პუბლიკაციის თარიღი 30.06.2025
მოქმედების პერიოდი 30.06.2025 — 30.09.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №012
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №012
2025 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების და მე-18 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს გენერალური პროკურატურის (შემდგომში –გენერალური პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს გენერალურ პროკურატურას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
ბ) იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
გ) თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო.
ბ) თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო;
2. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) იუსტიციის სამინისტროში გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
3. თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ამოცანებია:
ა) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება;
გ) თავდაცვის სამინისტროს ორგანოების მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფროსი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილესა და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;
გ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) ექვს თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების შესახებ;
ზ) ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
თ) გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;
ი) იღებს გადაწყვეტილებას პროკურორის ანდა გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან აცილების შესახებ;
კ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ლ) უშუალოდ მონაწილეობს გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას;
მ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს თავდაცვის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილ შუამდგომლობებზე და წარუდგენს შესაბამის წინადადებებს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობას;
ნ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;
ო) შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
ჟ) ისმენს ამ დებულებით განსაზღვრული უწყებების საგამოძიებო ორგანოთა და ოპერატიულ მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე; იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
რ) ასრულებს გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს შორის;
ბ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;
დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორის ანდა გამომძიებლის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან აცილების შესახებ, აგრეთვე სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში საქმეთა განხილვაში პროკურორების განაწილების თაობაზე;
ზ) გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების საჩივრებს;
თ) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;
ი) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს გამოძიებას;
კ) აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სამმართველოს პროკურორების მონაწილეობას სასამართლო ინსტანციებში საქმეების განხილვისას;
ლ) ამოწმებს ამ დებულებით განსაზღვრულ უწყებათა საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;
მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;
ნ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის ანალიტიკურ საქმიანობას;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
პ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს;
ჟ) ასრულებს გენერალური პროკურორის, გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
რ) ახორციელებს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებულ ფუნქციებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 6🔗. სამმართველოს უფროსი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს გენერალური პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, გენერალური პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;
ვ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის თანამშრომლები
1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:
ა) უფროსი პროკურორები;
ბ) პროკურორები;
გ) მრჩეველი;
გ) სტაჟიორი;
დ) სპეციალისტი;
ე) ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.
2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.
3. უფროსი პროკურორები და პროკურორები:
ა) მონაწილეობენ გენერალური პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;
ბ) ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
გ) ახორციელებენ თავდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას;
დ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;
ე) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;
ზ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;
ი) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს;
კ) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;
ლ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;
მ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტიანობისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;
ო) წარადგენენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე;
პ) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;
ჟ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.
4. მრჩეველი უზრუნველყოფს ოპერატიული საქმიანობის სამართლებრივ ანალიზს, მართვის ელექტრონული საშუალებების, მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, უზრუნველყოფს აუცილებელი ინფორმაციის მოძიებას, მომზადებას და მართვას. ახორციელებს ელექტრონული მონაცემების დამუშავებას, დეპარტამენტის პროგრამულ უზრუნველყოფას და მონაცემთა ბაზების გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას. ასრულებს დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.
5. სტაჟიორი ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახორციელებს უფროსი პროკურორის ანდა პროკურორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ უფლებამოსილებებს.
6. სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.
7. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს გენერალური პროკურორიგიორგი გვარაკიძე