,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
230.030.000.10.003.001.170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 167, 25/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლში:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ნ) საწყობი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ინსტრუქციით დადგენილი სანებართვო პირობების შესაბამისად ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და ღია მოედნისგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი, იზოლირებული და უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) შენობა-ნაგებობა – საწყობის სამუშაო რეჟიმში ფუნქციონირებისათვის საჭირო სათავსი, საწყობში განთავსებული საქონლის მიმართ დასაშვები მოქმედებების განხორცილებისთვის, დაცვის დანიშნულების, საწარმოო ოპერაციების, საწარმოო ოპერაციების აღრიცხვისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობა. შენობა-ნაგებობას წარმოადგენს აგრეთვე შენობა-ნაგებობის ერთიანი და იზოლირებული ნაწილი (დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე შესასვლელის მქონე სართული ან შენობა-ნაგებობის ნაწილი), რომელსაც უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელი ან/და გასასვლელი;“.

2. მე-4 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) გამოაცალკევებს და შემოსაზღვრავს საწყობის ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედნის ან/და სათავსის ფარგლებში, საქონლის საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და საბაჟო კონტროლით დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილ ტერიტორიას ან/და გამოაცალკევებს სათავსს. ამასთან, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის გამოცალკევება და შემოსაზღვრა არ გულისხმობს კაპიტალური მასალით ტერიტორიის შემოღობვას. შემოსაზღვრა არ არის სავალდებულო, როცა გამოცალკევებული ფართობი წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი შესასვლელის ან/და გასასვლელის მქონე იზოლირებულ სათავსს;“;

ბ) დაემატოს მე-5-მე-9 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვის მფლობელ პირს უფლება აქვს შეცვალოს ნებართვით განსაზღვრული ტერიტორია ან შენობა-ნაგებობის ფართობი, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ააგოს ახალი შენობა-ნაგებობა ან/და დაანგრიოს არსებული შენობა-ნაგებობა, ან მოითხოვოს ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმება ამ პუნქტით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს:

ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმა (ნახაზი), სადაც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საწყობის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი მონაცემები (მაგ.: ახალი შესასვლელის ან გამოსასვლელის დამატების შემთხვევაში გამოსახულების ჩამწერი საშუალებები; სათავსის საიდენტიფიკაციო ნომერი, განათების წყარო, „საბაჟო კონტროლის ზონის“ აღნიშვნის მდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში შემომსაზღვრელი ღობის მდებარეობა და ა.შ.);

ბ) „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით გათვალისწინებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა აღემატება ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობას. ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურში წარსადგენი დამატებითი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა შეადგენს ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებულ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიასა და ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიას შორის სხვაობას. თუ ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, ამავე ბრძანებით დადგენილი წესით გაანგარიშებული საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობა ნაკლებია ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის ოდენობაზე, ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო სამუშაო დღეს ნებართვის აღებისას შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საბაჟო ვალდებულების შესრულების გარანტიის თანხის შესაბამისი ნაწილი ექვემდებარება შემცირებას;

გ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში შესაბამისი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ დოკუმენტი და შესაბამისი პირის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) ნებართვის აღებისას მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების გაუქმების შემთხვევაში ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობის დაკმაყოფილების დამადასტურებელი ინფორმაცია.

6. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადებისა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ამ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 დღეში.

7. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან 3 დღეში, ხოლო განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისას 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და განმცხადებელს ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვაში მითითებულ საწყობის ტერიტორიის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა.

9. ნებართვის მოქმედების ვადაში ამ მუხლის მე-5–მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ან შენობა-ნაგებობის ფართობის შეცვლის, ან/და ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აგების ან/და არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევის, ან ნებართვის აღებისას საწყობში მხოლოდ განსაზღვრული საქონლის ან კონკრეტული სახეობის სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსების თაობაზე ვალდებულების მიუხედავად საწყობში სხვა სახის საქონლის ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული საქონლის განთავსება სანებართვო პირობების დარღვევაა და იწვევს სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“.

3. მე-5 მუხლში:

ა) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილი სასაწყობოდ განკუთვნილი შენობა-ნაგებობების ღია მოედნის სიტუაციური გეგმა (ნახაზი) ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტი. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების პროექტში აუცილებელი წესით უნდა იქნეს ნაჩვენები საწყობის ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი ღობე. შემომსაზღვრელი ღობე სავალდებულოა მხოლოდ მაშინ, როცა საწყობის ტერიტორია შედგება მხოლოდ ღია მოედნისაგან, ან ღია მოედნისა და შენობა-ნაგებობებისაგან, ან რამდენიმე შენობა-ნაგებობისაგან, რომლებიც დაშორებულია ერთმანეთისაგან. ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 2 მეტრი სიმაღლის. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 50 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომლებზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გაკეთდეს წარწერა „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs control zone“, ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით. ღია საბაჟო საწყობის საქმიანობისა და დროებითი შენახვის ღია საწყობის საქმიანობის ნებართვის მაძიებლის (მფლობელის) საწყობის შემომსაზღვრელი ღობე უნდა იყოს სულ ცოტა 3 მეტრი სიმაღლის (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შესანახად განკუთვნილი საწყობის შემთხვევაში არანაკლებ 1 მეტრისა და აგებული კაპიტალურად დამონტაჟებული მასალით, რომელსაც მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. სიტუაციურ გეგმაში (ნახაზში) ასევე სავალდებულოა აისახოს შესაბამისი განმარტებები;“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) დასათვალიერებელი საქონლის დაზიანების გამორიცხვისათვის, დათვალიერების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საწყობში განთავსდება მხოლოდ ისეთი საქონელი, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სინჯის აღების მეშვეობით, ხოლო რაოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ სათავსში ან სატრანსპორტო საშუალებაში):

გ.გ.ა) ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი გადახურულია და შემაღლებულია საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასთან და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით;

გ.გ.ბ) ადგილის ფარგლებში ან მის უშუალო სიახლოვესთან განლაგებული სათავსის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ნებართვის აღებისას საწყობში შესანახი საქონლის სპეციფიკური შენახვის სათანადო პირობების თაობაზე გაცხადებული ინფორმაციის შესაბამისად ასეთი საქონლის შენახვის სათანადო პირობებს;

გ.დ) დათვალიერების ადგილის მდებარეობის თაობაზე. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა მხოლოდ სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის დათვალიერების ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ დათვალიერების ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან დათვალიერების ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა;“;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„პ) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვის და მასში საქონლის ჩატვირთვის, საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილიდან სათავსომდე საქონლის გადაადგილების სპეციალური ტექნიკის საკუთრების ან სარგებლობის არსებობის თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ საწყობზე, რომლის ფართობი არ აღემატება 2000 მ2-ს. ამასთან, დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ან სხვა სპეციფიკური შენახვის პირობების მქონე საქონლის შესანახი ან/და 2000 მ2-მდე ფართობის საწყობისათვის საქონლის გადმოტვირთვა-ჩატვირთვის ადგილის მდებარეობა დაიშვება საწყობის ტერიტორიის გარეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადგილი მოწყობილი იქნება ამ პუნქტის „გ.გ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად და საწყობის სათავსიდან ამ ადგილამდე და პირიქით უზრუნველყოფილი იქნება საქონლის გადაადგილების გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა;

ჟ) გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ საწყობში განხორციელდება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის ოპერაციები. გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი უნდა იყოს გადახურული და შემაღლებული საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ სავალ გზასა და სადგომ ტერიტორიასთან შედარებით. ამ ოპერაციების წარმოება აგრეთვე დაიშვება დათვალიერების ადგილებზე.“;

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში ნებართვის მაძიებლის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სასაწყობოდ განკუთვნილი სათავსისა და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი) შესაბამისი განმარტებებით ან/და ასაშენებელი სათავსებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა შესაბამისი საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების, ინფრასტრუქტურის დეტალური პროექტი შესაბამისი განმარტებებით, აღნიშნული სიტუაციური გეგმის (ნახაზის) ან/და პროექტის საერთაშორისო, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე აუდიტორული ფირმის ტექნიკური აუდიტის დასკვნა;

ბ) სათავსის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და გამზომი საშუალებების (მრიცხველი, არეომეტრი, მეტროჭოკი, ბაფთა (ლოტით) და სხვ.) გაზომვის სიზუსტის დამოწმების დამადასტურებელი საბუთები.

6. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის სათავსების შემთხვევაში არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“ და „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ნებართვის მფლობელი (მაძიებელი), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ისეთი სახის საქონელს, რომლის მიმართაც საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება არ არის დაკავშირებული საქონლის წონასთან, ვალდებულია აღჭურვოს საწყობი საქონლის ოდენობის განმსაზღვრელი გამზომი საშუალებებით. აღნიშნული საშუალების სიზუსტის დამოწმება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის მფლობელზე (მაძიებელზე), რომელიც საწყობში განათავსებს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობა.“;

ვ) მე-12 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) დაემატოს მე-14 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„14. საწყობი, სადაც განთავსდება ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონელი, აუცილებელია, რომ აღიჭურვოს რენტგენული ინსპექტირების სისტემით, რომლითაც შესაძლებელი იქნება საფოსტო გზავნილების სკანირება.“.

4. მე-9 მუხლში:

ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების ადგილის გამოსახულების ჩამწერი საშუალებებით სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 თვით შენახვა. შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა. ფოსტის საშუალებით გადაზიდული საქონლის რენტგენული ინსპექტირების სისტემით მიღებული გამოსახულება ინახება 3 თვე. გამოსახულების დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე;“;

ბ) პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) საწყობის ტერიტორიაზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი სავალი გზა და სადგომი ტერიტორია უნდა იყოს მოასფალტებული ან ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ან დატკეპნილი მიწის ვაკისი, რომელიც დაფარული იქნება სპეციალური საფარით (მსხვილად დაფქული ქვა, აგური, ან სხვ.);“.

    მუხლი 2.

1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს დადგენილების გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი