📋

ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე

კონსოლიდირებული ვერსია — პუბლიკაცია #0 საწყისი რედაქცია
პუბლიკაციის თარიღი 16.07.2025
მოქმედების პერიოდი 16.07.2025 — 04.08.2025
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
16.07.2025
04.08.2025
ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №20 2025 წლის 15 ივლისი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-2 მუხლის მე-3  პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი,  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 5 ივნისის №11 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 06/06/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.119.016523). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ჩოგოვაძე დანართი ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი“ (შემდგომში – პროგრამა) წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 85-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოქალაქეთა მონაწილეობის სხვა ფორმას და საბიუჯეტო პროცესის შემადგენელ ნაწილს, რომელიც მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას წარადგინონ და აირჩიონ მათთვის პრიორიტეტული პროექტები, რომლის განხორციელებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი იდეების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს  ქ. ხონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და  მიზნად ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.  3. პროგრამა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. 4. პროგრამის განხორციელების პროცესში დაცულია მოქალაქეების პერსონალური მონაცემები. ამ მიზნით, პერსონალური მონაცემები უნდა იქნეს მიღებული მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მონაწილეთა იდენტიფიცირებისათვის როგორც იდეების წარდგენის, ასევე ხმის მიცემის ეტაპზე. პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტების და მომხმარებლების მიერ დაცული უნდა იქნეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იდეა – პროგრამის ფარგლებში დადგენილი განაცხადის სახით ჩამოყალიბებული და წარმოდგენილი აზრი, ჩანაფიქრი, ხედვა, საპროექტო წინადადება, რომელიც მოიცავს მიზანს, დასაბუთებას და აღწერას, შესრულების ვადებს, მოსალოდნელ შედეგს და სავარაუდო ბიუჯეტს; ბ) იდეის ავტორი/ავტორები – საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან ან/და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი რომელიც პროგრამის ფარგლებში წარადგენს იდეას (განაცხადის სახით); გ) პროექტი – იდეა, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს და გადადის ხმის მიცემის ეტაპზე; დ) პროგრამის მონაწილე –  საპროექტო იდეის ავტორი/ავტორები 18 წლის ასაკიდან და პროგრამის ხმის მიცემის პროცესის მონაწილე, ქ. ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან; ე) ხმის მიცემა – გამარჯვებული პროექტის გამოვლენის მიზნით ორგანიზებული პროცესი; ვ) პროგრამის ადმინისტრირების ხარჯი – ფინანსური რესურსი, რომელიც მიმართულია პროგრამის განხორციელების საინფორმაციო კამპანიის, ხმის მიცემის და სხვა ადმინისტრაციული ხასიათის ხარჯების დასაფარად; ზ) პროექტირების ხარჯი – ფინანსური რესურსი, რომელიც მიმართულია პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების, ხარჯთაღრიცხვის მომზადების და პროექტირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად; თ) პროგრამის განხორციელების ხარჯი – ფინანსური რესურსი, რომელიც გათვალისწინებულია უშუალოდ წესის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად, ადმინისტრირების და პროექტირების ხარჯების გამოკლებით; ი) პროგრამის ტერიტორიული პრინციპით განხორციელება –  პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში; კ) პროგრამის თემატური პრინციპით განხორციელება – პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული პრიორიტეტული თემატიკის მიხედვით; ლ) პროგრამის შერეული სახით განხორციელება – პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ პრინციპს; მ) სამუშაო ჯგუფი – პროგრამის მიზნების განხორციელებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფი; ნ) ადმინისტრატორი - ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. მუხლი 3🔗. პროგრამის განხორციელების  ძირითადი პრინციპები პროგრამის განხორციელების  ძირითადი პრინციპებია: ა) მოქალაქეთა მონაწილეობა; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) კანონიერება; ე) ანგარიშვალდებულება; ვ) თანასწორობა. მუხლი 4🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდაჭერა მოქალაქეთა საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავების, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლების გზით. მუხლი 5🔗. პროგრამის განხორციელების პრინციპები, პრიორიტეტები და კრიტერიუმები 1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული ან თემატური პრინციპის, ასევე, შერეული  სახით. 2. პროგრამისთვის დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს  მუნიციპალიტეტის საკუთარ და იმ უფლებამოსილებებს, რომლის მიხედვითაც საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. 3. პროგრამის ფარგლებში იდეების გადარჩევის კრიტერიუმებია: ა)  იდეის განაცხადის ფორმის შევსების სისრულე; ბ) იდეის განხორციელების შესაძლებლობა მერის მიერ ქ. ხონის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების და განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში; გ)  საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა; დ) იდეის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის შესაბამისობა პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობასთან; ე) იდეის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობის შემთხვევაში  ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების არსებობა; ვ) ორიგინალური იდეა; ზ) საპროექტო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მომავალი ერთი წლის განმავლობაში; თ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მუხლი 6🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო 1. პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის დაფინანსებისათვის საჭირო თანხის მოცულობა. 3. პროგრამის ფარგლებში დასაგეგმ საბიუჯეტო წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი არ უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული  შემოსავლების (გრანტების გამოკლებით) 1%-ზე ნაკლები. მუხლი 7🔗. დასაფინანსებელი პროექტის წარდგენა და ადმინისტრირება 1. საპროექტო განაცხადის წარდგენა (რეგისტრაცია) ხდება ელექტრონულად, ამისთვის სპეციალურად შექმნილი მართვისა და ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება აქვს  ქ. ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს, საინიციატივო ჯგუფებს. 3. რეგისტრირებული პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს: ა) ამ წესთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განიხილება ელექტრონული სისტემისა და პროექტის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ; ბ) თუ ადმინისტრატორის მიერ ვერ მოხდა შესაბამისობის დადგენა, პროექტი განსახილველად გადაეცემა სამუშაო ჯგუფს. სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით; გ) გამოქვეყნდება ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით. 4. ხმის მიცემის უფლება აქვს ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს. 5. „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროგრამის განხორციელება ხდება ეტაპებად, რომლის მიმდევრობისა და ვადების დადგენა ხდება მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 8🔗. სამუშაო ჯგუფის სტრუქტურა და საქმიანობის წესი 1. სამუშაო ჯგუფი  შედგება 9 წევრისგან, მათ შორისაა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი და ადმინისტრატორი.  2. სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება ხონის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, საჯარო მოსამსახურე/ების, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი/ებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი/ებისაგან. 3.  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია: ა) უხელმძღვანელოს სამუშაო ჯგუფის მუშაობას, მოიწვიოს და გაუძღვეს სამუშაო ჯგუფის სხდომებს; ბ) კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას; გ) ხელი მოაწეროს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმებს; დ) დაამტკიცოს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა და დღის წესრიგი, აკონტროლოს მისი სამუშაო გეგმისა და მიღებული გადაწყვეტილების შესრულება; ე) შეასრულოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობითი ფუნქცია; ვ) არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე მოიწვიოს სამუშაო ჯგუფის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომამდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის შესახებ სამუშაო ჯგუფის წევრებს და დაინტერესებულ სუბიექტებს; ზ) სხდომა გამოაცხადოს გახსნილად, წარადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები და სხდომა გამოაცხადოს დახურულად; თ) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ისევე როგორც სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები, სარგებლობს კონკრეტული საკითხის განხილვისას ერთი ხმის უფლებით; ი) სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით მოიწვიოს სპეციალისტი, რომელმაც შეიძლება ისარგებლოს სათათბირო ხმის უფლებით. 4. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე. 5.  სამუშაო ჯგუფის მდივანი: ა) ადგენს დღის წესრიგს და დასამტკიცებლად წარუდგენს თავმჯდომარეს; ბ) ადგენს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე,  სამუშაო ჯგუფის წევრები და ასევე ის პირები, რომლებიც ამ სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდნენ. 6. სამუშაო ჯგუფის წევრი: ა) მონაწილეობას იღებს სამუშაო ჯგუფის სხდომებში; ბ) აფიქსირებს სრულყოფილ პოზიციას დღის წესრიგით გათვალისწინებულ თითოეულ საკითხზე და  სარგებლობს ერთი ხმის უფლებით; გ) ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმს. 7. მოწვეულ სპეციალისტზე ვრცელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. 8. სამუშაო ჯგუფის წევრებს უნდა მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება სამუშაო ჯგუფში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. 9. სამუშაო ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს; გ) გამოიჩინა აშკარა მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლებელს ხდის სამუშაო ჯგუფის წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ე) სასამართლომ აღიარა მხარდაჭერის მიმღებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადდა გარდაცვლილად; ვ) გარდაიცვალა; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გარემოებების არსებობისას, რაც შეუძლებელს ხდის სამუშაო ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებას. 10. სხდომის ოქმს არაუგვიანეს 5 დღის ვადაში  სამუშაო ჯგუფი წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 11. სამუშაო ჯგუფი იკრიბება არსებული საჭიროებისას,  სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის ან/და სამუშაო ჯგუფის წევრთა 1/3-ის მოთხოვნის შემთხვევაში. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სამუშაო ჯგუფის სხდომის დღის წესრიგი შედგება მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო განცხადებების   შესაბამისად. მუხლი 9🔗. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილება და დასაფინანსებელი პროექტების გამოვლენა 1. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ მომზადების ეტაპზე განიხილოს  ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული საპროექტო განცხადებები (შემდგომში „პროექტი“), შეამოწმოს განცხადებების სისწორე შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: სამართლებრივი ასპექტები (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი პროექტი), ტექნიკური ასპექტები (რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება), ფინანსური ასპექტები (წარმოდგენილი პროექტის სავარაუდო ღირებულების შეფასება), პროექტის განხორციელების ვადები, ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს; საჭიროების შემთხვევაში პროექტის განხილვისას მოიწვიოს პროექტის ავტორი. 2. პროექტის ფარგლებში სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშზე ყოველი ეტაპის დასაწყისისას ირიცხება ვაუჩერი, რომელიც ამავე დროს შეადგენს ერთი სრული ხმის დადგენილ ფასს. მომხმარებლების მიერ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე ეტაპის განმავლობაში. 3. ხმის მიცემის შედეგად ხმის დადგენილი ფასით  ხდება პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისი თანხის შეგროვება. 4. პროექტები, რომლებიც შეძლებენ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი თანხის შეგროვებას დაფინანსდება თანმიმდევრობით, რიგითობისა და პროგრამის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით. 5. ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 100 (ასი) ლარს. 6. ხონის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია ყველა ის პროექტი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს, ასახოს პროექტის გამარჯვების მომენტისათვის მიმდინარე ან მომავალი პირველი წლის დასაგეგმ ბიუჯეტში   და შეასრულოს  სტანდარტული პროცედურების გამოყენებით.  7. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია პროექტის მიმდინარეობისას შეამოწმოს  მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივები კონკრეტულ დასახლებაში წარმოდგენილი პროექტის განხორციელების თაობაზე, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით. „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ განხორციელება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) საინფორმაციო კამპანია; ბ) პროექტების შემუშავება და წარდგენა; გ) პროექტების ვერიფიკაცია; დ) „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ საპროექტო ინიციატივებზე  საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურა; ე)  ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა; ვ) პროექტის განხორციელება, შეფასება და მონიტორინგი. 8. საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ თარიღებში. 9. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოავლინოს ვერიფიცირებული პროექტი  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თარიღების შესაბამისად. 10. მოქალაქეთა  ინიციატივები   განხილვის მიზნით  წარედგინება სამუშაო ჯგუფს.   სამუშაო ჯგუფი თავის სხდომებზე შემოსული საპროექტო განაცხადებს განიხილავს, შეისწავლის და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს  დასკვნებსა და რეკომენდაციებს. მიღებულ გადაწყვეტილებებს გადაუგზავნის ხონის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებების ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინების მიზნით. მუხლი 10🔗. ანგარიშვალდებულება სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია ხონის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.