ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.07.2025
ძალაში შესვლა 02.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 080070000.10.003.025133
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 02/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
პენიტენციურ დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაღმდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევის სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამატებითი სტანდარტების, პრევენციული მომსახურების პაკეტისა და სამედიცინო მომსახურებისთვის აუცილებელი საბაზისო მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №241
2025 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 795 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 2 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი
„ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულების წესი“ ეფუძნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XV1 თავის („ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა“), „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავისა („ნარკოლოგიური დახმარება“) და ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დებულებებს.
მუხლი 2🔗
1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნებია:
ა) პირის მიერ ახალი დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის თავიდან აცილება;
ბ) საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა;
გ) პირის განკურნება.
2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
მუხლი 3🔗
1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება, დაინიშნოს ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) ნარკომანიით დაავადებულმა პირმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) ფიზიკურ პირს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაესვა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დიაგნოზი.
2. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება, დაინიშნოს არაუმეტეს 2 წლის ვადით.
3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის აღსრულება დაიწყება, თუ პირის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
მუხლი 4🔗
1. ნარკომანიით პირის დაავადების ფაქტი დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ნარკომანიით დაავადებული პირისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის მომზადების, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება ექიმ-ნარკოლოგთა კომისია (შემდგომში − კომისია).
3. კომისიის შემადგენლობაში შედიან არანაკლებ სამი ექიმი ნარკოლოგი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით შესაძლებელია, მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს.
4. კომისიის პერსონალური შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 5🔗
1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ხორციელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრინციპების, აგრეთვე მკურნალობის თითოეული ღონისძიების მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) და სხვა).
2. ნარკომანიით დაავადებული პირისთვის სავალდებულო მკურნალობის კონკრეტული ღონისძიების/ღონისძიებების შერჩევასა და მკურნალობის მეთოდიკას/ტაქტიკას, დაავადების ხასიათისა და სიმძიმის, მკურნალობის მიზნის მისაღწევად ყველაზე ოპტიმალური საშუალების გამოყენების უპირატესობისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულება.
3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ხორციელდება სტაციონარულ პირობებში. ამ მიზნით, ნარკომანიით დაავადებული პირი შესაბამისი ღონისძიებისთვის განსაზღვრული ვადით მოთავსდება სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში. მკურნალობის დაწყებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, დაწესებულების შუამდგომლობით, კომისიის თანხმობით, შესაძლებელია, განისაზღვროს ნარკომანიით დაავადებული პირის მიერ ამ დაწესებულების პერიოდული დატოვების წესი და პირობები, თუ ეს ხელს არ შეუშლის მკურნალობის მიმდინარეობას და ნარკომანიით დაავადებული პირის ქცევა იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მისი მხრიდან მოსალოდნელი არ არის დაწესებულების გარეთ ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების თვითნებური მოხმარება ან/და ნარკოტიკული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების ჩადენა, აგრეთვე მის მიერ დარღვეული არ იქნება დაწესებულებაში გამოცხადების წესი და პირობები. ნარკომანიით დაავადებული პირის მიერ დაწესებულების პერიოდული დატოვება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულების პრინციპებსა და პროცედურას.
მუხლი 6🔗
1. პირს, რომელსაც დაენიშნა სავალდებულო მკურნალობა, მკურნალობის დაწყების მომენტიდან ყოველ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს კომისია, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა ამ ღონისძიების შეწყვეტის საფუძველი. თუ კომისია ჩათვლის, რომ არსებობს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი, ის ადგენს წერილობით დასკვნას სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც გადაეგზავნება სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციას.
2. კომისიის მიერ სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება:
ა) ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე როგორც მკურნალობის დაწყებისას, ისე − კომისიის მიერ საკითხის განხილვის დროს;
ბ) ნარკომანიით დაავადებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისი პიროვნება;
გ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მკურნალობის მიზნების მიღწევის ხარისხი.
3. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა შეიძლება, შეწყვიტოს სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციამ, კომისიის დასკვნის საფუძველზე.
4. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია, შეწყვიტოს ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა, თუ ნარკომანიით დაავადების ხასიათი და სიმძიმე ისე შეიცვალა, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საჭირო აღარ არის.
მუხლი 7🔗
1. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის ვადის გასვლის შემდეგ, ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მკურნალობის მიზნების მიღწევის ხარისხს აფასებს კომისია.
2. შეფასების პროცესში კომისია უფლებამოსილია, სავალდებულო მკურნალობის განმახორციელებელი დაწესებულებიდან გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომლებიც ასახავს მკურნალობის მიმდინარეობასა და მის შედეგებს, აგრეთვე მოითხოვოს შესაბამისი შემოწმების/ექსპერტიზის ჩატარება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების/ ფსიქოტროპული ნივთიერებების თვითნებური მოხმარების ფაქტის დასადგენად/გამოსარიცხად.
3. შეფასების შედეგად, კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგი შინაარსის დასკვნას:
ა) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნები მიღწეულია;
ბ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნები ნაწილობრივ მიღწეულია;
გ) ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის მიზნები არ არის მიღწეული.
4. კომისიის დასკვნის ასლი ეგზავნება თავდაპირველი განაჩენის გამომტან სასამართლოს.
მუხლი 8🔗. ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შეწყვეტისას ან მისი ვადის გასვლისას პირისთვის დანიშნული სასჯელის აღსრულება (მათ შორის, სასჯელის სრულად ან ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის ან სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში) კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით გაგრძელდება.