უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების გამოყენების შესახებ

მიღების თარიღი 17.07.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №566
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000171 108
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებანი, 7, 31/07/1991
208 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების გამოყენების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №566 1991 წლის 17 ივლისი ქ. თბილისი უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების გამოყენების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა აღნიშნავს, რომ უკანსაკნელ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება  მშრომელთა შემოსავლის გაცემას შემნახველი ბანკის მეშვეობით. ეს პროგრესული ფორმა დადებით გავლენას ახდენს შრომის დისციპლინის განმტკიცებასა და მთლიანად ფულის მიმოქცევაზე. რესპუბლიკაში შემნახველი ბანკების მეშვეობით ხელფასის გაცემის, საქონლის შესყიდვასა და მომსახურებაზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმის შემდგომი გაფართოების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა ადგენს: 1. აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურებმა 1991 წლის მესამე კვარტალში შეიმუშაონ და განახორციელონ უნაღდო ანგარიშსწორების პრაქტიკაში დანერგვის ღონისძიებანი. 2. საქართველოს რესპუბლიკის შემნახველმა ბანკმა - 1991 წლის ივლისიდან მიიღოს ზომები საჩეკო წიგნაკების გაცემისათვის, გააფართოოს საანგარიშსწორებო ჩეკების გამოყენების პრაქტიკა, მოახდინოს მოსახლეობისათვის სესხების გაცემა მიზნობრივი საანგარიშსწორებო ჩეკებისა და საჩეკო წიგნაკების საშუალებით, გარდა ნაღდი ანგარიშით გაცემისა; - განახორციელოს საინფორმაციო-სარეკლამო ღონისძიებანი უნაღდო ანგარიშსწორების ფორმების მოსახლეობისათვის გასაცნობად; - უზრუნველყოს სამინისტროებისა და  დეპარტამენტების, მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა სფეროს უმოკლეს ვადაში ინფორმირება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმებისა და მეთოდების შესახებ. 3. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ, ცეკავშირის გამგეობამ, სახელმწიფო კონცერნმა „საქყოფსერვისმა“, საბაჟო სამსახურებმა, საჰაერო, საზღვაო და რკინიგზის ტრანსპორტის უწყებებმა და მომსახურების სფეროს სხვა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ მათი დაქვემდებარების ორგანიზაციების მიერ მოსახლეობისაგან შემნახველი ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკებისა და საჩეკო წიგნაკების უცილობელი მიღება. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის   თავმჯდომარე  თ. სიგუა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო კანცელარიის მმართველი გ. ბერიძე