარო ვაჭრობის დამთავრებიდან 20 წუთის განმავლობაში აუქციონის ორგანიზატორის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ბილეთი და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს. ოქმს ხელს აწერს აგრეთვე აუქციონის ორგანიზატორის წარმომადგენელი და აუქციონისტი. ოქმში აღინიშნება მესაკუთრის წარმომადგენლების და აუქციონისტის მონაცემები, სახელმწიფო საკუთრების ობიექტის საწყისი და საბოლოო ფასები, ასევე ობიექტის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად მხარეთა ვალდებულებანი და გამყიდველის საანგარიშსწორებო ანგარიშის ნომერი. აუქციონის შედეგების ოქმის პირი მიეცემა მყიდველს და წარმოადგენს დროებით მოწმობას, რაც ამტკიცებს მყიდველის საკუთრების უფლებას გაყიდულ ობიექტზე. 23. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარისმთქმელ პირს ერთმევა აუქციონში შემდგომი მონაწილეობის უფლება. ასეთ შემთხვევაში ამ ობიექტის საჯარო ვაჭრობა განახლდება. კარი V. ანგარიშსწორების წესი 24. აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერის მომენტიდან ხუთი დღის განმავლობაში მყიდველი ოქმში მითითებულ ანგარიშზე შეიტანს (გადარიცხავს) ფულად თანხას, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან აღნიშნულ ვადებში არ შეიტანს (ჩარიცხავს) დადგენილ თანხას, მას ჩამოერთმევა საკუთრების უფლება შეძენილ ობიექტზე, ბე არ უბრუნდება და იგი ჯარიმდება საბოლოო გასაყიდი ფასის ხუთი პროცენტით გამყიდველის სასარგებლოდ. 25. სახელმწიფო საკუთრების ობიექტის შემსყიდველ პირს ბეს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 26. ბეს თანხა უბრუნდება აუქციონის ყველა მონაწილეს ათი კალენდარული დღის განმავლობაში. კარი VI. აუქციონზე გაყიდვიდან ამონაგების განაწილება 27. აუქციონზე სახელმწიფო ქონების მყიდველებისაგან შემოსული თანხისა და შესასვლელი ბილეთების რეალიზაციით მიღებული სახსრებისაგან იქმნება აუქციონის ამონაგები. 28. სახელმწიფო საკუთრების ობიექტების გაყიდვიდან მიღებული ამონაგები ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სპეციალურ ანგარიშზე და ნაწილდება სპეციალური განკარგულებით. კარი VII. მყიდველის საკუთრების უფლების წარმოშობა 29. პირი, რომელმაც შეიძინა აუქციონზე სახელმწიფო საკუთრების ობიექტი, საკუთრების უფლებას იძენს მხარეთა მიერ აუქციონის შედეგების ოქმის ხელმოწერის მომენტიდან. 30. შეძენილი ობიექტის სრული ღირებულების გადახდის შემდეგ მყიდველი და გამყიდველი ხელს აწერენ სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს აუქციონის შედეგებთან მკაცრი შესაბამისობით. 31. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ საკუთრების უფლების შეძენის მომენტისათვის სახელმწიფო საკუთრების ობიექტის რეალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ორგანიზატორის მიერ ინფორმაციის სახით წარმოდგენილი პირობებისაგან, სახელმწიფო ქონების მართვის უფლებამოსილი ორგანო ქონებრივად პასუხისმგებელია სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. 32. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო საკუთრების ობიექტის შემსყიდველმა პირმა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საფასური და მისი მოქმედებით იმ პერიოდში, როცა მან შეიძინა საკუთრების უფლება, ობიექტი დაზარალდა ამ ზარალის გადახდა დაეკისრება აღნიშნულ პირს სასამართლოს ან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით.