საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 30.09.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №747
სარეგისტრაციო კოდი 000000010.02(0).000.000203 111
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 9, 30/09/1991
1,093 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №747 1991 წლის 30 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი  ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი  ა. ლანდია საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს „საქართველოში მიგრაციული პროცესების რეგულირების შესახებ“  საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 16 ივლისის ბრძანებულების „საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 16 აგვისტოს №657 დადგენილების და ამ დებულების შესაბამისად. 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში „ფონდი“), რომელიც შექმნილია მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით, არის დამოუკიდებელი საფინანსო სისტემა. ფონდის ფულადი სახსრები არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტის ან სხვა ფონდის შემადგენლობაში და ამოღებასა და დაბეგვრას არ ექვემდებარება. 1.2. ფონდი დამოუკიდებელი იურიდიული პირია, აქვს მრგვალი ბეჭედი თავისი დასახელებით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ფონდს აქვს დამოუკიდებელი საფინანსო-სამეურნეო ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიშები სახელმწიფო, კომერციული, საგარეო ეკონომიკურ თუ სხვა ბანკში. ფონდს უფლება აქვს იყოს მოსარჩლე ან მოპასუხე სასამართლოში, საარბიტრაჟო ან სამედიატორო სასამართლოში. 1.3. ფონდის სახსრები, მიღებული შემოსავლების (მათ შორის, კომერციული შემოსავლების) ჩათვლით, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები თავისუფლდება სახელმწიფო და საბაჟო გადასახადებისაგან. 1.4. ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. ფონდის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, კოსტავას ქ. № 2. 2. ფონდის ამოცანები 2.1. ფონდის ამოცანებია: შექმნას საგანგებო საცხოვრებელი ფონდი და პრეფექტურებთან ერთად აწარმოოს მისი მიზნობრივი განაწილება პირველ რიგში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად და ცალკეულ რეგიონებში დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მონაწილეობა მიიღოს შიდამიგრაციული და იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების რეგულირებაში. დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. 3. ფონდის ქონება და სახსრები 3.1. ფონდის სახსრები წარმოიქმნება: სოციალური დაცვის ნაწილში: იმ სახსრების ხარჯზე, რომელსაც მიიღებს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსაგან მათ მიერ რესპუბლიკაში სოციალური დაზღვევის სისტემის შემდგომი სრულყოფის ღონისძიების დაფინანსების საჭიროების გათვალისწინებით. დემოგრაფიულ ნაწილში: საწარმოთა, ორგანიზაციათა, საზოგადოებათა და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირთა ნებაყოფლობითი შენატანების, აგრეთვე ფონდის სასარგებლოდ გაწეული კომერციული თუ სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლების ხარჯზე. სტიქიისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშებზე არსებული საქველმოქმედო თანხების აკუმულაციის ხარჯზე. ფონდის შემოსავალ-გასავალს, შესრულების ანგარიშსა და რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობას განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 3.2. ფონდს დადგენილი წესის შესაბამისად მის განკარგულებაში არსებული სახსრებით, ბანკის სესხით ან სხვა წყაროებით უფლება აქვს: – შეიძინოს მოსახლეობისაგან მათ კერძო საკუთრებაში არსებული სახლები (ბინები), გამოისყიდოს სხვადასხვა უწყებებისა და საზოგადოებების საკუთრებაში არსებული სახლები (ბინები), საცხოვრებლად განსაზღვრული დაუმთავრებელი ნაგებობები; უსასყიდლოდ მიიღოს სახლები (ბინები) მათი მფლობელების ნებასურვილით; გასცეს აღნიშნული სახლები (ბინები) დადგენილი წესით მისი ღირებულების სრული ან ნაწილობრივი დაფარვის მიზნით დაუწესოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სესხები. – მიიღოს სარგებლობაში საჭირო მიწის ნაკვეთები, შეიძინოს აიღოს იჯარით, მხარეებსა და ორგანიზაციებს მიჰყიდოს ან გადასცეს იჯარით შენობა-ნაგებობანი, საწარმოო და დამხმარე სათავსები, ტრანსპორტი და სხვა ქონება. – დადოს ფონდის მიზნებიდან გამომდინარე ხელშეკრულებები სახელმწიფო, კოოპერაციულ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ცალკეულ მოქალაქეებთან, ასევე შეასრულონ კანონით ნებადართული სხვა მოქმედებანი. 3.3. ფონდის სახსრების აკუმულაციისა და გამოყენების მიზნით სახელმწიფო ან კომერციულ ბანკში და ფონდის რეგიონალური განყოფილებების მომსახურე ბანკებში იხსნება ანგარიშები, ხოლო საკუთარი ბანკის შექმნის შემთხვევაში მომსახურება წარმოებს ამ ბანკის მეშვეობით. ფონდის ანგარიშების მიხედვით ოპერაციების განხორციელების წესს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფირის სამინისტრო. 3.4. ფონდის სახსრების ხარჯვის მიმართულებებს განსაზღვრავს ფონდის გამგეობა. ფონდის ანგარიშიდან ფულადი სახსრების გადარიცხვა და გაცემა ხდება მისი გენერალური დირექტორის განკარგულებით. 3.5. კომერციული საქმიანობის შედეგად მიღებული სახსრების გამოყენების, აგრეთვე მოგების განაწილების წესს განსაზღვრავს ფონდის გამგეობა. 3.6. მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომავალ წელს და ამოღებას არ ექვემდებარება. 4. ფონდის უფლება-მოვალეობანი 4.1. ფონდი უფლებამოსილია დადგენილი წესით: – შეიძინოს მუდმივ საცხოვრებლად რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ წამსვლელი ოჯახების სახლები (ბინები); – შექმნას საგანგებო შემთხვევებისათვის გათვალისწინებული საცხოვრებელი ფონდი; – განახორციელოს მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებები; – მოახდინოს ფონდის ამოცანებიდან გამომდინარე ღონისძიებების დაფინანსება; მოახდინოს სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ ანგარიშებზე არსებული საქველმოქმედო თანხების აკუმულაცია და მათი მიზნობრივი ხარჯვა; – აწარმოოს კომერციული საქმიანობა სტიქიით დაზარალებულთა და იმიგრანტ ოჯახთა საცხოვრებელი სადგომების მშენებლობისა და შეკეთებისათვის, განსაკუთრებული საცხოვრებელი ფონდის სახლებისა და ბინების შეკეთებისა და მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო საშენი მასალების, ასაკრები სახლების, ასევე დანადგარ-მოწყობილობათა, საწარმოო ხაზების, საწარმოების შეძენისათვის ექსპორტ-იმპორტის გზით; – აწარმოოს ხელმოკლე, მრავალშვილიანი და სხვა სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიზნით კვების პროდუქტების (ალკოჰოლიანი სასმელების, საღეჭი რეზინის, თამბაქოს ნაწარმის გარდა), ტანსაცმლისა და ფართო მოხმარების საგნების, სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი და ბარტერული გაცვლების სახით საქონლის ექსპორტირება; – მოაწყოს აღნიშნული საქმიანობის დასაფინანსებლად საქველმოქმედო აუქციონები, ლატარიები და სხვა ღონისძიებები, შექმნას საწარმოები და დაწესებულებები,  დაამტკიცოს მათი დებულებანი და წესდებანი; – მიიღოს შეწირულებანი საქართველოს რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირთაგან.  5. ფონდის აღრიცხვა, ანგარიშგება, კონტროლი 5.1. ფონდი თავისი საქმიანობის საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას აწარმოებს დადგენილი წესის შესაბამისად. 5.2. ფონდის გამგეობა ყოველკვარტალურ ანგარიშს უდგენს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 5.3. ფონდის საქმიანობის შემოწმებას ახორციელებენ შესაბამისი საფინანსო ორგანოები. 6. ფონდის მართვა 6.1. ფონდის მმართველობის ორგანოებია: გამგეობა და აღმასრულებელი დირექცია. 6.2.ფონდის მმართველობის უმაღლესი ორგანოა გამგეობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელი მუშაკები და ფონდის გენერალური დირექტორი. გამგეობის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 6.3. ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი. ფონდის გენერალურ დირექტორს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს წარდგინებით. 6.4. ფონდის გამგეობა: – განსაზღვრავს ფონდის პერსპექტიული და კონკრეტული საქმიანობის პროგრამას; – ახორციელებს სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიან სახელმწიფო პროგრამას; – ამტკიცებს ფონდის ცენტრალური და რეგიონალური აღმასრულებელი ორგანოების სტრუქტურას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს ფონდის საქმიანობისათვის აუცილებელ დებულებებსა და ინსტრუქციებს; – ქმნის ფონდის საწარმოებსა და დაწესებულებებს; – ამტკიცებს ფონდის დირექციის იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებულია არსებული წესებიდან გამონაკლისის დაშვებით. 6.5. ფონდის გამგეობის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც. გამგეობის გადაწყვეტილებების მიღება ხდება შეთანხმების წესით. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტმა. 6.6. ფონდის გამგეობა ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე. 6.7. ფონდის მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას წარმართავს და გამგეობის გადაწყვეტილებებს განახორციელებს მისი დირექცია. ფონდის დირექცია ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე, რომელსაც ყოველკვარტალურად უდგენს თავისი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანგარიშს. 6.8. ფონდის გენერალური დირექტორი: – უფლებამოსილია მინდობილობის გარეშე იმოქმედებს ფონდის სახელით. იგი წარმართავს დირექციის საქმიანობას, წარმოადგენს ფონდს სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში, პასუხს აგებს ფონდის მიმდინარე სამეურნეო-საფინანსო საქმიანობისათვის, დებს ფონდის ამოცანებიდან გამომდინარე ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის ფონდის ანგარიშებს; – თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, გასცემს განკარგულებებს. 7. ფონდის საქმიანობის შეწყვეტა 7.1. გადაწყვეტილებას ფონდის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ იღებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. ფონდის საქმიანობის შეწყვეტისა და მის განკარგულებაში არსებული ფულადი და მატერიალური სახსრების შემდგომი გამოყენების საკითხი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით.