საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ამოღების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.10.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №769
სარეგისტრაციო კოდი 000060020.0.0.000208
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
1,227 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ამოღების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №769 1991 წლის 4 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ამოღების დებულების დამტკიცების შესახებ „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის შესაბამისად,  საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ამოღების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. გუგუშვილი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის მმართველი                                                            ა. ლანდია დებულება საქართველოს რესპუბლიკის დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების ამოღების შესახებ I. დასაქმების ფონდში ანარიცხების გადამხდელები, ოდენობის განსაზღვრა და შეტანის ვადები „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის და „დასაქმების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 25 ივლისის დადგენილების შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ყველა საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (შემდგომში „საწარმოს“), საკუთრებისა და მეურნეობრიობის ფირმის, აგრეთვე უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, ყოველთვიური სავალდებულო ანარიცხები შეაქვს დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში (შემდგომში „დასაქმების ფონდი“) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით. ეს ანარიცხები, როგორც წესი, წარმოებს შრომის ანაზღაურების სახსრებიდან (ყველა სახის პრემიისა და ერთდროული დახმარების გამოკლებით), შეიტანება პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) თვითღირებულებაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა დაწესებულებებისათვის კი - ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი სახსრების ხარჯზე. მაგალითად, საწარმოში ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 100 000 მანეთს, ყველა სახის პრემია - 10 000 მანეთს, ხოლო ერთდროული დახმარებები  - 5000 მანეთს. ამ პირობებში დასაბეგრი შრომის ანაზღაურების სახსრები განისაზღვრება 85 000 მანეთით (100 000 – 10 000 – 5000 = 85 000). თუ ანარიცხების ნორმატივი 1991 წლისათვის დადგენილია 3 პროცენტის ოდენობით, მაშინ დასაქმების ფონდში ერთი თვის შედეგებით შესატანი თანხა შეადგენს 2550 მანეთს. საწარმოები ვალდებული არიან შენატანები გადარიცხონ თვეში ერთხელ იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია თვის მეორე ნახევრის ხელფასის გასაცემად, მომსახურე ბანკებში თვის მეორე ნახევრის ხელფასის გაცემის დოკუმენტების წარდგენასთან ერთად. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი, სპეციალიზებული ბანკები და მათი რეგიონალური თუ ადგილობრივი ფილიალები საწარმოებისათვის შრომის ანაზღაურების სახსრების გაცემისას, ანალოგიურად საშემოსავლო გადასახადისა, თვალყურს ადევნებენ ფონდში ანარიცხების სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხვას, რისთვისაც საბანკო დაწესებულებებიდან შრომის ანაზღაურების სახსრები გაიცემა მხოლოდ დასაქმების ფონდში კუთვნილი ანარიცხების წინმსწრები ჩარიცხვის პირობებში. დასაქმების ფონდში შენატანების თანხები განისაზღვრება გადამხდელთაგან დამოუკიდებლად. შენატანების დავალიანების უქონლობის შემთხვევაში გადამხდელის მიერ ხელფასის ასანაზღაურებლად ფულის მიღებისათვის ქვითრის უკანა მხარეს კეთდება ჩანაწერი „დასაქმების ფონდში შენატანების დავალიანება არ არის“. დასაქმების ფონდში სავალდებულო მიზნობრივი ანარიცხების სახით სახსრების გადარიცხვისას გადამხდელები საკუთარი ანგარიშსწორების ანგარიშის ადგილმდებარეობის მიხედვით წარადგენენ ბანკში საგადამხდელო დავალებებს. II. დასაქმების ფონდში ანარიცხების შეტანის წესი დასაქმების რესპუბლიკურ ფონდში მიზნობრივი ანარიცხების შენახვისა და აღრიცხვისათვის საქართველოს სოციალური განვითარების სააქციო-კომერციულ ბანკში და დასაქმების ფონდის რეგიონალური ფილიალების მომსახურე შესაბამის რაიონულ საბანკო დაწესებულებებში იხსნება საბალანსო ანგარიში № 001700379 – „დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდში სახსრების შემოსულობანი“. ანგარიშები გაიხსნება საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი ანგარიშსწორების, მიმდინარე და საბიუჯეტო ანგარიშების საბანკო დაწესებულებებში გახსნის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დასაქმების ფონდების ქვეანგარიშებზე დაგროვილი მიზნობრივი ანარიცხები დასაქმების რესპუბლიკურ ფონდში შეიტანება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დასაქმების ფონდებისა და დასაქმების რესპუბლიკური ფონდის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. III. თანხების შემოსავლისათვის გადამხდელთა პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საწარმო ვალდებულია ჩარიცხოს და გადაიხადოს დასაქმების ფონდში: - ანარიცხები შრომის ანაზღაურების სახსრებიდან ნორმატივის მიხედვით; - დადგენილ ვადებში ანარიცხების გადაუხდელობისათვის დარიცხული საურავები ყოველი გადაცილებული დღისათვის 0,05 პროცენტის ოდენობით; - დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის მიერ დადებული ჯარიმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გადამხდელები ვალდებული არიან ბანკის დაწესებულებაში წარსადგენი საგადასახადო დავალებები თანხების გადარიცხვის შესახებ სრულად გამოწერონ მათ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობის მიუხედავად. საგადასახადო დავალებებს შენატანების შესახებ ასრულებენ საბანკო დაწესებულებანი. მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებელი საგადასახადო დავალებები შენატანების გადარიცხვაზე რჩება საბანკო დაწესებულებაში და სრულდება მათ მიერ გადამხდელის მიმდინარე ან ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების შემოსავლისთანავე. საგადასახადო დავალებები დასაქმების ფონდში შენატანების გადახდაზე გამოიწერება სრულ მანეთებში (კაპიკების გარეშე). ნარჩენის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ირიცხება საურავი 0,05 პროცენტის ოდენობით, დაწყებული გადახდის ვადის მომდევნო დღიდან, ფაქტიურად გადახდის დღის ჩათვლით (მაგალითად, თუ ანარიცხების გადახდის ვადა დადგენილი იყო 5 ივნისს, გადახდა კი 15 ივნისს მოხდა, საურავი დაირიცხება 10 დღეზე, 6-დან 16 ივნისის ჩათვლით). გადახდის დღედ ითვლება: - გადამხდელის ანგარიშიდან გადასახადის გადარიცხვისას - საბანკო დაწესებულებების მიერ გადამხდელის ანგარიშიდან ჩამოწერის დღე, შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხვის დროის მიუხედავად (მაგალითად, თუ გადამხდელის ანგარიშიდან საბანკო დაწესებულებების მიერ გადასახდელი ანარიცხების თანხა ჩამოიწერება 15 ივნისს, ხოლო დასაქმების ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა 17 ივნისს, 15 ივნისი ჩაითვლება გადახდის დღედ); - ნაღდი ფულის შეტანისას - შესაბამის საბანკო განყოფილებაში ფულის შეტანის დღე (მაგალითად, თუ ფული შეტანილ იქნა 15 ივნისს, გადახდის დღედ ჩაითვლება სწორედ 15 ივნისი); - საფოსტო გზავნილებისას ან საბანკო დაწესებულებების მიერ ფულის გადარიცხვისას - საფოსტო განყოფილებაში ან საბანკო დაწესებულებაში ფულის შეტანის დღე (მაგალითად, თუ საფოსტო განყოფილებაში ან საბანკო დაწესებულებაში ფული შეტანილ იქნა 20 ივნისს, ეს დღე ჩაითვლება გადახდის დღედ). იმ შემთხვევაში, როცა გადახდის დღე ემთხვევა უქმე (სადღესასწაულო) დღეებს, საურავი ერიცხება უქმეს (სადღესასწაულოს) მეორე სამუშაო დღიდან (მაგალითად, თუ ანარიცხების გადახდის ვადა ემთხვევა 10 აგვისტოს - კვირა-დღეს, ან 7 იანვარს - შობა-დღეს, საურავი დაერიცხება გადასახდელ თანხას შესაბამისად 11 აგვისტოდან და 8 იანვრიდან). საურავი ერიცხება ვადაგადაცილებულ გადასახდელს სრულ მანეთებში (მაგალითად, თუ საწარმოს ვადაგადაცილებული გადასახდელი შეადგენს 12560 მანეთსა და 66 კაპიკს, საურავი დაირიცხება 12561 მანეთზე). საწარმოები ვალდებული არიან თვითონ დაარიცხონ საურავი ნარჩენის მთლიან თანხაზე, ვადის გადაცილების მთელი პერიოდის განმავლობაში და ასახონ ის დასაქმების ფონდში გადასახადების საანგარიშსწორებო უწყისში. თუ საურავი არ არის დარიცხული გადამხდელის მიერ, მისი საანგარიშსწორებო უწყისის შემოწმებისას, საურავებს არიცხავენ დასაქმების სახელმწიფო ინსპექციები, რის შესახებაც წერილობით ატყობინებენ გადამხდელს. საბანკო დაწესებულებათა მიზეზით გადასახდელების არადროული ჩარიცხვის შემთხვევაში დაწესებულებები დასაქმების ფონდს შემოსავალში უხდიან საურავს ყოველი გადაცილებული დღისათვის, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. გადამხდელებიდან ამ დღეების განმავლობაში საურავი არ ამოიღება. შენატანების ნარჩენი, რომელიც არ დაიფარება დათქმულ ვადაში, ამოიღება საურავის დარიცხვითურთ უდავო წესით, ვადაზე შეუტანელი გადასახადების ამოღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. ნარჩენების უდავო წესით ამოღების ძირითადი ღონისძიებაა დასაქმების ფონდის შემოსავალში თანხების ჩამოწერა იმ ანგარიშსწორების (მიმდინარე) ანგარიშებიდან, რომლებიც გახსნილი აქვთ ნარჩენების მქონე საწარმოებს საბანკო დაწესებულებებში, და იმ განსაკუთრებული ანგარიშებიდან, რომლებიც გახსნილია ნარჩენის მქონე საწარმოთა ხარჯზე. ნარჩენსა და საურავს ნარჩენის მქონე საწარმოების ანგარიშებზე არსებული სახსრების ხარჯზე ფარავენ საბანკო დაწესებულებები საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე, რომელსაც შეადგენს დასაქმების სახელწიფო ინსპექცია საგადასახადო დავალების ბლანკზე (0401002). საინკასო დავალების ფორმები გათვალისწინებულია „სახალხო მეურნეობაში უნაღდო ანგარიშსწორების წესების შესახებ“ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987 წლის 30 სექტემბრის № 2 ინსტრუქციით. ანარიცხების ნარჩენის ამოღებისას ხანდაზმულობის ვადებს არ იყენებენ. დასაქმების სახელმწიფო ინსპექციას დასაქმების რესპუბლიკურ ფონდთან შეთანხმებით გამონაკლის შემთხვევაში გადამხდელის თხოვნით შეუძლია განუვადოს ნარჩენის დაფარვა. განვადების გადაწყვეტილებაში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რა დროით განევადა ნარჩენის დაფარვა და განვადების პერიოდისათვის დაერიცხოს თუ არა საურავი. თუ ნარჩენი არ დაიფარება დადგენილ ვადაში, განვადების დრო განახლდება მთელი განვადებული პერიოდისათვის საურავის დარიცხვით ნარჩენის წარმოშობის დღიდან. საწარმოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ჯეროვნად ან საერთოდ არ შეასრულებენ დასაქმების ფონდში ანარიცხების შესატანად მათთვის დაკისრებულ მოვალეობას, დაეკისრებათ პასუხისმგებლობა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დასაქმების სახელმწიფო ინსპექცია დასაქმების რესპუბლიკური ფონდის გამგეობასთან შეთანხმებით მასალებს დარღვევათა ფაქტების შესახებ უგზავნის რესპუბლიკის პროკურატურას. IV. დასაქმების ფონდის სახსრების აღრიცხვა-ანგარიშგება დასაქმების ფონდში გადასარიცხი თანხები აღირიცხება საწარმოების მიერ ახლადშემოსაღებ ანგარიშზე „ანგარიშსწორებანი დასაქმების ერთიან სახელმწიფო ფონდთან“ სახსრების ყველა სახეობის მიხედვით, ცალკეულ სუბანგარიშებზე. ანგარიშის კრედიტში „ანგარიშსწორებანი დასაქმების სახელმწიფო ფონდთან“ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ ფონდში გადასარიცხი თანხები, ხოლო დებეტში - ფაქტიური გადარიცხვები. საწარმოები ყოველკვარტალურად ადგენენ საანგარიშსწორებო უწყისებს ორ ეგზემპლარად დასაქმების ფონდის სახსრების მიხედვით, რომლებშიც უჩვენებენ დარიცხულ და გადახდილ თანხებს. საანგარიშსწორებო უწყისების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერენ საწარმოს ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი. საანგარიშსწორებო უწყისის (ანგარიშსწორების) თითო პირს საწარმოები ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 8 რიცხვისა (8 აპრილი, 8 ივლისი, 8 ოქტომბერი და 8 იანვარი), წარუდგენენ დასაქმების სახელწმიფო ინსპექციას. საანგარიშსწორებო უწყისის მეორე პირი რჩება გადამხდელის ბუღალტერიაში. ნაერთი ეგზემპლარი შესაბამისი ტერიტორიის მიხედვით უნდა წარედგინოს დასაქმების სახელწმიფო ინსპექციის ზემდგომ ორგანოს, მის მიერ დადგენილ ვადებში. V. ანარიცხების გადამხდელთა საჩივრების განხილვის წესი დასაქმების სახელმწიფო ინსპექციასა და შენატანების გადამხდელებს შორის შენატანებისა და საურავების დარიცხვის, ნარჩენების ამოღების საკითხების ირგვლივ წამოჭრილი ყოველგვარი დავა წყდება ამ დებულებით, ან სასამართლოს წესით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შენატანების, საურავების გამოანგარიშებისა და ამოღების ხაზით დასაქმების სახელმწიფო ინსპექციის მოქმედება შეიძლება გასაჩივრდეს გადამხდელთა მიერ ათი დღის ვადაში. საქართველოს რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში გადაწყვეტილება საჩივრების ირგვლივ მიიღება ხუთი დღის ვადაში. საჩივრის შემოტანა არ აჩერებს სახსრების ამოღების მიმდინარეობას.