„დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის განხორციელების ღონისძიებათა თაობაზე

მიღების თარიღი 25.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №812
სარეგისტრაციო კოდი 000000006.00(0).020.000215
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
5,259 სიტყვა · ~26 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის განხორციელების ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №812 1991 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის განხორციელების ღონისძიებათა თაობაზე „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულებანი: - „საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ“; - „საქართველოს რესპუბლიკის შრომის სახელმწიფო ბირჟის შესახებ“; - „საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების სახელწმიფო ინსპექციის შესახებ“; - „უმუშევართა შემწეობის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“; - „საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ“. 2. დაევალოთ რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელებს საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განცხადებები მუშახელზე მოთხოვნილების გამოქვეყნების თაობაზე მიიღონ მხოლოდ შრომის სახელმწიფო ბირჟის მეშვეობით. 3. უფლება მიეცეს შრომის სახელმწიფო ბირჟას შეიტანოს მოქალაქეთა შრომის წიგნაკში ჩანაწერები მათი უმუშევრობის შრომის სახელწმიფო ბირჟაზე რეგისტრაციის შესახებ. 4. უმუშევარ მოქალაქეთათვის შემწეობის თანხის ოდენობა განისაზღვრება უკანასკნელ ძირითად სამუშაო ადგილზე ბოლო ორ თვეში მიღებული ხელფასის მიხედვით (ყველა სახის პრემიებისა და ერთდროულ დახმარებათა გარეშე). 5. დაევალოთ რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა (მიუხედავად მათი საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფორმებისა) ხელმძღვანელებს ხელი შეუწყონ დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის წარმომადგენლებს და შემოწმების პერიოდში დაუბრკოლებლივ დაუშვან ისინი დასაქმების საკითხებთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის შესასწავლად. 6. საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც არ შეასრულებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს დადგენილ ნორმებში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილების გამოყოფის ან შექმნის შესახებ, ვალდებული არიან დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადარიცხონ 12 თვის ფულადი სახსრები საწარმოში არსებული საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით. საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვაკანტური თანამდებობისა და თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის, ასევე მუშაკთა მიღება-გათავისუფლების შესახებ ცნობების წარმოუდგენლობის თითოეულ შემთხვევაში ვალდებული არიან გადარიცხონ ფულადი სახსრები დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ანგარიშზე საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ დღეზე გადაანგარიშებით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. გუგუშვილი მინისტრთა კაბინეტის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                  ა. ლანდია დებულება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის შესახებ დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდგომში „ფონდი“) თავის საქმიანობას წარმართავს „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის, „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის საბჭოს 1991 წლის 25 ივლისის დადგენილების, „მოსახლეობის დასაქმების სოციალური გარანტიების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 10 ივნისის № 474 დადგენილების და ამ დებულების შესაბამისად. I. ზოგადი დებულებანი 1. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის დამოუკიდებელი საფინანსო სისტემა. ფონდის სახსრები არ შედის საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო ბიუჯეტის ან რომელიმე სხვა ფონდის შემადგენლობაში და ამოღებას არ ექვემდებარება. ფონდის სახსრები ინახება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ბანკის შესაბამის ანგარიშებზე. 2. ფონდი არის იურიდიული პირი, აქვს დამოუკიდებელი საფინანსო-სამეურნეო ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში. 3. ფონდის სახსრები, კომერციული საქმიანობისაგან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, აგრეთვე ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები თავისუფლდება ბიუჯეტში გადასახადისაგან - სახელმწიფო ბეგარის და საბაჟო გადასახადისაგან. 4. ფონდს აქვს ემბლემა და შესაბამისი ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელწმიფო გერბის გამოსახულებით. 5. ფონდის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. № 2. 6. ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. II. ფონდის მმართველობის ორგანოები 1. ფონდის მმართველობის ორგანოებია - გამგეობა და აღმასრულებელი დირექცია. 2. ფონდის მმართველობის უმაღლესი ორგანოა გამგეობა, რომელიც მასზე დამოკიდებულ ამოცანებს წყვეტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან, იმ სამინისტროებთან, უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთკავშირში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოსახლეობის დასაქმების უზრუნველყოფასთან. 3. ფონდის გამგეობაში შედიან საქართველოს რესპუბლიკის სამინისტროთა, უწყებათა, აგრეთვე საზოგადოებრივ და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელი მუშაკები და ფონდის გენერალური დირექტორი. 4. ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თანამდებობრივად არის საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვის და დემოგრაფიის მინისტრი გამგეობის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება 9 კაცით. 5. ფონდის გამგეობა: - პასუხს აგებს დასაქმების რესპუბლიკური პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დროული და სრული დაფინანსებისათვის; - განსაზღვრავს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის პერსპექტიულ და მიმდინარე ამოცანებს; - ამტკიცებს დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდის ცენტრალურ და რეგიონალურ აღმასრულებელ ორგანოთა სტრუქტურას, მუშაკთა რაოდენობას და ხარჯების ნუსხას; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამტკიცებს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ფუნქციონირებისათვის საჭირო აუცილებელ დებულებებს და ინსტრუქციებს; - განსაზღვრავს ფონდის სახსრების კომერციული გამოყენების მიმართულებებს. 6. სხდომას თავმჯდომარეობს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე. გამგეობის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, თანაბარი ხმების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯომარის ხმა. სხდომა ფორმდება ოქმით ოფიციალურად და მასზე ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს გამგეობის თავმჯდომარეს, მისი არყოფნის პერიოდში - მოადგილეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებით ან გამგეობის წევრთა უბრალო უმრავლესობის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხმები თანაბრად ნაწილდება, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. გამგეობის თავმჯდომარესა და წევრებს შორის უთანხმოების შემთხვევაში, გამგეობის ნებისმიერ წევრს, ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს საკითხი დასვას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წინაშე, სამინისტრო-უწყებათა კოლეგიის წევრთა უფლების ანალოგიურად. 7. ფონდის გამგეობის აღმასრულებელ-განმკარგულებელი ფუნქციებისა და ფონდის სისტემაში ოპერატიული ხელმძღვანელობის უზრუნველყოფისათვის იქმნება ფონდის მუდმივმოქმედი აღმასრულებელი დირექცია. აღმასრულებელი დირექციის წესდებას და მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს ფონდის გამგეობა. III. ფონდის უფლება-მოვალეობანი 1. ფონდი უფლებამოსილია: - რეალიზაცია გაუკეთოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ სოციალურ სფეროში გასატარებელ პოლიტიკას; - ფონდის გამგეობასთან შეთანხმებით განსაზღვროს ფონდის სახსრების ხარჯვის მიმართულებანი; - საქართველოს რესპუბლიკის და საზღვარგარეთის მოქალაქეებისაგან, საწარმოებისა და დაწესებულებებისაგან მიიღოს შემოწირულებანი; - კომერციული საქმიანობის უზრუნველსაყოფად მონაწილება მიიღოს დადგენილი წესით ახალი საწარმოების შექმნასა და მოქმედ საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში; - დადგენილი წესით მიიღოს კრედიტები; - რეკლამა გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც რესპუბლიკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; - დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობას წარუდგინოს დასამტკიცებლად ფონდის ცენტრალური და რეგიონალური აღმასრულებელი ორგანოების საშტატო განრიგები და დანახარჯთა ნუსხები. 2. ფონდი ვალდებულია: - უზრუნველყოს, უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად, სახსრების დროული და სრული გადახდა; - მიაწოდოს საზოგადოებას სათანადო ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ. IV. ფონდის სახსრები 1. ფონდის სახსრების წყაროებია: - საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და კოოპერატივების (მეურნეობრიობის, საკუთრების ფორმებისა და დაქვემდებარების მიუხედავად) სავალდებულო ანარიცხები. სავალდებულო ანარიცხების კონკრეტული ზომა განისაზღვრება რესპუბლიკის კანონმდებლობით; - საწარმოთა მიზნობრივი საფინანსო ანარიცხები იმ პირთათვის სპეციალიზებული სამუშაო ადგილების შექმნის კვოტის შეუსრულებლობისას, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ სოციალურ დაცვას; - საწარმოთა დამატებითი შენატანები მომუშავეთა მასობრივი გამოთავისუფლების შემთხვევაში; - მოქალაქეთა საზღვარგარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებით დასაქმების ფონდში შემოსული თანხები; - საქართველოს და საზღვარგარეთის საწარმოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა ნებაყოფლობითი შენატანები, შემოწირულებანი, აგრეთვე უცხოური ვალუტა; - კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები. 2. ფონდის სახსრების აკუმულაციისა და გამოყენების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში და დასაქმების ფონდის რეგიონალური ფილიალების მომსახურე რაიონული საბანკო განყოფილებებში იხსნება ანგარიშები, ხოლო საკუთარი ბანკის შემქნის შემთხვევაში მომსახურება იწარმოებს ამ ბანკის მიერ. ფონდის ანგარიშების მიხედვით ოპერაციების განხორციელების წესი დგინდება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთშეთანხმების გზით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 3. საწარმოთა დაწესებულებათა ორგანიზაციათა და კოოპერატივების მიერ დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდის შესაბამის ანგარიშზე სავალდებულო და მიზნობრივი ანარიცხების შეტანის, აგრეთვე რესპუბლიკის და უცხოეთის საწარმოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა შენატანების ჩარიცხვისა და აღრიცხვის წესს საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკთან ერთად განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 4. ფონდში სავალდებულო ანარიცხების სახსრების დროულად და სრულად შემოსვლას აკონტროლებენ დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის აღმასრულებელი დირექციის მაკონტროლებელი ორგანოები დასაქმების სახელწმიფო ინსპექციებთან და საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს შრომის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად. V. ფონდში სახსრების აკუმულაციისა და ხარჯვის პროგნოზირება 1. ფონდში სახსრების აკუმულაციისა და ხარჯვის პროგნოზირება ყოველი საპროექტო წლისათვის ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის შედგენის წინმსწრები ტემპით, ფონდის ხარჯების შემოსავლისათვის გადამეტების შემთხვევაში რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში დასაქმების ღონისძიებათა განსახორციელებლად დამატებითი სახსრების გათვალისწინების მიზნით. ფონდის სახსრების ხარჯვა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ განსაზღვრული დასაქმების პროგრამების შესაბამისად. ფონდის შემოსავალ-გასავალს, შესრულების ანგარიშსა და რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობას განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 2. ფონდის განყოფილებათა სახსრების აკუმულაციისა და ხარჯვის პროგნოზების განიხილავს და ამტკიცებს ფონდის გამგეობა. VI. ფონდის ამოცანები 1. ფონდი იქმნება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და  დემოგრაფიის სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მოწონებული დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ღონისძიებათა დაფინანსების მიზნით. 2. ფონდის ძირითადი ამოცანებია: - დაუსაქმებელი მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებული დანახარჯების დაფინანსება; - მოქალაქეთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო დახმარებაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება; - გამოთავისუფლებული მუშაკების და დაუსაქმებელი მოქალაქეების პროფესიული ორიენტაციის, პროფესიული მომზადების და გადამზადების სამუშაოების ორგანიზაციისა და გატარებისათვის გაწეული დანახარჯების დაფინანსება; - უმუშევრებისათვის შემწეობების გაცემა; - დროებითი სამუშაოების ორგანიზაციისათვის გაწეული დანახარჯების დაფინანსება; - დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სისტემის შენახვა; - საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების სფეროს მომსახურე კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა დაფინანსება; - თვითდაფინანსების პრინციპების საფუძვლებზე ფონდის სახსრების გაფართოებული კვლავწარმოება; - დასაქმების რესპუბლიკური და რეგიონალური პროგრამების დაფინანსება; - მოსახლეობის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება. VII. ფონდის სამართლებრივი დებულება ფონდის მოქმედების შეწყვეტის და მის განკარგულებაში არსებული ფულადი და მატერიალური სახსრების შემდგომი გამოყენების საკითხი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დებულება საქართველოს რესპუბლიკის შრომის სახელწმიფო ბირჟის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროსთან არსებული შრომის სახელმწიფო ბირჟა (შემდგომში „ბირჟა) არის დასაქმების სახელწმიფო სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაეხმარება საქართველოს რესპუბლიკის უმუშევარ მოქალაქეს სამუშაოზე მოწყობასა და სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფაში. ბირჟის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 2. ბირჟა მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. ბირჟის შემადგენლობაში შედიან: ბირჟის ცენტრალური აპარატი, შრომის რეგიონალური ბირჟები და მათი ადგილობრივი წარმომადგენლები ქალაქებსა და რაიონებში; დასაქმების სახელმწიფო ინსპექცია. 3. ბირჟის ცენტრალური და რეგიონალური ორგანოებისა და დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის მუშაკთა რაოდენობას და ხარჯთა ნუსხას, შრომის ანაზღაურების ფონდის ჩათვლით, შემდგომ ცვლილებათა გათვალისწინებით განიხილავს დასაქმების ფონდის გამგეობა და დასამტკიცებლად წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში. 4. ბირჟა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კანონით დასაქმების შესახებ, შრომის კანონმდებლობით, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს აქტებით და ამ დებულებით. 5. რესპუბლიკის დონეზე ბირჟის მუშაობას წარმართავს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური  დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო, რეგიონალურ დონეზე - ბირჟა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში - ამ რესპუბლიკების შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი* და ბირჟა, ქალაქებსა და რაიონებში - შესაბამისი რეგიონალური ბირჟა და პრეფექტურა. 6. ბირჟის შემადგენლობაში იქმნება დასაქმების სახელმწიფო ინსპექცია. დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს შრომის სახელწმიფო ინსპექცია. დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. _______________ * შემდგომში ამ ორგანოთა შესაბამისი სამინისტროები. II. ბირჟის უფლება-მოვალეობანი 1. დასაქმების სახელწმიფო პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზაციას აწარმოებს ბირჟა. იგი შრომის რეგიონალური ბირჟებისა და მათი საქალაქო, რაიონული წარმომადგენლების მეშვეობით ახორციელებს მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. 2. ბირჟის ძირითადი მოვალეობაა: - დასაქმების რეგიონალური და რესპუბლიკური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი პრაქტიკულად რეალიზაცია; - უმუშევართა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების აღრიცხვა; - დახმარების აღმოჩენა მოქალაქეთათვის შესაფერისი სამუშაოს, ხოლო მეწარმეთათვის შესაფერისი მუშაკების შერჩევაში როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; - დახმარების აღმოჩენა იმ მოქალაქისათვის, რომელიც გამოთქვამს სურვილს სამუშაოსაგან მოუწყვეტლივ შეისწავლოს ახალი პროფესია; - დახმარების აღმოჩენა იმ მოქალაქისათვის, სამუშაოზე მოწყობაში (შეცვლაში), რომელიც არ ექვემდებარება უმუშევრის სტატუსის მინიჭების და შემწეობის მიღებას; - დასაქმების საკითხებზე მოსახლეობისა და მეწარმეთა სრული ოპერატიული ინფორმირების მიზნით შესაბამისი მონაცემების ავტომატიზებული ბანკის შექმნა; - რესპუბლიკური საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით ბირჟის სამსახურების ავტომატიზაცია, კომპიუტერიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა; - საინფორმაციო ბიულეტენის, გაზეთის, ბროშურის გამოცემა; - უმუშევრის პირველადი პროფკონსულტაცია და, პროფესიებზე მოთხოვნილების საკოორდინაციო ცენტრის დაკვეთით მომზადებისა და გადამზადების მიზნით, მისი გაგზავნა დასაქმების სახელმწიფო სისტემაში არსებული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სასწავლო-საწარმოო ცენტრებში, აგრეთვე ხელშეკრულებით სხვა სასწავლო დაწესებულებებში დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდით გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე; - დროებითი სამუშაოების ორგანიზაცია პრეფექტურებთან ერთად; - უმუშევრისათვის შემწეობის გაცემა დასაქმების ერთიანი სახელმწიფო სახსრებიდან; - საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ინსპექტირება დასაქმების შესახებ კანონის შესაბამისად; - დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობისათვის წინადადებათა წარდგენა დასაქმების სფეროს გაზრდის მიზნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე; - დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდის გამგეობის საქმიანობაში მონაწილეობა. 3. შრომის სახელწმიფო ბირჟა უფლებამოსილია: - მოითხოვოს ნებისმიერი საწარმოდან, დაწესებულებიდან, ორგანიზაციიდან (მათი საკუთრების ფორმისა და მეურნეობრიობის მიუხედავად) ინფორმაციები მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს მუშაკთა გათავისუფლება, ასევე ცნობები თავისუფალი სამუშაო ადგილების (ვაკანტური თანამდებობის) და მუშაკთა მიღება-განთავისუფლების თაობაზე; - გაგზავნოს ყველა სახის საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, იქ არსებული თავისუფალი სამუშაო ადგილების დასაკავებლად (ვაკანტურ თანამდებობაზე) შრომის ბირჟაზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი მოქალაქე მისი კვალიფიკაციის დონისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; - განახორციელოს კონტროლი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ დაბალკონკურენტუნარიანი, სოციალურად ნაკლებად დაცულ მოქალაქეთა (ინვალიდები, ახალგაზრდები, მრავალშვილიანი მშობლები, სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირები) დასაქმებისათვის დადგენილი სპეციალური დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობის დაცვისადმი; - საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე გამოუწეროს საგზური მოქალაქეებს სამუშაოდ გაგზავნისას სხვა საცხოვრებელ ადგილზე (აუცილებლობის შემთხვევაში წინასწარი პროფესიული მომზადებით) სამუშაოდ მოწყობის შემთხვევაში ამ მოქალაქეს ბირჟა დასაქმების ფონდიდან უხდის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო გაწეულ ხარჯებს; - გაგზავნოს უმუშევარი მისთვის შესაფერის დროებით სამუშაოზე; - მიიღოს გადაწყვეტილება უმუშევრობის სტატუსის მქონე მოქალაქისათვის შემწეობის გაცემის შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე; - დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის მეშვეობით გააკონტროლოს რესპუბლიკის ნებისმიერი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, კოოპერატივი (განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და მეურნეობრიობისა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; - მოიწვიოს დადგენილი წესით კონფერენციები, თათბირები, ჩაატაროს სემინარები, მოაწყოს გამოფენები, სტენდები, თვალსაჩინოებანი მოსახლეობის დასაქმების პრობლემებთან დაკავშირებით; - მოამზადოს საკითხები და წარუდგინოს განსახილველად საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს კოლეგიის სხდომას; - წარუდგინოს წინადადებანი დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდის გამგეობის კომერციული საქმიანობის ფონდის სახსრების კვლავწარმოების შესახებ; - აღძრას საკითხი შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს წინაშე ამა თუ იმ საწარმოსათვის, ორგანიზაციასა და დაწესებულებისათვის დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდში სავალდებულო გადასახადის გაზრდის ან შემცირების შესახებ; - დასვას საკითხი დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობის წინაშე ბირჟის საჭიროებისათვის დამატებითი სახსრების გამოყოფის თაობაზე; - განახორციელოს იმ კომერციული ფირმებისათვის სერტიფიკატის გაცემა, რომლებიც მოქალაქეთა სამუშაოზე მოწყობის (მათ შორის, საზღვარგარეთ), პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ფასიან მომსახურებას ეწევიან. III. ბირჟის ურთიერთობა დასაქმების სახელმწიფო სამსახურთან 1. ბირჟა თავის მუშაობას წარმართავს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებულია მის წინაშე, ყოველკვარტალურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო ბირჟის წარდგინებით: - ამტკიცებს მოქალაქეთა, ორგანიზაციათა განსაკუთრებული დაკვეთების ნუსხას და გაწეული საქმიანობის საფასურის გადახდის წესს; - განიხილავს ბირჟის მიერ აღძრულ საკითხს დასაქმების სფეროში კომერციულ საქმიანობაზე ლიცენზიების გაცემის თაობაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; - განიხილავს და ამტკიცებს დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის უფროსისა და შრომის რეგიონალური ბირჟის დირექტორის კანდიდატურებს, 2. ბირჟა განსახილველად წარუდგენს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გამგეობას; - ბირჟის ცენტრალური და რეგიონალური ორგანოების, დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის ხარჯთა ნუსხას (შრომის ანაზღაურების ფონდის ჩათვლით); - უმუშევრის სტატუსის მქონე მოქალაქისათვის შემწეობის გაცემის საკითხებს; - წინადადებას უმუშევარ მოქალაქეთა დასაქმების მიზნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ; - ფინანსურ ანგარიშს ყოველკვარტალურად. დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სარევიზიო კომისია ახორციელებს კონტროლს შრომის სახელმწიფო ბირჟის მიერ დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვისადმი. 3. ბირჟა: პროფესიებზე მოთხოვნით მომზადებისა და გადამზადების ცენტრს სისტემატურად წარუდგენს თავისუფალი სამუშაო ადგილების (ვაკანტური თანამდებობის) ნუსხას არსებული სამუშაო ბაზრის ანალიზისა და პროგნოზირებისათვის; აწარმოებს რეგისტრირებული უმუშევარი მოქალეების შერჩევას მათი შემდგომი მომზადება-გადამზადების საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად. 4. შრომის რეგიონალური ბირჟები მუშაობას წარმართავენ ბირჟის უშუალო ხელმძღვანელობით და ანგარიშვალდებული არიან მის წინაშე. ყოველკვარტალურად წარუდგენენ ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. მათ ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო ერთეულების რაოდენობას, ხარჯთა ნუსხას (შრომის ანაზღაურების ფონდის ჩათვლით) ამტკიცებს შრომის სახელმწიფო ბირჟა; ბირჟას სისტემატურად წარუდგენენ ინფორმაციას თავისუფალი სამუშაო (ვაკანტური) ადგილებისა და უმუშევარ მოქალაქეთა შესახებ. 5. ბირჟას აფინანსებს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთა ნუსხის შესაბამისად. 6. ბირჟას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს წარდგინებით. 7. შრომის რეგიონალური ბირჟების დირექტორებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო შრომის სახელმწიფო ბირჟის წარდგინებით. 8. ბირჟის გენერალური დირექტორი პერსონალურად პასუხისმგებელია ბირჟისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის, განსაზღვრავს ბირჟის თანამშრომლების უფლება-მოვალეობებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განაგებს ბირჟის სახსრებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში. 9. ბირჟა იმყოფება დამოუკიდებელ ბალანსზე, სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით, აქვს საკუთარი ანგარიში ბანკში, მრგვალი ბეჭედი და შტამპი. დებულება საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების სახელწმიფო ინსპექციის შესახებ 1. დასაქმების სახელწმიფო ინსპექცია (შემდგომში „ინსპექცია“) იქმნება რესპუბლიკის შრომის სახელმწიფო ბირჟის შემადგენლობაში, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში (მათი საკუთრების და მეურნეობრიობის ფორმის მიუხედავად) მოქალაქეთა დასაქმების უფლებათა დაცვის კონტროლს. ინსპექციის საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს შრომის სახელმწიფო ინსპექცია. თავის საქმიანობაში ინსპექცია ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კანონით დასაქმების შესახებ, მისგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. 2. ინსპექცია უფლებამოსილია დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, მოითხოვოს მათგან საჭირო ცნობები, ინფორმაციები და საანგარიშო მონაცემები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქალაქეთა დასაქმების უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. 3. ინსპექციის ძირითადი ამოცანებია: - მოქალაქეთა შრომის უფლებებისა და გარანტიების დასაცავად გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დასაქმების შესახებ კანონმდებლობათა დარღვევების აცილება და აღმოფხვრა; ა. განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში დასაქმების კანონმდებლობის დაცვისადმი; ბ. გააკონტროლოს იმ კომერციული ბირჟების, სააგენტოების და სხვა ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც მოქალაქეთა ფასიან მომსახურებას ეწევიან დასაქმების სფეროში. გ. განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდის დირექციასთან (საჭიროების შემთხვევაში საფინანსო ორგანოებთან) ერთად საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად ყოველთვიური სავალდებულო შენატანების დროული ჩარიცხვის უზრუნველსაყოფად; დ. შეისწავლოს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის პირობები, საჭირო შემთხვევაში აღძრას საკითხი შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს ინსპექციის წინაშე. 4. ინსპექცია მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. მის შემადგენლობაში შედის: აფხაზეთის ასს რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონალური ბირჟების შემადგენლობაში შემავალი ინსპექციები. 5. შრომის სახელწმიფო ბირჟის დასაქმების ინსპექციის უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის მინისტრი შრომის სახელმწიფო ბირჟის გენერალური დირექტორის წარდგინებით და შრომის სახელწიფო ინსპექციასთან შეთანხმებით; აფხაზეთის ასს რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინსპექციების უფროსებს ნიშნავს და ათავისუფლებს შრომის რეგიონალური ბირჟის დირექტორი ავტონომიური რესპუბლიკის შრომისა და სოციალური საკითხთა სახელწმიფო ორგანოს, შრომის სახელმწიფო ბირჟისა და შრომის სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. 6. ინსპექცია: ა) აკონტროლებს: - რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა დასაქმების უფლებათა დაცვას რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე იმ ძირითადი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც გათვალისწინებულია მოსახლეობის დასაქმების რესპუბლიკური პროგრამებით; - საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შრომის ბირჟებისათვის დადგენილ ვადებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით ობიექტური და ხარისხიანი ინფორმაციების წარდგენას (თავისუფალი სამუშაო ადგილები, ვაკანტური თანამდებობები, მოქალაქეთა მიღება, გათავისუფლება და სხვა საკითხები); - საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მიერ დამატებითი სამუშაო ადგილების გამოყოფისა და შექმნის (კვოტის) უზრუნველყოფას იმ დაბალკონკურენტუნარიან მოქალაქეთა მიღებისათვის, რომლებიც განიცდიან სიძნელეებს სამუშაოს ძებნაში და საჭიროებენ განსაკუთრებულ სოციალურ დაცვას (18 წლამდე ახალგაზრდები, ინვალიდები, მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლები, რომლებიც ზრდიან 14 წლამდე ასაკის ან ინვალიდ ბავშვებს, წინასაპენსიო ასაკის მოქალეების, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონდათ სამუშაო, სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირები); - საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ მოქალაქეთა დასაქმებისა და შრომის უფლებათა კანონმდებლობის დაცვის საკითხების გადაწყვეტას; - დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექციასთან (საჭიროების შემთხვევაში საფინანსო ორგანოებთან) ერთად - რეგიონის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და ოდენობის დაცვით სავალდებულო ანარიცხების დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვის მდგომარეობას; - შრომის ბირჟის მუშაკების მიერ უმუშევართათვის შემწეობის დანიშვნის პირობებს, მისი გაცემის ვადების დაცვის კანონიერებას დადგენილი წესის შესაბამისად; - დროებით სამუშაოებზე უმუშევართა მიღებისა და დასაქმების კანონიერებას; - რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ იმ კომერციული ბირჟების, სააგენტოებისა და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მოსახლეობის ფასიან მომსახურებას ეწევიან დასაქმების სფეროში; ბ) უზრუნველყოფს დასაქმების საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, წინადადებებისა და საჩივრის დროულად და ეფექტიანად განიხილავს, აანალიზებს და განაზოგადებს მათში აღნიშნულ საკითხებს. 7. შრომის სახელმწიფო ბირჟას ინსპექციის მასალებზე დაყრდნობით უფლება აქვს: ა) შეაჩეროს სახელწმიფო და საზოგადოებრივი ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ბრძანების, განკარგულების ან სხვა გადაწყვეტილების მოქმედება, თუ ის ეწინააღმდეგება დასაქმების კანონმდებლობას, საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე შეიტანოს წინადადება საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს დაქვემდებარების მიხედვით ზემდგომ ორგანოში და შესაბამისად პრეფექტურაში ამ გადაწყვეტილების გასაუქმებლად; ბ) რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ დამტკიცებული აქტით დააჯარიმოს თანამდებობის პირი ან სხვა მუშაკი, რომელმაც დაარღვია კანონმდებლობა დასაქმების შესახებ; გ) დააყენოს საკითხი საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის წინაშე იმ კომერციული ბირჟების სააგენტოებისა და სხვა ორგანიზაციების მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც ეწევიან მოქალაქეთა ფასიან მომსახურებას დასაქმების სფეროში და რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგება მოსახლეობის დასაქმების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 8. ინსპექცია ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინსიტროს შრომის სახელმწიფო ინსპექციას გაწეული მუშაობის შესახებ. 9. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და მოქალაქეებს უფლება აქვთ გაასაჩივრონ ინსპექციის ინსპექტორის გადაწყვეტილება რეგიონალური ბირჟისა და ინსპექციის ხელმძღვანელობასთან, აგრეთვე შრომის სახელმწიფო ინსპექციასა და სახალხო სასამართლოში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. დებულება უმუშევართათვის შემწეობის გაცემის წესისა და პირობების შესახებ ეს დებულება განსაზღვრავს უმუშევართათვის შემწეობის გაცემის ერთიან წესსა და პირობებს საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. 1. იმ მოქალაქის რეგისტრაცია, რომელიც ეძებს სამუშაოს, ხორციელდება შრომის რეგიონალური ბირჟისა და მისი საქალაქო (რაიონული) წარმომადგენლობის მეშვეობით (შემდგომში „შრომის ბირჟა“). რეგისტრაციას ექვემდებარება შრომისუნარიანი ასაკის ის შრომისუნარიანი მოქალაქე (ეს ასაკი ქალებისათვის 16-55 წელია, მამაკაცებისათვის 16-60 წელი), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (საწარმოს ლიკვიდაცია, შტატების შემცირება, რეორგანიზაცია) არა აქვს სამუშაო და შესაბამისი ხელფასი (შრომითი შემოსავალი), ეძებს სამუშაოს და შრომის ბირჟა ვერ სთავაზობს მას შესაფერის სამუშაოს. 2. შესაფერის სამუშაოდ ჩაითვლება: - სამუშაო, რომელიც შეესაბამება მის პროფესიულ მომზადებას, ასაკს, სქესს, შრომის სტაჟს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოსახერხებელია საბინაო-საყოფაცხოვრებო და სატრანსპორტო თვალსაზრისით; საჭიროებს პროფესიის (სპეციალობის) შეცვლას, ითვალისწინებს მოქალაქის ასაკს, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, შრომის სტაჟს და შრომის კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს; - ნებისმიერი ანაზღაურებადი (მათ შორის, დროებითიც) სამუშაო იმ პირისათვის, რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს და არ აქვს პროფესია (სპეციალობა) და რომელიც ითვალისწინებს მოქალაქის ასაკს და სხვა მონაცემებს, საჭიროებს წინასწარ პროფესიულ მომზადებას. საწარმოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მათი სახელით ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მოქალაქეების სხვა საცხოვრებელ ადგილზე სამუშაოზე მოწყობის (აუცილებლობის შემთხვევაში - წინასწარი პროფესიული მომზადებით) თაობაზე. ამ მოქალაქეს დასაქმების ფონდიდან შრომის ბირჟა უხდის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს. 3. უმუშევარმა შეიძლება უარი თქვას სამუშაოზე, რომელიც: - დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან; - თავისი შრომის პირობებით არ შეესაბამება შრომის დაცვის ნორმებსა და წესებს; - ითვალისწინებს მოქალაქის ბოლო სამუშაო ადგილის საშუალო თვიური ხელფასის 90 პროცენტზე ნაკლებ ხელფასს. 4. მოქალაქის რეგისტრაცია და აღრიცხვა წარმოებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც მან უნდა წარმოადგინოს პასპორტი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, შრომის წიგნაკი, ცნობა წინა სამუშაო ადგილიდან თვიური ხელფასის შესახებ (საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების შესახებ დადგენილი წესით), საკრებულოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა სხვა ფულადი შემოსავლების შესახებ, განთლების ან სპეციალობის დამადასტურებელი საბუთი; მოქალაქე, რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს და არა აქვს შრომის წიგნაკი, წარადგენს პასპორტს, განათლების, პროფესიული მომზადების დამადასტურებელ დიპლომს ან სხვა საბუთს, ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან. სამუშაოზე მოწყობის შემდეგ ადმინისტრაცია გასცემს შრომის წიგნაკს დადგენილი წესით, შრომის ბირჟის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე; სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული მოქალაქე დამატებით წარადგენს სამხედრო ბილეთს, ხოლო სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის ბილეთს, ხოლო სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებითი მკურნალობის დაწესებულებიდან გათავისუფლებული - ცნობას გათავისუფლების შესახებ. 5. მოქალაქების, რომელიც როგორც უმუშევარი რეგისტრირებულია შრომის რეგიონალურ ბირჟაზე, რეგისტრაციის დღიდან ერიცხება შემწეობა უმუშევრობისათვის. გადაწყვეტილებას მოქალაქისათვის უმუშევრის სტატუსის მინიჭების შესახებ, რა პერიოდშიც ის იღებს შემწეობას უმუშევრობისათვის, შრომის წიგნაკში უკეთდება შესაბამისი ჩანაწერი შრომის ბირჟის პასუხისმგებელი მუშაკის მიერ; შემწეობის მიღების პერიოდი მოქალაქეს ეთვლება შრომის საერთო და უწყვეტ სტაჟად. 6. უმუშევრის სტატუსი არ მიენიჭება და შესაბამისად არ მიეცემა შემწეობა მოქალაქეს: ა) რომელიც სწავლობს დღის სწავლების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში; ბ) რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის, პროფესიულ-ტექნიკური, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ 6 თვის განმავლობაში როგორც სამუშაოს მაძიებელი არ არის რეგისტრირებული შრომის ბირჟაზე; გ) რომელიც პირველად ეძებს სამუშაოს, არა აქვს პროფესია (სპეციალობა) და თუ უარს აცხადებს ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოზე (მათ შორის, დროებითი ხასიათის სამუშაოზე) ან უარს აცხადებს გაიაროს პროფესიული მომზადება; დ) რომელიც უარს აცხადებს ორ შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე ან ასეთივე შესაფერის სამუშაოზე პროფესიული მომზადების გავლის შემდეგ, სადაც გაიგზავნა შრომის ბირჟის მიერ; ე) რომელიც უარს აცხადებს გამოთავისუფლების დღიდან 6 თვის შემდეგ კანონის შესაბამისად მისთვის შერჩეულ შესაფერის პროფესიულ მომზადებაზე ან ხელახალ მომზადებაზე; ვ) რომელიც სამუშაოდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე და არა აქვს ამის საპატიო მიზეზი (საპატიო მიზეზად ჩაითვლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავადმყოფის მოვლა ან საცხოვრებლად სხვა დასახლებულ პუნქტში გადასვლა), ან გათავისუფლდა შრომის დისციპლინის დარღვევის გამო; ზ) რომელიც სამუშაოდან გათავისუფლდა ბირჟაზე მოსვლის დღიდან ერთ წელზე მეტი ხნის წინათ; თ) რომელიც დადგენილი წესით ღებულობს პენსიას; ი) რომელსაც აქვს რესპუბლიკაში დადგენილ მინიმალურ ხელფასზე მეტი ფულადი შემოსავალი (საკარმიდამო ნაკვეთიდან, ინდივიდუალური საქმიანობით); ზემოთ აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები შრომის ბირჟაზე რეგისტრირებულ იქნებიან როგორც სამუშაოს მაძიებელნი. 7. შრომის ბირჟაზე რეგისტრირებული მოქალაქე, რომელსაც მინიჭებული აქვს უმუშევრობის სტატუსი, ვალდებულია ხელი შეუწყოს ბირჟის მუშაკებს თავის დროულად დასაქმებაში, დაემორჩილოს ამ საკითხთან დაკავშირებით შრომის ბირჟაზე დადგენილ წესებს. ეს მოქალაქე ვალდებულია ორ კვირაში ერთხელ მისთვის მოსახერხებელი ფორმით აცნობოს შრომის ბირჟას თავისი საქმიანობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულ ვადებში არასაპატიო მიზეზით ინფორმაციის მიუწოდებლობის პირველ შემთხვევაში იგი გაფრთხილებული იქნება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მას მოეხსნა უმუშევრის სტატუსი და შეუწყდება შემწეობის მიცემა. 8. დაუშვებელია შრომის ბირჟის ინიციატივით უმუშევრობის გაგზავნა კომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც მოქალაქეთა სამუშაოზე მოწყობის, პროფესიული მომზადებისა და ხელახლა მომზადების ფასიან მომსახურებას ეწევიან. 9. უმუშევრობის სტატუსის მქონე მოქალაქისათვის შემწეობის გაცემა ხდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შემნახველი ბანკის მიერ, სადაც თვეში ერთხელ გადაირიცხება უმუშევრის კუთვნილი შემწეობის თანხა მისი მეანაბრის წიგნაკის ანგარიშზე. ამისათვის მოქალაქე უმუშევრად რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის ვადაში წარუდგენს შრომის ბირჟას შემნახველი ბანკის მეანაბრის წიგნაკს; შრომის ბირჟა უმუშევრის რეგისტრაციის დღიდან თვის ბოლომდე დღეების რაოდენობის მიხედვით ახორციელებს შემწეობის გადარიცხვას მეანაბრის ანგარიშზე შესაბამის შემნახველ ბანკში. (მაგალითად, თუ მოქალაქე რეგისტრირებულ იქნა შრომის ბირჟაზე, როგორც უმუშევარი 10 ივლისს, მისი კუთვნილი შემწეობის თანხა 10 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით დღეების გაანგარიშებით გადაირიცხება მეანაბრის ანგარიშზე 15 აგვისტომდე). უმუშევრობისათვის შემწეობა გაიცემა კვირის 6 დღეზე (კვირის და უქმე დღეების გათვალისწინება არ ხდება). 10. უმუშევრობისათვის შემწეობის ოდენობა და მისი გაცემის ვადები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების კანონით. გამოთავისუფლებულ მუშაკს შემწეობა ეძლევა გამოთავისუფლების დღიდან 12 თვის განმავლობაში შრომის ბირჟაზე უმუშევრად მისი რეგისტრაციის დღიდან. მაგალითად, თუ მოქალაქეს ჰქონდა საშუალო ხელფასი 800 მანეთი, პირველი სამი თვის განმავლობაში უმუშევარი ყოველთვიურად მიიღებს შემწეობას უკანასკნელ ძირითად სამუშაოზე მიღებული საშუალო ხელფასის ოდენობით, ე.ი. 800 მანეთს. ამ თანხას გაიღებს ის ორგანიზაცია, სადაც მოხდა მუშაკის გამოთავისუფლება. ამისათვის საჭიროა, რომ უმუშევარი როგორც სამუშაოს მაძიებელი, შრომის ბირჟაზე გატარდეს რეგისტრაციაში და მიენიჭოს უმუშევრის სტატუსი. პირველი სამი თვის განმავლობაში უმუშევარს შემწეობა მიეცემა შრომის ბირჟის მიერ ყოველთვიურად გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე. შემდგომი 9 თვის განმავლობაში შემწეობას გასცემს შრომის ბირჟა: მეოთხე-მეექვსე თვის განმავლობაში მისი საშუალო ხელფასის 70 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის სამმაგი ოდენობისა, ე. ი. 390 მანეთისა. მეშვიდე-მეცხრე თვის განმავლობაში - საშუალო ხელფასის 50 პროცენტის ოდენობით, მაგრა არაუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ორმაგი რაოდენობისა, ე. ი. 260 მანეთისა. მეათე-მეთორმეტე თვის განმავლობაში რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობით, ე. ი. 130 მანეთს გასცემს ყოველთვიურად. იმ შემთხვევაში, როდესაც უმუშევრის საშუალო ხელფასის 70-50 პროცენტი რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალურ ხელფასზე ნაკლებია. შემწეობა გაიცემა მინიმალური ხელფასის ოდენობით, ე. ი. 130 მანეთი. მოქალაქეს, რომელიც დაიგვიანებს რეგისტრაციაში გატარებას, დააკლდება აღნიშნული დღეების ანაზღაურება წლიურ ჭრილში. მაგალითად, თუ მოქალაქე გამოთავისუფლდა ბოლო სამუშაო ადგილიდან 1 სექტემბერს, ხოლო ბირჟაზე რეგისტრირებული იქნა უმუშევრის სტატუსით მხოლოდ მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ის შემწეობას მიიღებს 7 თვის განმავლობაში 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე, ამასთან მას შემწეობა განესაზღვრება უმუშევრობისა და მეექვსე თვისათვის დასაქმების კანონით დადგენილი ოდენობით, ე. ი. უკანასკნელ ძირითად სამუშაო ადგილზე მიღებული საშუალო ხელფასის 70 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი სამმაგი მინიმალური ხელფასისა და არანაკლებ დადგენილი მინიმალური ხელფასისა. მოქალაქემ, რომელმაც დაამთავრა საშუალო, სპეციალური და უმაღლესი სასწავლებელი, გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულ იქნა შრომის ბირჟაზე უმუშევრის სტატუსით, შემწეობას მიიღებს რეგისტრაციის დღიდან ერთი წლის განმავლობაში; უმუშევარ მოქალაქეს შემწეობა უწყდება დასაქმების დღიდან. 11. უმუშევარს შემწეობის გაცემა ვადაზე ადრე  შეუწყდება, თუ მან: ა) უარი განაცხადა ორ შეთავაზებულ შესაფერის სამუშაოზე; ბ) არ შეატყობინა შრომის ბირჟას იმის შესახებ, რომ დასაქმებულია დროებით სამუშაოზე; გ) უარი განაცხადა ორ შესაფერის სამუშაოზე პროფესიული მომზადების შემდეგ, სადაც გაგზავნილი იყო შრომის ბირჟის მიერ; დ) არ შეასრულა ამ დებულების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ე) შემწეობის მიღებას მიაღწია მოტყუების გზით. ამ მოტივით შემწეობის შეწყვეტა ითვალისწინებს უკანონოდ მიღებული თანხის ამოღებას ნებაყოფლობის წესით, წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გადაეცემა სასამართლოს მისი იძულებით ამოღების მიზნით. 12. იმ უმუშევარს, რომელსაც დროებით სამუშაოზე დაასაქმებენ, უმუშევრობისათვის შემწეობის გაცემა დროებით შეუჩერდება იმ ვადით, რამდენ ხანსაც იმუშავებს ამ სამუშაოზე შემწეობისათვის განკუთვნილ 12-თვიან პერიოდში. მაგალითად, თუ მოქალაქეს შემწეობის მიღების პერიოდში განესაზღვრება 1 ივლისიდან და დროებით სამუშაოზე დაჰყო 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე, მას შემწეობა არ მიეცემა დასახელებული 3 თვის განმავლობაში და აღუდგება მომავალი წლის 1 იანვრიდან იმ ოდენობით, რაც გათვალისწინებულია დასაქმების კანონით მეშვიდე თვიდან, ე. ი. საშუალო ხელფასის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობისა. 13. უმუშევრის სტატუსის მქონე მოქალაქეს შრომისუუნარობის შემთხვევაში (მათ შორის, ავადმყოფი ბავშვის მოვლისათვის) ეძლევა ავადმყოფობის ფურცელი, რომელსაც გასცემს სამედიცინო დაწესებულება. აღნიშნულ ავადმყოფობის ფურცელს უმუშევარი წარადგენს შრომის ბირჟაზე, რის საფუძველზეც მას უხანგრძლივდება შემწეობის მიღების ვადა შრომისუუნარობის დღეების ოდენობით. მაგალითად, თუ უმუშევრის სტატუსის მქონე მუშაკი ავადმყოფობდა 10 დღის განმავლობაში, იგი ამ დღეების ანაზღაურებას მიიღებს ბიულეტენის საფუძველზე სოცდაზღვევის ორგანოებში, ხოლო ამავე დღეების რაოდენობით გაუხანგრძლივდება შემწეობის მიღების პერიოდი. 14. უმუშევარს, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს შვილები და ოჯახის სხვა წევრები, თუ ისინი არსებული კანონმდებლობით არ ღებულობენ რაიმე სხვა სახის დახმარებას, კმაყოფაზე მყოფ წევრზე შემწეობის ოდენობა უდიდდება შემწეობის 25 პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს უკანასკნელ სამუშაო ადგილზე მიღებული საშუალო ხელფასის ოდენობისა; უმუშევარს, რომელიც გათავისუფლდა სასჯელის აღმასრულებელი ან იძულებით მკურნალობის დაწესებულებიდან და შრომის ბირჟაზე რეგისტრირებულია როგორც სამუშაოს მაძიებელი, მიეცემა უმუშევრობის შემწეობა დადგენილი მინიმალური ხელფასის 75 პროცენტის ოდენობით; უმუშევართა ამ კატეგორიას შემწეობა ეძლევა სამუშაოზე მოწყობამდე ამ დებულების მე-6 პუნქტის გათვალისწინებით. 15. უმუშევარს, რომელიც განაცხადებს თანხმობას იმუშაოს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამუშაო ძალით ნაკლებად უზრუნველყოფილ საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სტიქიისაგან დაზარალებულ რაიონებში ან ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მისთვის შესაფერის სამუშაოს პირობებს, ეძლევა დამატებითი ერთჯერადი შემწეობა დადგენილი ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო. 16. უმუშევრობის შემწეობა ექვემდებარება ინდექსაციას დადგენილი წესის მიხედვით. 17. მოქალაქეს უფლება აქვს დასაქმების სახელმწიფო სამსახურის მუშაკთა მოქმედება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. დებულება საქართველოს რესპუბლიკაში დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. დებულებას დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ საფუძვლად უდევს საქართველოს რესპუბლიკის კანონი დასაქმების შესახებ. 2. დროებით სამუშაოებში იგულისხმება ის სამუშაოები, რომლებიც არ ითხოვენ უმუშევარ და დროებით დაუსაქმებელ მოქალაქეთა სპეციალურ პროფესიულ მომზადებას. 3. დასაქმების უზრუნველყოფის საქმეში დროებითი სამუშაოების მეშვეობით წყდება შემდეგი ამოცანები: - დროებით სამუშაოზე ეწყობიან ის უმუშევრები, რომლებისთვისაც შრომის ბირჟამ ვერ გამონახა მუდმივი სამუშაო ადგილი; - დროებით სამუშაოს იღებენ ის წინასაპენსიო ასაკის მოქალაქენი, ინვალიდები და სხვანი, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და არ გააჩნიათ შრომითი შემოსავალი; - დროებითი სამუშაოთი უზრუნველყოფილი ხდებიან ის დაუსაქმებელი მოქალაქენი, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში არ უმუშავიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორც სამუშაოს მაძიებელნი რეგისტრირებული არიან შრომის ბირჟაზე და არ ენიჭებათ უმუშევრის სტატუსი. II. დროებითი სამუშაოების ორგანიზაციის პირობები 1. დროებითი სამუშაოების ორგანიზაცია ხორციელდება მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა გადაწყვეტილებით, შრომის სახელმწიფო ბირჟისა და საქველმოქმედო საზოგადოების წინადადებათა და უშუალო მონაწილეობით. 2. შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტრო პროფესიებზე მოთხოვნილების, მომზადებისა და გადამზადების საკოორდინაციო ცენტრის საშუალებით, პრეფექტურებისა და შრომის სახელმწიფო ბირჟის მონაწილეობით შრომის ბაზრის მდგომარეობის, სამუშაო ძალაზე მოთხოვნილებისა და სამუშაო ადგილების პროგნოზირების ანალიზის საფუძველზე ამუშავებს სპეციალურ პროგრამებს დროებითი სამუშაოების ჩასატარებლად. ამ პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეთა დასაქმების ღონისძიებები ადგილობრივი პირობების მიხედვით, გამოთავისუფლებულ მუშაკთა რაოდენობა, სამუშაოების ჩატარების სფეროები, მათი რეალიზაციის ფორმები, აგრეთვე ამ სამუშაოთა ჩატარებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური გაანგარიშებანი. 3. ქალაქებისა და რაიონების პრეფექტურები ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით შრომის რეგიონალური ბირჟების წინადადებების შესაბამისად განსაზღვრავენ მეურნეობის დარგებს, კონკრეტულ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, დროებით სამუშაოთა ჩატარების საჭირო მოცულობებსა და სახეებს. ამ მხრივ უპირატესობა ენიჭებათ იმ დარგებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი ტერიტორიის სოციალურ განვითარებას (საყოფაცხოვრებო მომსახურება, კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა, საზკვება, კულტურა, სპორტი და სხვა). 4. რეკომენდებულია შემდეგი სახის დროებით სამუშაოთა ორგანიზაცია: ქალაქის ან რაიონის კეთილმოწყობა, საცხოვრებელი სახლების, საავადმყოფოების, სკოლების, ინტერნატების, ბაგა-ბაღების, მოხუცებულობისა და ინვალიდების სახლ-ინტერნატების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო საგაზაფხულო და საშემოდგომო სამუშაოთა შესრულება, მოსავლის აღება-დაბინავება, თიბვა, მოხუცთა და ინვალიდთა მოვლა. აუცილებლობის შემთხვევაში მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ გაზარდონ სამუშაოთა ნუსხა; მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელშეკრულებებით დროებით სამუშაოების ჩატარება საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში (მათი საკუთრების ფორმების მიუხედავად). 5. შრომის სახელმწიფო ბირჟის მიერ დაუსაქმებელ მოქალაქეთა გაგზავნა დროებით სამუშაოებზე ხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი რეგისტრირებული იქნებიან როგორც სამუშაოს მაძიებლები. სამუშაოს მაძიებელი მოქალაქის მონაწილეობა დროებით სამუშაოებში დაიშვება მხოლოდ მისი პირადი სურვილისა და შრომის კანონმდებლობის გათვალისწინებით. ამასთან შეთავაზებულ სამუშაოთა სახეები და სფერო მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს მის პროფესიულ ჩვევებსა და მიდრეკილებებს, აგრეთვე შრომის პირობებსა და რეჟიმს. 6. შრომის სახელმწიფო ბირჟა დროებით სამუშაოზე გაგზავნილ დაუსაქმებელ მოქალაქეს აცნობს მუშაობის რეჟიმს, სპეციფიკას და შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების პირობებს. 7. დროებით სამუშაოებზე გაგზავნილ პირებთან იდება ხელშეკრულება ორ თვემდე ვადით, მისი გაგრძელების უფლებით. შრომის ბირჟის მიერ დაუსაქმებელი მოქალაქისათვის მუდმივი სამუშაო ადგილის გამოძებნის შემთხვევაში (პროფესიის და სპეციალობის მიხედვით) აღნიშნული ხელშეკრულება უქმდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე მუშაკის გათავისუფლების შემთხვევაში სავალდებულოა შრომის სახელმწიფო ბირჟას 3 დღის განმავლობაში ეცნობოს ამის შესახებ, და ამასთან მითითებული უნდა იყოს გათავისუფლების მიზეზი. დროებით სამუშაოზე მომუშავე პირის შრომის წიგნაკში კეთდება ჩანაწერი მუშაობის პერიოდისა და გათავისუფლების თარიღის ჩვენებით. 8. დროებით სამუშაოებზე გაგზავნილი დაუსაქმებელი მოქალაქეებისაგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებაყოფლობითი ბრიგადები ცალკეული სამუშაოების ჩასატარებლად. 9. დროებით სამუშაოებზე მუშაობის დროს მუშაკს ეთვლება საერთო და უწყვეტ სტაჟში და მასზე ვრცელდება ყველა სოციალური გარანტია. 10. დროებით სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება არსებული შრომის კანონმდებლობით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათი სურვილისამებრ დროის შეჯამებული აღრიცხვა, აგრეთვე მათთვის ხელსაყრელი სამუშაო კვირის და დღის რეჟიმი. დროებით სამუშაოებზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემცირებული ხანგრძლივობის სამუშაო დრო შესაბამისი ანაზღაურებით. 11. შრომის სახელწმიფო ბირჟა ახორციელებს დროებით სამუშაოებზე გაგზავნილი დაუსაქმებელი მოქალაქეების აღრიცხვას დამტკიცებული სტატისტიკური ფორმების მიხედვით. III. დროებითი სამუშაოების დაფინანსების წესი და წყაროები 1. დროებითი სამუშაოების დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმების ერთიანი სახელწმიფო ფონდის სახსრების გამოყენებით. ამასთან სამუშაოთა ჩასატარებლად საჭირო ფინანსური სახსრები და მატერიალური რესურსები გათვალისწინებული უნდა იქნეს მოცემული ტერიტორიის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ღონისძიებათა შემუშავებისას, აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სამეურნეო საქმიანობაში. 2. დროებით სამუშაოებზე დასაქმებულ პირს გარანტირებული აქვს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება შესაბამის დარგებში არსებული ტარიფების და განაკვეთების მიხედვით, მაგრამ არანაკლებ მათთვის ბირჟის მიერ გამოყოფილი შემწეობის თანხის პლუს მისი 15 პროცენტისა. IV. კონტროლი დროებითი სამუშაოების ჩატარების ორგანიზაციისადმი 1. მმართველობის ადგილობრივი ორგანოები კონტროლს უწესებენ დროებით სამუშაოთა შესრულებისას საწარმოთა და მოქალაქეთა შორის შრომის ხელშეკრულების, აგრეთვე შრომისა და დასაქმების კანონმდებლობის სხვა ნორმათა შესრულებას. ამ მხრივ უშუალო კონტროლს ახორციელებს დასაქმების სახელწმიფო ინსპექცია. 2. დასაქმების სახელმწიფო ინსპექციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში აქვს უფლება შეამოწმოს საწარმოები, აგრეთვე განიხილოს მოქალაქეთა სადავო საკითხები, რომლებიც დროებითი სამუშაოების შესრულებისას წამოიჭრება; მასვე უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში დასვას საკითხი სახელმწიფო ინსპექციის და  სამართალდამცავი  ორგანოების წინაშე.