საბინაო მშენებლობაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირთა სახსრების მოზიდვის მიზნით ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №273
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000148 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 4, 30/04/1991
1,019 სიტყვა · ~5 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საბინაო მშენებლობაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირთა სახსრების მოზიდვის მიზნით ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №273 1991 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საბინაო მშენებლობაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირთა სახსრების მოზიდვის მიზნით ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში რესპუბლიკაში სისტემატურად მცირდება საბინაო მშენებლობის მოცულობანი, ბინების საექსპლუატაციოდ გადაცემის ტემპები და რაოდენობა, ამის მთავარი მიზეზია საბინაო მშენებლობაში დასაბანდებელი სახსრების უკმარისობა. საბინაო მშენებლობის მოცულობათა შემცირების ეს ნეგატიური ტენდენცია, რესპუბლიკის ეკონომიკის მეტად დაძაბული მდგომარეობა და საბინაო მშენებლობისათვის თავისუფალი სახსრების მქონე ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ინერტულობა გრძელდება გარდამავალ პერიოდშიც და მომავალში გამოიწვევს სამშენებლო ორგანიზაციათა სიმძლავრეების დაუტვირთაობის სხვა მრავალი თანმხლები არასასურველი შედეგებით, რაც ფრიად უარყოფითად იმოქმედებს მოსახლეობის სოციალური  უზრუნველყოფის დონეზე. საბინაო მშენებლობაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, წარმოება-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და სხვა იურიდიულ პირთა სახსრების მოზიდვის და ამ საფუძველზე საბინაო მშენებლობის მოცულობისა და ტემპების გაზრდის მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. 1991-1993 წლებში ექსპერიმენტის სახით განხორციელდეს რესპუბლიკის რიგ ქალაქებსა და მათ მიმდებარე სააგარაკო ადგილებში საბინაო სააგარაკო მშენებლობა მოსახლეობიდან მოზიდული სახსრების ხარჯზე, №1 დანართის თანახმად. 2. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო მშენებლობის განხორციელების შესახებ მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირების სახსრების ხარჯზე. 3. ნება დაერთოთ მენაშენეებს ზემოთ აღნიშნული დებულების შესაბამისად აშენებული საცხოვრებელი სახლები, ბინები და აგარაკები აუქციონის წესით მოქალაქეებზე, კოოპერატივებზე, ამხანაგობებზე, აგრეთვე სოციალური განვითარებისა და საბინაო მშენებლობის ფონდების მქონე ორგანიზაციებზე. 4. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ექსპერიმენტის სახით აშენებული სახლების, ბინებისა და აგარაკების აუქციონის წესით გაყიდვის დებულება. 5. დაევალოთ ექსპერიმენტში მონაწილე ქალაქების ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს: - იხელმძღვანელონ ამ დებულებით და არ დაუშვან საბინაო მშენებლობაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, წარმოება-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირთა სახსრების მოზიდვის ამ დებულებით გათვალისწინებული პირობების რაიმე შეზღუდვა ან დამატებითი პირობების მოთხოვნა, გარდა დემოგრაფიული თავისებურებებისა; - განახორციელონ აღნიშნული დებულების საფუძველზე 1991-1993 წლებში საბინაო მშენებლობა ამ დანიშნულებით სპეციალურად გამოყოფილ ნაკვეთებზე კომპაქტური განაშენიანების შესაქმნელად (10-30-50 სახლი) იმ ფართობებზე, რომლებზეც განლაგებულ ნაგებობათა ღირებულების ანაზღაურებასა და მობინადრეთა ბინებით დაკმაყოფილებას თავიანთ თავზე აიღებენ მენაშენეები. ზემოთ აღნიშნული ნაკვეთების შერჩევისას უპირატესობა მიეცეს ქალაქების იმ ცენტრალურ კვარტლებსა და უბნებს, რომლებშიც მრავლად არის ამორტიზებული, დაბალსართულიანი და ავარიული შენობები; - მკაცრი კონტროლი დააწესონ ამ დებულებით განსაზღვრული საფინანსო და სამეურნეო წესების დაცვისადმი; - ყოველკვარტალურად წარადგინონ ანგარიშგება ამ დებულების საფუძველზე წარმოებული საბინაო მშენებლობის შესახებ მოქმედი წესის შესაბამისად. 6. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 26 დეკემბრის №905 განკარგულებით შექმნილმა „გარდამავალ პერიოდში სამშენებლო წარმოების სფეროში წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტის და რეგულირების კომისიამ“ განახორციელოს საბინაო მშენებლობის ამ ექსპერიმენტის კოორდინაცია და რეგულირება.  7. საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრომ ყოველწლიურად გაანალიზონ ამ დებულების მიხედვით წარმოებული საბინაო მშენებლობის ექსპერიმენტის შედეგები და წარმოუდგინონ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავიანთი დასკვნები და წინადადებანი ამ ექსპერიმენტის გაგრძელება-დაკანონების ან შეწყვეტის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის                                                 თავმჯდომარე                                  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                 გ. ბერიძე დანართი ნუსხა ქალაქებისა, რომლებშიც ექსპერიმენტის სახით განხორციელდება საბინაო და სააგარაკო მშენებლობა (ამ ქალაქების მიმდებარე სააგარაკო ადგილებში) მოსახლეობიდან მოზიდული სახსრების ხარჯზე თბილისი ქუთაისი რუსთავი ზუგდიდი თელავი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელმძღვანელობა მიზანშეწონილად მიიჩნევს განახორციელოს ექსპერიმენტი რომელიც ქალაქის ან რაიონული ცენტრებისათვის, რომელიც არ არის ნუსხაში, საკითხს პრეფექტის წინადადებებით გადაწყვეტს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტრო. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი                                                         გ. ბერიძე დებულება საქართველოს რესპუბლიკაში მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიული პირების სახსრების ხარჯზე საბინაო მშენებლობის განხორციელების შესახებ I. ზოგადი დებულება 1. მოზიდული სახსრების ხარჯზე საბინაო მშენებლობის განხორციელების მიზნებია: - სტიმულირებულ იქნეს მოქალაქეთა, კოოპერატივების, საწარმო-დაწესებულებათა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სხვა იურიდიულ პირთა სახსრების დაბანდება საბინაო მშენებლობაში; - გაიზარდოს საბინაო მშენებლობის მოცულობა და ტემპები; - უზრუნველყოფილ იქნეს სამშენებლო კომპლექსის სიმძლავრეთა შესაძლოდ მაქსიმალური გამოყენება; - გაუმჯობესდეს დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოში. II. დაფინანსების წყაროები: 2. მოქალაქეთა ფულადი სახსრები, მათ შორი, რომლებიც არ არის შეტანილი ანაბრების სახით - დეკლარაციის წარმოდგენის გარეშე, მათ განკარგულებაში არსებული ფასეულობანი - ასევე დეკლარაციის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 3. კოოპერატივებისა და ამხანაგობათა ფულადი სახსრები; 4. საწარმოთა, დაწესებულებათა, საზოგადოებათა, გაერთიანებათა კონცერნებისა და სხვა იურიდიულ პირთა საბინაო მშენებლობისა და სოციალური-კულტურულ ღონისძიებათა ანგარიშზე რიცხული ფულადი ფონდები. 5. ბანკის სესხები. III. ფასწარმოება 6. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ღირებულება განისაზღვრება სახელშეკრულებო ფასებით, რომლის ბაზისს (საბაზისო ღირებულებას) წარმოადგენს მოქმედი სახარჯთაღრიცხვო ნორმების შესაბამისად შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, მოქმედი კოეფიციენტის გათვალისწინებით. IV. მენაშენე და მისი უფლებანი 7. მენაშენე არის მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია საბინაო მშენებლობისათვის ამ დებულებით გათვალისწინებული სახსრები და გამოდის მშენებლობის ან მისი სურვილის მიხედვით დამკვეთისა და მოიჯარის ფუნქციების შემსრულებლის სახით. 8. მენაშენეს უფლება აქვს შეასრულოს საბინაო მშენებლობის დამკვეთის ან მისივე სურვილის შესაბამისად ერთდროულად მოიჯარის ფუნქციები და ისარგებლოს ორისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გარდა იგი დამატებით უფლებამოსილია: - მის მიერ აშენებული ბინები გაასხვისოს საჯარო ვაჭრობით - აუქციონის წესით; - აუქციონის შედეგად, სახელშეკრულებო ან საბაზისო ღირებულების (თუ იგი სახელშეკრულებო ღირებულებაზე მეტი აღმოჩნდება) ზევით მიღებული დამატებითი შემოსავლის 30 პროცენტი დაიტოვოს თავის განმგებლობაში, ხოლო დანარჩენი გაანაწილოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; - განახორციელოს საბინაო მშენებლობა მის გამგებლობასა თუ საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის რაოდენობის მიუხედავად; - ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლებიც განსაზღვრულია ინვესტირებისათვის „კანონმდებლობის საფუძვლებით საქართველოს რესპუბლიკაში საინვესტიციო საქმიანობის შესახებ“. V. აუქციონის შედეგად დამატებით მიღებული შემოსავლების განაწილება 9. აუქციონის შედეგად სახელშეკრულებო ან საბაზისო ფასის ზევით მიღებული დამატებითი შემოსავალი ნაწილდება შემდეგნაირად: მენაშენეს - 30 პროცენტი; მოიჯარის - 10 პროცენტი; თუ მენაშენე ასრულებს როგორც დამკვეთის, ისე მოიჯარის ფუნქციას, მას ეკუთვნის 40 პროცენტი. ადგილობრივი მართვის ორგანოებს  - 10 პროცენტი; რესპუბლიკის ბიუჯეტს - 50  პროცენტი. ამ განაწილების მოთხოვნათა რეალიზაციას აკონტროლებენ დამფინანსებელი ბანკები და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები. ამ ორგანოების მიერ დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მენაშენე ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაურიცხოს მოიჯარეს, ადგილობრივი ან რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილი წილი ამ თანხაზე 10 პროცენტის ჯარიმის დარიცხვით, რაც გადაეცემა დარღვევის გამომვლენელ  ორგანოს. VI. მენაშენის მოვალეობანი 10. მენაშენე ვალდებულია: - მიიღოს კაპიტალური მშენებლობის ნებართვა და შეთანხმება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებიდან და სამსახურებიდან; - დაუკვეთოს ასაშენებელი ბინების პროექტები ტერიტორიულ სახელმწიფო საპროექტო ორგანიზაციას; - მიიღოს სახელმწიფო ექსპერტიზის კომპლექსური დასკვნა ასაშენებელი სახლების პროექტების შესადგენად, სანიტარულ-ჰიგიენურ, ქალაქთმშენებლობის, არქიტექტურულ შენობათა მდგომარეობისა და სიმტკიცის, ტექნოლოგიურ და ღირებულების სწორად განსაზღვრის მოთხოვნათა ნაწილში; - შეასრულოს სახელწმიფო ორგანოების მოთხოვნები მათ მიმართ, ამ ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში; - წარადგინოს საბუღალტრო და სტატისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესის შესაბამისად. VII. ადგილობრივი ორგანოების მოვალეობანი მენაშენის მიმართ 11. სახელმწიფო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების რესპუბლიკური და საქალაქო ორგანიზაციები ვალდებული არიან ამ დებულებით განსაზღვრული მენაშენეების მიერ მათ მიმართ არსებული საკითხები გადაწყვიტონ ოპერატიულად არა უგვიანეს ერთი თვის თხოვნის მიღების თარიღიდან. ამ პუნქტის შესრულებისადმი პერსონალურად პასუხისმგებელნი არიან ორგანოთა და ორგანიზაციათა პირველი ხელმძღვანელები.