აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1431-25
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით

ექსპერტის დანიშვნის თაობაზე

2025 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

საქმე №2/1431-25 / 330212025010830214

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – ლიანა კაჟაშვილი

სხდომის მდივანი – მარეხ ბაკაშვილი

განმცხადებელი – შპს „დ ჯ ჯგუფი“

წარმომადგენელი – დავით ბიჭიკაშვილი

დაინტერესებული პირები – სს „მესხეთის“ (ს/კ 208142419) 1,74889% აქციონერები

მოთხოვნა – სს „მესხეთის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვა

სასმართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „დჯ ჯგუფის“ წარმომადგენლის დავით ბიჭიკაშვილის შუამდგომლობა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ

 

სასამართლომ გამოარკვია:

2024 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „დჯ ჯგუფის“ სახელით მისმა წარმომადგენელმა დავით ბიჭიკაშვილმა სს „მესხეთის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე.

შპს „დჯ ჯგუფი“ (ს/ნ: 402171109) ფლობს სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) ხმების 97.714444%. შპს „დჯ ჯგუფის“ (ს/ნ: 402171109) მიერ 2024 წლის 2 დეკემბერს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ელექტრონულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ელექტრონული განცხადება სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) მინორიტარი აქციონერის აქციის სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. მარეგისტრირებული ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე განცხადება გამოქვეყნდა 2025 წლის 13 იანვარს.

განმცხადებელი ითხოვს: სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ, რის მიხედვითაც ნება მიეცემა შპს „დჯ ჯგუფს“ (ს/ნ: 402171109), როგორც სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) ხმის უფლების მქონე აქციათა 98.25111% (88426 ცალი აქციის) მესაკუთრეს, სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) აქციათა დანარჩენი, ყველა ბენეფიციარი მესაკუთრისაგან (აქციონერისაგან) სამართლიან ფასად სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) 1,74889% აქცია.

სს „მესხეთის“ (ს/ნ: 208142419) ფასიანი ქაღალდების რეესტრის 30.05.2025 წლის მდგომარეობით შპს „დჯ ჯგუფი“ (ს/ნ: 402171109) ფლობს 88,426 აქციას, რაც განთავსებული ფასიანი ქაღალდების წილობრივი მონაცემებით შეადგენს 98.25111%-ს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 იანვრის განჩინებით, შპს „დჯ ჯგუფის“ განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე მიღებულ იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო სხდომა დაინიშნა 2025 წლის 29 აპრილს,14:00 საათზე. თუმცა, ვინაიდან სრულად ვერ მოხერხდა მინორიტარი აქციონერების (დაინტერესებული პირების) ინფორმირება აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურების დაწყების თაობაზე, აღნიშნული სხდომა გადაიდო. დაინტერესებული პირების (აქციონერების) მემკვიდრეების მოძიების შემდეგ, სხდომის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 10 ივლისი.

სასამართლომ აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით განიხილა დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის დანიშვნის საკითხი და მიიჩნია, რომ აქციათა ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30912 მუხლის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით სასამართლო განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის შერჩევის დროს სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარეთა მოსაზრებები. მხარეებს უფლება აქვთ, შესთავაზონ სასამართლოს დასანიშნი პირის კანდიდატურები. საბოლოოდ საკითხს იმის შესახებ, თუ ვის მიენდოს გამოსყიდვის ანგარიშის შედგენა, წყვეტს სასამართლო. მხარეებს უფლება აქვთ, აცილება მისცენ დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას ამ კოდექსის 35-ე მუხლით დადგენილი საფუძვლით.

2025 წლის 10 ივლისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა დავით ბიჭიკაშვილმა იშუამდგომლა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით ექსპერტად სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დანიშვნის თაობაზე, რასაც დაეთანხმნენ სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირები. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის უზრუნველყოფის მიზნით, აქციათა სამართლიანი ფასის დადგენა უნდა დაევალოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 30912, 414-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „მესხეთის“ (ს/ნ 208142419) აქციათა სამართლიანი ფასის დადგენის მიზნით მოცემულ საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტად დაინიშნოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;

2. განემარტოს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ აქციათა შემფასებელმა ექსპერტმა უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, აქციათა გამოსყიდვის სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი;

3. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;

4. ექსპერტიზაში მონაწილე ექსპერტს განემარტოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლით გათვალისწინებული ექსპერტის უფლებები და მოვალეობები – ექსპერტად დანიშნული პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში გამოძახებისთანავე და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტს უფლება აქვს, უარი თქვას დასკვნის მიცემაზე, თუ მისთვის გადაცემული მასალები საკმარისი არ არის, ან თუ მას არა აქვს სათანადო ცოდნა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. ექსპერტი მოვალეა აღნიშნული საფუძვლებით დასკვნის მიცემაზე უარი დაწვრილებით დაასაბუთოს. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტი გამოარკვევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთ გარემოებებს, რომელთა შესახებაც მას კითხვები არ ჰქონდა დასმული, ექსპერტს უფლება აქვს დასკვნაში მიუთითოს ამ გარემოებებზე. ექსპერტიზასთან დაკავშირებული გარემოებების გამოსარკვევად ექსპერტს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, დაუსვას მხარეებსა და მოწმეებს შეკითხვები, მიიღოს მონაწილეობა მტკიცებულებათა დათვალიერებასა და შემოწმებაში, აგრეთვე სთხოვოს სასამართლოს მისთვის დამატებითი მასალების წარდგენა;

5. მხარეებს ევალებათ ექსპერტის ყველა იმ მითითების შესრულება, რაც აუცილებელია ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარებისათვის. ამასთან, მხარეებს განემარტოთ, რომ თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ შეასრულებს ექსპერტის მითითებას ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად;

6. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხარჯების ანაზღაურება დაევალოს განმცხადებელს – შპს „დჯ ჯგუფს“ (ს/ნ 402171109);

7. განჩინება გამოქვეყნდეს სსიპ – საკანონმდებლო მაცნეში;

8. განჩინება ცალკე არ საჩივრდება.

 

მოსამართლე                                                                             ლიანა კაჟაშვილი