აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/281

2025 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის   საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა ინფრასტრუქტურის სამინისტროს (ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო) 2025 წლის 24 მარტის №01/547, 2025 წლის  28 მარტის №01/579 და 2025 წლის 11 ივლისის №01/577 განცხადებები – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტი ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის სასესხო შეთანხმების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი  მიწისქვეშა გასასვლელი. 

საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა, საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ, ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს დაეთმო პრიორიტეტული მნიშვნელობა, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, დეპარტამენტის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:

1.  შპს „ენ ეს ელ ბის“ (ს/ნ 419623526) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, სოფელ იაღლუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 996 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.06.01.683) ნაწილის – 595 კვ. მ მიწის ნაკვეთის და  მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 252 449 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.20.06.041) ნაწილის – 85 530 კვ. მ მიწის ნაკვეთის, მასზე არსებული  მრავალწლიანი ნარგავებისა და შენობა-ნაგებობების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

2.  შპს ,,აგრო-ვუს“ (ს/ნ  402265428) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების – 250 065 კვ.მ მიწის ნაკვეთის  (ს.კ №83.06.01.864) ნაწილის –39 479 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების  ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს შუამდგომლობები და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, სოფელ იაღლუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 996 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.06.01.683) და  მასზე არსებული შენობა-ნაგებობების და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 252 449 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.20.06.041), მასზე  არსებული შენობა-ნაგებობების  და მრავალწლიანი ნარგავების  მესაკუთრეა შპს „ენ ეს ელ ბი“ (ს/ნ 419623526).  

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა  შპს „ენ ეს ელ ბის“  საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, სოფელ იაღლუჯაში მდებარე 996 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.06.01.683) ნაწილი – 595 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე  1 252 449 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების (ს.კ N83.20.06.041) მიწის ნაკვეთის  ნაწილი – 85 530 კვ. მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული  მრავალწლიანი ნარგავები და შენობა-ნაგებობები.  

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ორგანოში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების – 250 065 კვ.მ მიწის ნაკვეთის  (ს.კ №83.06.01.864) მესაკუთრეა ,,აგრო-ვუ“ (ს/ნ  402265428).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა შპს ,,აგრო-ვუს“ საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების – 250 065 კვ.მ მიწის ნაკვეთის  (ს.კ  №83.06.01.864) ნაწილი - 39 479 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო უძრავი ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2025 წლის 19 მაისის №1-1/184 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2025 წლის  20 ივნისის   სხდომის   ოქმის საფუძველზე,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. შპს „ენ ეს ელ ბის“ (ს/ნ 419623526) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, სოფელ იაღლუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 996 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.06.01.683) ნაწილზე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე,  მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 252 449 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ N83.20.06.041) ნაწილზე – 85 530 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებსა  და შენობა-ნაგებობებზე.  

1.2.  შპს ,,აგრო-ვუს“ (ს/ნ 402265428) საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების – 250 065 კვ.მ მიწის ნაკვეთის  (ს.კ№83.06.01.864) ნაწილზე – 39 479 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი   თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი             ნინო ენუქიძე